დღეს, 29 ივლისს, ვლადიმერ ბარქაიას 80 წელი შეუსრულდა

დღეს, 29 ივლისს, ვლადიმერ ბარქაიას 80 წელი შეუსრულდა.

ლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავასა და გიორგი სიჭინავას, თბილისის "დინამოს" მესამე თაობის ამ დიდებულ სამეულს, 2011 წელს განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდ "ხობის" თხოვნით ჟურნალისტი დავით ქლიბაძე ესაუბრა. ფოტოდოკუმენტებით გამდიდრებული ბროშურა, "სამი ვარსკვლავი", ხობის ტრადიციული დღესასწაულის დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად დაურიგდა.

დღეს კი, ვლადიმერ ბარქაიას დაბადებიდან 80 წლის თავზე, ვბეჭდავთ ზემოთ ხსენებული საუბრის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს.

პირველი ნაბიჯები
- თუ შეიძლება, ჯერ ჩემი თაობის გულშემატკივრებზე გეტყვით! ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ერთად განვიცდიდით გამარჯვების სიხარულსა თუ გაწბილებას. სწორედ ასეთი ერთობის შედეგია 1964 წლის ჩემპიონობა. ახლაც, ბოლო წლების წარუმატებლობის მიუხედავად, ისინი ისევ ესწრებიან "დინამოს" მატჩებს, უყურებენ არცთუ საინტერესო ფეხბურთს და მომავლის იმედით ცოცხლობენ. დიდი მადლობა მათ!

დავიბადე გაგრაში, გვქონდა ზღვა და ფეხბურთი. ზღვის შემდეგ გაგრის სტადიონზე მივდიოდით და ერთად ვთამაშობდით ბიჭებიცა და გოგოებიც. 1945 წელს, ინგლისის ტურნეს შემდეგ, გაგრაში სავარჯიშოდ ჩამოვიდა მოსკოვის "დინამო" და იმ დღიდან დაიწყო ჩვენთვის ფეხბურთის გაკვეთილები. მახსოვს ლევ იაშინის გამოჩენაც.

თბილისის "დინამოს" სანახავად კი ლესელიძეში ჩავდიოდით. ჩემი კერპი ავთანდილ ღოღობერიძე იყო, ქართული ფეხბურთის ნამდვილი ისტორია. მე და ჩემს თანატოლებს, გაგრელ ბიჭებს, ერთი სული გვქონდა, როდის შევცვივდებოდით მოედანზე, დაღამებამდე რომ გვეთამაშა. მანამდე კი, ჩამოსული გუნდების ვარჯიშებისა თუ საწვრთნელი მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების ფორმა ავტობუსამდე მიგვქონდა ხოლმე და დიდ მოთამაშეებთან ასეთი ურთიერთობით ძალიან ვამაყობდით.

თბილისის დინამოსკენ
- თბილისის "დინამოს" ვარჯიშისა და საწვრთნელი მატჩების სანახავად ლესელიძეში ჩასულებს ძალიან მოგვწონდა ბორის პაიჭაძე, ვლადიმერ ელოშვილი... ბასაზე უკვე გითხარით... ვლადიმერ მარღანია და, რასაკვირველია, ავთანდილ ჭკუასელი, მოხდენილი გარეგნობის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც უძლიერესი დარტყმა და რაღაც თავისებური, განსხვავებული მოძრაობა ჰქონდა. ასე გადიოდა ბავშვობის დღეები, წლები...

უნდა გითხრათ, რომ ის ღია, უფასო გაკვეთილები, ახლანდელი გამოთქმით - ნამდვილი "მასტერკლასები" და აფხაზეთის კლიმატი, როცა პრაქტიკულად წელიწადის თორმეტივე თვეს თამაშობ ფეხბურთს, მიმაჩნია ორ გადამწყვეტ ფაქტორად. რასაკვირველია, ბუნებრივი ნიჭითაც იყვნენ დაჯილდოებული ღოღობერიძე, სიმონიანი, ძიაპშიპა, ვარდიმიადი, ბონდარენკო, გრამატიკოპულო, მარღანია, ოვივიანი, გიორგი სიჭინავა, გეტმანოვი, დარასელია... კიდევ ბევრი სხვა და ბოდიშს ვიხდი, თუ რომელიმე გამომრჩა... ჰო, მართლა! ოჩამჩირელი იური კურტანიძე - მეტად ტექნიკური ფეხბურთელი, ანატოლი ნორაკიძე - კარგი სტრატეგი მოედანზე და კიდევ უკეთესი მწვრთნელი...

1956 წელს ჩამოვედი თბილისში ნიჭიერი, პერსპექტიული ფეხბურთელების ტრადიციულ ტურნირზე. ორი თამაშის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" ამხანაგურ მატჩში დამაყენეს. ის შემადგენლობა ახლაც მახსოვს: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ალიოშა კოტრიკაძე, ზაზროევი, ჭკუასელი, კარლო გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე და მე. ერთ ეპიზოდში ზაზროევთან გავითამაშე მოკლე კომბინაცია და გოლი გავიტანე. ტრიბუნებზე ალაპარაკდნენ თურმე, ვინაა ეს ბიჭიო? ჩემი გვარი გაგონილიც არ ჰქონდათ. 1957 წლის 1 იანვარს კი ოფიციალურად გავხდი დინამოელი.

ის დინამო...
- მე, როგორც ფეხბურთელი, თბილისის "დინამოში" დავიბადე და "დინამოშივე" გარდავიცვალე, რადგან სხვა გუნდში არც მითამაშია და არც ამის სურვილი მქონია. თუმცა ჯერ კიდევ გაგრიდან კიევის "დინამოში" მეპატიჟებოდა ცნობილი მწვრთნელი ოლეგ ოშენკოვი, ერევნის "სპარტაკში" კი - აბრამ დანგულოვი, ძმებ სტაროსტინებსაც ვუნდოდი მოსკოვის "სპარტაკში". ნიკიტა სიმონიანი მაშინ ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ისიც მაგულიანებდა. მე კი სხვა გუნდის გაგონებაც არ მინდოდა.

"დინამოს" მეორე თაობა ნელ-ნელა მიდიოდა. ღმერთის საჩუქარია, ავთანდილ ღოღობერიძემ ამდენ ხანს რომ ითამაშა და აი, ასეთი ფეხბურთელის გვერდით ვითამაშე მეც მთელი ოთხი სეზონი.

ანდრო ჟორდანია არაჩვეულებრივი სელექციონერი იყო და მაშინ მოჰყავდათ "დინამოში", როცა გუნდის განახლება იყო საჭირო. განათლებული, დემოკრატიული სულისკვეთების სპეციალისტი, არ გვზღუდავდა - ისე ითამაშეთ, როგორც გიყვართ და შეგიძლიათო.

მიხეილ იაკუშინი კი საუცხოო ტაქტიკოსი იყო, ყველაფერი იცოდა. ერევანში გოლი გავიტანე, მატჩის შემდეგ დამიძახა და ისე გამირჩია ის ეპიზოდი, თითქოს მოედანზე ჩემს ადგილზე იდგა.

გავრილ კაჩალინი კი მამასავით გვეპყრობოდა. უყვარდა ბრაზილიური და ქართული ფეხბურთი და იმპროვიზაციის თაყვანისმცემელი იყო. ბედნიერები ვიყავით, ასეთი მწვრთნელები რომ გვყავდა, მაგრამ... მათ გაუგებარი მიზეზებით ათავისუფლებდნენ. ასეთი გაუთავებელი და გაუმართლებელი მონაცვლეობის მაგივრად, ერთ ან ორ მწვრთნელს რომ ემუშავა, "დინამო" ერთხელ კი არა, იმ პერიოდში ორ-სამჯერ გახდებოდა ჩემპიონი. რატომ გაუშვეს იაკუშინი 1964 წლის სტარტზე ექვს მატჩში მოპოვებული 5 გამარჯვებისა და ერთი ფრეს მიუხედავად?! მიშა მესხი ყველას ეკითხებოდა, რას ერჩით იაკუშინსო?! პასუხი კი ვერ მივიღეთ.

1960 წელს თასის ფინალი მოსკოვში ვითამაშეთ, "ტორპედოსთან". არაჩვეულებრივი მატჩი იყო - ტექნიკური, კორექტული, დრამატული... დამატებითი დროის ბოლო წამებზე გავუშვით გოლი და 3:4 წავაგეთ. თუმცა ყველა აღიარებდა, რომ კიეველი არბიტრის ცაპოვეცკის აშკარად მიკერძოებულმა მსაჯობამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. სხვათა შორის, სახელგანთქმულმა ვსევოლოდ ბობროვმაც გააკრიტიკა ცენტრალურ პრესაში ცაპოვეცკი.

ჩვენი უმთავრესი და ერთადერთი მეტოქე 1964 წლის სეზონში იყო მოსკოვის "ტორპედო" - უძლიერესი, მეტად ლამაზი და საინტერესო გუნდი იყო. მე რომ მკითხოთ, ვალენტინ ივანოვის კლასის ფეხბურთელი რუსებს არც ჰყოლიათ. ვალერი ვორონინი? - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ნამდვილი ვარსკვლავი.

ტაშკენტში, 18 ნოემბერს, სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თამაშის ხარისხით ამ მატჩს 1960 წლის ფინალი სჯობდა. დიდი გუნდი იყო 1964 წლის "დინამო"! სამწუხაროდ, არ გაგვიშვეს ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ.

ნაკრებში
- როცა 1965 წელს ნაკრებში დამიძახეს, დანიის გუნდი არ ითვლებოდა მაშინ ევროპული ფეხბურთის გრანდად. 27 ივნისს ნაკრების კარში კავაზაშვილი იდგა. ალბათ, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ სლავამ და მიშამ გაიტანეს გოლები, მეც ორი გოლის გატანა შევძელი და 6:0 მოვიგეთ. რასაკვირველია, გახარებული ვიყავით, მაგრამ მალე ყველაფერი დაგვავიწყდა - ერთ კვირაში ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრა გველოდა.

წინა საღამოს მოროზოვმა ყველა ერთად შეგვკრიბა და გვეუბნება: ფეხბურთი სპორტის ერთადერთი სახეობაა, სადაც საბჭოთა სპორტსმენები პროფესიონალებს ხვდებიან. ხვალ რომ მოვიგოთ, მოულოდნელი შედეგი, სენსაცია იქნება, მაგრამ იქ, ზევით, სადაც ფეხბურთი და ბრაზილიელთა ძალა არ იციან, გაისად ინგლისში ჩემპიონობას მოგვთხოვენ. ამიტომ, გთხოვთ - დაუძაბავად, თავისუფლად ითამაშეთ და შედეგზე ნუ იფიქრებთო.

პელეს პერსონალურად ჟორა სიჭინავა ეთამაშებოდა, დაზღვევაზე ვორონინი იყო, ხოლო მის უკან რიაბოვი იდგა და ვალენტინ ივანოვი იცინოდა - კი, მაგრამ, პელეს გარდა, ბრაზილიის გუნდში სხვა აღარავინ თამაშობსო?! პელემ კი მართლაც ყველა გააოცა. კავაზაშვილი უდიდესი მეკარე იყო, მაგრამ პელეს დარტყმა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

რა შეიცვლებოდა...
- ბედნიერი კაცი ვარ, გაგრაში რომ დავიბადე, ამ მშვენიერ, ულამაზეს ქალაქში, სადაც ჩემს ბავშვობაში არც ვიცოდით, არც გვაინტერესებდა, ვინ იყო აფხაზი, ვინ - ქართველი, ბერძენი, რუსი თუ სომეხი... ვიზრდებოდით მშვენიერ ჰანგებზე, გამოჩენილი მუსიკოსები ჩამოდიოდნენ, მათ ვუსმენდით და ჩვენი გემოვნებაც იხვეწებოდა, გაგრა ხომ ყველასთვის ღია, ზღაპრული ქალაქი იყო. ვერც ვიფიქრებდი, პოლიტიკოსებს ასე თუ შეეძლოთ წყლის ამღვრევა... და მაინც, ბედს არ ვემდური! რაც გავაკეთე, ეს არის. მეტი, ალბათ, არ შემეძლო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითი
ვლადიმერ ბარქაია,მურთაზ ხურცილავა,გიორგი სიჭინავა............ილო დათუნაშვილი დაავიწყდათ მაშინ ხობელებს,ეს ოთხეული იყო ცოცხალი მაშინ ლეგენდარული 1964 ის გუნდიდან და უფლის წყალობით დღესაც ჯანზე არიან. დათუნაშვილი რამ დაგავიწყათ ხობელებო????
რეზი
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და უდიდესი პიროვნებაა!მეტად მოკრძალებული,სანდომიანი და განათლებული კაცი!ნეტა ბევრს ესმოდეს მისნაირად ფეხბურთი!დიდხანს სიცოცხლე ვუსურვებ ქართული ფეხბურთის ინტელექტს-სიომა ბარქაიას!
smt
ვაა, ჩემს დაბ. დღეზე?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა... რატომ არ ვაფასებთ ლეგენდარულ მწვრთნელს?
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
"ᓡᓐᓮᓔᓚᓛᓬᓘᓤᓝ ᓛᓔᓬᓕᓔᓚᓘ ᓫᓠᓝᓮᓐ ᓮᓝᓛ ᓐᓠ ᓒᓒᓝᓜᓘᓐᓗ? ᓗᓣ ᓗᓥᓕᓔᓜᓡ ᓮᓔᓚᓨᓘ ᓐᓠ ᓛᓔᓪᓝᓓᓔᓑᓝᓓᓔᓡ"...
"ოქროს ბიჭები" ტაშკენტშიც დააფასეს
თბილისის "დინამოს" "ოქროს ბიჭების" იუბილეს ტაშკენტშიც აღნიშნავენ
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა