ჭაბუკთა A ლიგა: "ლელომ" ტიტული შეინარჩუნა
ჭაბუკთა A ლიგის სატიტულო შეხვედრაში "აია" და "ლელო" მიჯრით მესამედ შეიყარნენ. რიონისპირელებმა გადამწყვეტი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლებაც ირგუნეს. მიუხედავად ამისა, ‘აიას’ სწორედ მოედნის უპირატესობამ გაუწია დათვური სამსახური. რიონისპირელები, წინა სეზონის ასევე საშინაო ფინალში ‘ლელოსთან’ განცდილი დასანანი მარცხის გამო რევანშის აღებასა და ტიტულის დაბრუნებას ეშურებოდნენ. ქუთათურებმა მატჩის წინა მღელვარება ვერაფრით მოიცილეს და საკუთარი ქომაგის წინაშე მთელი შეხვედრა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჩაატარეს, რამაც მასპინძელთა თამაშის ხარისხს სერიოზული დაღი დაასვა. ‘აიას’ დამრიგებელ გიგა გურეშიძეს ბოლომდე ეიმედებოდა დიდი 10-ის ლიდერ ‘აიაში’ გადაბარგებულ ოთარ ძაგნიძისა და ლაშა ლომიძის დახმარების, თუმცა ამაოდ...

ქუთაისის მთავარ სარაგბო არენაზე ფინალური შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და პირველი ქულები ‘აიას’ ფულბეკმა დათო გობეჯიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან გატანილი ჯარიმით აიღო, 3:0. საწყისი 10 წუთის შემდეგ ინიციატივას "ლელო" დაეუფლა. მასპინძელთა თამაშგარეში დარჩენის გამო, ‘ლელოს’ უნივერსალმა გიორგი ასათიანმა 2 გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდი 3:6 დააწინაურა. დამსწრე საზოგადოებამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ასათიანი მიიჩნია. ნიჭიერ ჭაბუკს ერთნაირი წარმატებით ხელეწიფება ერთბაშად 3 პოზიციაზე(მგეზავი; შუამარბი; ფულბეკი) თამაში.

მიშა სუჯაშვილის შეგირდები მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და მასპინძელთა ინდივიდუალურ იერიშებს იოლად უმკლავდებოდნენ. "ლელო" მტკიცე სათამაშო დისციპლინასთან ერთად კარგად შლიდა თამაშს, უფროსი კოლეგების მსგავსად, მთელ მოედანს ეფექტურად იყენებდა და დაცვაში საიმედო თამაშითა და მაღალი დონის ბოჭვებით მასპინძლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. სტუმრებმა მასპინძელთა რამდენიმე დერეფანი მოიგეს და თან რიონისპირელთა ხშირ შეცდომებზე მაქსიმალური ხეირიც ჰპოვეს. ტაიმის შუაწელს ‘ლელოს’ მარჯვენა ფრთა ბექა აბულაშვილმა 40- მეტრიანი მონაკვეთი დიდ სისწრაფეზე დაფარა და შეხვედრის პირველი ლელო ‘აიას’ ალამთან გაუტანა. მახვილი კუთხიდან ზუსტად შესრულებულ გარდასახვას გიორგი ასათიანმა ჯარიმაც მიაყოლა და ჩემპიონმა ტაიმი 3:16 მოიგო.

თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. მართალია, გობეჯიშვილმა ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა 10-ქულამდე შეამცირა, თუმცა ასათიანის ასევე ზუსტად დარტყმულ ჯარიმას, სტუმართა კიდევ ერთი ლელო მოჰყვა. ჰავბეკმა გიორგი მარგალიტაძემ მასპინძელთა მორიგი, უხეში შეცდომით ისარგებლა და ასათიანის გარდასახვის შემდეგ მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყდა, 6:26. "აიამ" გაიბრძოლა და ჰავბეკი ზვიად ორმოცაძე თავისივე შეცურებულ ბურთზე სტუმრებმა საჯარიმო ლელოს ფასად შეაჩერეს, თუმცა მასპინძლებს შეხვედრის გადასარჩენად დრო და ღონე აღარ ეყოთ, 13:26. ‘ლელომ’ ბოლო 10 სეზონის მანძილზე ტიტული მეოთხედ მოიპოვა და აღნიშნული შედეგით რიონისპირელებს გაუტოლდა.

"იუნკერი ჩოხოსნების" პირველი პოდიუმი

ჭაბუკთა A ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი "შევარდენზე" :იუნკერი ჩოხოსნებისა" და "ყოჩები ხულიგანას" დაპირისპირებამ გამოავლინა. კიკეთელებს დასკვნით ეტაპზე მეტოქე 2-ჯერვე დამაჯერებელი ანგარიშებით (55:7; 44:10) ჰყავდათ დამარცხებული და განვლილ შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლებოდნენ.

"ყოჩ’ხულის" დამრიგებელმა ტოლიკა/სპირიდონი/ლიპარტელიანმა სრულ შემადგენლობას თავი ვერც ამჯერად მოუყარა. პირველლიგელმა ‘ხულიგანამ’ ჭაბუკთა გუნდს ერთბაშად 6 მორაგბე წაჰგვარა. პირველივე ტაიმში დაშავებული შუამარბის ბართლომე კალაძის გამოკლების შემდეგ ‘ყოჩხული’ პრაქტიკულად ძირითადის ბირთვის გარეშე დარჩა.

კიკეთელებმა ვირუსშეყრილი უნივერსალი ლუკა კალადაძე მოისაკლისეს, ფრთის მოთამაშე შოთა სეფაშვილმა კი გამოჯანმრთელება დროულად ვერ მოასწრო და შეცვლა პირველივე ტაიმში ითხოვა. მიუხედავად ამისა, გიორგი ენუქიძისა და ზურაბ მოგელაძის შეგირდებმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და დამაჯერებელ გამარჯვებასთან ერთად ქომაგს ლაღი, თვალსასეირო თამაშითაც ასიამოვნეს. ფავორიტის უკანა ხაზი უზადოდ მოქმედებდა. მაღალი დონის დინამიურ ესტაფეტასთან (მრავალი ოფლოუდი) ერთად, კიკეთელები მაღალ სისწრაფეზე მოქმედებდნენ, ხაზსაც ხშირად ჭრიდნენ, რასაც შედეგად 7 გატანილი ლელო მოჰყვა.

ჰეთ-თრიკი /3 ლელო/ ‘იუნკერთა’ კვაჭმა ლუკა კობერიძემ შეასრულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარბიელ იოანე იაშაღაშვილისა და მგეზავ ნიკუშა ასათიანის საუცხოო თამაში. გოლიათ იაშაღაშვილს მეტოქე ვერ გაუმკლავდა. გალაღებულმა იოანემ ძალისმიერი და ეფექტური თამაშით ლიანგის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ასათიანი კი იუველირული სიზუსტითა და გააზრებული თამაშით გამოირჩა. უმცროსმა ‘მეხანიკამ’ ორ ჯარიმასთან ერთად 7-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი, მატჩის საბოლოო ანგარიში 55:5 დააფიქსირა. ‘იუნკერი ჩოხოსნები’ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის პრიზიორთა შორის პირველად მოხვდნენ.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
კვერნაძე ნაადრევად შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა