“ზესტაფონმა” "ვიტ ჯორჯიასთან" ფრეს მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობა მაინც შეინარჩუნა
მატჩის შესახებ თხრობა აუცილებლად იმ მომენტის გახსენებით უნდა დავიწყოთ, რომელიც 68-ე წუთზე მოხდა. “ვიტ ჯორჯიას” მეკარე არდალიონ მიქაბერიძემ თანაგუნდელისგან ფეხით მიღებული ბურთი ხელით დაიჭირა და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა.

ბურთიდან კარამდე ხუთი-ექვსი მეტრი იყო და, შესაბამისად, “ზესტაფონს” გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა. ცოცხალ კედელში მთელი “ვიტ ჯორჯია” ჩადგა, კახა ალადაშვილმა კი ბურთი მიზანში მოარტყა და სტუმრებმა გოლი იზეიმეს. თუმცა ამ ზეიმმა სულ რამდენიმე წამს გასტანა. ლაშა სილაგავამ დარტყმის გამეორება მოითხოვა და “ზესტაფონმა” მეორე შანსი ვეღარ გამოიყენა. მსაჯის გადაწყვეტილებას “ზესტაფონის” ფეხბურთელთა და ქომაგთა დიდი პროტესტი მოჰყვა და მატჩის შემდეგ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ დაჰკლებია. წყობილებიდან ყველაზე მეტად ნიკა გელაშვილი გამოვიდა, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.

სადავო მომენტის ვიდეოგამეორებისას აშკარად ჩანს, რომ “ზესტაფონს” გოლი მსაჯის სასტვენის შემდეგ გააქვს. ამაზე არანაკლებ საინტერესო ისაა, რომ ალადაშვილის დარტყმამდე სილაგავამ მეორედაც ჩასტვინა და ვიტელთა ცოცხალი კედლის მოსაწესრიგებლად დაიძრა...

ამ დანაკარგის მიუხედავად, “ზესტაფონმა” ლიდერობა შეინარჩუნა, რადგან მისმა ერთმა მდევარმა მარცხი იწვნია, მეორე კი ფრეს დასჯერდა. მოკლედ, ლიდერთა სამეულისთვის მძიმე ტური გამოდგა.

თემქაზე გამართული შეხვედრა სანახაობრივი და შინაარსიანი გამოდგა. ასეთი დონის მატჩი ტურში ერთი მაინც რომ იმართებოდეს, ჩვენი უმაღლესი ლიგით უთუოდ მეტი ქომაგი დაინტერესდებოდა.

“ზესტაფონმა” იმ დონის ფეხბურთი გვიჩვენა, მისი შემადგენლობისა და პირობების გუნდს რომ ეკადრება, მაგრამ მასპინძელთა ახალგაზრდული გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაცილებით გამოცდილი და მრავლისმნახველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. სათამაშო უპირატესობას უმეტეს დროს “ზესტაფონი” ფლობდა, მაგრამ დროდადრო “ვიტ ჯორჯიაც” თამამად უტევდა და სწრაფი კონტრიერიშებით ფეროელებს თავსატეხს უქმნიდა.

“ვიტ ჯორჯიადან” კვლავ მისი კაპიტანი გიგა ბეჭვაია გამოირჩეოდა, რომელსაც მხარს კარგად უბამდა გიორგი ჯანელიძე. თუმცა მატჩის გმირი მაინც მასპინძელთა კარის დარაჯი მიქაბერიძე იყო, რომელმაც თავისი გუნდის კარი რამდენიმეჯერ იხსნა.

ანგარიში ეფექტური გოლით გაიხსნა. ბეჭვაიამ გურამ გურეშიძის ფლანგური გადაცემა მიიღო, ორი მეურვე ჩამოიცილა და თავისიანები დააწინაურა. მალე ბესიკ ჩიმაკაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, რისთვისაც მისი გუნდი ორიოდე წუთში დაისაჯა. ზაალ ელიავამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას გელაშვილმა დაასწრო და თავურით წონასწორობა აღადგინა.

თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ მიქაბერიძეს როინ კვასხვაძეზე მეტი საქმე ჰქონდა. შესვენებამდე “ზესტაფონის” კიპერი ჩიმაკაძის დარტყმას გაუმკლავდა, მიქაბერიძემ კი სამი ბრწყინვალე “სეივი” შეასრულა – ჯერ ხიდეშელის თავური მოიგერია, მერე პირისპირ გასულ გელაშვილს არ გაატანინა, ბოლოს კი ჯაბა დვალის ორიოდე მეტრიდან შესრულებულ დარტყმას გადაეღობა.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ “ზესტაფონი” მეორე ტაიმში მეტოქეზე ზეწოლას გააგრძელებდა და გამარჯვების გოლს მაინც გაიტანდა, მაგრამ მეორე ნახევარში ვიტელები კიდევ უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ,ფიზიკურ მომზადებაში სტუმრებს არ ჩამოუვარდებოდნენ და ბოლოსღა დაიწყეს ფრის შესანარჩუნებლად თამაში. მასპინძელთაგან ისევ ჩიმაკაძემ დაარტყა არაზუსტად, შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი ყველაზე შესამჩნევი შეცვლაზე შესული რატი წინამძღვრიშვილი იყო, რომლის სამივე თავური ძალიან სახიფათო, მაგრამ სამივე ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

ნამატჩევ ვნებათაღელვაზე მიმოხილვის შესავალში გიამბეთ. მატჩის შედეგმა გული ზესტაფონელებს დასწყვიტა, მაგრამ ვეჭვობთ, “ვიტ ჯორჯიასთან” ჩემპიონობის სხვა პრეტენდენტებმა გაილაღონ. ასე რომ, თემქაზე მოპოვებულ ქულას სულაც არ ადევს იმ ქულების ფასი, “ზესტაფონი” შინ “კოლხეთსა” და “სიონთან” რომ დასჯერდა.

02.04. თბილისი. შატილი. 600 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 1:1

1:0 ბეჭვაია (15. გურ. გურეშიძის პასით), 1:1 გელაშვილი (23. ელიავას პასით)

ვიტ ჯორჯია ზესტაფონი

4-2-3-1 4-4-2

ა. მიქაბერიძე რ. კვასხვაძე

ხურცილავა ალადაშვილი

ადამაძე ხიდეშელი

კასრაძე გ. ონიანი

ღანიაშვილი ელიავა

ვასაძე დაუშვილი

გურ. გურეშიძე ბაბუნაშვილი

ბეჭვაია ძარია

ჯანელიძე გრიგალაშვილი

კორიფაძე დვალი

ჩიმაკაძე გელაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. კოჭლაშვილი გ. გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია

81. კორიფაძე – გოგიაშვილი

82. ბეჭვაია – მაისაშვილი

83. ჩიმაკაძე – როსტიაშვილი

სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე

ზესტაფონი

59. გრიგალაშვილი – გორგიაშვილი

75. დვალი – წინამძღვრიშვილი

77. ბაბუნაშვილი – ბენაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, მ. კობახიძე, გრუიცა, ფოფხაძე

გაფრთხილება: ელიავა (33), ბაბუნაშვილი (40), ღანიაშვილი (44), დვალი (68), დაუშვილი (70)

გაძევება: გელაშვილი (მატჩის შემდეგ)

არბიტრი: ლ. სილაგავა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა