"მერსედესსა" და "ფერარის" შორის ძალთა შეფარდება უცნობია
ბარსელონაში დასრულდა ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტები და ყველასთვის მოულოდნელად, ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა "ფერარი". როგორც ჩანს, იტალიური საჯინიბო "მერსედესის" დასამარცხებლად ემზადება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთები უკვე უწოდებენ "სკუდერიას" ჩემპიონატის ფავორიტს...

"მერსედესი": "ფერერისა" და "რედ ბულს" შორის?

ტესტების რვა დღის შედეგების მიხედვით, "ფერარის" პილოტებმა ოთხჯერ აჩვენეს დღის საუკეთესო დრო და წინასასეზონო მზადების რეკორდიც დაამყარეს. ახალი SF70H უნაკლოდ მუშაობს და ორი კვირის განმავლობაში ოთხი ათას კილომეტრზე მეტი გაიარა.

ცუდი დასაწყისი არ არის, ამასთან, ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ "სკუდერიას" ბოლომდე არ უჩვენებია საკუთარი პოტენციალი. "ისინი გვატყუებენ - გაცილებით სწრაფები არიან, ვიდრე გვიჩვენებენ, - თქვა ჰემილტონმა. - ჯერჯერობით რთულია იმის გაგება - რეალურად ვინ არის ჩვენს შორის ყველაზე სწრაფი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ჩვენთან ძალიან ახლოს არიან, შეიძლება გვისწრებენ კიდეც".

ახალმა "ფერარიმ" ყველას ყურადღება მიიპყრო. წინა დაკიდების ორიგინალური გადაწყვეტა, გაუმჯობესებული აეროდინამიკა - ეს არის SF70H-ის მთავარი განსხვავებები სხვა ბოლიდებთან. ჭორების მიხედვით, პროგრესს მიაღწიეს მოტორისტებმაც, ასე რომ, მარანელოში ზომიერი ოპტიმიზმი სუფევს.

"მნიშვნელოვანია, რომ ბევრი წრე გავიარე და გასულ წელს თუ შევადარებთ, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ უკეთ ვართ მომზადებული, - ამბობს სებასტიან ფეტელი. - მაგრამ წრეზე დრო ამ მომენტისთვის არაფერს ნიშნავს. შეხედეთ "მერსედესს", რამდენი წრე გაიარეს მათ, გაიხსენეთ, რომ ტესტებზე ისინი არასოდეს მისდევდნენ წამებს. ვფიქრობ, ფავორიტები ისინი არიან".

"მერსედესის" ბაზაზე ახლა მცირედი შეშფოთებაა: გუნდში ესმით, რას ნიშნავს წინა წლების წარმატებების შემდეგ, "ცხვირის აწევა", მაგრამ ტექნიკურმა განახლებებმა, რომელსაც ინჟინრები ტესტების მეორე კვირას ცდიდნენ, არც ისე კარგად იმუშავა. ერთ-ერთ დღეს ლუის ჰემილტონმა W08-ის მართვაზე დაიჩივლა, ვალტერი ბოტასმა კი თქვა, რომ გუნდს ჯერ არ გამოუვლენია თავისი სრული პოტენციალი.

"უბრალოდ, უნდა ვიმუშაოთ, - ამტკიცებს ფინელი. - თუ ჩვენ ვპოულობთ რაღაცას, რაც არ მუშაობს, ვაგზავნით ამ კვანძს ბაზაზე, სადაც არკვევენ პრობლემის მიზეზს. დარწმუნებული ვარ, მელბურნამდე ყველაფერში გავერკვევით".

კიდევ უფრო დაძაბული სიტუაციაა "რედ ბულში", რომელიც ცდილობს გაერკვეს ახალი RB13-ის პრობლემებში. ავსტრიული საჯინიბო ვერ ბრწყინავდა ვერც სიჩქარით, ვერც კილომეტრაჟით, მაგრამ ბევრმა ეს დააბრალა მანქანის მახასიათებლებზე რუტინულ მუშაობას.

თუმცა, დანიელ რიკარდომ აღიარა, რომ ინჟინრებს დღემდე არ ესმით, როგორ მოამზადონ მანქანა. "ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პროგრესს ვერ მივაღწიეთ, - თქვა რიკარდომ. - ცოტათი ავირიეთ მახასიათებლების მხრივ და საჭიროა, უკეთ გავიცნოთ მანქანა".

ჯერჯერობით უცნობია ძალთა შეფარდება "მერსედესსა" და "ფერარის" შორის, "რედ ბული" კი ოდნავ ჩამორჩება ლიდერებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამ გრანდს აქვს უპირატესობა პელოტონის დანარჩენ წევრებთან და სწორედ ეს ტრიო იქნება დომინანტი ძალა სეზონის საწყის რბოლებში. "ჰაასის" ხელმძღვანელი გიუნტერ შტაინერი ამ უპირატესობას წამნახევარის ფარგლებში აფასებს.

"უილიამსის" სიურპრიზები

ტესტების მეორე სერიისას, სასიამოვნო სიურპრიზი გახდა "უილიამსი". თუ პირველ კვირას, გამოუცდელი ლენს სტროლის ავარიის გამო, გუნდმა ძალიან ბევრი დრო დაკარგა, ახლა, ფელიპე მასამ ძალიან დიდი დისტანცია გაიარა და სიტუაცია აშკარად უკეთესია.

FW40 საიმედო და მეტნაკლებად სწრაფია: ერთ დღეს, ბრაზილიელს საუკეთესო დრო ჰქონდა. ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა "უილიამსი" იშვიათად მაინც ლიდერების დონეზე გამოსვლას, მაგრამ პელოტონის შუაში მყოფ გუნდებს შორის, ბრიტანელები აშკარად გამოირჩევიან. ამ გუნდის ძალას აღიარებს პირდაპირი კონკურენტი "ფორს ინდია".

"დღეს ჩვენ ვიბრძვით "ტორო როსოსთან", "ჰაასთან" და "რენოსთან" მეხუთე ადგილისთვის. "უილიამსები" ჩვენთვის ძალიან შორს არიან", - განაცხადა ინტერვიუში "ფორს ინდიას" წარმომადგენელმა ბობ ფერნლიმ.

"მაკლარენი": კატასტროფა გრძელდება

ზამთრის ტესტები "მაკლარენისთვის" ღამის კოშმარივით იყო, ხოლო გუნდის ურთიერთობა "ჰონდასთან" ძალიან დაიძაბა. "არ მგონია, რომ შასის მხრივ, ჩვენ ძალიან შორს ვართ მეტოქეებისგან, მაგრამ გვაქვს პრობლემა - ძრავა", - ემოციურად განაცხადა ფერნანდო ალონსომ. ტესტების მეორე სერიისას, მექანიკოსებს კვლავ მოუწიათ ძალისმიერი აგრეგატის რამდენჯერმე შეცვლა.

საბოლოოდ, "მაკლარენმა" ყველაზე ცოტა გაიარა ამ ტესტებზე, თან გავლილი მანძილი არ იძლევა საკმარის სასარგებლო ინფორმაციას. "ამის გამო, ჩვენ არ ვიცით, მაგალითად, როგორია გაციების სისტემის ტემპერატურა 50 წრის შემდეგ", - ამბობს სტოფელ ვანდორნი. გარდა ამისა, ინჟინრებს არ აქვთ მონაცემები აეროდინამიკის ძირითად ელემენტებზე, რადგან სწორ მონაკვეთებზე "მაკლარენი" მეტოქეებს საათში 30 კილომეტრი სიჩქარით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანტიფრთები ბოლომდე არ იტვირთება.

ტესტების შედეგების მიხედვით, "მაკლარენი" ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ "ზაუბერს" უსწრებს. ასე რომ, ავსტრალიის გრანპრი ზაკ ბრაუნისთვის, მისი გუნდისთვის და "ჰონდასთვის" ურთულესი გამოცდა იქნება.

ტესტების საერთო შედეგები

1. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:18.634

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი) +0.390

3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +0.676

4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +0.718

5. ფელიპე მასა (უილიამსი) +0.786

6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) +0.804

7. კარლოს საინსი (ტორო როსო) +1.203

8. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +1.251

9. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +1.266

10. სერხიო პერესი (ფორს ინდია) +1.482

11. ესტებან ოკონი (ფორს ინდია) +1.527

12. ჯოლიონ პალმერი (რენო) +1.571

13. ლენს სტროლი (უილიამსი) +1.701

14. დანიილ კვიატი (ტორო როსო) +1.782

15. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) +1.870

16. რომენ გროსჟანი (ჰაასი) +2.476

17. სტოფელ ვანდორნი (მაკლარენი) +2.714

18. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი) +2.755

19. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) +3.036

20. პასკალ ვერლაინი (ზაუბერი) +3.713

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...