მაიამის წლევანდელი საჩოგბურთო ტურნირის ერთ-ერთ გმირად გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის გამოცხადება უკვე თამამად შეიძლება
ქალთა ტურნირზე ჯერ კიდევ გასამართია ნახევარფინალები და ფინალი, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება მაიამის ერთ-ერთ გმირად გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის გამოცხადება. მერვედფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის დამარცხების შემდეგ ანდრეამ მეექვსე ნომერი ელენა იანკოვიჩიც ჩამოაშორა ბრძოლას.

ჩოგბურთელებმა პირველი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:2 მოიგეს. პირველი პარტიის წაგების შემდეგ პეტკოვიჩს მეორეში სეტში ჰქონდა კრიტიკული მომენტი, როცა 2:2-ზე ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, მაგრამ გერმანელმა გადაარჩინა საკუთარი გეიმი და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

მაგრამ პეტკოვიჩის პრობლემები ამით არ დასრულებულა. იანკოვიჩმა მესამე პარტიაში თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, როცა 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ანდრეამ კიდევ ერთი გარღვევა შეძლო. განსაკუთრებით საინტერესო იყო 5:4-ზე მეათე გეიმი, რომელშიც შვიდჯერ დაფიქსირდა "თანაბარი" და ნერვების თამაშში ბოლო სიტყვა გერმანელმა თქვა - 6:4.

გუშინდელი სათამაშო დღის ნამდვილი მშვენება გახდა სამსეტიანი მარათონი მსოფლიოს მეორე ჩოგან კიმ კლაისტერსსა და სერბ ანა ივანოვიჩს შორის. ეს გახლდათ მერვედფინალიდან გადმოტანილი შეხვედრა, რომელიც წვიმის გამო იყო გადადებული. მატჩის შემდეგ ივანოვიჩმა ჩოგანი დაამსხვრია და ამის მიზეზი მართლაც ჰქონდა. გადამწყვეტ სეტში სერბი 5:1-ს იგებდა და მეტოქის მოწოდებაზე 40:0 იყო დაწინაურებული. ანამ სამივე მატჩბოლი გაფლანგა, შემდეგ კიდევ ორჯერ მიეცა სეტის ერთი დარტყმით მოგების შანსი და ისევ ვერ იხეირა. სწორედ ამას მოჰყვა უკვე ნახსენები ნერვული შეტევა. მოგვიანებით ივანოვიჩი დამშვიდდა, მაგრამ ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე კლაისტერსის მხარეს იყო, რომელმაც ტაი-ბრეიკზე მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური. როგორც ჩანს, ბელგიელს ისევ აწუხებდა მხარი - სხვანაირად ახსნა არ აქვს მის 11 ორმაგ შეცდომას.

"დიახ, დღეს ძალიან რთული დღე მქონდა. ხომ ნახეთ, რა დაემართა ჩემს ჩოგანს. და მაინც, ვგრძნობ, რომ ყველაფერს აბსოლუტურად სწორად ვაკეთებდი. თამაშის ჩემს სასარგებლოდ დასრულების ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ მეტოქეს ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა. მატჩის შემდეგ ცოტა ვიტირე, ჩოგანი გავტეხე... და გულზე მომეშვა. რეიტინგს ყურადღებას ნუ მიაქცევთ: კიმი დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელია", - განაცხადა მატჩის შემდეგ ივანოვიჩმა.

ასევე ორი ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო მარია შარაპოვასა და ალექსანდრა დულგერუს მატჩში. რუმინელმა სწრაფად აუღო ალღო რუსის აგრესიულ სტილს და ინიციატივა მოიპოვა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შარაპოვა ტრადიციულად ძალიან ბევრს ცდებოდა - ამაზე ერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს: დულგერუმ ისე მოიგო სეტი, რომ მხოლოდ ერთი "ვინერსი" გააკეთა!

მეორე სეტში თითქმის სულ წინ შარაპოვა იყო, მაგრამ საბოლოო დარტყმის მიყენებას დიდი ხანი ვერ ახერხებდა. რუსმა ვერ ჩააწოდა სეტზე, ტაი-ბრეიკზე კი 6:1 დაწინაურდა, ხუთმაგი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ზედიზედ ხუთი გათამაშება წააგო და ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, მარია არ დანებდა, მეექვსე სეტბოლი მოიპოვა, რომელიც კარგი მოწოდების ხარჯზე გამოიყენა.

ჩოგბურთელები უკვე ორსაათნახევარი იყვნენ კორტზე. შარაპოვას გამუდმებული შეტევების გამო დულგერუ უკანა ხაზზე ბევრს დარბოდა და ამის გამო დაღლილი ჩანდა. რომ არა რუსის შეცდომები, რუმინელი მალე დანებდებოდა მეტოქეს, ასე კი მოგების რეალური შანსი მიიღო - მატჩზე მოსაწოდებლად გაემზადა. ალექსანდრა სწორედ ამ დროს ანერვიულდა და ვერც მეტოქის შეცდომებს ეღირსა. ანგარიში ისევ გათანაბრდა და ისევ ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო. აქ კი უფრო წარმატებული კვლავ შარაპოვა იყო. 76 უნებლიე შეცდომის (მათ შორის 17 ორმაგი) მიუხედავად, 3 საათსა და 28 წუთში ნახევარფინალის საგზური რუსმა მოიპოვა. კიდევ 11 წუთი და ეს დაპირსპირება ამ საუკუნეში WTA-ის ყველაზე ხანგრძლივი მატჩი გახდებოდა. შარაპოვა ნახევარფინალში პეტკოვიჩს შეხვდება, რომელთანაც წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა.

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/8 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ანა ივანოვიჩი (სერ, 19) 7:6(4), 3:6, 7:6(5).

1/4 ფინალი

ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 21)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 6) 2:6, 6:2, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 13)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 26) 3:6, 7:6(6), 7:6(5).

1/2 ფინალი

პეტკოვიჩი (21)-შარაპოვა (13); ა. რადვანსკა (9)/ზვონარევა (3)-აზარენკა (8)/კლაისტერსი (2).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა