დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდი საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
გუშინ საღამოს „ოლიმპიკის“ აუზს საბერძნეთის წყალბურთელთა ნაკრები ეწვია, რომელიც დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ელადელებმა სერბი დამრიგებლის, ლოს ანჟელესისა და სეულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულისა და მსოფლიოს ჩემპიონის დრაგან ანდრიჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშეს.

სერბი მწვრთნელი, როგორც თვითონ გვითხრა, თბილისის საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ თუ სამჯერ არის ნამყოფი. ცნობისთვის: ანდრიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა, უკვე ლოს ანჟელესის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, 1985 წელს თბილისის ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან წააგეს და მესამე ადგილი დაიკავეს. მასპინძლებმა მაშინ საბჭოეთის დიდ გუნდთან დათმეს ფინალური პაექრობა და მეორე ადგილზე გავიდნენ. იუგოსლავიელები თბილისური ბატალიების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ და იქ ყველას აჯობეს.

აი, ასეთი სახელოვანი წყალბურთელის თავკაცობით იმაღლებენ ოსტატობას ბერძნები მეშვიდე წელია (მანამდე ანდრიჩი კატალონიაში მუშაობდა მწვრთნელად და იქაურ გუნდს ევროლიგა მოაგებინა).

- ბოლო ერთი თვეა, მსოფლიო ლიგაში ვმონაწილეობთ, ნაკრების წევრები, პარალელურად, ეროვნულ ჩემპიონატშიც გამოდიან. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკის უქონლობას არ ვუჩივით, - გვითხრა გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ დრაგან ანდრიჩმა. - ვეცდებით, თბილისში შემტევი წყალბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივრებს ლამაზი ორთაბრძოლა ვაჩვენოთ.

- საქართველოს ნაკრებზე რა იცით?

- ის, რომ დიდ ბრიტანეთს 9:3 მოუგო შინ. ნანახი მაქვს ჩომახიძისა და ნატურალიზებული წყალბურთელების თამაში. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით. რა მოხდება? ამას 30 მარტის პაექრობა გვიჩვენებს...

სტუმართა მოთელვას თვალს ადევნებდა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ყოფილი წყალბურთელი ალექსანდრე ბითაძე:

- მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ნაკრებს ანდრიჩი ჩაუდგა ჩათავეში, ამ გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო სარბიელზე: 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო დაიმსახურა. ბოლო ექვსი წელიწადია, კონტინენტის პირველობებზე იშვიათად სცილდება საუკეთესო ექვსეულს. ერთი სიტყვით, საწყალბურთო ელიტის წარმომადგენელია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ინგლისი, შოტლანდია ან საფრანგეთი ევროპის რაგბიში. სტუმრებს არა მარტო ჯგუფის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ფავორიტებად მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, არაფერს დავთმობთ. ჩვენი ბიჭებიც კარგად არიან მომზადებული და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გაიღებენ.

ჯგუფიდან ორი გუნდი გადის მომდევნო ეტაპზე. ბერძნებთან შეხვედრისას ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაშიც, შესარჩევი ჯგუფის მე-2 საგზურის მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს. მით უმეტეს, რომ პირველი წრის პაექრობაში ინგლისელებს შინ 9:3 ვძლიეთ. 2 ივლისს ბრიტანელებს მანჩესტერში ვეთამაშებით. პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ორ ორთაბრძოლას გავმართავთ - 1 და 15 ოქტომბერს, თუმცა, ეს შორეული გეგმებია. მთავარია, 30 მარტს ბერძნებს ვაჩვენოთ, რისი შემძლენი ვართ.

დღეს „ოლიმპიკში“ მატჩი, როგორც გაუწყეთ, 21 საათზე დაიწყება. დელეგაცია - ბულგარელი ანდრეი კონსტანტინოვი, მსაჯები - გერვინ რეინინკი (გერმანია) და გემ ფალიკრაჩი (თურქეთი).

E ჯგუფში პირველი წრის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

საქართველო-დიდი ბრიტანეთი 9:3, დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი 2:13.

საბერძნეთი-3 (13:2), საქართველო-3 (9:3), დიდი ბრიტანეთი - 0 (5:22) ქულა.

დანარჩენ ჯგუფებში დღეს ითამაშებენ:

A ჯგუფი. პოლონეთი-თურქეთი (მალტა-პოლონეთი 7:3, თურქეთი-მალტა 13:3).

Bჯგუფი. გერმანია-ბულგარეთი, პორტუგალია-სლოვენია (პორტუგალია-გერმანია 7:15, სლოვენია-ბულგარეთი 31:5; ბულგარეთი-პორტუგალია 2:12, გერმანია-სლოვენია 21:11).

C ჯგუფი. ბელარუსი-მაკედონია (ესპანეთი-ბელარუსი 15:3, მაკედონია-ესპანეთი 6:10).

D ჯგუფი. რუსეთი-საფრანგეთი (საფრანგეთი-შვეიცარია 33:2, რუსეთი-შვეიცარია 23:4).

F ჯგუფი. უკრაინა-რუმინეთი, ისრაელი სლოვაკეთი (სლოვაკეთი-უკრაინა 18:9; ისრაელი-რუმინეთი 4:14; უკრაინა-ისრაელი 8:0, რუმინეთი-სლოვაკეთი 8:5).

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა