იონ დალ ტომასონი: მოხარული ვარ, რომ 15 წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში

AutoSharing Option
დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელის ასისტენტმა იონ დალ ტომასონმა "დინამო არენაზე" საქართველოსთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


"მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ 15 წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. მაშინ ჩემთვის წარმატებული შეხვედრა გამოვიდა, 2 გოლი გავიტანე და იმედი მაქვს, ჩვენი ნაკრებისთვის ხვალინდელი მატჩი წარმატებული იქნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ადგილზე გასვლა.

ვიცით, რომ საქართველოსთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. ამ ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და ჩვენი მოთამაშეები მზად არიან ხვალინდელი თამაშისთვის. ვნახოთ რა იქნება.

კოპენჰაგენში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ზოგადად, სახლში
ძლიერად გამოვდივართ. ვიხილეთ, რომ საქართველოს ნაკრებიც შინ სუსტად არ თამაშობს, შვეიცარიასთან მეორე ტაიმში გაუშვეს გოლი. თუმცა დანიას ძლიერი გუნდი ჰყავს და გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

ჩემთვის, მთავარი მწვრთნელის გარეშე აქ ყოფნა დისკომფორტს არ შექმნის. ფეხბურთელობის დროს შეჩვეული ვარ მსგავსი ზეწოლის ქვეშ ყოფნას. მთავარია, რომ გუნდმა კარგად ითამაშოს და მთავარი მწვრთნელის არ ყოფნა პრობლემებს არ შექმნის", - აღნიშნა ტომასონმა.


შეგახსენებთ, რომ ოგე ჰარეიდე ნაკრებს ორ უახლოეს მატჩში - გიბრალტართან და საქართველოსთან ვერ უხელმძღვანელებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 65 წლის ჰარეიდეს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ ინფექცია შეეჭრა. ახლა თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ ეროვნულ გუნდს ორ გასვლით შეხვედრაში ვერ ეხმარება.

"საქართველოს ძალა ერთიანობაშია, ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდურად თამაშობს და კონკრეტული თავდამსხმელის გამორჩევა არ მინდა. თუმცა, ჩვენ ორიერტირებული საკუთარ თამაშზე ვართ და თუ კარგად ვითამაშებთ, გამარჯვებას მოვახერხებთ", - თქვა სიმონ კიაერმა.


საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.




მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე თუ გენატრებოდით ადრე ვერ ჩამოდი შე კაი კაცო!?)
ბათუმის ფანი
20:57 07-09-2019
0

სიახლეები პოპულარული