"ძალიან ცოტა ადამიანს აქვს შანსი, ითამაშოს ამ ნაკრებში, ამ ქვეყნის სახელით. ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით"
ჩეხეთთან მატჩის დასრულებისთანავე ტრიბუნებიდან მოედნისკენ დავიძარი. კალათის ზემოთ ერთმა შუახნის კაცმა შემაჩერა - ძალიან მაგარი ნაკრები გვყავსო. ეს ამერიკელიც რა კარგი შეურჩევიათ, ნახე - გულშემატკივრებთან როგორ საუბრობს, ფოტოებს იღებს, გულიანი ტიპი ყოფილა ეს ვიქსონა. კი შევუსწორე - დიქსონი-მეთქი, მაგრამ, კაცი ერთხელ რომ დაიმახსოვრებს, რთულია გადაათქმევინო. ვიქსონაო, გაიძახოდა.

ტრიბუნიდან მოედანზე რომ ჩავედი, მაიკლ დიქსონი მეგობარ ჟურნალისტს ესაუბრებოდა, რომ დამინახა, ხელი გამომიწოდა და მითხრა - ხედავ, რა სწრაფად გავიდა ეს წელი?! გგონია, შესარჩევი ახლახან დასრულდა და უკვე ევრობასკეტი იწყებაო.

მაიკლს თავისი დანაპირები შევახსენე. შარშან, ოფიციალურ მატჩებამდე სასტუმროში ვესაუბრე და მითხრა, მომავალ წელს ევრობასკეტზე შევხვდებითო.

- ხომ შევასრულე?! ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, ევროპის ჩემპიონატზე სამართლიანად მოვხვდით. ევრობასკეტზეც კარგად გამოვალთ, - მაიკლ დიქსონმა ეს უკვე გუშინ მითხრა, იმავე სასტუმროში.

ინტერვიუ კი მისი სადაურობით დავიწყეთ.

საქართველო

- აშშ-დან ვარ, კანზას სიტიდან. ორი წელია ქართველიც გავხდი. უზარმაზარი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს შანსი, ითამაშოს ამ ნაკრებში, ამ ქვეყნის სახელით. წლეულს ევროპის ჩემპიონატზე დავიცავთ საქართველოს სახელს, რაც ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ დღეს აქ ვარ.

- საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე წელს რას ფიქრობ, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო?

- თავიდანაც ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი და ახლაც. მჭირდებოდა ევროპული პასპორტი, რათა ევროპულ გუნდებში ამერიკელთა ლიმიტში არ მოვხვედრილიყავი. პარალელურად საქართველოს კალათბურთის ფედერაციას სჭირდებოდა ამერიკელი უკანახაზელი ნაკრებისთვის. ჩვენი სურვილები დაემთხვა და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. მოხარული ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

- შარშან, ამერიკაში დაბრუნების შემდეგ როგორ გააცანი საქართველო ახლობლებსა და მეგობრებს?

- პირველ რიგში, ადგილმდებარეობას ვუხსნიდი - პატარა ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, ძალიან ლამაზი ბუნება, ბევრი სანახაობაა. ამინდიც თბილია და ხალხიც. კერძებიც ძალიან მომწონს, გემრიელია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში ვიყავით, შუშაბანდიდან თბილისის ხედი გადაიშალა. მშვენიერი იყო. განსხვავებული ქვეყანაა, გაზეთებიდან და ბილბორდებიდან ვხედავ, რომ სრულიად სხვანაირი დამწერლობა გაქვთ, არც ერთი ქვეყნისას არ ჰგავს. ეს უნდა დააფასო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ. საქართველო ჩემი მეორე სახლია.

მოსამზადებელი

- რამდენად მზად ხარ ევრობასკეტისთვის?

- თითქმის ერთი თვეა შევიკრიბეთ, ბევრს ვშრომობთ. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მწვრთნელები ძალიან მომთხოვნები არიან. ეს მოსალოდნელიც იყო, ჩვენ ხომ პროფესიონალი კალათბურთელები ვართ და უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ. შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, ჩემი აზრით, თითოეული კალათბურთელი ნელ-ნელა შედის ფორმაში, პოულობს რიტმს.

ევრობასკეტამდე სამი საკონტროლო მატჩი დაგვრჩა, საბერძნეთში მასპინძლებს, იტალიელებსა და სერბებს ვეთამაშებით. მნიშვნელობა არა აქვს, მოვიგებთ, თუ წავაგებთ, მთავარია, დავინახოთ, რომ წინ მივიწევთ. ჩვენ ხომ 31 აგვისტოსთვის უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში. თელ-ავივში ყველას უნდა დავანახოთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს.

- ლიტვაში სერიოზული ტურნირი მოიგეთ. როგორ მოახერხეთ ეს?

- პირველი მატჩი ლატვიასთან ჩავატარეთ. კრისტაპს პორზინგისი არ თამაშობდა. ვერ ვიტყვი, რომ შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით. თამაში დაცვამ მოგვაგებინა. რაც შეეხება ლიტვასთან ფინალურ შეხვედრას, მასპინძლებმა წინა დღისით, ნახევარფინალში პოლონეთთან მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით მოიგეს. ვიცოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა და დასაწყისიდან ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვყოფილიყავით. ჩემმა თანაგუნდელებმა მაღალი დონის კალათბურთი უჩვენეს და გამარჯვებაც ლოგიკური იყო.

დავფიქრდი იმაზეც, რომ შესაძლოა ლიტველებს არ სურდათ ბოლომდე გაემჟღავნებინათ საკუთარი სტრატეგია, მათ ხომ ევროპის ჩემპიონატზეც ვხვდებით. სხვათა შორის, ბევრი რამ არც ჩვენ გაგვიმჟღავნებია. ამასთან, ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი. ჩვენ არ გვყავდა ზაზა ფაჩულია, მათ - იონას ვალანჩუნასი. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ და შესაძლოა, სულ სხვა ტიპის შეხვედრა ვიხილოთ.

- ლატვიასთან მატჩში ბევრი შეცდომა გვქონდა, რასაც ვერ ვიტყვით ლიტვასთან შეხვედრაზე.

- საქართველოს ნაკრები შეცდომებს მატჩიდან მატჩამდე ასწორებს, ფორმაშიც ნელ-ნელა შედის, გუნდურადაც უმჯობესდება.

ევრობასკეტი

- ევრობასკეტის მეტოქეების შესახებ რა იცი? თითოეულზე რამდენიმე სიტყვით გვითხარი...

- ლიტვას კარგად ვიცნობთ. ამხანაგურადაც ვეთამაშეთ და საქართველოს ნაკრები 2015 წელს ევრობასკეტის მერვედფინალშიც დაუპირისპირდა. ლიტველებს ბევრი იარაღი აქვთ. კარგი მსროლელები ჰყავთ, კარგი გამთამაშებელი, ფარქვეშაც ძლიერები არიან. რთული იქნება მათი დამარცხება.

ისრაელის ნაკრებს კარგად არ ვიცნობ, თუმცა ვიცი კალათბურთელები, კარგი მსროლელები არიან და მაღალ ტემპში თამაშობენ.

არ ვიცი, გერმანიის ნაკრებში ითამაშებენ თუ არა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლები, თუმცა ფაქტია, რომ გერმანიაში კალათბურთი მაღალ დონეზეა. სოლიდური გუნდი იქნება.

იტალიას NBA-ში გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. გამოცდილება კი ასეთ დონეზე ბევრს ნიშნავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ეტორე მესინა წვრთნის. რთული იქნება მათთან თამაში.

უკრაინას შარშან ამხანაგურად ვეთამაშეთ. გავიმარჯვეთ, თუმცა წარმატებისთვის იოლად არ მიგვიღწევია. კარგი უკანახაზელები და მეფარეები ჰყავს. ესეც ხუთი მეტოქე, ჯგუფის მეექვსე წარმომადგენელი საქართველოა.

- შეადარე შარშანდელი და წლევანდელი საქართველოს ნაკრები.

- განსხვავება დიდია. არა თამაშის ხარისხში, არამედ სტრატეგიაში. წლეულს არ გვეყოლება ვიქტორ სანიკიძე, კარგი დამცველი, მომხსნელი, ჩამგდები. ის იყო მიზეზი, რატომაც ვთამაშობდით მაღალ ტემპში იოლად. წლეულს მანუჩარ მარკოიშვილი გვყავს, რომელიც ევროპაში თავისი ტყორცნითაა ცნობილი, მაღალი კლასის, მრავალმხრივი მოთამაშეა და ვფიქრობ, ტაქტიკის ცვლილება თამაშის ხარისხზე არ იმოქმედებს.

შარშანდელი სეზონის შემდეგ ხომ თითოეული კალათბურთელი გაუმჯობესდა ინდივიდუალურად. ბევრს გვქონდა კარგი საკლუბო სეზონი.

- საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის მონაწილე ხარ. როგორ გაიხსენებ შარშან, მონტენეგროში გამარჯვებას?

- თამაში საოცარი სცენარით წარიმართა. ქრონოლოგია ცალკე, საინტერესო ისტორია იყო. საწყისი ოთხი ტყორცნა გამიცუდდა, ძალიან გავბრაზდი. იმ მატჩის წაგება არ შეიძლებოდა, სამი და მეტი ქულის სხვაობით უნდა მოგვეგო. ოთხ არაზუსტ ტყორცნას შედეგიანი სერია მოჰყვა, სროლაც წამივიდა და გადამწყვეტ მომენტში, როდესაც მეტოქემ ხუთი ქულით გაგვასწრო, მწვრთნელმა დახაზა კომბინაცია, რომლის მიხედვითაც სამქულიანი უნდა მესროლა. ზაზა ფაჩულიამ ბლოკი დამიყენა და ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩავიფიქრეთ.

მასპინძლები ძალიან გაწბილებულები იყვნენ, ჩვენ - ძალიან ბედნიერები. გიჟური, ემოციური გამარჯვება იყო. მანამდე ბევრი ვიშრომეთ და ნამდვილად ვიმსახურებდით ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით გასვლას.

კლუბები

- გასული სეზონი ბერძნულ აეკ-ში გაატარე. წარმატებული წელი იყო?

- უკეთესადაც შემიძლია თამაში, მაგრამ, რაც მთავარია, გუნდში ჩემი ადგილი მქონდა და საკმარისადაც დავეხმარე. დიდი გამოცდილება შევიძინე. ჩემი კარიერისთვის სასარგებლო იყო საბერძნეთის ჩემპიონატში თამაში. იქ განსხვავებული კალათბურთია, მანამდე ასეთი არ შემხვედრია.

- გუნდისთვის როგორი სეზონი გამოვიდა?

- მიზნად რაც დავისახეთ, შევასრულეთ. სეზონის დასაწყისში რომელ ადგილსაც ვგეგმავდით, იმ პოზიციაზე გავედით. საბერძნეთში წარმოუდგენელია ჩემპიონობა თუ "პანათინაიკოსში" ან "ოლიმპიაკოსში" არ თამაშობ. მიუწვდომელი გუნდებია. თუმცა არც სხვა გუნდები არიან სუსტები. კონკურენტული, საინტერესო ლიგაა.

- შემდეგი გაჩერება საფრანგეთია...

- დიდი ხანი არ არის, რაც კონტრაქტი გავაფორმე "სტრასბურთან". მდიდარი ტრადიციების გუნდია. შარშან, შარშანწინ ევროლიგაზე თამაშობდა, წლეულს ჩემპიონთა თასზე გამოვა. მწვრთნელთან ვენსან კოლესთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ გუნდს ვჭირდები, როგორც გამთამაშებელი. ეს ძალიან მახარებს. ბოლო ორი სეზონი ვთამაშობდი ორ პოზიციაზე, მსროლელად და გამთამაშებლად. ახლა პლეიმეიქერი ვიქნები. მამაჩემიც "პოინტგარდი" იყო. პატარაობიდან სულ ამ პოზიციაზე ვთამაშობდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jm
სად ნახე მაგათგან 10 წუთი? 7ეულის გარდა მაქსიმუმ 2 წუთი ლონდარიძე(ლიტვაში ქონდა მეტი), ბითაძე ჩეხეთთან მაგი დროც არ ქონიათ, ბოისა და ბერიშვილი 14 წამი, ლეჯავა ნოლი. აი რატომ იწვევენ ამაზე რა გითხრა არ ვიცი?
bajo
სკამზე მჯდომი ზოგიერტი კალატბურტელი 10 ცუტსჰი ნოლ ქულას რო აგროვებს რატო არი გამოზახებული ვინ მიოასუხებს.
ქართველი ფანი
მიდი დიქსონ ჩვენ ქართველებს შენი და მთელი საქართველოს ნაკრების იმედი გვაქვს წარმატებას გისურვებთ ევრო ბასკეტზე
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს