ფეხბურთის ნაპოლეონი გარდაიცვალა
85 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა რაიმონ კოპა - "ოქროს ბურთის" რიგით მესამე მფლობელი, რომლის საფეხბურთო პიკი მადრიდის "რეალის" ოთხ სეზონზე მოდიოდა.

მადრიდამდე პოლონელი ემიგრანტის ვაჟმა რომან კოპაშევსკიმ (მოგვიანებით, ფრანგულ ყაიდაზე გადაიკეთა სახელი და დაიმოკლა გვარი) მოასწრო "რეიმსის" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატის ორჯერ მოგება და მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატზე თამაში. სხვათა შორის, დღეს საფრანგეთის მეორე დივიზიონის ბინადარმა გუნდმა ჩემპიონთა თასის პირველი გათამაშების ფინალში ითამაშა, მაგრამ წააგო "რეალთან" - 3:4.

სამი წლის შემდეგ "რეიმსი" ისევ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, მაგრამ ისევ წააგო "რეალთან", რომლის რიგებში უკვე კოპაც თამაშობდა. ის გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა თასის ფინალში იყო სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში. მადრიდში რაიმონმა ესპანეთის ჩემპიონატის ორი ოქრო მოიგო და სამჯერ გახდა საუკეთესო კონტინენტზე.

საინტერესოა, რომ "რეალში" გატარებულ ოთხივე სეზონს კოპა "ოქროს ბურთის" სამ საუკეთესო ლაურეატს შორის ასრულებდა. 1956 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა სტენლი მეტიუზი, 1957 და 1959 წლებში რაიმონის პარტნიორი კლუბში - ალფრედო დი სტეფანო, 1958 წელს კი კოპამ მაინც მიაღწია თავისას და კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის წელი, თუმცა, შვედურ მუნდიალს ჩვენ ისევ დავუბრუნდებით.

მანამდე კი ღირს კოპასა და დი სტეფანოს შორის რთული ურთიერთობების გახსენება. ისინი ძალიან კარგად ავსებდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, მეორე კი უფრო სიღრმიდან მოქმედებდა.

ორივეს შესანიშნავი პასი ჰქონდა, უნაკლოდ კითხულობდნენ თამაშს, მაგრამ მწვრთნელები კოპას მარჯვენა ფლანგზე აყენებდნენ, გუნდი კი, ჩვეულებისამებრ, ან დი სტეფანოზე თამაშობდა, ან ფრანსისკო ჰენტოზე, რომელიც მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა.

მართალია, კოპა ცოტას არ იტანდა და მწვრთნელებს მის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზია არ ჰქონდათ, ფრანგი მადრიდში დიდი ხანი არ გაჩერებულა. ამაზე გავლენა იქონია არგენტინელთან კონფლიქტმა და სურვილმა - უფრო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა გუნდში, ვიდრე რეალურად ჰქონდა. თან 1959 წელს, "რეალმა" ჩემპიონატი წააგო "ბარსელონასთან" და ფრანგი "რეიმსში" დაბრუნდა, სადაც კარიერის ბოლომდე თამაშობდა.

მოგვიანებით, დი სტეფანოს შესახებ კოპამ პრესაში ილაპარაკა. მან თქვა, რომ არგენტინელი ჭირვეული ბავშვივით იქცეოდა და კლუბის ხელმძღვანელობა პატიობდა ამას. რაიმონის მონაყოლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ ალფრედომ პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა.

"რეიმსში" დაბრუნების შემდეგ კოპა შეუერთდა კიდევ ერთ ლეგენდას - ჟიუსტ ფონტენს, თავის პარტნიორს საფრანგეთის ნაკრებიდან. მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე გოლების რაოდენობით რეკორდსმენი "რეიმსში" სწორედ "რეალში" წასული კოპას შემცვლელად მივიდა, ერთად კი ისინი მართლაც საშიში ძალა გახდნენ. აი, მცირე სტატისტიკა: ფონტენმა 1956-62 წლების პერიოდში "რეიმსის" შემადგენლობაში 131 მატჩი ჩაატარა და 122 გოლი გაიტანა. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ რაიმონი ბევრს ვერ იტანდა, მაგრამ უამრავი საგოლე პასი შეასრულა!

ამ ბიჭებს შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთის და კოპა ტრაბახობდა კიდეც - შეუძლია დახუჭული თვალებით მისცეს პასი და ბურთი აუცილებლად იპოვის ფონტენს. ორი ფრანგი იდეალურ დუეტს ქმნიდა: ორივე ფეხით და თავით კარგად მოთამაშე ფონტენი და პატარა (ნაწილობრივ, ამიტომაც შეარქვეს ნაპოლეონი), ტექნიკური და კარგი პასის მქონე კოპა.

მართალია, ისინი განსხვავებულები იყვნენ მინდორზე, მაგრამ ჰგავდნენ ერთმანეთს ცხოვრებაში. თითქმის თანატოლები, ორივემ ადრე დაასრულა კარიერა ტრავმების გამო, ორივემ წამოიწყო ბიზნესი 60-იან წლებში და ორივეს წარმატება ჰქონდა ამ მიმართულებით. ორივე ხშირად იძლეოდა ინტერვიუს და უყვარდათ თანამედროვე ახალგაზრდობაზე წუწუნი:

"ვფიქრობ, მე და ჟიუსტმა 40-40 წელი რომ ჩამოვიკლოთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ბიჭებზე უკეთ ვითამაშებდით", - ასეთი კომენტარი გაუკეთა საფრანგეთის ნაკრების გამოსვლას მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე კოპამ.

1958 წელს, საფრანგეთმა პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის მედლები, კერძოდ, ბრინჯაო, თუმცა, მაშინ შვედეთში, პელეს, გარინჩასა და სხვების ბრაზილიის ნაკრების ძლევა შეუძლებელი იყო. ფრანგები ბრაზილიას ნახევარფინალში გადაეყარნენ და 2:5 წააგეს, რის შემდეგაც მესამე ადგილისთვის მატჩში 6:3 მოუგეს გერმანიას. იმ ჩემპიონატში ფონტენმა 13 გოლი გაიტანა, კოპამ - მხოლოდ სამი, სამაგიეროდ, საგოლე პასებით ამარაგებდა თავის მეგობარს.

ფონტენმა კარიერა 1962 წელს დაასრულა. ის 30 წლისაც არ იყო. კოპამ თითქმის 35 წლამდე ითამაშა, მაგრამ თამაში ფეხის მოტეხილობის გამო დაამთავრა. ის გრძნობდა საკუთარ თავში ძალებს გასაგრძელებლად, მაგრამ ტრავმის შემდეგ აღდგენა უკვე ვერ შეძლო. ამის შემდეგ "რეიმსი" თანდათან ქვემოთ დაეშვა და დღემდე საფრანგეთის ქვედა დივიზიონებში თამაშობს.

კოპა იყო ფეხბურთელთა გაფიცვის ინიციატორი. ფაქტობრივად, მონური მდგომარეობით აღშფოთებული და შეწუხებული მოთამაშეები საყოველთაო საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

რაიმონმა პრესაში პირველმა წამოსწია ეს თემა და მთელი ქვეყანა აიძულა, სხვანაირად შეეხედა ამ პრობლემისთვის. როგორც გაირკვა, თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტის მიხედვით, ნაპოლეონი "ანჟერსს" 35 წლამდე ეკუთვნოდა, არ ჰქონდა ინტერვიუების მიცემის უფლება, არ შეეძლო პროფკავშირში შესვლა და ა. შ. კოპა მონობას კლუბის გაკოტრებამ გადაარჩინა.

კარიერის დასრულების შემდეგ კოპამ საკუთარი თავი ბიზნესს მიუძღვნა, გარკვეული ხანი მუშაობდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში. რაიმონი პერიოდულად თამაშობდა ვეტერანთა მატჩებში, კომენტატორობდა ტელევიზიაში... მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის დროს, ის საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო წევრი იყო. პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

რაიმონ კოპა

დაიბადა 1931 წლის 13 ოქტომბერს, ნიო-ლე-მინში (საფრანგეთი).

საკლუბო კარიერა: "ანჟერსი" (1949-51), "სტად დე რეიმსი" (1951-56, 1959-67), "რეალი" (1956-59).

ტიტულები: ჩემპიონთა თასის მფლობელი (1957, 1958, 1959), საფრანგეთის ჩემპიონი (1953, 1955, 1960, 1962), ესპანეთის ჩემპიონი (1957, 1958).

ინდივიდუალური ტიტულები: ოქროს ბურთი (1958), ვერცხლის ბურთი (1959), ბრინჯაოს ბურთი (1956, 1957).

საფრანგეთის ნაკრებში: 45 მატჩი, 18 გოლი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!