როგორც ჩანს, მხოლოდ ხუთი ფეხბურთელის დასჯა ყოფილა სკანდალური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი
განაჩენი გამოტანილია: ტოტალიზატორის სკანდალში გახვეულ ხუთ ქართველ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა!

აი, ასეთი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გუშინდელი გადაწყვეტილება, რაც იმის მაუწყებელია, რომ 35 წლის როინ ონიანს, 29 წლის ლევან ვართაგავას (ორივე -"ბაია"), 32 წლის სპარტაკ გოგიას, 24 წლის კახაბერ კირთაძეს (ორივე-"სამტრედია") და 24 წლის გიგა ბეჭვაიას ("ვიტ ჯორჯია") ამიერიდან პროფესიულ დონეზე თამაში ეკრძალებათ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლებათ; ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული დროის გასვლის მერე (ვთქვათ, ერთი-ორი წლის შემდეგ) ამ ხუთიდან რომელიმე ფეხბურთელს... ამნისტია შეეხოს და საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს. ბოლოს და ბოლოს, მსგავსი პრეცედენტი ადრეც ყოფილა: მესამე ჩემპიონატში, გურჯაანის "ალაზანისა" და რუსთავის "გორდას" შეხვედრაში, სტუმართა ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ნერვები ვერ მოთოკა მსაჯის აშკარა ტენდენციურობის გამო და არბიტრს... პანღური ამოარტყა!

მსაჯის შეცდომა აშკარა იყო, მაგრამ ფეხბურთელის საქციელსაც არ ჰქონდა გამართლება და იმის მიუხედავად, რომ ეს მოთამაშე თავის ამპლუაში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და მანამდეც არასდროს ყოფილა შემჩნეული დისციპლინის დარღვევაში, მაინც უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს - სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს! თუმცა, სულ მალე ამ ფეხბურთელმა პრესის საშუალებით დანაშაული მოინანია და სამუდამო დისკვალიფიკაციაც... პირობითად შეეცვალა (ეგ კი არა, იმის მერე ბევრად უფრო წარმატებული კარიერაც ჰქონდა). მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ აღმასკომის გუშინდელი გადაწყვეტილება მთლად საბოლოო არ უნდა იყოს და თუ ზემოთდასახელებული ხუთი ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ალბათ, ვალდებულიც არის რომ გაასაჩივროს.

არადა, როგორც ცნობილია, აღმასკომის წევრთა ნაწილი ფეხბურთელების 5 წლით დისკვალიფიკაციას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი - სამუდამოს. ანუ, ფაქტობრივად, დიდი სხვაობა არც უნდა ყოფილიყო: მოთამაშე 5 წლით რომ ჩამოცილებული იქნება სავარჯიშო პროცესს, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ძველებურ დონეზე იასპარეზოს (ერთადერთი, ალბათ, ედუარდ სტრელცოვის მაგალითია გამონაკლისი, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ კვლავაც ვარსკვლავურად რომ თამაშობდა).

ველოდით თუ არა აღმასკომისგან ასეთ ვერდიქტს? უფრო, ალბათ, ველოდით; ოღონდ, რატომღაც ისიც გვჯეროდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ხუთ ფეხბურთელს დასჯიდნენ "სამაგალითოდ" და ამით, ის მართლაც სკანდალურ-გახმაურებული თემა "დაიხურებოდა"! არადა, რა ვქნათ: ვერაფრით დაგვიჯერებია, რომ იმ ავადგასახსენებელი სამი მატჩის ("დინამო"-"ბაია", "ვიტ ჯორჯია"-სიონი", "სიონი"-"სამტრედია") მანიპულირებაში მხოლოდ და მხოლოდ ონიანი, ვართაგავა, გოგია, კირთაძე და ბეჭვაია იღებდნენ მონაწილეობას. ისიც უცნაურად გვეჩვენება, რომ უეფადან გამოგზავნილ (თანაც, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ვიდეოკადრებს გაავრცელებდა) წერილს, ბევრად უფრო "სერიოზული გაგრძელება" ექნებოდა. ანუ, რა გამოდის: უეფაში სერიოზული ეჭვი აქვთ, რომ "ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკის" სათასო და ჩემპიონატის შეხვედრა, პლუს "კოლხეთი"-"სამტრედიას" მატჩი ასევე მანიპულირებელი იყო, მაგრამ...

...არ დავმალავთ: ვერდიქტი მკაცრი იყო, მაგრამ მოსალოდნელი; თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ მხოლოდ ამ ხუთი ფეხბურთელის მოკვეთით საქმე არ უნდა "დაიხუროს"; პირიქით, - ალბათ, აჯობებს, რომ ისეთი მექანიზმი შემუშავდეს, კონკრეტულ ფეხბურთელ(ებ)ს, მწვრთნელ(ებ)ს, მსაჯ(ებ)სა თუ, საერთოდ ფეხბურთში დასაქმებულ პიროვნებებს გარკვეული მანიპულაციების სურვილი ერთხელ და სამუდამოდ გაუქრეთ. თორემ, დაუსჯელობის სინდრომი კვლავაც თუ იქნება, მაშინ წინ ვერავის და ვერაფერს აღვუდგებით, - რა ვქნათ, დღესაც ვერაფრით დაგვიჯერებია, რომ იმ ავადსახსენებელ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ როინ ონიანი, ლევან ვართაგავა, სპარტაკ გოგია, კახაბერ კირთაძე და გიგა ბეჭვაია არიან გარეულნი.

თუმცა, ეტყობა, "საქმისათვის" ასე სჯობდა: ერთი-ორის (ანუ, ხუთი კაცის) დასჯა ბევრად იოლი გამოსავალით მოჩანს; ანუ, თუ მანიპულაციებში გარეულ ფეხბურთელთა რიცხვი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში უკვე, საერთოდ, გუნდების დასჯის საკითხიც დადგებოდა დღის წესრიგში. დიახ, გუნდების (და არა, ერთი-ორი გუნდის), - ეს კი, თავად განსაჯეთ, რამხელა მასშტაბის სკანდალს გამოიწვევდა და ამ შემთხვევაში ხომ არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის, არამედ, საერთოდ, ქართული ფეხბურთის პრესტიჟიც შეილახებოდა (თანაც, საერთაშორისო დონეზე). ახლა კი, ფაქტობრივად, ამ საქმეს წერტილი დაუსვეს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთ (გნებავთ, ორ) ფეხბურთელს შეუძლია ყველა "ვალდებულების" (აუტების საკმარისი რაოდენობა, პირველი ყვეითელი ბარათი, ადრეული შეცვლა, პენალტი და ასე შემდეგ) შესრულება, მაშინ მართლაც კარგად ყოფილა ჩვენი ფეხბურთის საქმე.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ სეზონის ბოლოა და იმის საშიშროებაც ხომ იყო, რომ სატურნირო ცხრილი... ძირფესვიანად შეცვლილიყო. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა გუნდებს დაუმტკიცდებოდათ. ჰოდა ზეპირი ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, საქართველოს 2010-2011 წლების XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რეგლამენტს "მოვიშველიებთ"; კერძოდ, VII პუნქტის ("სადისციპლინო სასჯელი") მე-14 პარაგრაფს, სადაც გარკვევით წერია: საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო სამსახური და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ-დისციპლინარული კომისია უფლებამოსილია დასაჯოს ეგრეთ წოდებულ გარიგებულ თამაშებში მონაწილე გუნდები:

ა) გარიგებულ მატჩში გამოვლენილ გუნდებს ჩაეთვლებათ დამარცხება 0:3 და დაჯარიმდებიან 10000-10000 ლარით. თითოეულ გუნდს დააკლდება 3-3 ქულა.

ბ) საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის წინაშე დააყენებს საკითხს დამნაშავე გუნდის ჩემპიონატიდან მოხსნის შესახებ. საკითხის განხილვისას სადისციპლინო კოლეგია იხელმძღვანელებს მატჩზე მივლინებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლების, დელეგატის, მსაჯთა დამკვირვებლის და მსაჯების წერილობითი მოხსენებითი ბარათებით. ჩაწყობილ, გარიგებულ მატჩში განმეორებით მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების წინაშე დაისმევა საკითხი დამნაშავე გუნდების ჩემპიონატიდან მოხსნის შესახებ.

აი, ასეა მითითებული ჩემპიონატის რეგლამენტში, მაგრამ, ალბათ, მხოლოდ ხუთი ფეხბურთელის სამაგალითოდ დასჯა ყოფილა ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს შექმნილი იმ მართლაც ხმაურიანი და სკანდალური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი!

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება