ალექსანდრე ბაკში 20 წლის ქართველი ჩოგბურთელია. ის ამჟამად ამერიკის ქალაქ ოკლაჰომას ერთ-ერთ საჩოგბურთო უნივერსიტეტში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს.

ის დევისის თასზე ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა ამერიკაში მნიშვნელოვანი თამაშები ჰქონდა და მწვრთნელმა არ გამოუშვა.

Sportall.ge ალექსანდრეს ამერიკაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- მოგვიყევით თქვენი კარიერის შესახებ...

- პირადად ჩემი გადაწყვეტილება არ იყო საჩოგბურთო კარიერის დაწყება. მამაჩემი ჩოგბურთის მწვრთნელია და უკვე 4 წლის ასაკში, ყოველდღიურად ვვარჯიშობდი.

ამჟამად, Univeristy Of Oklahama’s სახელით ვთამაშობ. რაც შეეხება ვარჯიშებს, უმაღლეს დონეზე ვვარჯიშობ ჩემს გუნდელებთან ერთად. რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი პირობები გვაქვს.

ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა მთლიან ამერიკაში და ძალიან გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი.

- ვინ არის თქვენი მწვრთნელი და რომელი ჩოგბურთელები გაუზრდია მას?

- ჩემი მწვრთნელია ნიკ კროუველი. როგორც ვიცი, ის 12 წლის განმავლობაში იყო მწვრთნელის ასისტენტი ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში და არაერთი ახალგაზრდა ჰყავს აღზრდილი.

ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი იყო ყველაზე წარმატებული... შარშანწინ შესთავაზეს მთავარი მწვრთნელის ადგილი ოკლაჰომაში და გადაწყვიტა, იქ გადასულიყო.

- როგორც ვიცით, კოლეჯში საკმაოდ კარგად ასპარეზობთ...

- საკმაოდ კარგად დავიწყე ეს წელი. შარშანდელი სეზონის შემდეგ მწვრთნელმა შემადგენლობაში მეორე ნომრად დამაყენა, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.

ორი თამაშის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ პირველ ნომრად მეთამაშა. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება... ალბათ, იმიტომ, რომ ორივე თამაში მოვიგე.

ამჟამად, პირველ ნომრად ვთამაშობ და ძალიან ძლიერ ჩოგბურთელებთან მიწევს დაპირისპირება. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაღალი დონეა.

- როდის აპირებთ პროფესიონალურ ტურნირებზე გამოსვლას?

- სეზონი გვიმთავრდება მაისის ბოლოს და ალბათ, ივნისისკენ შევეცდები "ფიუჩერსების" თამაშს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ დავიწყებ ATP-ზე ფიქრს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ძირითადი იარაღი და რისი გამოსწორება გესაჭიროებათ?

- ალბათ, ძირითადი იარაღი ფორჰენდია. ჩაწოდება ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია ჩოგბურთში და ვცდილობ, უფრო ეფექტურად გამოვიყენო. ცოტა მუშაობა მჭირდება მაგაზე.

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო შეხვედრაში უნდა გეთამაშათ, მაგრამ ვერ ჩამოხვედით...

- სამწუხაროდ, მწვრთნელმა არ გამომიშვა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვქონდა წინ.

- ჩოგბურთში ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომზადებაა. თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ მომზადებული?

- სიმართლე გითხრათ, კოლეჯი ამ მხრივ ძალიან დამეხმარა. ჩვენთან ცოტა სხვა წესებია. როდესაც ანგარიში თანაბარია, ამ დროს ერთი ბურთი თამაშდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩაწოდების დროს ბურთი თუ შეეხო ბადეს, თამაში მაინც გრძელდება. ეს ყველაფერი კი კონცენტრაციაზე მოქმედებს.

თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი მიჩვევაზეა... ამჟამად, ძალიან კონცენტრირებული ვარ კორტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა ასაკიდან წახვედით საქართველოდან და როგორ ფიქრობთ, რა პირობებია ჩვენს ქვეყანაში კარგი ჩოგბურთელის გასაზრდელად?

- საქართველოდან 18 წლის ასაკში მომიწია წასვლა. ჩემს დროს მაგდენი საშუალება არ იყო, მაგრამ ბოლო დროს რამდენიმე ბაზა გაკეთდა. იმედია, უფრო დაინტერესებული იქნება ახალგაზრდა თაობა ჩოგბურთით.

ძალიან მინდა, უფრო პოპულარული გახდეს ჩოგბურთი საქართველოში, რადგან ერთ-ერთი წამყვანი სპორტია მთელ მსოფლიოში.

- თქვენი აზრით, რატომ არ ტარდება საქართველოში თუნდაც ჩელენჯერის დონის ტურნირი?

- ალბათ, ფინანსური პრობლემების გამო.

- თქვენ თუ გეხმარებათ ფედერაცია?

- ამჟამად არანაირად. შარშან ძირითად ბადეში მომცეს ორი ადგილი თელავის ტურნირზე და სულ ეს იყო. სიმართლე გითხრათ, ჯერ არც არაფერი მითხოვია განსაკუთრებული ფედერაციისთვის.

კოლეჯში კიდევ 1.5 წელი უნდა ვიყო და როდესაც მოვრჩები, მერე უკვე მივმართავ ჩვენს ფედერაციას.

- როგორც ცნობილია, ჩოგბურთელად ჩამოსაყალიბებლად დიდი ფინანსური რესურსია საჭირო...

- კი, ნამდვილად. ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სპორტია და მას დიდი ფინანსები ესაჭიროება. ჩემი ოჯახის გარდა, დახმარებას არავინ არ მიწევს და უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალ დაფინანსებაზე ვარ.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამერიკულ სკოლაში სწავლება რა ჯდება...

- გააჩნია უნივერსიტეტს... სავარაუდოდ, 30 000 დოლარი იქნება გადასახდელი, რადგან ჩვენ უცხოელ სტუდენტებად ვითვლებით.

- ვინ არის თქვენი საჩოგბურთო კუმირი?

- მემარცხენე ვარ და შესაბამისად, სულ მემარცხენეებს ვუყურებ... რაფაელ ნადალი და მარსელო რიოსი ჩემი ფავორიტები არიან.

- თქვენი აზრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი?

- როჯერ ფედერერი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია.

- ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია, სადაც ძალიან დიდი ფინანსებია. რა იქნება თქვენი მთავარი მოტივაცია წარმატების მისაღწევად?

- ალბათ, ჩოგბურთის თამაში იმიტომ მინდა, რომ ეს სპორტი ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრათ, ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ვზარმაცობ, რადგან ასეთ შემთხვევაში მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ.

იმისათვის, რომ შეინარჩუნო მაღალი დონე, საჭიროა, ძალიან ბევრი ივარჯიშო.

- დღევანდელ ქართველ ჩოგბურთელებზე რას იტყოდით?

- ძალიან კარგი ჩოგბურთელები გვყავს და იმედია, სწორ გზაზე დადგებიან და წარმატებებს მიაღწევენ.

- თქვენი აზრით, საით მიდის დღევანდელი მსოფლიო ჩოგბურთი... უფრო მეტად ფინანსებზე ხო არ გახდნენ სპორტსმენები ორიენტირებულნი, ვიდრე სპორტზე?

- რა თქმა უნდა, უამრავი მოთამაშე თამაშობს მარტო ფინანსების გამო, რაც ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ხშირად ხედავთ, რომ ტოპ 100-ის მოთამაშეები ძალიან ხშირად აგებენ მათზე სუსტებთან, რაც ძალიან საეჭვოა.

- როგორ ფიქრობთ, ხშირია გარიგებული მატჩები ჩოგბურთში?

- "ფიუჩერსებისა" და "ჩელენჯერების" დონეზე უფროა, ვიდრე ATP-ზე.

- გქონიათ თუ არა შემოთავაზება, რომ სხვა ქვეყნის სახელით გეთამაშათ?

- ჯერჯერობით არა.

- თუ გექნებოდათ ხელსაყრელი ფინანსური წინადადება, დათანხმდებოდით სხვა ქვეყნის სახელით თამაშს?

- პირველ რიგში, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მივმართავ და მათგანაც იმავე ფინანსურ დახმარებას მოვითხოვ, რასაც სხვა შემომთავაზებს.

თუ ვერ დამეხმარნენ, მაშინ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ნამდვილად არ მინდა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა...

- დაბოლოს, შეგიძლიათ მიმართოთ, ვისაც გსურთ და თქვათ, რაც გინდათ...

- მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა ქართველ ჩოგბურთელს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაცია მოვახდინო.

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მე-2 ჯგუფთან ახლოს - ქართველმა ვაჟმა ჩოგბურთელებმა პოლონეთში კარგად დაიწყეს
ბაკში და ფურცელაძე ასტანაში სრული სვლით - ქართველი ჩოგბურთელები ნახევარფინალში გავიდნენ
ბასილაშვილი მანამას ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა, ბაკში ძირითად ბადეში შევიდა
ბასილაშვილი მანამას ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა, ბაკში ძირითად ბადეში შევიდა
ბაკშის კარიერის საუკეთესო შედეგი - ქართველი სამშობლოში მიმდინარე ტურნირზე ჩელენჯერის ფინალში პირველად ითამაშებს
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა