საქართველოში კლასიკური რაგბის შედარებით სწრაფ განვითარებას აქვს თავისი ახსნა — ყოველივე ამას საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენმა ლელომ შეუქმნა

ლელოს გატანა საქართველოში დღემდე ვაჟკაცობის სინონიმადაა ქცეული. ეს ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც, ჯერ კიდევ, დიდმა შოთა რუსთაველმა ახსენა თავის "ვეფხისტყაოსანში".

ბევრმა ერმა მიივიწყა თავისი ეროვნული სპორტის სახეობები. ჩვენდა სასიხარულოდ ლელობურთი კიდევ შემოგვრჩა საქართველოში.

ისმის კითხვა: ე.წ. "დიდი სპორტის" ეპოქაში გვჭირდება კი ეს ბევრისათვის უცნობი ეროვნული სახეობები? — დიახ, რომ გვჭირდება, გვჭირდება სწორედ თანამედროვე სპორტის სახეობების განვითარებისათვის.

საქართველოში კლასიკური რაგბის შედარებით სწრაფ განვითარებას აქვს თავისი ახსნა — ყოველივე ამას საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენმა ლელომ შეუქმნა.

ჩვენი ხალხის წიაღიდან მოსული ლელობურთის თამაშზე მრავალი ლიტერატურული წყარო არსებობს, გადაღებულია ფილმები. მისი სახელი ეწოდა საქართველოში სპორტულ გაზეთს — "ლელოს".

კეთილხმოვანი სიტყვა ლელო ქართული სპორტის განუყოფელი ნაწილია, მისი ძველი და ახალი მეგზური.

აკაკი წერდა: "ყველა ერთ მხრივ მიიწევდა, ერთი ჰქონდა ყველას ლელო". ხშირია მისი ხმარება ქართულ კლასიკურ პროზაშიც: "ლელოს ვერც მარტო ჩვენ გავიტანთ... საერთო მტერს საერთო ძალით უნდა შევუტიოთ" (მ. ჯავახიშვილი).

ერთი სიტყვით, ლელოს გატანა ნიშნავს გამარჯვებას, მიზნის მიღწევას.

ლელო და რაგბი

ერთხელ, ქართული რაგბის ერთ-ერთი მოთავე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, გივი მრელაშვილი ჟურნალ "დროშაში" წერდა: "ხომ შეიძლება, ჩვენმა ლელომ, მას შემდეგ რაც ზღვაოსნობა განვითარდა, "გასეირნება" მოინდომა, ჩავიდა ნისლიან ბრიტანეთში და იქ დარჩა, გაიხადა ჩოხა, გამოეწყო სმოკინგში და რაგბი დაირქვა".

ამის მტკიცება, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ ერთი კია, გასულ საუკუნეში გაზეთი "ივერია" აღნიშნავდა, რომ ინგლისელი მეზღვაურები კოლხეთის ნაპირებზე ხშირად უყურებდნენ ცეცხლოვან ლელოს და ძალიან მოსწონდათო. თავის მხრივ, ისინიც ქართველ ვაჟკაცებს უჩვენებდნენ თავიანთ ეროვნულ თამაშს (რაგბის).

ლელობურთი და რაგბი რომ ღვიძლი ძმებივით წააგავს ერთმანეთს, ეს მრავალჯერ თქმულა და დაწერილა.

უძველეს დროში ბურთის სიყვარული და ბურთით თამაშით გატაცება მზის კულტის თავისებური გამოხატულება იყო. რა გასაკვირია, რომ მზიურ საქართველოში პატივს სცემდნენ ბურთით თამაშობებს.

ძველქართული ბურთი ცხვრის, ან თხის ტყავისაგან მზადდებოდა. საბა გვიხსნის: "ბურთი, მრგვალი მეშთაგან, გინა სხვა რაიმე". მეში, ტარსიკონი საჩექმე ტყავის მნიშვნელობისაა (იხ. ნ. ჩუბინიშვილი, ქართული ლექსიკონი. ალ. ღლონტის რედაქციით თბ., 1961, გვ. 347-377).

რაგბი და ლელო, — მართლაც ბევრი მსგავსება არსებობს ამ ორ თამაშს შორის, თუმცა, მისი თანამედროვე განვითარების გზები სხვადასხვა თამაშის მანერით, ხერხებით, მოქმედების ხასიათებით რაგბი და ლელო უფროს-უმცროსი ძმები არიან, — ისინი მათთვისაა გამიზნული, ვისაც სურს იყოს შეუპოვარი, გამძლე, ძლიერი, სწრაფი, მოქნილი. ვისთვისაც დაღლა ნეტარებაა. ამიტომ რაგბიშიც და ლელობურთშიც საჭიროა მოთამაშემ მოთმინებით აიტანოს ტკივილიცა და დაღლილობაც ისევე, როგორც ჰოკეიში, კრივში, ჭიდაობაში, ფეხბურთში... ეს განა ამცირებს რაგბისა და ლელობურთის აღმზრდელობით მნიშვნელობას, პირიქით, ამაღლებს კიდეც.

ინგლისში დაბადებულმა რაგბიმ მოდერნიზაცია განიცადა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რითაც პირველადი სახე დაკარგა. საქართველოში კი ლელობურთს სხვა ბედი ეწია — იგი სპორტის საყვარელ ეროვნულ სახეობად დარჩა — თავისივე არქაული წესებითა და ხერხებით, რომლებიც ადამიანს ხელს უწყობდნენ და უწყობს იყვნენ უფრო ამტანნი, მომთმენნი, შემართულნი, წამებში გამონახონ გზა ძნელი სიტუაციიდან თავის დაღწევისა, ამიტომ ლელობურთი (ისევე როგორც რაგბი) ვაჟკაცთა თამაშია.

ქართულ რაგბიში ბევრი კარგი მოთამაშე მოვიდა ლელობურთიდან; ისეთები, ლელოს თამაშით რომ დაიწყეს და შემდგომში საუკეთესო მორაგბეები გახდნენ საკმაოდ ბევრნი არიან. მოკლედ, ლელობურთის განვითარებით კარგ ბაზას შევუქმნით მომავალ მორაგბეებს.

დიახ, ლელობურთს დღესაც დიდი მისია აკისრია — მან უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ხალხის ბურთის თამაშის ტრადიციები და ამავე დროს საიმედო რეზერვი მოუმზადოს ქართულ რაგბის. ლელობურთის თამაშით ხომ არაერთმა ცნობილმა ქართველმა მორაგბემ დაიწყო თავისი სპორტული ბიოგრაფია.

— რა ვქნათ, როგორ დავუბრუნოთ ამ თამაშს ძველებური ბრწყინვალება?

— უპირველეს ყოვლისა, მეტი დაინტერესების გამოჩენა მართებთ ამ მხრივ მდიდარი ტრადიციების მქონე რეგიონებში: აჭარაში, ფოთში, ზუგდიდში. წინათ, თბილისში, იპოდრომზე იმართებოდა ლელო, საქართველოს სპარტაკიადაც ლელობურთით იხსნებოდა. გამარჯვებულებს თოფებით ასაჩუქრებდნენ, ეროვნული სტადიონიც კარს უღებდა მოთამაშეებს; ლელობურთელები ხომ კედებით, ზოგჯერ კი ფეხშიშველებიც თამაშობენ. ასე რომ, მინდვრების გაფუჭების საშიშროება, ზოგიერთი ზედმეტად ფრთხილი მესვეურის გასაგონად ვამბობ, არ არსებობს. სხვათა შორის, ლელოს მოედანი ზომით 150+90 მეტრია.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველ მაისობის დღესასწაულზე იმართება ლელოს თამაში. ასეთი ღონისძიებები სხვაგანაც ნდა იმართებოდეს...

P.შ. ლელო საქართველოში გვხვდება როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სახელი. ადიგენისა და თიანეთის რაიონებში არის სოფელი — ლელოვანი, გარდაბნის რაიონში სოფელი ლელობი და ყოფილი სოფელი ლელუბანი, ამავე რაიონშია მდინარე ლელუბნისხევი.

ლელოს გატანა — გამარჯვება, მიზნის მიღწევა: "ძველად, საქართველოში, ბურთის მოთამაშენი მოედაეზე ორად იყოფოდნენ: მოედნის ორივე ბოლო ლელოებად ითვლებოდა. რომელი მხარეც ლელოს გადააცილებდა ბურთს, გამარჯვებულიც ის იყო და იტყოდნენ ხოლმე: "ლელო გაიტანაო" (თ. სახოკია).

გაბრიელ ბარჯაძე

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის