სოსო ფრუიძე: ასეთი თამაშით კარგი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშიც ეშის "ფოლას" 2:1 ძლევის შემდეგ, პრესკონფერენციაზე "ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ისაუბრა:

"მე გუშინ ვთქვი, რომ პირველ ნომრად თამაშის რესურსი ამ გუნდს არ ჰქონდა. თქვენც ნახეთ, 1:0-ზეც კი დაცვიდან თამაშობდნენ და ხიფათის შექმნას კონტრშეტევებით ცდილობდნენ.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ბიჭებს, რაც ამ ეტაპისთვის შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. ძალიან კარგია, რომ შემდეგ რაუნდში გავედით და სარეიტინგო ქულები მოვუტანეთ საქართველოს, თუმცა მეორე ეტაპზე უფრო მეტი თავდადება, უფრო მეტი კონცენტრაცია გვჭირდება, რათა იმ გუნდს, რომელიც შეგვხვდება, ტოლ-სწორად ვეთამაშოთ.

ჩვენს გუნდში არის რამდენიმე სუსტი წერტილი, თუმცა, სამწუხაროდ, საჩხერის "ჩიხურას" მომავალი ეტაპისთვის გაძლიერების რესურსი არ აქვს. უცხოელ ფეხბურთელებს საჩხერეში ჩამოსვლა არ სურთ, დიდ თანხას ითხოვენ, თან არ არიან ისეთები, რომ გამოგვადგნენ. თითქოს რაღაცას გვამადლიან და ეს ჩვენს ხედვაში არ ჯდება, გვირჩევნია, ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს. ადგილობრივ გუნდებთან გვქონდა საუბარი ფეხბურთელებთან დაკავშირებით, თუმცა არაფერი გამოვიდა.

რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, არც ერთი გუნდი მყავს ნანახი და არც მეორე, რადგან კონცენტრირებულები "ფოლაზე" ვიყავით. შესაძლოა, დღეს გავფრინდე ფინეთში და თუ ეს მოხერხდა, ადგილიდან ვნახავ მათ თამაშს. როგორც ვიცი, ჰელსინკიდან საკმაოდ შორს არის ის ქალაქი და ვნახოთ, რა გამოვა (როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დიდი ალბათობით, "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი ფინეთში გაფრენას ვერ მოახერხებს).

მომავალი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თამაშს რაც შეეხება, ჩემი გუნდის შესაძლებლობებს ობიექტურად ვაფასებ. დღევანდელი თამაშით ნორმალური გუნდის წინააღმდეგ გაგვიჭირდება. თუმცა, თუ ჩვენს შეცდომებს გამოვასწორებთ, როგორც "ფოლას" მწვრთნელმა თქვა ამ თამაშის წინ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ეს ფეხბურთია.

ბოლოს კი მინდა მივულოცო "საბურთალოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა და ხვალ ორივე ქართულ კლუბს წარმატებები ვუსურვო. იმედია, ისინიც გადალახავენ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს".


მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიზიკურად ძალიან ს უ ს ტ ა დ გამოიყურებიით,ტექნიკურად არა უშავდა, ფიზიკურად ასე სუსტები ხართ ?! - ასე მომავალში შეიძლება 2-ვე თამაში წავაგოთ.
გლახუნა
16:14 18-07-2019
0
საჩხერელი არ არის ბიძოო??? დაეხმაროს ხო ხედავს გუნდს როგორ უჭირს.
Vasili
10:14 18-07-2019
2

სიახლეები პოპულარული