ალფრედო დი სტეფანო: ქართულ ფეხბურთს მსოფლიო სარბიელი ელის

ალფრედო დი სტეფანო: ქართულ ფეხბურთს მსოფლიო სარბიელი ელის

"ახალგაზრდა ჟურნალისტია? ქართველი? სიამოვნებით მივიღებ, საღამოს სახლში მეწვიეთ" - ასეთი პასუხი მიიღო ჩემმა მასპინძელმა - მადრიდში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა თამარ ბერიძემ ტელეფონით საუბრისას.

წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული - ქალბატონ თამარის მოსაუბრე ხომ თვით დი სტეფანო - მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ამჟამად, მადრიდის "რეალის" ვიცე-პრეზიდენტი და მწვრთნელი გახლდათ. არც კი მახსოვს, როგორ გავიდა შეხვედრამდე დარჩენილი დრო.

...კარი სიმპათიურმა, ჭარმაგმა კაცმა გაგვიღო. ეს ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო გახლდათ. ჩემი ვიზიტი სწორედ იმ დროს დაემთხვა, როდესაც დი სტეფანო "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა. ჩემი საუბარიც ამ ამბით დაიწყო.

- ეს სეზონი "რეალმა" ძალიან ცუდად დაიწყო. გუნდს ვეღარ ვცნობდი. მარცხი მარცხს მოსდევდა. კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა - დაეთხოვა ჯონ ტოშაკი, რომელმაც ვერ გამონახა საერთო ენა ფეხბურთელებთან. კლუბის პრეზიდენტმა დახმარება მთხოვა. მართალი გითხრათ, დიდი სურვილი არ მქონდა მწვრთნელად მუშაობისა, მაგრამ "რეალთან" ხომ ბევრი რამ მაკავშირებს. ამიტომაც, მცირე ყოყმანის შემდეგ, წინადადება მივიღე.

- ცხადია, გსურთ ახლანდელი "რეალი" 60-იანი წლების დიდ "რეალს" დაემსგავსოს...

- სურვილი კი მაქვს, მაგრამ, ვშიშობ, ეს არ მოხერხდება. იმდროინდელი "რეალის" ბადალი გუნდი მგონი მთელ მსოფლიოში არ იყო. თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მეც მისი წევრი ვიყავი. 10 წლის მანძილზე ვინარჩუნებდით იმ უძლიერეს შემადგენლობას, სტაბილურ სათამაშო ფორმას, ხუთჯერ მოვიპოვეთ ჩემპიონთა თასი, ორჯერ ფინალისტები ვიყავით. მოთამაშეებიც დიდებული გვყავდა: ალონსო, მუნიოსი, ნავარო... მოგვიანებით, სახელგანთქმული უნგრელი პუშკაში და არანაკლებ დიდებული ფრანგი კოპა შემოგვემატნენ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა "რეალი". თანდათანობით მომძლავრდნენ სხვა კლუბები, განსაკუთრებით იტალიის და ინგლისის. ძველი "რეალი" კი, სამწუხაროდ, დაიშალა და ჩვენს ჰეგემონიასაც ბოლო მოეღო. მას შემდეგ, "რეალი", მართალია, გარკვეულ წარმატებებს აღწევს, მაგრამ "იმ" გუნდის შექმნა არა მგონია ოდესმე მოხერდეს.

- რა იყო საფუძველი დიდი "რეალის" შეუდარებლობისა?

- ძლიერი მოთამაშეები სხვა კლუბებსაც ჰყავდათ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ვერ იყენებდნენ. "რეალში" მუშაობდა ისეთი სპეციალისტი, როგორიც სანტიაგო ბერნაბეუ იყო. მან მართლაც ბევრი გააკეთა გუნდისთვის და სწორედ მისი წყალობით მივაღწიეთ ასეთ წარმატებას.

- დონ ალფრედო, ქართველ ფეხბურთელთაგან თუ შეხვედრიხართ ვინმეს?

- როგორ არა, ოღონდ საბჭოთა ნაკრებთან თამაშის დროს. რა დამავიწყებს დიდებულ ქართველ გარემარბებს: მეტრეველსა და მესხს. კარგად მახსოვს თქვენი მშვენიერი საფეხბურთო დირიჟორი ყიფიანიც - მაღალი, წარმოსადეგი, ულვაშებიანი კაბალიერო. სამწუხაროდ, იგი სწორედ "რეალთან" თამაშისას დაშავდა. ბევრი მსმენია თქვენს "დინამოზეც". სიტყვამ მოიტანა და რასა იქმს დღევანდელი "დინამო"?

(აქ ჩემი და ალფრედო დი სტეფანოს როლები დროებით შეიცვალა - ახლა მე ვპასუხობდი შეკითხვებზე. ვუამბე დღევანდელ საქართველოზე, ქართულ ფეხბურთზე, მის მდგომარეობაზე, ცვლილებებზე, რომლებიც უკანასკნელ ხანს ჩვენს ფეხბურთში მოხდა). დაახლოებით ნახევარსაათიანი დიალოგის შემდეგ, დი სტეფანომ ასეთი დასკვნა გააკეთა:

- რა თქმა უნდა, თუ თავისუფლება გსურთ, თქვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებულია. ქართველები მართალნი ხართ. ცხადია, პოლიტიკა და სპორტი შორს უნდა იდგნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისინი მჭიდროდ უნდა შეკავშირდნენ. უეჭველია, თავიდან გაგიჭირდებათ, ფიფა-ც გამოიტანს არასასურველ სანქციებს, მაგრამ თქვენმა ფედერაციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა. ქართულ ფეხბურთს მსოფლიო სარბიელი ელის! ცხადია, არავის დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. ფიფა-სთან ურთიერთობის გაფუჭებას ხომ ყველა ერიდება.

- თქვენ წარმოშობით არგენტინელი ბრძანდებით. ერთ მშვენიერ დღეს კი ესპანეთში გადმოხვედით საცხოვრებლად. ხომ არ ნანობს არგენტინა ასეთი ვარსკვლავის დაკარგვას?

- უნდა ვიფიქროთ, რომ - არა! არგენტინელებმა კარგად იციან, რომ ჩემნაირი ფეხბურთელები ერთ ქვეყანას არ ეკუთვნიან. ამიტომ იქ უნდა მეთამაშა, სადაც სრულად გამოვავლენდი ჩემს შესაძლებლობებს, გულშემატკივრებს მეტ სიამოვნებას მოვგვრიდი. ასეთი ქვეყანა და გუნდი, იმხანად, ესპანეთი და მადრიდის "რეალი" იყო. ცხადია, არგენტინელებსაც ძალიან ვუყვარდი, დღესაც პატივს მცემენ და არასოდეს უთქვამთ ჩემთვის საყვედური ასეთი "ღალატისთვის". ისე კი არგენტინაც და ესპანეთიც ორივე ჩემი სამშობლოა. მე მათ ვერც კი განვასხვავებ ერთმანეთისგან. ეს განურჩევლობა იმდენად დიდია, რომ, როდესაც ამ ქვეყნების ნაკრები გუნდები ერთმანეთს ხვდებიან, თამაშს ვერც ვუყურებ. ერთი სიტყვით, არ ვიცი ვის ვუქომაგო.

- ფეხბურთის მოყვარულთა და სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად პელეა აღიარებული, მაგრამ ზოგი თქვენ, ზოგი კი კრუიფს ანიჭებს უპირატესობას. საინტერესოა თქვენი აზრი ამის თაობაზე.

- არ მიყვარს შედარებები, მით უმეტეს, თუ ეს პირადად მე მეხება. მაგრამ ვეცდები, მაინც გიპასუხოთ. ჩემი აზრი ასეთია: კრუიფი, ჩარლტონი, მე თუ სხვა მსგავსი ფეხბურთელი გარემოცულნი ვიყავით ბრწყინვალე პარტნიორებით. სხვაგვარად ჩვენ ვერ მივაღწევდით შესაფერის დონეს. ცხადია, ძლიერი პარტნიორების ნაკლებობას არც პელე განიცდიდა, მაგრამ იგი ის ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც ნებისმიერ სუსტ გუნდში მთელი ბრწყინვალებით გამოჩნდებოდა. დანარჩენის განსჯა თქვენთვის მომინდვია.

- ვის თვლით დღეისთვის მსოფლიოს უძლიერეს ფეხბურთელად და კლუბად?

- მარადონას! იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, ახირებული ხასიათი რომ არ ჰქონდეს. რაც შეეხება კლუბს, "მილანს" მივანიჭებდი უპირატესობას. ჩემი აზრით, იგი ყველაზე ნაღდ ფეხბურთს თამაშობს.

- მსოფლიო ფეხბურთს თუ ჰყავს დღეს ღირსეული ჩემპიონი?

- სამწუხაროდ, ფეხბურთი დეგრადაციის გზით მიდის. ძალზე ცოტა გოლი გადის. გუნდები, ძირითადად, დაცვით ფეხბურთს თამაშობენ და მეტოქის კარს იშვიათად აწუხებენ. მსოფლიო ჩემპიონი - დასავლეთ გერმანიის გუნდი აღიარებდა პრინციპს - "შენობის დანგრევა უფრო ადვილია, ვიდრე მისი აშენება". იგი დღევანდელ ფეხბურთს საკმაოდ კარგად მოერგო. ისე არ გამიგოთ, თითქოს ჩემპიონის ღირსებას ვლახავდე, მას ძალზე კარგი შემსრულებლები ჰყავს, განსაკუთრებით, მათეუსი და ბრემე, მაგრამ... ფეხბურთი მაინც შეტევის თამაშია! ჩვენ ხომ სწორედ ასეთ ფეხბურთს ვთამაშობდით!

- თქვენი სპორტული კარიერის მანძილზე მრავალ გამოჩენილ ადამიანს შეხვედრიხართ. ვინ დატოვა მათგან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- მართლაცდა, სხვადასხვა შეხვედრებსა თუ წვეულებებზე ხშირად მქონდა ურთიერთობა ცნობილ მწერლებთან, კინომსახიობებთან, მხატვრებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, არასოდეს შემხვედრია ყველასთვის კარგად ცნობილი ფრანსისკო ფრანკოსებრ ძლიერი და საინტერესო პიროვნება. ფრანკო ჩემი თამაშის დიდი მოტრფიალე იყო და თითქმის არ აცდენდა "რეალის" მატჩებს. ხშირად ვხვდებოდი სტადიონის გარეთაც - არაერთხელ ვყოფილვარ მასთან მიღებაზე. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ფრანკოსთან კეთილ ურთიერთობას ჩემთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. მისი სიკვდილისა და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, მე გარკვეული პრეტენზიები წამომიყენეს. პირდაპირ მითხრეს, რომ ფრანკოს მმართველობის წლებში არ უნდა მეთამაშა ფეხბურთი. ბოლოს, ალბათ, მაინც ძველმა "დიდებამ" მიშველა. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

- დონ ალფრედო, ძველი "რეალის" ფოტოსურათებზე თქვენ ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას - წინა რიგის ცენტრში ხართ ჩამუხლული. ეს ცრურწმენაა თუ...

- არავითარი ცრურწმენა. ისე კი ღრმად მორწმუნე კათოლიკე ვარ, ხოლო ცრურწმენა ის არის, ვისაც ღმერთისა და საკუთარი თავის არ სჯერა. უბრალოდ, მე მეცხრე ნომერი - ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი და სურათებზეც ჩემი ადგილი სწორედ ცენტრში გახლდათ.

- მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მიღებისა და გულახდილი ინტერვიუსთვის. ცხადია, დიდ ბოდიშს გიხდით, ამდენი დრო რომ წაგართვით...

- არა უშავს, ჟურნალისტებს პატივს ვცემ. საიდუმლოს გაგიმხელთ: მსოფლიოს არც ერთი გაზეთის კორესპონდენტს არ შეუძლია უსასყიდლოდ აიღოს ჩემგან ინტერვიუ - საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს მიხდიან ხოლმე ამისთვის. მაგრამ თქვენ ხომ ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით. ისიც ვიცი, რომ ეს ინტერვიუ, ალბათ, რაიმეს შეგძენთ და ამიტომაც დავუშვი გამონაკლისი. საერთოდ, დიდ პატივს ვცემ ახალგაზრდებს, არც თამაშის და არც მწვრთნელობის დროს არ შემიზღუდავს ისინი. პირიქით, მუდამ ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლებინა მათთვის, დავხმარებოდი, რითაც შემეძლო. ხვალინდელი საქმეები ხომ სწორედ ახალგაზრდებმა უნდა აკეთონ!

მერაბ რატიშვილი

ლელოს სპეც. კორ.

მადრიდი - თბილისი

11 იანვარი, 1991 წელი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!