რა უსურვეს "ატლეტიკოს" ფანებმა რონალდოს და ვინ არის მათი მტკიცებით მაიმუნი
მაშ ასე, ესპანური პრიმერას მორიგი სეზონის დაწყებიდან 29 ტურია გასული, დარჩა მხოლოდ 9, 2011 წელს სულ 13 ტური ითამაშა 20-გუნდიანმა იბერიულმა ქარავანმა. რა შეცვალა და რა ვერ მორიგმა ტურმა, რომელიც ზედ სანაკრებო პაუზის წინ გაიმართა - ვერ შეიცვალა საჩემპიონო რბოლაში ძალთა თანაფარდობა, "ბარსა" "რეალს" ისევ 5 ქულით უსწრებს, სამაგიეროდ შეცვალა მესამეადგილოსანი - გაკეთდა ვალენსიური როქი, დაიმტვრა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი და ცხრილის ფსკერზე დაეშვა გუნდი, რომელმაც სეზონის დასაწყისში "კამპ ნოუზე" მთელი ევროპა გააოცა.

ტურის მშვენება უნდა ყოფილიყო მადრიდული დერბი და იყო კიდეც. ის, რაც ამ ათასწლეულში არ მომხდარა, არც ამჯერად მოხდა - "ატლეტიკომ" ვერაფერი გააწყო "სამეფო კლუბთან" და 1:2 წააგო. "ვისენტე კალდერონზე" 53 ათასმა ადამიანმა შემტევი ფეხბურთი იხილა ორივე გუნდის შესრულებით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითვას, რომ ბოლო წლებში ეს ერთ-ერთი საუკეთესო მადრიდული დერბი იყო. სტატისტიკას შევხედოთ, გუნდებმა 17-17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარისკენ, ჯამში 34-ჯერ, ანუ ყოველ 2,6 წუთში ერთხელ!

რა იყო დასამახსოვრებელი ამ მატჩში? ლასანა დიარას სუპერსოლორეიდი, სამი ხედირას არაორდინალური თამაში, სერხიო აგუეროს მონდომება, მესუთ იოზილის ბრწყინვალე თამაში, რომელსაც უკვე შევეჩვიეთ, ქარიმ ბენზემას მორიგი გოლი და... იკერ კასილიასის გმირობა. მსოფლიოს ჩემპიონმა გოლკიპერმა 4-5-ჯერ აშკარა გოლისგან იხსნა "რეალი". და, რა მოხდა ცუდი?

მოედანს ახლახან დაბრუნებული კრიშტიანო რონალდო ისევ ლაზარეთს მიუბრუნდა, ხოლო "ვისენტე კალდერონმა" მას და ბრაზილიელ მარსელოს ნამდვილი კოშმარი მოუწყო. ადგილობრივმა ტორსიდამ მაინცდამაინც ეს ორი ფეხბურთელი ამოიჩემა. ვიცით, რომ რონალდო შესანიშნავი "გამაღიზიანებელია", მაგრამ რა დააშავა საბრალო ბრაზილიელმა, რომელმაც კვლავ დიდებულად ითამაშა?

ლეო VS რონალდო, დუბლი 29...

როგორც იქნა - ორტურიანი შესვენების შემდეგ ეს დუელი შედგა - ორივემ ითამაშა, მაგრამ, რონალდო ისევ დაიმტვრა და ლეო მესის ბომბარდირთა დავაში წინ გაჭრის შანსი მიეცა, შესაძლოა, მოგებისაც. ამ ტურში კი ესპანური პრიმერას ორმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა თავი დიდად ვერ გამოიჩინა. და მაინც...

სანამ მესის და რონალდოს გოლები ვე(ღა)რ გააქვთ, მათ "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში "სათოფეზე" მიუახლოვდა "უდინეზეს" ფორვარდი ანტონიო დი ნატალე, იტალიელმა 25-ე გოლი გაიტანა.

მესიმ პირველი საგოლე მომენტი "ხეტაფესთან" მატჩში თავადვე შეიქმნა - ბურთი მკერდით ჩამოიღო და აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მაგრამ ხორდი კოდინა მიუხვდა ჩანაფიქრს. შემდეგ არგენტინელმა კოდინას მოტყუება ტექნიკური დარტყმით გადაწყვიტა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, კიდევ ერთ შემთხვევაში კი ბოლოს და ბოლოს აჯობა, მეკარეს, მაგრამ მისი დარტყმული მახვილი კუთხიდან ზედ კარის ხაზიდან გამოიტანეს მცველებმა. მესის ანგარიშზეა საგოლე პასი, რომელიც მან ბოიან კრკიჩს გადააწოდა. ჯამში, არგენტინელმა სოლიდურად ითამაშა და "ბარსას" წარმატებაში წვლილი შეიტანა, მაგრამ ზედიზედ მესამე ტური დატოვა მინდორი უგოლოდ.

კრიშტიანო რონალდო ტრავმამოშუშებული კი დაბრუნდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ბოლომდე ვერ იყო მწყობრში. 72-ე წუთზე შეცვალეს, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი 2-3 კვირით დააკლდება გუნდს.

მესი რონალდო

გოლი 0 0

დარტყმა 4 (2) 9 (2)

საგ. პასი 1 0

პასი 71 (58) 32 (25)

დაკარგვა 10 12

მოპოვება 1 3

მასზე დაჯარიმდნენ 1 4

გოლ.ცომ 7,0 5,0

აქვე ერთ ნიუანსზე ვთქვათ - მოგეხსენებათ, რონალდოს ერთი გოლი (სან სებასტიანში გატანილი, როცა საჯარიმო კედელში მდგომ პეპეს მოარტყა და ისე გავიდა) ჩამოაკლეს. ამიტომაც, ახლა მესის და რონალდოს 27-27 გოლი აქვთ, მაგრამ "მარკა" რონალდოს გრაფაში ჯიუტად 28 გოლს უწერს. არადა, "პიჩიჩის" პრიზს, ტრადიციულად, სწორედ ეს გაზეთი გადასცემს ფეხბურთელებს და წარმოიდგინეთ, რამხელა უსამართლობა შეიძლება მოხდეს, მესი და რონალდო თუ ფინიშამდე თანაბარი მაჩვენებლებით მივლენ...

ტურის სიმბოლური ნაკრები 4-3-3

Goal.com

მეკარე

ხავი ვარასი (სევილია) - გაგიკვირდებათ, ალბათ, სიმბოლურში არ არის იკერ კასილიასი, თუმცა "რეალის" გოლკიპერისთვის სპეციალური ადგილი შემოვინახეთ. ეს იმიტომ, რომ ხავი ვარასი(ც) მართლა ფანტასტიკური იყო, ძალზე დაძაბულ მატჩში "მესტალიაზე". "ვალენსიას" შემტევები სოლდადო, მატა, ჟონასი და ტინო კოსტა გაკვრივებით მხრებს იჩეჩავდნენ ვარასთან წაგებული მორიგი ორთაბრძოლის შემდეგ.

მცველები

დანი ალვეში (ბარსელონა) - გაიტანა ბრწყინვალე გოლი, იყო თავისი ფლანგის სრული ბატონ-პატრონი.

კარლოს მარჩენა (ვილიარეალი) - ბოლო დროს "ვილიარეალს" უჭირს სტუმრობა, მაგრამ არა ამჯერად - "სან მამესზე" გამოცდილი მარჩენა ფერნანდო ლორენტეს ჩრდილად იქცა და გოლიათი ფორვარდი ლანდად აქცია.

ჟულიენ ესკუდე (სევილია) - "მესტალიაზე" დიდი ჯაფა გადახდა ანდალუსიელთა დაცვას და მეკარეს. ფრანგმა თავგანწირვით ითამაშა.

ნაჩო მონრეალი (ოსასუნა) - მარცხენა მცველი ახლახან დაუბრუნდა მინდორს. ალიკანტეში დიდებულად ითამაშა, მისმა გუნდმა 4:0 მოიგო, თავად კი საგოლე პასი მიითვალა.

ნახევარმცველები

სამი ხედირა (რეალი) - ბოლო დროს, თითქოს, ფორმაში არ იყო, მაგრამ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. გამოავლინა დიდი შემტევი პოტენციალი, რაც აქამდე იშვიათი იტო ხედირას შესრულებით. ქარიმ ბენზემას დიდებული პასი მისცა, საგოლე პასების "გურმანებს", რომ მოეწონებათ, ისეთი.

მესუთ იოზილი (რეალი) - მაღალი კლასის ვარსკვლავი, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესპ ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატი. დერბიში გოლიც გაიტანა.

კრისტიან ვადოცი (ოსასუნა) - ნავარელთა უნგრელი ლეგიონერის ანგარიშზე "ერკულესის" წინააღმდეგ გოლი და საგოლე პასია.

თავდამსხმელები

ხოსე რონდონი (მალაგა) - ვენესუელელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა "ესპანიოლის" კარში და ბომბარდირთა მარაქაში გაერია. ჟულიო ბაპტიშტა ვერადავერ გამოჯანმრთელდა, მაგრამ მანუელ პელეგრინის ეს უკვე ნაკლებად ადარდებს - 21 წლის სამხრეთამერიკელი ჩინებულ ფორმაშია.

მარკო რუბენი (ვილიარეალი) - ნილმარს ცვლიდა და არგენტინელმა ეს დიდებულად შეძლო - ახტა ყველაზე მაღლა და ისე დაჰკრა თავი, რომ გორკა ირაისოსს შანსი არ დაუტოვა.

ჯოვანი დოს სანტოსი (რასინგი) - "რეალ სოსიედადს" გაუტანა. ასე მოკლე დროში მე-2-ედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.

ტურის გმირი

იკერ კასილიასი - შეიძლება იმის თქმაც, რომ დერბი კაპიტანმა მოიგო. საკმარისი იყო აგუეროს პირისპირ გასვლას, ან ახლო მანძილიდან გოდინის თავურს, ან რეიესის გასროლას მახვილი კუთხიდან, ანაც ფორლანის შორეულ დარტყმას კასილიასი ვერ შეწვდენოდა და ჟოზე მოურინიო სამ ქულას ვერ მოიპოვებდა და საჩემპიონო ინტრიგაც, ალბათ, ჩაიფერფლებოდა (ამჯერად, საბოლოოდ).

ბოიან-100

"ბარსელონას" 20 წლის ფორვარდმა ბოიან კრკიჩმა მე-100 მატჩი ითამაშა ლა ლიგაში და ეს ერთგვარი იუბილე გოლითაც აღნიშნა. ეს კრკიჩის მე-5 გოლია ჩემპიონატში. 20 წლის ასაკში 100 მატჩი ლალიგაში სულ სამ ფეხბურთელს დაუგროვებია, რაულს, ეჩებერიას და ბოიანს.

ტურის მსხვერპლნი

კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 2-3 კვირით გამოეთხოვა ფეხბურთს.

ტომაშ უიფალუში (ატლეტიკო) - მარსელოსთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, თუმცა უკვე გამოჯანმრთელებაც მოასწრო.

ხოსე რონდონი (მალაგა) - "ესპანიოლთან" დუბლის ავტორმა კუნთი გაიჭიმა, თუმცა მომავალ ტურში "ლევანტეს" წინააღმდეგ ითამაშებს.

ფელიპე კაისედო (ლევანტე) - "დეპორთან" მატჩის პირველ ტაიმში ეკვადორელს კუნთი 1 სანტიმეტრზე ჩაეხა, ის 1 თვე დააკლდება ვალენსიურ გუნდს.

ნაჩო კასესი (სპორტინგი) - კოჭი დაიზიანა.

ტურის ფრაზები

კიკე ფლორესი (ატლეტიკო): "კარგი იქნება, თუ მომავალში ვიტიენეს ტეიშეირა აღარ გვიმსაჯებს" - ცნობისთვის, "მარკამ" ამ მსაჯს 10-ბალიანი სისტემით 3 ბალი დაუწერა.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "ეს ფეხბურთელები, მათი ოჯახები გულშემატკივრებისგან მეტ დაფასებას იმსახურებენ. სხვა მხრივ კი შესანიშნავი სტადიონია ფეხბურთის სათამაშოდ" - მას მერე, რაც მადრიდულმა პუბლიკამ უდიერად მოიხსენია კრიშტიანო რონალდო და მარსელო.

შეძახილები ვისენტე კალდერონზე: "კრიშტიანო მოკვდი! მარსელო, შენ ხარ მაიმუნი" - უკომენტაროდ.

იკერ კასილიასი (რეალი): "შეიძლება, შედეგი ცოტა უსამართლოა, მაგრამ ჩვენ ჩვენი შანსები გამოვიყენეთ, იმათმა კი ვერა" - დერბის შემდეგ.

დავიდ ვილია (ბარსელონა): "ბოლო დროს ფორტუნამ სულ მიმატოვა, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ მომავალი თამაში წინაა, თანაც გუნდი იგებს და არ ვნაღვლობ" - ბოლო ხუთი ტურია "ელ გუახეს" გოლი არ გაუტანია.

უნაი ემერი (ვალენსია): "ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი ჯერ არა" - "სევილიასთან" 0:1 მარცხის შემდეგ.

გრეგორიო მანსანო (სევილია): "აი, ზუსტად ასე მსურს, რომ თამაშობდეს "სევილია" - "მესტალიაზე" გამარჯვების შემდეგ.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "მომავალში მიჩელი მადრიდის "რეალს" გაწვრთნის" - "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ.

ტურის სტატისტიკა

20 გოლი (2,0 მატჩში), 42 გაფრთხილება, 1 გაძევება

ყველაზე მეტი მაყურებელი: კამპ ნოუ, 81 913

ყველაზე ცოტა მაყურებელი: ონო ესტადი, 13 200

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ლევანტე

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - სევილია

ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ბილბაო

ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ატლეტიკო

ყველაზე დიდი ბურთის ფლობის %: 75 - ბარსელონა

ტოპ-10 "დონ ბალონის" მიხედვით

1. მესი ბარსელონა 197 (26) 7,58

2. რონალდო რეალი 194 (27) 7,19

3. როსი ვილიარეალი 193 (27) 7,15

4. ბ. ვალერო ვილიარეალი 190 (27) 7,04

5. ინიესტა ბარსელონა 203 (29) 7,00

6. ალვეში ალმერია 202 (29) 6,97

7. კასორლა ვილიარეალი 195 (28) 6,96

8. რეიესი ატლეტიკო 175 (26) 6,73

9. ალვეში ბარსელონა 175 (26) 6,73

10. არანსუბია დეპორტივო 154 (23) 6,70

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია