არც ისე დიდი ხნის წინ სახელგანთქმული ჩოგბურთელი ჯენიფერ კაპრიატი ისევ მოხვდა გაზეთების პირველ გვერდებზე

არც ისე დიდი ხნის წინ სახელგანთქმული ჩოგბურთელი ჯენიფერ კაპრიატი ისევ მოხვდა გაზეთების პირველ გვერდებზე. და კვლავ თემა სკანდალური იყო: თავისი არაპროგნოზირებადი საქციელით ცნობილი ვარსკვლავი უცნობი, მაგრამ ძლიერმოქმედი პრეპარატის ზედმეტი დოზის გამო კლინიკაში მოხვდა.

ESPN-ის მიმომხილველი ჯონეტ ჰოვარდი გაესაუბრა კაპრიატის ახლობლებსა და მეგობრებს და შეეცადა გაერკვია, საიდან იწყება ყოფილი სპორტსმენის პრობლმები და შეიძლება თუ არა ეშველოს მის დეპრესიას.

ჯენიფერ კაპრიატის ცხოვრება - უცნაური მოვლენათა გასაოცარ ნაკრებს წარმოადგენს. რაც მთავარია, ეს ამბები ყოველთვის ჰარმონიულად არ ერწყმიან ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მცირერიცხოვანი საჩოგბურთო ვარსკვლავები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ყოფილი "ოქროს ბავშვის" კარიერას ჩამოყალიბებაში, დღემდე დიდი სიამოვნებით პასუხობენ კაპრიატის შესახებ შეკითხვებს.

ლეგენდარული ბილი ჯინ კინგი იყო 13 წლის კაპრიატის პარტნიორი წყვილთა თანრიგში, როცა 1990 წელს ჯენიმ პირველი მატჩი ჩაატარა პროფესიონალებს შორის. კრის ევერტი, ანდრეა ჯეგერი, პემ შრაივერი - ყველანი წარმატებული პროფესიონალი თინეიჯერები იყვნენ, მაგრამ არც ერთის მიმართ არ იყო მიპყრობილი ასეთი ყურადღება და არც ერთს არ უგრძვნია მსგავსი ზეწოლა.სამწუხაროდ, ჯენი ყოველთვის ვერ ახერხებდა მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის გამკლავებას. მის ცხოვრებაში მორიგი ავბედითი ამბავი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა - 28 ივნისს ექსვარსკვლავი კლინიკაში მოხვდა ძლიერმოქმედი პრეპარატის ზედმეტი დოზის გამო.

1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონის მეგობრებმა და ყოფილმა კოლეგებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს ჯენიფერისთვის დახმარების გაწევა. მაგრამ მათ გაუჭირდებათ უპასუხონ კაპრიატის ცხოვრების მთავარ კითხვას. ჯენის უახლოესი მეგობრის ჯასტინ გიმელსტობის თქმით, გოგონა ხშირად ეკითდებოდა მას: "ვინ ვარ ჩოგბურთის გარეშე?"

ლეგენდარულ კრის ევერტს მიაჩნია, რომ კაპრიატის პრობლემებში ყველაზე დიდი ბრალი მას მიუძღვის. ვინ იცის, იქნებ ეს უბრალოდ კეთილშობილური სიტყვები არ არის. ევერტი ბავშვობიდან კაპრიატის კერპი იყო, კრისის ოჯახი კი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ვუნდერკინდი გოგონას აღზრდაში. ევერტის მამა - ჯიმი კაპრიატის 4 წლიდან ავარჯიშებდა, ძმა - ჯონი ნორჩი ვარსკვლავის პირველი აგენტი იყო. საჩოგბურთო სამყაროში ბევრი აღნიშნავდა, რომ ევერტის ოჯახმა ჯენიფერისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მაგრამ ამ აზრზს თავად კრისი არ იზიარებს: "ჯენიფერს ძალიან ძვირად დაუჯდა ის, რომ ბავშვობიდანვე მიაქანებდნენ დიდების მწვერვალისკენ. მას ნორმალური ბავშვობა არც კი ჰქონია. ვუყურებ მას და ძალიან ნაღვლიანი ვარ. ის ყველამ მიატოვა - აგენტებმა, პრესამ, მოთამაშეებმა და მათ შორის, მეც. ეს საშინელი გამოცდაა - ადრეული ასაკში დაიმსახურო ამხელა ყურადღება და მიაღწიო უდიდეს წარმატებას. და სულ მალე, გოგონას ეს სამყარო ერთ წამში გამოეცალა ფეხქვეშ. რა თქმა უნდა, ის დეპრესიაში ჩავარდა. ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი უმტკიცებდნენ, რომ დიადი და ერთადერთია, ერთ წამში სხვა ვარსკვლავზე გადაერთნენ".

კლინიკაში მოხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ კაპრიატის ოჯახის წარმომადგენელმა პრესას განუცხადა, რომ ჯენიფერმა შეცდომით მიიღო ექიმის მიერ გამოწერილი წამლის დიდი დოზა. ასეა თუ ისე, ამ ინციდენტმა პუბლიკას მოაგონა კაპრიატის აღიარება იმის შესახებ, რომ ადრეულ ასაკში არაერთხელ უფიქრია თვითმკვლელობაზე. ზედმეტი დოზის ისტორია უიმბლდონის მსვლელობას დაემთხვა, რამაც ჟურნალისტებს ეჭვები გაუმძაფრა. იმავე გიმელსტობმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა CBS-ს განუცხადა, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ იყო: "ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩოგბურთისადმი და კერძოდ უიმბლდონისადმი გადამეტებულმა ყურადღებამ ჯენიფერის მდგომარეობა გააუარესა".

ახლა კაპრიატი 34 წლისაა. ჩოგბურთს რამდენიმე წლის წინ მხარზე გადატანილი ოპერაციის გამო აღარ თამაშობს. სწორედ ახლა დგას ყველაზე მწვავედ საკითხი - ვინ არის ჯენიფერ კაპრიატი? ამ კითხვაზე კი რამდენიმე პასუხის პოვნა შეიძლება.

ჯენი გაორებული პიროვნება იყო: მერვეკლასელი, რომელმაც 6 მილიონი დოლარი იქამდე გამოიმუშავა, ვიდრე პროფესიონალი მოთამაშის სტატუსს მიიღებდა და ამავდროულად, შეუხედავი მინეიჯერი შეღებილი წამწამებითა და ცხვირში გაყრილი რგოლით. კანონთან პრობლემები მას სწორედ იმ პერიოდში შეექმნა. საკმარისია გავიხსენოთ 15-დოლარიანი სამკაულის ქურდობა საიუველირო მაღაზიაში ან დაპატიმრება მარიხუანას შენახვისთვის. 17 წლის ასაკისთვის კაპრიატის "დიდი სლემის" ორი ნახევარფინალში ჰქონდა ნათამაშები, პარალელურად, ორი "ექსკურსია" მოაწყო ნარკოლოგიურ კლინიკაში. წინ იყო კიდევ ბევრი შეცდომა და უაზროდ დაკარგული წლები. მოგვიანებით, სწორედ კაპრიატის გამო შემოიღო WTA-მ წესი, რომელიც ზღუდავდა თინეიჯერი მოთამაშეების სატურნირო გრაფიკს. მაგრამ თავად ჯენიფერისთვის ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებული იყო.

20-წლიანი იუბილეს აღნიშვნის შემდეგ, ჯენიფერმა გადაწყვიტა, რომ "გული ერეოდა" ამდენი წაგებისგან და საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. სწორედ აქედან დაიწყო ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დაბრუნება. და მისი ცხოვრების ამ ეპიზოდმაც შეიძლება გასცეს პასუხი კითხვას - ვინ არის სინამდვილეში ჯენიფერ კაპრიატი? მებრძოლი გოგონა, რომელსაც არანაირი განსაცდელი არ აშინებს.

1999 წლის ბოლოს მან პრაქტიკულად თავიდან დაიწყო კარიერა და ასეთ შედეგებს არავინ ელოდა. ტრიუმფალური დაბრუნება 2001 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარტინა ჰინგისზე ბრწყინვალე გამარჯვებით აღინიშნა. ეს იყო მის კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ტუტული. შემდეგი სეზონი კაპრიატის კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჰქონდა. მან დაიცვა ავსტრალიური ტიტული (გადამწყვეტ მატჩში ისევ ჰინგისს მოუგო, თანაც ფინალის მსვლელობისას აგებდა - 4:6, 0:4), საფრანგეთში კი როლან გაროსზე გაიმარჯვა.

ერთი წლის შემდეგ ამერიკელმა კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა ჩოგბურთის ისტორიაში. ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალი, რომელშიც ჯენიმ ჟუსტინ ანენთან წააგო, ავტორიტეტულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა ქალთა ჩოგბურთში ათწლეულის საუკეთესო შეხვედრად მონათლა.

იხსენებს პემ შრაივერი: "ის პერიოდი საუკეთესო იყო კაპრიატის კარიერაში. არასოდეს დამავიწყდება მისი მეორე გამარჯვება ავსტრალიის ღია პირველობაზე. მზისგან გახურებულ კორტზე, ურთულეს შეხვედრაში ჯენიფერმა შეუძლებელი შეძლო და თითქოსდა დაკარგული გამარჯვება გამოსტაცა მეტოქეს. ტრიბუნებმა ისეთი ოვაციები მოუწყვეს, აქამდე არასოდეს რომ არ მოესმინა. წარმოიდგინეთ, მას იმდენივე გამარჯვება აქვს "დიდი სლემის" ტურნირებზე, რამდენიც ლინდსი დავენპორტს, რომელსაც ხუთჯერ დაუსრულებია სეზონი პირველი ჩოგანის რანგში. ხალხი ყოველთვის გულშემატკივრობდა ჯენის. ისინი ხედავდნენ, როგორ ებრძოდა ყველანაირ წინაღობას, თუნდაც საკუთარ თავს. უბრალოდ ფანტასტიკაა ის, რასაც მან ხუთწლიანი ურთულესი პერიოდის შემდეგ მიაღწია".

კაპრიატის თავისი განსაკუთრებული გზა და სტილი ჰქონდა. ის უფსკრულის ფსკერზე ეშვებოდა, თავისი ქცევით ყველას აღიზიანებდა... ხანდახან გეჩვენებოდა, რომ მან იმ მდგომარეობამდე მიიყვანა თავი, რომ უკვე აღარაფრის გამოსწორება არ შეიძლება, მაგრამ არანორმალური ძალისხმევით ახერებდა უფსკრულიდან ამოძრომას. გაურკვეველი ერთი რამ იყო - საიდან პოულობდა სტიმულსა და ბრძოლის სურვილს.

მაგრამ კაპრიატი ერთადერთი არ არის, ვისაც ცხოვრებასთან შეგუება გაუჭირდა. იგივე გზა გაიარა ჰინგისმა - კიდევ ერთმა გენიალურმა ბავშვმა, რომელმაც მსოფლიო აღიარება 14 წლის ასაკში მოიპოვა. მარტინა იქამდეც კი მივიდა, რომ მწვრთნელის თანამდებობიდან საკუთარი დედა დაითხოვა. ანდრე აგასი წუწუნებდა იმის გამო, რომ მამამისმა ბავშვობა გაუფუჭა, მანვე აკრძალული პრეპარატების მიღება აღიარა. სწრაფი პროგრესისა და უსწრაფესი ვარდნის კლასიკური მაგალითია ანდრეა ჯეგერისა და ტრეისი ოსტინის კარიერა. ორივემ ბავშვობიდან მოიპოვა ვარსკვლავებს შორის ადგილი. და უმძიმესი ტრავმების შემდეგ, ორივემ 20 წლის ასაკში დაასრულა კარიერა.

ჯაგერმა, რომელმაც დაზიანებულ მხარზე შვიდი (!) ოპერაცია გადაიტანა, მოგვიანებით ორი საქველმოქმედო ორგანიზაცია დააარსა, რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა. "ჩემი ბავშვობის გახსენებისას, ხანდახან შიში მიპყრობს, - ამბობს ის. - ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. წარმატება ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ გაძლევს და გიჭირს ამა თუ იმ საგნის სწორად აღქმა. უბრალოდ არ იცი, როგორ უნდა მოიქცე მარტივ ცხოვრებისეულ სიტუაციებში".

ეს ისტორიები გვაბრუნებს კითხვასთან, რომელიც ზემოთ დავსვით: "ვინ არის ჯენიფერ კაპრიატი?" ამ კითხვაზე მისი მეგობრები პასუხებენ.

ბილი ჯინ კინგი: "ის - ნამდვილი მეომარია. კორტზე და მის ფარგლებს გარეთ. რეალურად, ჯენის მიერ ნაჩვენები ჩოგბურთი საკმაოდ ზუსტად გამოხატავს მის ხასიათს".

კრის ევერტი: "ჯენიფერი - სასიამოვნო, კეთილი გოგონაა. მასში ბოროტებისა და სიბრაზის ნატამალი არ არის. ვფიქრობ, ახლა მას რაიმეს მიმართ გატაცება არ ჰყოფნის. ჩვენ, მისმა უახლოესმა ადამიანებმა უნდა დავეხმაროთ დაბრუნებაში".

ჯასტინ გიმელსტობი: "დღეს ის მთელი საჩოგბურთო სამყაროსგან მიტოვებულად გრძნობს თავს. მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. ბევრ ადამიანს სურს მისთვის სიკეთე, ნერვიულობს მის გამო. ჯენის უბრალოდ სულიერი სიმშვიდე სჭირდება".

დღეს ბევრი ცდილობს ხმა მიაწვდინოს კაპრიატის - მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერს ყოველთვის არ აქვს პასუხის გაცემის სურვილი. ის უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ, შესაძლოა, პასუხი მის ნაღვლიან კითხვაზე: "ვინ ვარ ჩოგბურთის გარეშე?" ასე ჟღერს: "უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი". შესაძლებელია თუ არა ეს? "რა თქმა უნდა, - ამბობს ჯეგერი. - საბედნიეროდ, მისთვის ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. კიდევ არსებობს ყველაფრის გამოსწორების დრო. შეიძლება მეც ზუსტად ისეთ სიტუაციაში ვყოფილიყავი, როგორშიც კაპრიატი აღმოჩნდა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მას, რომ საყაროში ისევ არის ცა, ვარსკვლავები და სხვა ბევრი რამ. ეს ყველაფერი შეიძლება ყოველდღე დაინახო და აქ ჩოგბურთი არაფერ შუაშია. ჩოგბურთის გარეშეც გაძლებ, ან შეიძლება იქაც მონახო საქმე. მთავარია, საკუთარ თავს სცე პატივი. იცოდე ვინ ხარ. და იცხოვრო".

ჯენიფერ კაპრიატის ჯერ კიდევ შეუძლია იყოს ის, ვისაც მოისურვებს. იმედი ვიქონიოთ, რომ მას ამის სურვილი აქვს.

გაზეთი ლელო

კორონიკო!
ტუჩებით ისევ ჩვენს "იხვებს" გავს!!!!
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!