ექსკლუზივი. გაგამარუ: სანამ ვჭიდაობ, ტკივილს ნემსებით უნდა ვებრძოლო

AutoSharing Option
მე ვიღას ვახსოვარო?! - სიცილით მითხრა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), როცა ინტერვიუსთვის დავურეკე.

ტოჩინოშინის ფანტასტიკური მიღწევების შემდეგ გაგა მართლაც მეორე პლანზეა, მაგრამ სუმოს სტაჟიანი ქომაგებისთვის ეს ორი ქართველი რიკიში ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.

მეგობრის წარმატება ყველაზე მეტად სწორედ გაგამარუს გაუხარდა. სხვებზე უკეთ სწორედ მან იცის, რამხელა შრომა, ტკივილი და სიმტკიცეა ლევან გორგაძის წარმატებების უკან. თეიმურაზ ჯუღელმა ტრავმა მაისის ბაშოს პირველივე დღეს მიიღო და მისთვის საკმაოდ უჩვეულო მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) - 4:11 სწორედ ამის ბრალია.

გაგამარუს ტოკიოში შევეხმიანეთ და ტრავმაზე, ტოჩინოშინის ტრიუმფსა და
კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე ველაპარაკეთ:

- 13 წელიწადია სპორტში ვარ და სერიოზული ტრავმა პირველად მივიღე. არადა, ნაცუ ბაშოსთვის განსაკუთრებულად ვემზადებული, მწვრთნელიც ავიყვანე, ძალიან მონდომებული ვიყავი…

სამწუხაროდ, ნაცუ ბაშოს პირველივე დღეს დავიზიანე მარჯვენა მუხლი - ფეხს ვეღარც ვხრიდი, ვერც ვეყრდნობოდი. ბაშოს ვერ გამოვტოვებდი, უშუალო კონკურენტებთან წაგებაც არ მინდოდა და... მეორე ტურში, ონოშოს წინააღმდეგ თავდაუზოგავად ვიჭიდავე. რადგან მთელი დატვირთვა მხოლოდ მარცხენა ფეხს დააწვა, ეს მუხლიც გასივდა და მენისკის პრობლემაც დამემატა.

მას შემდეგ, ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად, ორ-სამ დღეში ერთხელ, მუხლებიდან სითხის ამოღებაც ხდებოდა საჭირო. როცა წყალს ამოიღებ, ტკივილი ქრება, მაგრამ გამოთავისუფლებულ ადგილას სახსარი ისე თავისუფლად მოძრაობს, მუხლი სიმყარეს კარგავს... ამდენი წელია სუმოში ვარ და პირველად გავიგე, რა ყოფილა ტრავმით ჭიდაობა!

- ტრავმასაც ხომ გააჩნია - დოჰიოზე მყარად თუ ვერ დგახარ, როგორ გაიმარჯვებ?!
- მით უმეტეს, "ჩამორტყმებით" ან ქამარში ჩავლებით ჭიდაობა ჩემი სტილი არ არის - მოწინააღმდეგეს თუ არ დავეჯახე და ძალის ხარჯზე არ გავიყვანე დოჰიოდან, გამარჯვების შანსი არ მაქვს. არადა, ფეხი თუ არ მოგყვება, მეტოქეს როგორღა მიაწვები?! მოგვიანებით, მარცხენა მუხლიც ისე გამისივდა, ვეღარც ვიგებდი, რომელი ფეხი უფრო მეტად მაწუხებდა...

- ისედაც ჯურიოში ხარ, ბაშოს გამოტოვება კი ძალიან დაგაქვეითებდა რეიტინგში. ტრავმით ჭიდაობა ამიტომ გადაწყვიტე?
- ჰო, როგორმე გავალ ბოლომდე-მეთქი... ბაშოდან გამოთიშვა არ მინდოდა - რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, ამ 13 წლის განმავლობაში, რაც სუმოში ვარ, არცერთი ტურნირიც არ გამომიტოვებია, ერთი დღეც არ დამისვენია და ბოლომდე ასე ვაპირებ! ყველამ დადო თავისი წილი რეკორდი და მე ასეთი მაინც არ დავამყარო (იცინის)?!

- ივლისის ბაშოს დაწყებამდე მოასწრებ გამოჯანმრთელებას?
- ასეთ პრობლემას ოპერაცია არ შველის. საბოლოო ჯამში, უნდა გაკეთდეს, რადგან ჭარბი წონის გამო მუხლებს დიდი დატვირთვა ადგება და ხრტილი ქრება. მით უმეტეს, ჭიდაობით გამოწვეული დამატებითი დაწოლისას. მაგრამ ვისაც ვკითხე, ყველა ექიმმა ერთნაირად მიპასუხა - სანამ სპორტში ხარ, ხელოვნური ხრტილის ჩადგმას აზრი არ აქვს, ერთ კვირასაც ვერ გაგიძლებსო.

ამიტომაც, სანამ ვჭიდაობ, ტკივილს და მუხლში ჩამდგარ სითხეს ნემსებით უნდა ვებრძოლო. როცა მუხლში წყალია, ენითაუწერელ ტკივილს გრძნობ, დაუხმარებლად ვერც დგები და ვერც ჯდები, გგონია, რომ ფეხში მუდმივად რაღაც გაქვს შერჭობილი.

სითხის ამოღების შემდეგ ტკივილი გეხსნება, მაგრამ მუხლი სიმყარეს კარგავს. ბაშოს დროს ამიტომაც ვერიდებოდი სითხის ამოღებას... თავიდან, შედარებით ხშირად არის საჭირო სითხის ამოღება, მაგრამ თანდათანობით, ორგანიზმი ეჩვევა და შესაძლოა, თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ დამჭირდეს. ბავშვი ხომ აღარ ვარ? - სადამდეც შევძლებ, ვიჭიდავებ...

- მაკე-კოჩი ბაშოს მეათე დღეს გაიფორმე. როცა ბალანსის ბედი უკვე გადაწყვეტილია, ჭიდაობაც უფრო ადვილი იქნება - დამატებითი წნეხი აღარ გიშლის ხელს...
- ცდილობ, დარჩენილი შეხვედრებიდან რაც შეიძლება მეტი მოიგო და ბაშო შედარებით უკეთესი ბალანსით დაასრულო. მაისში მეორე ნომერი ვიყავი, ახალი ბანძუკეს (სუმოს რეიტინგ-ლისტი) თანახმად კი, სავარაუდოდ, მეშვიდე ან მერვე გავხდები.

მე დავქვეითდი, მაგრამ სამაგიეროდ, ლევანმა გაგვახარა! ტოჩიმ იმდენს გაუძლო, 1000%-ით იმსახურებდა ასეთ შედეგს. თავად დავრწმუნდი, რა ყოფილა ტრავმით ჭიდაობა - ჯერ ტრავმას ებრძვი, მერე - მოწინააღმდეგეებს. ლევანს რომ ჰქონდა, ისეთი ტრავმის შემდეგ სპორტსმენების 99% კარიერას დაასრულებდა, ტოჩინოშინი კი ოძეკი გახდა!

- ჯურიოს ორთაბრძოლები მაკუუჩის დაწყებამდე სრულდება. ლევანის ორთაბრძოლებს "ცოცხლად" უყურებდი ხოლმე თუ სუმოისტებს დარბაზში დარჩენის უფლება არ აქვთ?
- სუმოს "პატარა ჩრდილოეთ კორეას" ვეძახი ხოლმე (იცინის) - ცალკე "სახელმწიფოა" თავისი წეს-ჩვეულებებითა და კანონებით. იაპონია უკვე XXII თუ XXIII საუკუნეებშია განვითარების დონით, სუმოში კი დღემდე უცვლელად არის შემორჩენილი ასეულობით წლის წინანდელი ტრადიციები, რომელსაც არაფრის დიდებით არ დაგარღვევინებენ!

ამიტომაც წარმოუდგენელია, დარბაზში დარჩე და უქომაგო - ბრძოლას რომ დაასრულებ და შხაპს მიიღებ, ვალდებული ხარ, მაშინვე სახლში წახვიდე. საბედნიეროდ, დარბაზთან ახლოს, ფეხით 3-4 წუთის სავალზე ვცხოვრობ და მეგობარს ტელეეკრანთან ვქომაგობდი ხოლმე.

- ლევანსაც ვუთხარი - ყველაზე მეტად, ალბათ, გაგამარუ გგულშემატკივრობს, რადგან სხვებზე უკეთ იცის, რამხელა შრომაა ამ ყველაფრის უკან-მეთქი...
- ასეა... ყოველდღე ვუყურებდი მის ტკივილს, სირთულეებს, ცრემლებს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, მიღწეული საოცარი შედეგი ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია და შრომის დაფასება! ლევანი ჩემი კორპუსის წინ ცხოვრობს და შარშან ზაფხულს, ყოველდღე ვხედავდი, როგორ მოითრევდა ხოლმე სიარულისას ფეხს. ისეთ დღეში ჰქონდა, ნორმალურად ვერც აბიჯებდა... გასული წლის იანვარში, შოდაისთან შეხვედრისას დაშავდა. მასთან შეხვედრები ძალიან ცუდად აქვს დაცდილი...

- შარშანდელი ტრავმაც შოდაის კისერზეა?
- ლევანი ამას წინათაც იხსენებდა - სამი ტრავმა მაქვს და სამივე შოდაისთანო... სანამ ტომოგრაფიას გადაუღებდნენ (18:00 საათის შემდეგ აქ ყველაფერი დაკეტილია და ლევანისთვის სპეციალურად გააღეს საავადმყოფო), ამბობდა: მყესები თუ გაწყვეტილია, კარიერას აღარ გავაგრძელებ - ოპერაციებს, ისევ დაბალ დივიზიონში დაბრუნებას და თავიდან დაწყებას ვეღარ გავუძლებო... უფლის წყალობით, მყესი გაწყვეტილი არ იყო, მაგრამ მას შემდეგ ძალიან სტკიოდა, სიარულიც უჭირდა...

დაუმსახურებლად აქ არავინ არაფერს მოგცემს, მაგრამ ლევანმა იმდენი ტანჯვა-წვალება გაიარა, რომ უფლისგანაც დაიმსახურა თავისი შრომისმოყვარეობითა და გაუტეხლობით. სუმოს მწვერვალამდე ერთი საფეხურიღა დარჩა და... დღესაც ვეუბნებოდი - არავინ იცის, უფალი რას უმზადებს, ბოლომდე მიაწექი-მეთქი!

- იქნებ პირველი ევროპელი იოკოძუნაც კი გახდეს! თუმცა, ოძეკობაც უკვე დიდებული შედეგია...
- დიდებული?! იოკოძუნა მოგვიანებით შემოიღეს, მანამდე კი, ოძეკი ყველაზე მაღალი წოდება იყო სუმოს იერარქიაში. ამ ტიტულის მფლობელები დღემდე მიიჩნევიან საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ყველანაირად განსხვავებულ და პატივსაცემ ადამიანებად - მათ ოლიმპიურ ჩემპიონებს შევადარებდი. ოძეკი იოკოძუნას ბევრი არაფრით ჩამორჩება, თუმცა, ოძეკის აქვს რამდენიმე წაგების უფლება, იოკოძუნას - არა.

ყოფილი ოძეკები არიან და დღესაც ჭიდაობენ, მაგრამ როცა იოკოძუნა ხდები, თუ რამე მოხდა, ერთადერთი გამოსავალი გაქვს, ჭიდაობას თავი უნდა დაანებო!

- მაგრამ იოკოძუნებს ლამის აღმერთებენ იაპონიაში... ჰაკუჰოსთან ლევანის გამარჯვებას რა გამოხმაურება მოჰყვა?
- "ლამის"?! მართლაც აღმერთებენ! დაწნული თეთრი ქამარი, რომელიც იოკოძუნას უკეთია, იაპონელების სამლოცველო ტაძრების ატრიბუტია. იოკოძუნა ერთდერთი ცოცხალი ადამიანია, რომელსაც მისი გაკეთების უფლება აქვს...

რაც შეეხება ჰაკუჰოს დამარცხებას, ლევანი ისეთ ფორმაშია, სიმართლე გითხრათ, ეს არც გამკვირვებია! ტიტულებით არათუ ლევანს, "თეთრი ფენიქსი" ყველა სუმოისტს აღემატება, მაგრამ დღეს ძნელია გადაჭრით იმის თქმა - ძალით, ტექნიკით, ჭიდაობით ჰაკუჰო უფრო ძლიერია თუ ლევანი... "ტოჩი" თუ არ სჯობს, ნამდვილად არ ჩამოუვარდება!

altტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში

altნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

altმეტი პასუხისმგებლობა და VIP სტუმარი - რა უპირატესობები აქვს ტოჩინოშინს ოძეკის რანგში?

 

 

- მეორე იოკოძუნა? ლევანმა ლამის ხელმოტეხილმაც მოუგო კაკურიუს და ტრავმა რომ არა, დარწმუნებული ვარ, მასაც აჯობებდა!
- როცა ტრავმირებული ჭიდაობ, ტკივილის და სისუსტის დასაძლევად ჯერ შენს თავს ებრძვი, მერე - მეტოქეს... ბოლო ტურში იკიოისთან გამარჯვებაც გმირობის ტოლფასი იყო, ამას განსაკუთრებული ფიზიკური და სულიერი ძალა სჭირდება, ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ახერხებენ. იკიოი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი და არც ცალი ხელით მოსაგები მეტოქე, ლევანმა კი სწორედაც ცალი ხელით მოუგო!

- ბოლო დღეს, ჰაკუჰოს რომ კაკურიუსთვის მოეგო, ლევანს ჩემპიონობის შანსი გაუჩნდებოდა... რას იტყვი ვერსიაზე, თითქოს "მონღოლ "იოკოძუნებს" ქართველი კონკურენტი არ აწყობთ და ჰაკუჰომ მთელი ძალით არ იჭიდავა"?
- ასეთი რამ წარმოუდგენელია! თქვენ არ იცით, როგორი ამბიციურია ჰაკუჰო - სხვაგვარად, 40-გზის ჩემპიონი ვერც გახდებოდა... ამიტომაც გამარჯვების 1%-იან შანსსაც არ გაუშვებდა ხელიდან. ორი იოკოძუნას შეხვედრა უპირატესობის კიდევ უფრო ხაზგასმაც არის და პრესტიჟის და პრინციპის ამბავიც არის.

გამორიცხულია, იოკოძუნა შეგნებულად არ წააგებს! უბრალოდ, კაკურიუ ხან მეტისმეტად "კეთილია", ხანდახან კი "გადაირევა" ხოლმე და ყველას უგებს (იცინის). ბოლო ორი ბაშოა, ასეთი "გადარეულია" და თუ არ ვცდები, პირველად შეძლო "იმპერატორის თასის" ზედიზედ ორჯერ მოგება...

- იაპონიაშიც და საქართველოშიც ახლა ყველა ლევანზე ლაპარაკობს და ეს ბუნებრივიც არის. ვიცი, რომ საუბრის დასაწყისშიც ხუმრობით მითხარი - მე ვიღას ვახსოვარო, მაგრამ... ცოტათი, ალბათ, მაინც გწყდება გული, გაგამარუს რომ არავინ ახსენებს...
- გული მხოლოდ იმაზე დამწყდებოდა, ლევანზე მაღლა დღეს მე რომ ვიყო - სხვა რამ გამორიცხულია! წლებია, ერთად მოვდივართ, ძმაკაცები ვართ და ლევანის წარმატება ჩემზე მეტად ვის გაუხარდება?! იმასაც შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მსგავსი ლაპარაკი იყო ლევანის მიმართაც.

რამდენჯერ გვილაპარაკია, რომ მეტი ყურადღებაა საჭირო სუმოსთვის, რომ არავის ვახსოვართ... მაგრამ "ტოჩინოშინმა" იმდენი შეძლო, ყველას ყურადღება გადმოიტანა სპორტის სახეობაზე, რომლის ნაწილი მეც ვარ...

ამიერიდან მაინც თუ იქნება მეტი ყურადღება სუმოს მიმართ, ძალიან გაგვიხარდება. ისე, ყურადღების მიპყრობას შედეგი სჭირდება და რასაც შევძლებ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ...

არც ვიცოდი - თურმე, ერთადერთი ვარ, ვისაც არც ბაშო და არც ერთი შეხვედრა გამოუტოვებია. არც გამოვტოვებ, სანამ ვარ, ბოლომდე ვიჭიდავებ!

altტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]


- ალბათ, ახლა გაცილებით ბევრი იაპონელი გეკითხებათ საქართველოზე...
- უკვე ისედაც ბევრი იცოდნენ საქართველოზე, მაგრამ ლევანის დამსახურებით, საქართველოს ცნობადობა წარმოუდგენლად არის გაზრდილი. დღეს იაპონიაში არ მეგულება სრულწლოვანი ადამიანი, ლევანის სახელი რომ არ იცოდეს! ვისურვებდი, რომ ყველა ქვეყანაში გვყავდეს მინიმუმ ასეთი სპორტსმენი - საქართველოს გასაცნობად ესეც საკმარისი იქნება!

- როდის დაბრუნდება გაგამარუ მაკუუჩიში?
- ნაცუ ბაშოსთვის განსაკუთრებულად მოვემზადე, მაგრამ... წინასწარ ვერასდროს გათვლი, რა მოხდება. ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ, იმედი მაქვს, რომ მომავალ ბაშოზე მაინც გამოვასწორებ შედეგს და მაკუუჩიში ჩემს ადგილს დავიბრუნებ!

რატი შელეგია, სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 9 /
რათქმაუნდა არავის ახსოვხარ და რატო გიკვირს მეორე დივიზინოშიხარ და მალე ალბათ სოფლის შეჯიბრებებში გადახვალ.. გაკეთე ისე რო არავის დავიწყდე..
reali
11:07 02-06-2018
25
თემო შენ ყველას ახსოვხარ და ლევანის მსგავსად შენც მთესი საქართველო მთელი გულით გგულშემატკივრობს. წარმატებებს გისურვებ! მაგარი ადამიანი ხარ. ჩვენ გვჯერა შენი! მიდი მიაწექი ბოლომდე!
შოთა
10:35 01-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული