სერია A. XXXIV ტურის წინ: ლიდერი "მილანი" ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ბრეშას" თავდასხმის ხაზში დიდი დანაკლისით ესტუმრება
წინა ტურში ისე განვითარდა მოვლენები, რომ “მილანი” პრაქტიკულად ჩემპიონად გამოაცხადეს. მასიმილიანო ალეგრის სამწყსომ თავისი თამაში მოიგო, მაშინ, როდესაც კონკურენტებმა წააგეს და კიდევ უფრო ჩამორჩნენ ლიდერს. XXXIV ტურის წინ, “როსონერის” 71 ქულა აქვს და მთელი ექვსი ქულით უსწრებს უმთავრეს მდევარ “ნაპოლის”, “ინტერი” კი სულაც რვა ქულით ჩამოიტოვა.

სანამ მთავარზე გადავიდოდეთ, აღვნიშნოთ, რომ ტურის უკლებლივ ყველა შეხვედრა დღეს გაიმართება, რაც სააღდგომო დღესასწაულით გახლავთ განპირობებული.

“მილანზე” ჩამოვარდა სიტყვა და სწორედ ამ გუნდით დავიწყოთ. ლიდერი “ბრეშას” ესტუმრება, გუნდს, რომელსაც თავის მხრივ, ჰაერივით ესაჭიროება ქულები. ალეგრის საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს და განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზზე ითქმის. ზლატან იბრაჰიმოვიჩს რომ დისკვალიფიკაცია აქვს, მთელმა საფეხბურთო ევროპამ იცის, ალეშანდრე პატომ კი ტრავმა მიიღო და დაახლოებით, ათ დღეს იუქმებს. ალეგრის დიდი იმედი ჰქონდა, რომ ფილიპო ინძაგი მოასწრებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ ჯერჯერობით პიპო კვლავაც ლაზარეთშია.

გამომდინარე ზემოთთქმულიდან, მასიმილიანოს სხვა შანსი არც აქვს და ძირითად შემადგენლობაში რობინიოსა და ანტონიო კასანოს ტანდემი უნდა გაამწესოს. თუ ლომბარდიელებს შეტევის გაძლიერება დასჭირდათ, თამაშში ალბათ ურბი ემანუელსონი ჩაერთვება, რომელმაც "პალერმოსთან" სათასო პაექრობაში კარგად წარმოაჩინა თავი და გოლიც კი გაიტანა. მილანელებს დაცვაშიც სერიოზული პრობლემები აქვთ - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალესანდრო ნესტაა დაშავებული და "ბრეშასთან" თამაშის გამოტოვება მოუწევს. ტიაგო სილვას სავარაუდოდ მარიო იეპესი შეუწყვილდება და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.

ალეგრის თქმით, რაც უფრო ახლოსაა ფინიში, მით უფრო რთული ხდება სასურველი რეზულტატის მიღწევა: "კმაყოფილი ვარ იმით, რომ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ოპტიმალურ ფორმაშია,. თუმცა დაშავებულიც არაერთი გვყავს. გადამწყვეტი მომენტი დადგა და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე მეტოქეთათვის. მაგალითად, "ბრეშა" ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და მათთვის ესაა სანუკვარი მიზანიც, სკუდეტოც და სხვა დანარჩენიც. გამომდინარე აქედან, თავს შეგვაკლავენ და ეცდებიან, რომ ქულა მაინც აიღონ. ჩვენი საქმე მშვიდად უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამავდროულად, მაქსიმალურად დახარჯვაა საჭირო."

დიდი ბრძოლისთვის ემზადება "ბრეშა", გუნდი, რომელიც ბოლოს წინა ადგილზეა სატურნირო ცხრილში და თუ დროზე არ გამოასწორა ვითარება, სერია B-ში დაქვეითებას ვერ აცდება. არადა, ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი და შესაბამისად, შანსიც ცოტაა. როდესაც "მილანი" გყავს მეტოქედ, ძნელია აუცილებელი სამი ქულა დაგეგმო, მაგრამ ფაქტია, რომ მასპინძლებისთვის სასურველი რეზულტატი სწორედ გამარჯვება იქნება. არა, ფრეც მათ აქტივში ჩაიწერება, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ქულა დიდი ვერაფერი შვებაა.

"ბრეშას" ლიდერი, ანდრეა კარაჩოლო პირობას დებს, რომ გუნდს დაქვეითებისგან გადაარჩენს და ბოლოს, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა: "მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ არა გამოუვალში. თუ მაქსიმალურად მოვინდომებთ, დარჩენილ შეხვედრებში უხვად მოვაგროვებთ ქულებს და ელიტაშიც დავრჩებით. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ და მინდა ეს ჩვენმა გულშემატკივრებმაც იცოდნენ - პირობას ვდებ, რომ თავს არ დავზოგავ, არც თანაგუნდელები ჩამომრჩებიან და ამ დიდი ძალისხმევით, "ბრეშას" აუცილებლად გადავარჩენთ".

როდესაც ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი, ყველაზე დიდი ყურადღება ლიდერის პაექრობებს ეთმობა, მაგრამ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად შეგვიძლია "ინტერი"-"ლაციოც" მივიჩნიოთ. "ნერაძური" სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა, მაგრამ სამაგიეროდ, სამეულში მოხვედრა გაიხადა სათუოდ და "ლაციოსთან" აუცილებლად სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. თავის მხრივ, რომაელებსაც მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია შანსი, მეხუთე ადგილზე ჩამოქვეუთდნენ და პოზიცია "უდინეზეს" დაუთმონ. უდინელები "პარმას" მიიღებენ საკუთარ მოედანზე და ბუნებრივია, რომ ფავორიტებადაც ითვლებიან. თუმცა, დავუბრუნდეთ მილანში გასამართ პაექრობას და 'ინტერის" მთავარ მწვრთნელ ლეონარდოს მოვუსმინოთ:

"ბევრი ელოდა ჩვენ ჩავარდნას და სამწუხაროდ, ისინი უკვე საკმარისად გავახარეთ. ამიტომ, ძალები უნდა მოვიკრიბოთ და წარმატებული სერია გავაგრძელოთ, რომელიც "რომასთან" გასვლით პაექრობაში ავიღეთ. ვატყობ შეგირდებს, რომ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვეს, რაც იმედებს მიღრმავებს. მეტოქეს აუცილებლად შევუტევთ და ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც "ნერაძურის" შეეფერება."

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონარდომ კლუბის მესვეურებისგან ახალი შეთავაზება და კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების გარანტია მიიღო. წესით, ეს დიდი სტიმული უნდა იყოს სპეციალისტისთვის, რომელმაც თავად აღიარა, რომ მასიმო მორატის ადგილას ახალი მწვრთნელის ძიებას დაიწყებდა. ვნახოთ, რამდენად გამართლდება გავრცელებული ცნობა - ბევრი რამე ალბათ დარჩენილი შეხვედრების შედეგზე იქნება დამოკიდებული.

გამალებული სამზადისია "ლაციოს" ბანაკშიც - კლუბის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო თითებს იფშვნეტს სიამოვნებისგან და აცხადებს, რომ ედუარდო რეიას კვალიფიკაციაში ეჭვი არასდროს შეპარვია. მისი თქმით, მწვრთნელმა ბოლომდე გაუმართლა იმედები და როგორც არ უნდა დასრულდეს მიმდინარე სეზონი, ის გააგრძელებს გუნდში მუშაობას. რეიას თქმით, მომავალზე ნაკლებად ფიქრობს და მისი გონება მხოლოდ "ინტერთან" დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, რომაელები დაცვაში არ ჩაჯდებიან და შეეცდებიან, ბრძოლა მეტოქის ნახევარზე გამართონ. რეია სავარაუდოდ 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე სერჯო ფლოკარის გაამწესებს. ცენტრფორვარდს უკნიდან სტეფანო მაური, მაურო სარატე და ერნანესი დაეხმარებიან.

"ინტერის" შემადგენლობაზე არაფერი გვითქვამს, თუმცა სათქმელიც ბევრი არაფერია - თავდასხმაში სამუელ ეტოოსა და ჯამპაოლო პაცინისგან შემდგარ ტრადიციულ ტანდემს ვიხილავთ, მათ უკან კი ვესლი სნეიდერი გამწესდება და შეეცდება შეტევებს მიმართულება მისცეს. ვნახოთ, "ჯუზეპე მეაცაზე" წესით ძალიან უნდა დაცხეს.

ბოლოს, "ნაპოლის" შესახებ ვთქვათ - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდი მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ჯერ კიდევ ითვლება "მილანის" კონკურენტად. ვალტერ მაძარის გუნდი სიცილიაში ჩადის, სადაც გამოცოცხლებულ "პალერმოსთან" მოუწევს შეტოქება. მას შემდეგ, რაც დელიო როსი დაუბრუნდათ კუნძულელებს, მართლაც გააუმჯობესეს შედეგები, ჯერ "რომას" სძლიეს გასვლით პაექრობაში, შემდეგ კი "მილანს" ესტუმრნენ იტალიის თასის ეგიდით და სასურველ ფრეს გამოკრეს ხელი. ნეაპოლელები ერსეკილ ლავეცის და პაოლო კანავაროს მოისაკლისებენ, სიცილიელებს კი გოიანის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა.

რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დღეს:

რომა-კიევო 14.30

დისკვალიფიკაცია: რიგონი (კიევო).

ტრავმა: მექსე - ლუჩანო, იოკიჩი.

ბარი-სამპდორია 17.00

ტრავმა: ს. მაზიელო, კუტუზოვი, ბარეტო, ოკაკა, კასტილო - მარტინესი, პადალინო, სემიოლი.

ბოლონია-ჩეზენა 17.00

დისკვალიფიკაცია: სამარკო (ჩეზენა).

ტრავმა: მონტელონგო, გარიჩი - ფატიჩი, ფელიპე, როზინა.

კალიარი-ფიორენტინა 17.00

ტრავმა: ნენე, პიზანო - იოვეტიჩი, სანტანა.

ჯენოა-ლეჩე 17.00

ტრავმა: ველოზო, დესტრო - ფერარიო, ბერტოლაჩი, ჯულიატო, ოფერე.

ინტერი-ლაციო 17.00

დისკვალიფიკაცია: მათუზალემი (ლაციო).

ტრავმა: კორდობა - დიაკიტე, სკული, რადუ.

პალერმო-ნაპოლი 17.00

დისკვალიფიკაცია: გოიანი - კანავარო, ლავეცი.

უდინეზე-პარმა 17.00

დისკვალიფიკაცია: ჰანდანოვიჩი, დომიცი (უდინეზე).

ტრავმა: დი ნატალე, ბასტა, ფერონეტი - პალადინო, მარკესი.

ბრეშა-მილანი 21.00

დისკვალიფიკაცია: ძობოლი - იბრაჰიმოვიჩი.

ტრავმა: დალამანო, კორდოვა - ინძაგი, ამბროზინი, ბონერა, იანკულოვსკი, პატო, აბიატი, ნესტა.

იუვენტუსი-კატანია 23.00

ტრავმა: დე ჩელიე, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა - ბელუში, ლიამა, შაკა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 33 21 8 4 59-23 71

2. ნაპოლი 33 20 5 8 53-32 65

3. ინტერი 33 19 6 8 58-37 63

4. ლაციო 33 18 6 9 45-30 60

5. უდინეზე 33 18 5 10 59-35 59

6. რომა 33 15 8 10 51-47 53

7. იუვენტუსი 33 14 10 9 50-40 52

8. პალერმო 33 14 5 14 50-54 47

9. კალიარი 33 12 8 13 41-42 44

10. ფიორენტინა 33 10 13 10 38-35 43

11. ჯენოა 33 11 9 13 34-37 42

12. ბოლონია 33 11 10 12 34-44 40

13. კიევო 33 9 12 12 32-34 39

14. კატანია 33 9 9 15 31-45 36

15. პარმა 33 8 11 14 32-45 35

16. ლეჩე 33 9 8 16 38-56 35

17. ჩეზენა 33 8 10 15 30-45 34

18. სამპდორია 33 7 11 15 26-39 32

19. ბრეშა 33 7 9 17 28-43 30

20. ბარი 33 4 9 20 20-48 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 26 - დი ნატალე (უდინეზე); 25 - კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი), დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი).

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა