ხუთშაბათი
გეთლენდმა ბრიტანელი ლომები დარაზმა

"ბრიტანელი ლომები" წლეულს ტურნეს ახალ ზელანდიაში გამართავენ. საგულისხმოა, რომ "ლომებს" ზედიზედ მეორედ უთავკაცებს ახალზელანდილი უორენ გეთლენდი. მან გუნდის 41-კაციანი შემადგენლობა გუშინ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ "ბრიტანელ ლომებს" ასევე ზედიზედ მეორედ უკაპიტნებს უელსის ნაკრების ლიდერი სემ ვერბარტონი. ასეთი პატივი, აქამდე, მხოლოდ ინგლისელ მარტინ ჯონსონს ხვდა წილად, რომელმაც "ლომებს" 1997 და 2001 წლებში უკაპიტნა.

გუნდში 22 მორკინალი და 19 უკანახაზელია. ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე კი, ინგლისის ნაკრების მეორეხაზელი, 22 წლის მარო იტოჯეა.

ბრიტანელი ლომები

შერკინება: რორი ბესტი (ალსტერი, ირლანდია), დენ კოლი (ლესტერი, ინგლისი), ტაულუპე ფალეტაუ (ბასი, უელსი), თედ ფურლონგი (ლენსტერი, ირლანდია), ჯეიმი ჯორჯი (სარასენზი), იან ჰენდერსონი (ალსტერი, ირლანდია), მარო იტოჯე (სარასენზი, ინგლისი), ალან ვინ ჯონსი (ოსფრიზი, უელსი), ჯორჯ კრუზი (სრასენზი, ინგლისი), კორტნი ლოუ (ნორსჰემპთონი, ინგლისი), ჯო მარლერი (ჰარლიქვინზი, ინგლისი), ჯეკ მაკგრეთი (ლენსტერი, ირლანდია), როს მორიატი (გლოსტერი, ინგლისი), შონ ბრაიენი (ლენსტერი, ირლანდია), პიტერ ომაჰონი (მანსტერი, ირლანდია), კენ ოუენსი (ჰლანეჰლი, უელსი), კაილი სინკლერი (ჰარლიქვინზი), სი ჯეი სტანდერი (მანსტერი, ირლანდია), ჯასტინ ტიპურიკი (ოსფრიზი, უელსი), მაკო ვუნიპოლა (სარასენზი, ინგლისი), ბილი ვუნიპოლა (სარასენზი, ინგლისი), სემ ვერბარტონი (კარდიფი, უელსი)

უკანა ხაზი: დენ ბიგარი (ოსფრიზი, უელსი), ელიოტ დეილი (ვოსფსი, ინგლისი), ჯონათან დევისი (ჰლანეჰლი, უელსი), ოუენ ფარელი (სარასენზი, ინგლისი), ლეიგ ჰალპფენი (ტულონი, უელსი), რობ ჰენშოუ (ლენსტერი, ირლანდია), სტიუარტ ჰოგი (გლაზგო, შოტლანდია), ჯონათან ჯოზეფი (ბასი, ინგლისი), კონორ მარი (მანსტერი, ირლანდია), ჯორჯ ნორსი (ნორსჰემპთონი, უელსი), ჯეკ ნოელი (ექსეტერი, ინგლისი), ჯარედ პეინი (ალსტერი, ირლანდია), ჯონათან სექსტონი (ლენსტერი, ირლანდია), ტომი სეიმური (გლაზგო, შოტლანდია), ბენ ტეო (ვორსტერი, ინგლისი), ენტონი ვოტსონი (ბასი, ინგლისი), რის ვები (ოსფტიზი, უელსი), ლიამ ვილიამსი (ჰლანეჰლი, უელსი), ბენ იანგზი (ლესტერი, ინგლისი)

ბესიკ ჯანგავაძე

0000000000000000000000

00000000000000

კლდის ვეფხვი

1969 წლის 4 ივლისს შემზარავი ცნობა მოვიდა თბილისში - დოლომიტის ალპებში (იტალია) მწვერვალ სუალტოზე ასვლისას დაიღუპა ქართული ალპინიზმის უბადლო წარმომადგენელი, მსოფლიოში "კლდის ვეფხვის" სახელით ცნობილი მიხეილ ხერგიანი...

საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში (1955, 1956, 1964), ხოლო სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საკავშირო ჩემპიონატებისა და პროფკავშირების საკავშირო პირველობების შვიდგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მიხეილ ხერგიანი 1932 წელს დაიბადა მესტიის რაიონში. სხვადასხვა დროს მან დალაშქრა კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში "კლდის ვეფხვის" წოდება მიანიჭეს. მიხეილ ხერგიანმა 1969 წლის 3 ივლისს – ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე (სუალტოს მწვერვალზე ასვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა) თავის დღიურში ჩაწერა:. "ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ".

სტალინის პიკზე

მიხეილ ხერგიანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. უმამაცეს მთამსვლელზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში კი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო ყოველდღიური დარდითა და სიხარულით.

1955 წელს პამირში, აკადემიის ქედზე, ქართველმა მთამსვლელებმა დაიპყრეს რევოლუციის (მოლოტოვის "პრავდის") პიკი, რამდენიმე დღის შემდეგ კი, 23 აგვისტოს, იოსებ კახიანის ხელმძღვანელობით ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: ხერგიანი, ახვლედიანი და მეძმარიაშვილი, სსრ კავშირის უმაღლესი მწვერვალის - კომუნიზმის (სტალინის) პიკის დასაპყრობად გაემართა. მთამსვლელებმა ახალი გზით - სამხრეთიდან მოახერხეს 7 495 მეტრის სიმაღლის მწვერვალის დაპყრობა, რომელიც ,,ქართველთა გზის"" სახელითაა ცნობილი და ერთ–ერთ ურთულესად მიიჩნევა. ამ საოცარი ასვლის გამო პირველი ოქროს მედალი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული ჯგუფთან ერთად მიხეილ ხერგიანმაც დაიმსახურა.

ალპინისტურ სამყაროში ცნობილი მთამსვლელები: ჯონათან ჰანტი, ჟან ფრანკო, არმანდო და რაიტი ჩვენებურს "კლდის ვეფხვის" სახელით მოიხსენიებდნენ. "კლდეზე კი არ ადის, ცეკვავსო", - ამბობდნენ. "ფანტასტიკურია! მისი ცოცვის ტექნიკა უზადოა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მისი ხელებისა და ფეხების ქვეშ კლდეები ცოცხლდება," – აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ევროპელები. "30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი კლდეზე მცოცავი მინახავს, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ალპინისტებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ხერგიანი ყველას სჯობდა", - წერდა იტალიელი მთამსვლელი და სენატორი არმადო და როიტი.

დედოფალიც აღაფრთოვანა

1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ ასპარეზობას ინგლისის დედოფალიც დასწრებია. კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური "ბათინკები", რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. დედოფალმა კლდეზე მცოცავებს რომ შეხედა, გაკვირვებულმა წამოიძაა: "ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?" მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს "კლდის ვეფხვი" სამუდამო სახელად შერჩა.

"თოვლის ჯიქი" (თენსინგ ნორგეი, ევერესტის პირველი დამლაშქრავი) "კლდის ვეფხვთან" მეგობრობდა. ისინი იალბუზზე ერთად უნდა ასულიყვნენ. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და თენსინგ ნორგეიმ იერიშზე უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი მარტო ავიდა და კლდეზე საღებავით დააწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!" მეორე დღეს გამოიდარა. იალბუზზე ასული "თოვლის ჯიქი" მისალმების დანახვაზე კინაღამ გაგიჟდა.

1967 წელს საფრანგეთში პრესტიჟული ტურნირი ჩატარდა კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმში. ვიაჩესლავ ონიშჩენკოს და მიშას წყვილი ყველას აოცებდა. ქართულ-რუსულ დუეტს უცხოეთში ყოველთვის დაჰყვებოდა კაგებეს თანამშრომელი ევგენი გიპენრეიტერი. აი, რას გვიამბობს იგი თავის "ჩანაწერებში":

როდესაც ტურნირზე საბჭოთა წყვილი გამოიძახეს, ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა. მხოლოდ სლავა ონიშჩენკო გამოვიდა, მიშა არ ჩანდა. ვიფიქრე, მიშას რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და მოსაძებნად წავედი. იქვე, ახლოს, მიწაზე იჯდა. ქართულად რაღაცას ღიღინებდა და თოკით კვანძებს აკეთებდა. რა ხდება, ხომ კარგად ხარ-მეთქი, - მივვარდი. მიშამ მშვიდად ამომხედა და წყნარად მითხრა, - შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ - სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო. რა უნდა მექნა, ტურნირს ვერ ჩავაგდებდით... ბოლოს, როგორც მიშას სურდა, ისე გამოაცხადეს. ყველა გაკვირვებული იყო, - საქართველო გაგვიგია, მაგრამ სვანი რას ნიშნავსო. მე ავუხსენი მათ, რომ სვანეთი საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხეა, სადაც ხერგიანი დაიბადა-მეთქი.

1969 წლის ივლისში ხერგიანი იტალიაში გაემგზავრა და ვიაჩესლავ ონიშჩენკოსთან ერთად სარეკორდო დროში - სამ საათში ტორევენეციის 300-მეტრიან კლდეზე აცოცდა. ექვს საათში დაძლია 700 მეტრი სიმაღლის ბანკოტის კედელი, მაგრამ მესამე ასვლა დოლომიტებში ჩივეტას მასივის მწვერვალ სუალტოზე საბედისწერო აღმოჩნდა. მისი გამორჩეული მარშრუტი ბევრი ცნობილი ალპინისტისთვის დიდი ცდუნება იყო, თუმცა ქვების ცვენის გამო უფრთხოდნენ. "კლდის ვეფხვმა" სუალტოზე ასვლა ცალფა თოკით მოინდომა. ამგვარმა გადაწყვეტილებამ მთამსვლელები გააოგნა, რადგან ასეთი კატეგორიის მწვერვალებზე მხოლოდ ორმაგი თოკით ადიოდნენ, რასაც ორმაგი დაცვაც ჰქვია. ხერგიანი ფიქრობდა, რომ ცალფა თოკით სუალტოს რეკორდულად მოკლე დროში დალაშქრავდნენ. ასპარეზობას ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. 600 მეტრის გავლის შემდეგ ონიშენკო დაცვაზე იდგა. მიშა ხერგიანი ამ დროს კლდის შიდა კუთხეში ბუნებრივ ღარში იმყოფებოდა, ქვების ცვენაც სწორედ აქ დაიწყო. მიხეილ ხერგიანს, სამწუხაროდ, მანევრირების საშუალება არ მიეცა. ქვების ცვენისას თოკი გადაიჭრა... და "კლდის ვეფხვი" სუალტოს მოსწყდა...

თოკის ენა

2001 წელს იტალიაში ქართველ მთამსვლელთა ახალი თაობა გაემგზავრა: აფი გიგანმა, გელა ოთარაშვილმა და ბენო ქაშაკაშვილმა გადაწყვიტეს, ხერგიანის დაღუპვიდან 32 წლის შემდეგ მწვერვალ სუალტოზე სახელოვანი თანამემამულის შეწყვეტილი მარშრუტი გაევლოთ.

"მწვერვალზე სწორედ ხერგიანის მარშრუტით ავედით და შიშიც ვჭამეთ, - გვითხრა ერთხელ ბენო ქაშაკაშვილმა. - იქ ასვლას ყველა ერიდება, რადგან კედელი იშლება და ქვის ცვენა სახიფათოა. მეტი სირთულის კედელიც დაგვიძლევია, ალბათ, ხერგიანსაც, მაგრამ მისი დაღუპვა ბედისწერა იყო.

დილით სიცივემ გამოგვაღვიძა. მოძრაობა განვაგრძეთ. მარშრუტი უფრო და უფრო გართულდა. ნაშალი დაიწყო, დროდადრო ქვებიც ცვიოდა. ჩაფხუტმა გვიშველა. ის საბედისწერო ქვაც დამიდგა თვალწინ, მიშას რომ თოკი გადაუჭრა. შიშს დიდი თვალები ჰქონდა, მაგრამ მიშას შთამომავლებს ამ გზიდან გადახვევის უფლება არ გვქონდა.

ურთულესი კედლის გავლის შემდეგ მწვერვალიც გამოჩნდა. კიდევ 50 მეტრი და სუალტოს წვერსაც მივაღწევთ. უცებ განელდა დაძაბულობაც და დაღლილობაც! ჩვენ მწვერვალზე ვართ! მიშას ვალი დავუბრუნეთ!. ჩვენ ეს შევძელით, თანაც იტალიურ მწვერვალზე ნამდვილი ქართული სუფრა – პური, ყველი, ჭაჭის არაყი გავშალეთ და დიდ წინაპარს, მიხეილ ხერგიანს, ჩვენებურად ჭიქა წავუქციეთ - მისი დამსხვრეული ოცნების სადღეგრძელო შევსვით... მწვერვალიდან იმ ადგილას მივედით, სადაც გადატეხილი წერაყინი დოლომიტებში ჩასულთ ატყობინებს, რომ 1969 წელს ამ მხარემ ქართველი კაცი მიხეილ ხერგიანი იმსხვერპლა. ჩვენ ამ ადგილსაც ერთი შესანდობარი ვთქვით და უკან დავბრუნდით"...

მწვერვალის ძირში ვახტანგ ონიანის მიერ შექმნილი ხერგიანის ბრინჯაოს შესანიშნავი მემორიალი დგას. მწვერვალთა იდუმალ სამყაროში ეს ძეგლი მიხეილ ხერგიანის მთებთან თანაზიარობის უკვდავ სიმბოლოდ იქცა.

000000000000000

000000000000000000

000000000000

ეს ისტორია ცნობილმა მწვრთნელმა ბესო კირვალიძემ მომიყვა - თურქეთში 3:0 რომ წავაგეთ, იმ დროს. რა და როგორ მოხდა, არავინ იცის, მაგრამ გიორგი ქინქლაძის შარვლიდან ფული მოიპარეს და, როგორც ხდება ხოლმე, სიტყვას

სიტყვა მოჰყვა.

დიდხანს ვისაუბრეთ და ზემოხსენებულ ისტორიას რაც შეეხება, კახა კალაძეზე, უფრო სწორად, მის ხასიათზე იყო...

"დინამოში" ახალმიღებულ კახა კალაძეს ბურთთან სამუშაო რომ ჰქონდა, ბევრი მტკიცება არ უნდოდა და კედელთან ვარჯიში ვურჩიეო, ბატონმა ბესომ.

მერე ისე მოხდა, ბაზიდან ქალაქში მომიხდა გასვლა. უკან საღამოსღა დავბრუნდი და რას ვხედავ - კახა ისევ კედელთან დგას და ბურთს უბრაგუნებსო...

ოფლისგან ერთიანად სველი მაისურა, გახვითქული სახე, დაღლილი გამოხედვა...

"როცა მეტყოდით, გავჩერდებოდი, თქვენს მოსვლამდე ხომ არ შევწყვეტდი ვარჯიშსო", - უთქვამს კახას.

აქვე გავიხსენოთ, გუნდთან ერთად ვარჯიშს რომ მორჩებოდნენ, როგორ რჩებოდნენ დიდი ქართველი ფეხბურთელები დიღმის ბაზაზე კიდევ ერთი-ორი საათით...

ასეთი თვითდისციპლინის მქონე რომ იყო, იმიტომაც ეყო ვალერი ლობანოვსკის ვარჯიშებს - უჭირდა, ტიროდა, ნავარჯიშევზე ნომერში ლამის საკაცით აჰყავდათ, მაგრამ გაძლო!

არადა, ვინ იცის, რამდენი მართლა მაგარი ბიჭის კარიერა შეიწირა - "ვარჯიში რად მინდა, ტვინი ფეხში მაქვს" - ფსიქოლოგიამ. ვინ იცის, რამდენმა ეგრეც ვერ გაიგო, მოგვიანებით დავით ყიფიანის პირით ნათქვამი საფეხბურთო სიბრძნე - ყველაზე დიდი ნიჭი შრომის ნიჭიაო...

არ შეიძლება, მატჩზე და ვარჯიშებზე, როგორც სამსახურში, ისე იარო - იმ დროს, როცა თვით კრიშტიანო რონალდო, მინიმუმ, ექვს საათს ვარჯიშობს დღეში, ყოველგვარ ბუნებრივ ნიჭზე ლათაიებს საფუძველი ეცლება. არც ლეო მესი დაფრენილა ფარფატით "კამპ ნოუზე" - ისიც "ბარსამ", მისმა ფილოსოფიამ და დიდმა შრომამ შექმნა.

მოკლედ, მაგალითები თავზე საყრელადაა - თუკი ფეხბურთელს ჟინი და თვითდისციპლინა თან არ სდევს, კარიერის საქმე მორჩენილია.

და რა არის ქართველი ფეხბურთელების ყველაზე დიდი პრობლემა? უმეტესწილად, სწორედ ეს - ფეხბურთში მოვალეობის მოხდის მიზნით ყოფნა და ფეხბურთის საშუალებით ყველაფრის მიღებაზე "ჩალიჩი". ამ საქმეს ვერც ვლადიმირ ვაისი უშველის და ვერც მისი ნებისმიერი წინამორბედი უშველიდა.

ამას წინათ, თანამედროვე ქართული რაგბის სიმბოლო - მამუკა გორგოძის ინტერვიუ გამოქვეყნდა და იქ თქვა: ჩვენი ნაკრები ყველაზე კარგ შედეგს მაშინ აღწევს, როცა ხანგრძლივ შეკრებაზე ვიმყოფებითო.

ადვილი მისახვედრია: ქართველი მორაგბეებიც კი, რომელთაც ვერც ჟინს დავუწუნებთ და ვერც საკეთებლისადმი წესიერ მიდგომას, მხოლოდ ჩაკეტილ, შეკრებისთვის დამახასიათებელ სივრცეში აღწევენ სათანადო კონდიციებს.

ამ შემთხვევაში ხომ საცდური ძალიან ცოტაა და, გინდა თუ არა, მხოლოდ საქმეზე, ვარჯიშზე, მომავალ მატჩზე უნდა იფიქრო, მწვრთნელებს უსმინო, საკუთარი თავი დახვეწო.

გარდა ამისა, ქართულ რაგბიში უკვე არსებობს ეგრეთ წოდებული "მემკვიდრეობა" - თვითდისციპლინა, დაუწერელი წესები, რომელსაც სარაგბო მარაქაში ახალმოსული ბიჭი ვერაფრით აუვლის გვერდს.

ქართულ ფეხბურთში სერიოზული და სასიკეთო ძვრებია - ვინც გინდა იყო, მომხრე თუ მოწინააღმდეგე, ამის დაუნახაობა არ გამოვა - ხომ ფაქტები ქმნიან განწყობასაც და სინამდვილესაც?!

გზადაგზა კიდევ უამრავი რამ გამოჩნდება დასაწყობი და დასალაგებელი, მაგრამ მთავარი, რაზეც ქართული ფეხბურთის სახლს მუშაობა მოუწევს - ჩვენეული, ამ ეტაპზე უთუოდ საჭირო ფილოსოფიის შექმნაა.

მხედველობაში არა მაქვს ტექნიკა და ტაქტიკა, სტრატეგია და სქემა, მენტალური ევოლუციის

შესახებ ვწერ.

ჩვენს ფეხბურთში უნდა გაჩნდეს ერთგვარი "მორალური კოდექსი", როცა რაღაც სწორია და მისაღები, რაღაც კი - არასწორი და უღირსი.

მენტალიტეტში ცვლილება მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა მავანი მოთამაშე გაიგებს და აღიარებს, რომ მარტო ის და მისი ნაბადი კი არ დარბიან მინდორზე, არამედ თვითონ რაღაც მთელის ნაწილია და ამ მთელს "ქართული ფეხბურთი" ჰქვია.

და ისე არ უნდა იყოს, რომ როცა რამე გაფუჭდება, მხოლოდ მწვრთნელი ან ჩინოსანი იქცეს დამნაშავედ და მოთამაშეები საკუთარი წილი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.

სწორი ან არასწორი - უფრო მოკლე და ღირსეული შეფასება საქციელისა არ ყოფილა, არ არის და არც იქნება.

გასაგებია ისიც, რომ შეცდომები დაუშვიათ და კიდევ დაუშვებენ და ამას არავინ უნდა გადაჰყვეს - უბრალოდ, შეცდომიდან სწორი დასკვნის გამოტანაა საჭირო. ასეთ მიდგომას ავტორიტეტები სჭირდება.

ვფიქრობ, ამ მისიისთვის ფეხბურთის ფედერაციამ სწორი კანდიდატურა შეარჩია ალექსანდრე იაშვილის სახით და თუკი "იაშკას" საფეხბურთო წესიერებასა და პროფესიონალიზმზე ვინმეს სიტყვა წამოსცდება, ქვეყანაზე სამართალი არ ყოფილა

და ეგ არის.

თბილისი პატარა ქალაქია. გასართობი ადგილები, სადაც სავსეჯიბიანი ხალხი იყრის თავს, ბევრი არ არის და მერე ვრცელდება ტყუილ-მართალი, რომელმა ფეხბურთელმა რამდენი დალია, მოსწია და ასე შემდეგ.

გასაგებია, რომ სხვა დროა და მანანა ორბელიანის სალონის წესებით ვერავის აცხოვრებ, მაგრამ... ასეთი მიდგომით საერთო საქმე ფუჭდება.

რაკი, ვთქვათ, თბილისის "დინამოში" სიგარეტის მოწევა აკრძალულია, მარტო ბაზაზე კი არ უნდა დაიცვან "დინამოს" ფეხბურთელებმა ეს წესი, ყველგან - სანამ "დინამოს" ფეხბურთელის სტატუსი ექნებათ.

ასე უნდა დაემორჩილოს დაწერილ და დაუწერელ კანონებს ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი. ასეთი მიდგომის მერე კი, დამერწმუნეთ, შორს არ იქნება ის დროც, ქართულ ფეხბურთშიც რომ გაჩნდება დედამიწის ზურგზე მოგონილი ფილოსოფიებიდან ყველაზე ნაღდი - სწორისა და არასწორის - ფილოსოფია.

თუკი შენ რაღაცის ნაწილი ხარ, რა მნიშვნელობის პერსონადაც უნდა თვლიდე თავს ან გთვლიდნენ სხვები, კეთილი ინებე და იყავი სასარგებლო.

ვარსკვლავი ხარ? იკაშკაშე ზომიერად და პატივი ეცი იმ გარემოს, რომელმაც შენი ეს ვარსკვლავური მდგომარეობა განაპირობა...

პატივი ეცი ხალხს, რომლისთვისაც და რომლის ხარჯზეც არსებობს ფეხბურთი. ფეხბურთი, რომელსაც ფეხებით თამაშობენ და რომლის გარეშეც ნებისმიერი ვარსკვლავის ცხოვრება... მართლა ფეხებია...

00000000000

000000000000000000

მეტი გუნდით, ახალი გამოწვევებით

19 აპრილს, "მოყვარულთა თასი 2017" დაიწყო. გახსნის მატჩი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები დაუპირისპირდნენ...

წლეულს, მოყვარულთა თასის გათამაშებაში უკვე 45 მუნიციპალიტეტის 314 გუნდი და 8 ათასამდე ფეხბურთელი ჩაერთვება. ტურნირი სამ ეტაპად ჩატარდება: გუნდები ჯერ მუნიციპალურ ტურნირში ითამაშებენ. ამ ეტაპზე მატჩები ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც, თასის მსგავსად, ერთ წრედ იასპარეზებენ. ამ დონეზე გამარჯვებული და, რიგ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდიც შემდეგ რეგიონულ და ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. მოყვარულთათვის რეგიონულ ეტაპზე 11 ლიგა დაფუძნდა. თითოეული ლიგის გათამაშებაში 6-8 გუნდი ორ წრედ იასპარეზებს.

რეგიონული ლიგების პარალელურად, თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგების, ასევე თბილისის მერიის თასის გათამაშება გაიმართება, რომლის ფინალისტები "მოყვარულთა თასი 2017-ის" ფინალურ ეტაპზე რეგიონული ლიგების გამარჯვებულ 14 გუნდთან ერთად მოხვდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ და მსგავს ტურნირებს ფეხბურთის პოპულარიზაციის საქმეში დიდ როლს ანიჭებს. დეკლარირებული მიზანია, რომ 4 წლის შემდეგ საქართველოში დარეგისტრირებული მოთამაშეების რაოდენობა 18 ათასიდან 60 ათასამდე გაიზარდოს. ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ იყო, რომ სეზონის გახსნას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა დაესწრნენ.

"ფეხბურთის ფედერაციამ, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად, მოყვარულთა თასის გათამაშება პირველად 2016 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე გათამაშებაში 250 გუნდი და 5 ათასამდე ფეხბურთელი მონაწილეობდა. სასიხარულოა, რომ წელს მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია გაგრძელდება, რაც ფეხბურთის მასობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო გურიას, ოზურგეთს, რომელიც დღეს გახსნის მატჩის მასპინძელია", - თქვა მუჯირმა.

კარგად გვესმის, რომ მოყვარულთა ჩემპიონატები არ არის მაღალი დონის და გულშემატკივარი მისით დიდად არ ინტერესდება. მაშინ, როცა ხალხი ეროვნულ ლიგას არ წყალობს, დიდ აუდიტორიას მოყვარულთა ტურნირი მით უფრო ვერ მიიზიდავს. მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ასეთი ტურნირები ყველა წარმატებულ საფეხბურთო ქვეყანაში ტარდება და დიდი ფეხბურთისთვის საფუძვლის ჩასაყრელადაა აუცილებელი. საქართველოში კი დიდი ხანია, დავიწყებული იყო მოყვარულთა ტურნირები და ამის მტკივნეულ შედეგს ბოლო წლებში აშკარად ვგრძნობთ.

კიდევ ერთი ამბავი, რომელიც მოყვარულთა ფეხბურთს ეხება: უეფას რეგიონთა თასის მიმდინარე გათამაშების ფინალი 2017 წლის 1-9 ივნისს თურქეთში გაიმართება. ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. შემდეგი გათამაშება 2018/19 წლების სეზონში დაიგეგმა. აქამდე, მთელი 10 წლის განმავლობაში, რეგიონთა თასზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია, მომავალ წელს კი იქ ქართული გუნდიც ("მოყვარულთა თასის" მომდევნო წლის გამარჯვებული) იქნება.

რეგიონთა ტურნირზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი აღმოუჩენიათ, მერე საქართველოს ნაკრებში რომ უთამაშიათ. ახლაც, უცნობი ფეხბურთელებისთვის ეს შანსია - ვინ იცის, ვინ გამოჩნდება დიდ სარბიელზე. მოყვარულთა ტურნირების მთელი ეშხიც ეს არის.

მერაბ მამულაშვილი

0000000000000000000000000000000000

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს