უნგრელთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანტალ კოვაჩმა ივერი ჯიქურაულთან და რამაზ ჩოჩიშვილთან მოკითხვა დაგვაბარა
ბუდაპეშტში ჩამოსვლისთანავე ჟურნალისტებისთვის საზეიმო მიღებაზე მიგვიწვიეს. მიღება უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა, რომელიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, აქაც არქიტექტურულად გამორჩეულ შენობაშია განთავსებული, მსოფლიოში უდიდესი პარლამენტის სიახლოვეს.

სიამოვნებით ვათვალიერებდით სადა, მაგრამ უაღრესად დახვეწილი დონის შიდა მხატვრობას, სხვადასხვა დარბაზში გამოფენილ ანტიკვარულ ავეჯ-ნივთებს. ამ სილამაზეს ღამის ბუდაპეშტის ხედები აგვირგვინებდა: ლამპიონების შუქზე მოლაპლაპე დუნაი შიგ მოცურავე იახტებითა და თავისი განთქმული ხიდით, გაღმა ნაპირიდან, ბუდას მხარიდან კი ამ ყველაფერს მდუმარედ დაჰყურებდა მეფეთა სასახლე და ბევრნაირი ეკლესია-მონასტერი...

მასპინძლებს მართლაც დიდი ბანკეტი გაეშალათ. ამ ჩემპიონატზე უჩვეულოდ ბევრი ჟურნალისტია აკრედიტებული - მხოლოდ მწერალი ჟურნალისტი 60-70 კაცამდე იქნება, მათ "ლასლო პაპში" უზარმაზარი სექტორი ეთმობათ, ტელეჟურნალისტები კი სხვაა. თავად ღონისძიება - არაფრით გამორჩეული არ იყო, მაგრამ მას უნგრელთა ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ანტალ კოვაჩიც ესწრებოდა.

ჩემს დროს ძიუდო არ იყო ასე პოპულარული და არც ასე ორგანიზებულად ტარდებოდა შეჯიბრებები, როგორც ახლაა მთელ მსოფლიოში. ამის შემხედვარე, იქნებ, მეც დავბრუნდე სპორტშიო, გაიხუმრა თავის სიტყვაში. დროს ამ კალიბრის ვარსკლავთანაც გაუბედავს შებრძოლება და მისი სიკაშკაშე ცოტა გაუხუნებია კიდეც. ამ ხმელ-ხმელ კაცში ვერავინ ამოიცნობს იმ ყმაწვილს, ცეცხლს რომ ანთებდა ტატამზე და აღარც თვალებში შერჩენია ნაპერწკლები.

კოვაჩი გასული და ახლანდელი საუკუნეების გასაყარზე ჭიდაობდა 100 კილოგრამში, ივერი ჯიქურაულის დროს და ამინდს ქმნიდა მსოფლიო ძიუდოში.

ვარსკლავები და ტალანტები არც იმ პერიოდის ძიუდოს აკლდა, მაგრამ 100 კილოგრამი მაშინაც გამორჩეული იყო მკვეთრად მოკაშკაშე კვარტეტის გამო: კოვაჩი, ვინც ოლიმპიურთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონიცაა, იაპონელთა ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კოსეი ინუე, დღეს კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ნიკოლას ჟილი და ებრაელთა ევროპის ოთხგზის ტრიუმფატორი, მსოფლიოს ფინალისტი და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი არიელ ზეევი. ამ ოთხეულს ერთმანეთში ნამდვილი სპორტული ომი ჰქონდა გაჩაღებული და მსოფლიოს ძიუდოს გამორჩეული შეხვედრებით ამდიდრებდა.

ქართველი სპორტული ჟურნალისტი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი და ჯიქურაული ვუხსენე, კოვაჩს თვალები გაუბრწყინდა და ხმამაღლა წამოიძახა - ოოო, ის ჩემი მეგობარიაო. მერე დაწვრილებით გამოგვკითხა მისი ამბები. შემდეგ კოვაჩი რამაზ ჩოჩიშვილის ამბებითაც დაინტერესდა, თუმცა მისი გვარის გამოთქმა გაუჭირდა. სამაგიეროდ, დაწვრილებით გაიხსენა მასთან შეხვედრები - ტატამზეც და მის გარეთაც.

მან ქართული ძიუდოს და განსაკუთრებით - ქალთა ძიუდოს ისეთი ცოდნა გამოავლინა, ძალიან გაგვაკვირვა: ჩემს დროს საერთოდ არ გყავდათ ქალი ძიუდოისტები, ახლა კი კარგი გოგოები გეზრდებათო.

დიდხანს ვისაუბრეთ, ჩოჩიშვილთან და ჯიქურაულთან მოკითხვა დაგვაბარა, ხოლო საუბრის ბოლოს გვითხრა, ყოველთვის მიყვარდა ქართველები, რადგან თქვენ... აქ კი დამტვრეული ინგლისურით მოსაუბრე კოვაჩმა არჩია, სიტყვების ნაცვლად სათქმელი ჟესტებით და მიმიკით გადმოეცა: გაშლილი ხელები სწორედ ისე მოხარა და მომუშტა, მოგების შემდეგ მყისვე, რომ იციან სპორტსმენებმა, რაც იმ მომენტში ასე შეიძლებოდა გაგვეგო: იმიტომ, რომ თქვენ გულიანი ხალხი ხართო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის