მინო რაიოლა ამტკიცებს, რომ დონარუმას "მილანიდან" წასვლა არ უნდოდა, ის აიძულეს...
თანამედროვე ფეხბურთში აგენტების როლმა კიდევ უფრო მოიმატა. მინო რაიოლა ის კაცია, რომელზეც თითქმის ყველას სმენია და რომელიც უამრავ ფეხბურთელზე უფრო მდიდარია.

იგი ძალიან ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან თანამშრომლობს და მრავალი ხმაურიანი ტრანსფერის უკან დგას. ბოლო პერიოდში რაიოლა ყურადღების ცენტრში ჯანლუიჯი დონარუმას ამბების გამო მოექცა. როგორც ჩანს, ცბიერმა აგენტმა 18 წლის ჯიჯი დაარწმუნა, რომ "მილანთან" ახალი კონტრაქტი არ უნდა გაფორმდეს.

მადრიდის "რეალის" თამადობით, დონარუმას არაერთი მსურველი ჰყავს და სარფიან შეთავაზებებსაც მიიღებს. შესაბამისად, ხარბი რაიოლას ჰონორარიც უფრო მსუყე იქნება, მაგრამ თავად მინო ამბობს, რომ პირველ რიგში, მოთამაშეზე ზრუნავს და თითოეულ ნაბიჯსა თუ გადაწყვეტილებას მეტ-ნაკლებად გასაგებად და ნათლად ხსნის.

სანამ დონარუმას "მილანის" ფანთა ნაწილი განუდგა, დოლარების ყალბ კუპიურებს ესვრიან, ბანერებით პროტესტს გამოხატავენ და "დოლარუმას" ეძახიან, რაიოლას მოვუსმინოთ...

- მართალია, რომ "მილანის" შემოთავაზება მომავალ 10 წელიწადში 50 მილიონი ევრო იყო?

- ახლა არანაირი წინაპირობა არ იყო ახალი შეთანხმების. ჩვენ არ გვისაუბრია და დეტალები არ დაგვიზუსტებია. ვითხოვეთ, რომ ჯიჯოსთვის დრო მიეცათ, რადგან ის მშვიდად ყოფილიყო და გვეფიქრა, რა მიმართულებას ავირჩევდით. ჩვენი ყველა ნაბიჯი თავიდანვე გამჭვირვალე გახლდათ და მედია მუდამ საქმის კურსში იყო.

- ახლა "როსონერის" მთელ სამყაროს ეზიზღებით...

- ამას მიჩვეული ვარ. სამწუხაროდ, მოვლენები ძალიან ცუდად და არასწორად განვითარდა. დონარუმას "მილანის" ფანების მცირე ჯგუფი არაადეკვატურად აუჯანყდა, კლუბმა კი მის დასაცავად არაფერი იღონა. არ ჩამოუხსნიათ ბანერები, რომლებიც გუნდის ბაზასთან გამოფინეს და არც სოლიდარობა გამოუხატავთ. ახლა ჯიჯო მოწყენილია. იგი ცუდ ხასიათზეა და განიცდის იმას, რაც ხდება.

- 21-წლამდელთა ნაკრების მატჩზე მისულმა გულშემატკივრებმაც გამოხატეს პროტესტი...

- იმედი მაქვს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მაინც დაიცავს დონარუმას. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფიქრი და ვმუშაობთ დაცვის დაყენებაზე, რადგან ჯიჯოზე მეტი არავინ ზრუნავს. ეს აბსურდია.

- უმეტესობამ ვერ მიიღო და ვერ გაიგო დონარუმას ეს გადაწყვეტილება, რატომ თქვა ახალ კონტრაქტზე უარი?

- პრინციპში, ჯიჯოს "მილანში" დარჩენა სურდა, რადგან იქ 14 წლის ასაკიდანაა. იგი "როსონერიში" თავისი ნებით ჩაირიცხა, მიუხედავად იმისა, რომ "ინტერი" ეპატიჟებოდა და მშობლებმაც უთხრეს, "მილანს" არ დათანხმდეო, რადგან ამ კლუბმა 2012 წელს მისი ძმა ანტონიო გაყიდა. დონარუმას ძალიან ეტკინა გული მასიმილიანო მირაბელის სიტყვებზე, როდესაც მირაბელიმ თქვა, რომ თუ ჯიჯო ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მას აღარ ათამაშებენ. ეს შანტაჟსაც ჰგავს.

- თითქოს, იგრძნობა კიდეც, რომ მადრიდის "რეალთან" უკვე მიღწეულია შეთანხმება…

- ეს აბსოლუტური სიცრუეა. ხოლო ის, რომ "სამეფო კლუბის" დაინტერესება არის, არც გახლავთ გასაკვირი. ჯიჯო შესანიშნავი მეკარეა, ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა. მისდამი ინტერესს უამრავი გუნდი გამოხატავს, როგორც ეს დაახლოებით 2 წლის წინათ ხდებოდა, მაგრამ მაშინ მან "მილანში" დარჩენა არჩია.

- როგორც ამბობთ, ადრიანო გალიანისთან მშვენიერი ურთიერთობა გქონდათ და გუნდიდან მისი წასვლა არ მოგეწონათ. რატომ არ გააფორმეთ ახალი კონტრაქტი კლუბთან, სანამ გალიანი ჯერ კიდევ "როსონერიში" იყო?

- იმიტომ, რომ "მილანის" გაყიდვას დაახლოებით ორი წელი ცდილობდნენ. სამი ძირითადი კანდიდატი იყო და არ ვიცოდით, რა მოხდებოდა, რა ელოდა "როსონერის". გალიანიმ სცადა ამ თემაზე დალაპარაკება, მაგრამ მე უარით გავისტუმრე და იგი ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდა. უნდა დამეცადა, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. ჩემი მიზანი ფეხბურთელის, მისი ინტერესების დაცვა გახლდათ.

- ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ და გალიანის ამ საკითხზე ერთნაირი მოსაზრება გაქვთ...

- ფეხბურთს მიღმა ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, თუმცა ბიზნესი სხვაა და საქმეში ხშირად გვქონია შეკამათება და უთანხმოება. ჯიჯოს ამბავზეც დამირეკა და სიტუაციის დალაგება სცადა, მაგრამ მე უარით გავისტუმრე და მან გაიგო ჩემი.

- "მილანის" ამჟამდინდელ მმართველებს თუ ენდობით?

- არა, მე მათ არ ვენდონი, ისინი კი მე არ მენდობიან. ბუნდოვანია, ვინ ფლობს კლუბს – მისტერ ელიოტი? თუ მისტერ ლი? სამაგიეროდ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მარკო ფასონესთან, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ. ვიცი, რომ შემიძლია მას დავეყრდნო და ისიც მიცნობს და მენდობა. სხვას ვერაფერს გეტყვით.

- რა მოხდა ბოლო კვირებში? რა და რატომ აირია?

- სეზონის დამთავრებამდე კიდევ 4 მატჩი რჩებოდა, მირაბელი კი უკვე ახალი კონტრაქტის გაფორმებასა და ამაზე ჯიჯოს დაყოლიებას ცდილობდა. ისეთი შემთხვევაც კი იყო, რომ შეწუხებულმა დონარუმამ "მილანელოზე" მისთვის თავის არიდება სცადა, რადგან უხერხული შეხვედრა აღარ შემდგარიყო. ასეთი დევნა დიდ კლუბებში აღარ ხდება და დიდი ხანია, არსად აღარ ხდება. მსგავსი რამ რამდენიმე წლის წინათ, იტალიის სამხრეთში პატარა გუნდებში თუ ხდებოდა.

- მირაბელი არ მოგწონთ?

- მასზე პიროვნულად არ ვსაუბრობ, მაგრამ საქმეს რაც შეეხება, მისი მეთოდები მიუღებელია. მაგალითად, თუ შენიშნეთ, ანდრეა კონტი თამაშისა და ვარჯიშის შეწყვეტით დაიმუქრა, თუ "ატალანტა" მას "მილანში" არ გაუშვებდა. ჯიჯოს მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია და არც უფიქრია. არც ფინანსური მოთხოვნები ჰქონია, მაგრამ ასეთ დროს, როდესაც ასეთი ტალანტი გუნდში გყავს, რატომ სთავაზობ ორმაგ და სამმაგ ხელფასს პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ალვარო მორატასა და სხვებს? ეს არცთუ სასიამოვნო და სამართლიანია.

- მაგრამ ჯიჯო მხოლოდ 18 წლისაა და ახლახან გამოჩნდა…

- მერე რა? "რეალმა" 16 წლის ვინისიუს ჟუნიორი 45 მილიონ ევროდ შეიძინა და იცით, რამხელა ხელფასი აქვს მას უკვე? ასაკი გადამწყვეტი არ არის, როდესაც საქმე ხარისხს ეხება.

- "იუვენტუსიც" დაინტერესებულია?

- ამის თაობაზე ფეხბურთელთან არ მილაპარაკია და საერთოდ, კარი არავისთვის გამიღია. არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ჯუზეპე მაროტა ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს ეძებს, მაგრამ "მილანისადმი" პატივისცემის გამო ჯიჯო "იუვეს" ვარიანტს არ განიხილავს.

- თქვენი აზრით, რა ღირს დონარუმა?

- ჩემთვის ის შეუფასებელია და მე ფასს ნამდვილად ვერ დავადებ. თანხა "მილანმა" უნდა დაასახელოს. ერთი, რაც ვიცი, ის გახლავთ, რომ ის ერთადერთი მეკარეა, რომელსაც შეუძლია "ოქროს ბურთი" რამდენჯერმე მოიგოს. მას ძალუძს, ჯანლუიჯი ბუფონზე უკეთესიც კი გახდეს. უფრო ძლიერი მეკარე 20-30 წელიწადში თუ დაიბადება.

- მართალია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მხოლოდ 10-მილიონიანი გამოსასყიდი თანხის დაწესებას ითხოვდით?

- რეალურად მოლაპარაკება არ დაგვიწყია და საწყის ეტაპამდეც არ მივსულვართ. მათ ჩვენი პროვოცირება სცადეს 200-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტით. ჩვენ კი 10 მილიონი შევთავაზეთ, ოღონდ თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდოდა, გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 5 მილიონი უნდა გამხდარიყო.

- თუ დონარუმა უცხოეთში წავა, იქნება თუ არა ეს იტალიური ფეხბურთისთვის დიდი დარტყმა?

- რატომ? მარკო ვერატის სერია A-ში არასდროს უთამაშია და ახლა "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. კრიშტიანო რონალდომ სამშობლო ძალიან ახალგაზრდა ასაკში დატოვა, მაგრამ ნახეთ, რამხელა სარგებელი მოაქვს თავისი ქვეყნისთვის. "მილანზე" საუბრისას ფრანკ რაიკარდი, რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენიც ვახსენოთ….

- თუ თქვენს კლიენტს უცხოური გუნდი ყიდულობს, უფრო მეტს გამოიმუშავებთ?

- დამიჯერეთ, ფეხბურთელებთან მსგავს კონტრაქტებს არ ვაფორმებ. თუმცა ბუნებრივია, რომ რაც უფრო მასშტაბურია ტრანსფერი და ფეხბურთელის შემოსავალი, მით უფრო დიდია ჩემი ჰონორარიც. ციფრებზე კი არასდროს ვლაპარაკობ, ეს არ მიყვარს.

- ამბობენ, რომ მხოლოდ პოლ პოგბას ტრანსფერისას პირადად თქვენი არჩივი 27 მილიონი ევრო იყო...

- თანხა შესაძლოა, არასწორია, მაგრამ ყველა კმაყოფილი დარჩა. "იუვემ" შესანიშნავი ტრანსფერი გაჩარხა. 2015 წელს მაროტამ კიდევ ერთი წლით დარჩენა გვთხოვა და ჩვენც სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, დავთანხმდით და დავრჩით. საბოლოოდ კი ყველა მხარემ იხეირა, ყველა ბედნიერი დარჩა.

- ფეხბურთელები იქ გადაგყავთ, საიდანაც ყველაზე მომგებიანი ფინანსური წინადადება მოდის?

- ფეხბურთელებს იქ გადასვლაში ვეხმარები, სადაც მათთვის ყველაზე უკეთესია და მომგებიანიც. მაგალითად, მოიზე კინი მალე "იუვესთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ესეც სერიოზული მოლაპარაკების შედეგია, ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იყო. "რომას" ლორენცო პელეგრინიც ბევრს უნდა, მაგრამ ის დარჩება. 25 წლის განმავლობაში იტალიაშიც ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გადმოვიყვანე, არადა, მხოლოდ სხვაგან გაყიდულ მოთამაშეებს ახსენებენ. გავიხსენოთ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაგალითი, როდესაც "ბარსელონას" ვებრძოლე, რომ იგი "მილანში" გადასულიყო. ბევრ გუნდთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ვინმესთან თუ გაგიფუჭდათ ურთიერთობა? მაგალითად, ახლა "მილანთან"?

- მე "როსონერისთვის" ომი არ გამომიცხადებია. ეს უბრალო საქმიანი პროცესია. პირიქით, "მილანმა" ბლეზ მატუიდის ტრანსფერის მოგვარება მთხოვა, ფეხბურთელის, რომლითაც "იუვე" და "ინტერიც" დაინტერესებულნი არიან და ვნახოთ, რა გამოვა...

დოსიე

კარმინე "მინო" რაიოლა

დაიბადა: 1967 წ. ნოჩერაში (იტალია)

მოქალაქეობა: ჰოლანდია

ცნობილი კლიენტები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი, მაქსველი, პაველ ნედვედი, ჰენრიხ მხითარიანი, პოლ პოგბა, ბლეზ მატუიდი, რომელუ ლუკაკუ, ჯანლუიჯი დონარუმა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vato
იცოდიღ რომ ეს რაიოლა რეზო არველაძის ბიჭის ვატოს აგენტიც არის? )))))
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
მინო რაიოლას გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
დონარუმა "პსჟ"-ში? პარიზული გრანდი "როსონერის" მეკარით დაინტერესდა
ჰოლანი "ბარსელონაში" - ნუთუ ეს შესაძლებელია?
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლუის ენრიკემ დონარუმას კრიტიკოსებს მკვლელები უწოდა - კომენტარი ნასრიმ გააკეთა
"თუ ამ მიზეზის გამო გაუშვეს, გვარდიოლა როგორ წაიყვანდა?" - "ნაპოლის" ყოფილმა მცველმა დონარუმაზე ისაუბრა
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რაიოლა: "მომკლეს", მაგრამ მკვდრეთით აღვდექი
ლაპორტამ რაიოლას ჰოლანის ტრანსფერზე საკომისიოს დაკლება სთხოვა
[VIDEO] დონარუმას ფანტასტიკური მოგერიებები და ჰოლანის დუბლი - "მანჩესტერული დერბი" "სიტის" გამარჯვებით დასრულდა
რაიოლა ჰოლანისთვის ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს!
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა