"ვიტ ჯორჯიასა" და "ოლიმპს" შორის ტურის ერთერთ ცენტრალურ მატჩში რუსთაველებმა იმარჯვეს
ძლიერი ქარი, კოკისპირული წვიმა და საერთოდაც, აპრილისათვის უჩვეულოდ სუსხიანზე-სუსხიანი ამინდი, - აი, ასეთ, მართლაც "არასაფეხბურთო პირობებში" ჩატარდა XXVIII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი.

თუმცა, უამინდობის გარდა, "შატილის" სტადიონზე შეკრებილ ჟურნალისტთა სოლიდურ წარმომადგენლობას, სხვა პრობლემაც ჰქონდა, მაგრამ მოდი, ამაზე ხვალ ვისაუბროთ, როცა ტურის მიმოხილვას შემოგთავაზებთ. მანამდე კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ უმაღლესი ლიგის გუნდები ასეთ პირობებში არ უნდა თამაშობდნენ...

მასპინძლები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდნენ, სტუმრებს კი დისკვალიფიცირებული ალექსანდრე კვახაძე აკლდა და კაპიტნის სამკლავურით "ოლიმპი" გუშინ მოედანზე ირაკლი მოდებაძემ გაიყვანა. ზედიზედ მეორე მატჩია, ქვეყნის ჩემპიონი ერთფორვარდიან ტაქტიკას ირჩევს და იმის მიუხედავად, რომ მოდებაძეს გოლი არ გაუტანია, გუშინდელ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მეტოქის მცველებსაც ხშირად ავიწროებდა; კიდევ ერთი სიახლე სტუმართა შემადგენლობაში კლუბის ახალწვეულის ირაკლი მაისურაძის ცენტრალურ ნახევარმცველად გამწესება იყო, არადა წინა მატჩებში ამ სწრაფ ფეხბურთელს, უფრო ხშირად, ფლანგებზე ვხედავდით.

პირველი ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით დიდი ვერაფერი გამოდგა: ცალკე რთული მეტეოროლოგიური პირობები, ცალკე - დამძიმებული გაზონი და უამრავი წუნი გადაცემებშიც (თანაც, ამ უკანასკნელ კომპონეტში ორივე გუნდის ფეხბურთელები მოიკოჭლებდნენ). სახიფათო მომენტებიც, ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელი თუ შეიქმნა: შეხვედრის დასაწყისში ირაკლი მაისურაძემ საშუალო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ არდალიონ მიქაბერიძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთს დაეუფლა. იქვე, საპასუხო შეტევაში ბესიკ ჩიმაკაძე ურტყამდა მახვილი კუთხიდან, მაგრამ არაზუსტად. "ვიტ ჯორჯიას" ცენტრფორვარდი პირველ ტაიმში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა გიორგი კორიფაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ, "დასწრებაზე" აპირებდა თამაშს, მაგრამ "ოლიმპის" მეკარე გრიგოლ ბედიაშვილს შეეჯახა და ამ უკანასკნელიც კინაღამ შესაცვლელი გახდა. პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ქავთარაძე ურტყამდა მახვილი კუთხიდან, მაგრამ ბურთი ამ შემთხვევაშიც მიზანს აცდა.

შესვენებაზე წვიმამაც გადაიღო, ქარიც ჩადგა და, რაც მთავარია, მეორე ტაიმის დასაწყისი აშკარად უკეთესი სანახავი გამოდგა. ოღონდ, მატჩის პირველ ნახევარში თუ ფაქტობრივად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და ახალგაზრდა "ვეტერინარები" არაფერში ჩამორჩებოდნენ ფავორიტ მოწინააღმდეგს, აი, შესვენების შემდეგ (განსაკუთრებით, საწყის ოც წუთში) "ოლიმპის" უპირატესობა თვალშისაცემი გახდა. სტუმრები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს; პირველ ეპიზოდში დავით ბოლქვაძის საჯარიმოს შემდეგ გიორგი რეხვიაშვილი რთული მდგომარეობიდან თავით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მასპინძლები არდალიონ მიქაბერიძემ გადაარჩინა; მასპინძელთა მეკარემ ამის შემდეგ გიორგი ქავთარაძის დარტყმაც მოიგერია, მაგრამ რევაზ გეწაძის საფირმო "ცაციას" ვეღარაფერი მოუხერხა! სხვათა შორის, "ოლიმპის" მარცხენა ნახევარმცველმა ამ სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და თითქმის ყველა მათგანი გადამწყვეტი იყო...

აი, გოლის შემდეგ კი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მატჩის ბოლო წუთზე განვითარებულ მოვლენებს; ჯერ იყო და, შეცვლაზე შემოსულმა ვალიკო ტყემალაძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი კარს ზემოთ დაარტყა; საპასუხო კონტრშეტევისას კი გიორგი კორიფაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩინებული გამჭოლი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელებს, მაგრამ ბექა ზაქრაძე ბურთს ვერ მიწვდა. სხვათა შორის, მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიას" მეტოქის კარში... არც დაურტყამს. და აქედან გამომდინარე, მატჩის საბოლოო შედეგი, ალბათ, ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ. აი, ასე დასრულდა "ვეტერინართა" ლამის ორთვიანი წაუგებელი სერია. საინტერესო ფაქტია: მეორე ეტაპზე "ვიტ ჯორჯია" მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და ორივეჯერ... "ოლიმპთან". ქვეყნის ჩემპიონი კი ამ გამარჯვებით ქულებით "ზესტაფონს" გაუთანაბრდა და მხოლოდ იმის გამოა მეორე ადგილზე, იმერულ კლუბთან ურთიერთშეხვედრებში უარესი მაჩვენებელი რომ აქვს.

06.04. თბილისი. შატილი. 300 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-ოლიმპი 0:1

0:1 გეწაძე (63, მაისურაძის პასით)

ვიტ ჯორჯია ოლიმპი

(4-2-3-1) (4-1-4-1)

ა. მიქაბერიძე ბედიაშვილი

ხურცილავა მურველაშვილი

ადამაძე ქემოკლიძე

კასრაძე რეხვიაშვილი

ღანიაშვილი დობროვოლსკი

ვასაძე რაზმაძე

გურ. გურეშიძე ქავთარაძე

ბეჭვაია ი. მაისურაძე

ჯანელიძე დ. ბოლქვაძე

კორიფაძე გეწაძე

ჩიმაკაძე მოდებაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. კოჭლაშვილი თ. მაისურაძე

ვიტ ჯორჯია

72. ბეჭვაია-ზაქრაძე

სათადარიგოები: ძაძამია, როსტიაშვილი, ჭანკვეტაძე, მაისაშვილი, გოგიაშვილი, გიორგი გურეშიძე

ოლიმპი

58. ქავთარაძე-გ. ჭელიძე

77. მოდებაძე-პავლიაშვილი

85. ბოლქვაძე-ტყემალაძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ბახტაძე, ჯ. უგულავა, გოდეზიანი

გაფრთხილება: ჩიმაკაძე (27), მოდებაძე (35), ქემოკლიძე (45), ვასაძე (59), დობროვოლსკი (82)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა