სერბი ჩოგბურთელი თავისი ფენომენალური თამაშისა და ქველმოქმედების წყალობით მუდმივად ყურადღების ცენტრშია
დღეს სპორტის ნებისმიერ მოყვარულს ნოვაკ ჯოკოვიჩის სახელი აკერია პირზე. სერბი ჩოგბურთელი თავისი ფენომენალური თამაშისა და ქველმოქმედების წყალობით მუდმივად ყურადღების ცენტრშია. რომის მასტერსის მოგების შემდეგ ნოვაკმა მოდების საქველმოქმედო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. აქცია - Fashion for Relief კანის 64-ე კინოფესტივალის რანგში გაიმართა და მისგან შემოსული თანხა იაპონიაში გამანადგურებელი სტიქიის მსხვერპლთა დახმარების ფონდში გადაირიცხა.

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის მიერ ორგანიზებულ ჩვენებაში ჯოკოვიჩის გარდა მონაწილეობა მიიღეს ჯეინ ფონდამ, კეიტ მოსმა, შირლი ბესმა და სხვებმა. წამყვანმა დიზაინერებმა ამ აქციისთვის საღამოს კაბები წარმოადგინეს, Dolce & Gabbana-მ კი სპეციალური მაისურები წარმოადგინა.

ამასობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელი გახდა ამ სეზონში, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება გაინაღდა.

2011 წლის დასკვნითი ჩემპიონატი 20-27 ნოემბერს ლონდონში გაიმართება. ეს ინფორმაცია ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

სერბმა ლონდონის საგზური რომის მასტერსის მოგების შემდეგ გაინაღდა. ნოვაკისთვის ეს მეშვიდე ტიტულია სეზონში. მანამდე მან მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსის, მაიამისა და მადრიდის მასტერსები, აგრეთვე ტურნირები დუბაისა და ბელგრადში.

ჯოკოვიჩი ზედიზედ მეხუთედ მოხვდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე. იქ მან 2008 წელს მოიპოვა ტიტული, შარშან კი ნახევარფინალამდე მიაღწია და მომავალ ჩემპიონ როჯერ ფედერერთან დამარცხდა. ეს არის ჯერჯერობით ბოლო მარცხი ჯოკოვიჩისთვის პროფესიულ ტურში.

სხვათა შორის, ნოვაკი მხოლოდ მეორე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში როლან გაროსამდე გაინაღდა. 2009 წელს იგივე გააკეთა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასკვნით ჩემპიონატში წლის საუკეთესო რვა ჩოგბურთელი შეიკრიბება. ამ ეტაპისთვის ტურის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 6975 ქულა

2. ნადალი (ესპანეთი) - 4390

3. ფერერი (ესპანეთი) - 2740

4. ფედერერი (შვეიცარია) - 2620

5. მიურეი (ბრიტანეთი) - 2030

6. სიოდერლინგი (შვედეთი) - 1630

7. ბერდიხი (ჩეხეთი) - 1485

8. ალმაგრო (ესპანეთი) - 1440

9. დელ პოტრო (არგენტინა) - 1375

10. გასკე (საფრანგეთი) - 1090

იტალიის დედაქალაქში რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ ჯოკოვიჩის მოგებათა სერია სეზონის სტარტიდან მოყოლებული 37 მატჩამდე (მეორე შედეგი მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში - ჩამორჩება მხოლოდ ჯონ მაკინროის, რომელმაც 1984 წლის სეზონი ზედიზედ 42 მოგებით დაიწყო) ავიდა, დევისის თასის მატჩების ჩათვლით კი ეს სერია 39 მოგებას ითვლის. ამ მაჩვენებლით ნოვაკი ATP-ის ისტორიაში ჯერჯერობით მეექვსეა, მაგრამ როლან გაროსის მოგება გილერმო ვილასის "სამუდამო" რეკორდის გამეორების საშუალებას მისცემს. ლეგენდარულმა არგენტინელმა 1977 წლის სეზონის მსვლელობისას (ოღონდ არა სტარტიდან) ზედიზედ 46 მატჩი მოიგო.

ჯოკოვიჩის წაუგებელი სერია უნიკალური მოვლენაა თანამედროვე ჩოგბურთში, რადგან დღეს პროფესიულ ტურში არნახული კონკურენცია სუფევს. ნოვაკზე არანაირი ფაქტორი არ მოქმედებს - არც დაღლილობა და არც კონკურენტთა განსაკუთრებული მოტივაცია სერბის წინააღმდეგ თამაშისას.

მას შემდეგ, რაც ჯოკოვიჩმა გრუნტზე ზედიზედ სამი ტურნირი (ბელგრადი, მადრიდი, რომი) მოიგო, დღის წესრიგში დადგა შემდეგი საკითხი: შეძლებს თუ არა ის საფრანგეთის ღია პირველობის მოგებას. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან "დიდი სლემის" ტურნირებზე განსაკუთრებული დატვირთვებია, ჯოკოვიჩი კი რობოტი არ არის და დაღლილობა რაღაც ეტაპზე აუცილებლად იჩენს თავს.

აღსანიშნავია, რომ წელს მამაკაცთა ტურში უკვე ოთხი მასტერსი ჩატარდა, ოთხივეში ჯოკოვიჩი და ნადალი შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში და ოთხივეჯერ გამარჯვება სერბ ჩოგბურთელს დარჩა. საინტერესოა ისიც, რომ 2011 წელს ნადალთან და ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი წინ არის - 7:0, ხოლო რეიტინგის საუკეთესო ათეულის წარმომადგენლებთან მოგება-წაგების შეფარდება ასეთი გახლავთ - 13:0.

რაც შეეხება რეიტინგის პირველი საფეხურისთვის ბრძოლას, ამის შესახებ გუშინდელ ნომერში დავწერეთ. ჯოკოვიჩს ნადალის გასწრების კარგი შანსი აქვს - თუ რაფა ფინალში ვერ გავა, ნოვაკი ნებისმიერ შემთხვევაში ინაღდებს კლასიფიკაციაში პირველობას. იგივე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სერბი საფრანგეთის ღია პირველობის მოგებას შეძლებს.

აქვე გთავაზობთ ATP-ის ტურში ყველაზე გრძელ მოგებათა სერიების ავტორებს:

46 გილერმო ვილასი (არგ) - 1977

44 ივან ლენდლი (ჩეხ) - 1981/82

42 ჯონ მაკინროი (აშშ) - 1984

41 ბიორნ ბორგი (შვედ) - 1979/80

41 როჯერ ფედერერი (შვეიც) 2006/07

39 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 2010/11

ჯოკოვიჩის მიღწევებს გამოეხმაურა ლეგენდარული ამერიკელი ჯონ მაკინროი, რომლის რეკორდსაც ემუქრება სერბი ჩოგბურთელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაკინროის 1984 წლის სეზონის სტარტზე ზედიზედ 42 მოგება ჰქონდა და ჯოკოვიჩს ამ რეკორდის გასამეორებლად ხუთი მოგება სჭირდება.

"ნადალმა არ იცის რა მოუხერხოს ჯოკოვიჩს და როგორ დაამარცხოს ის. თუ რაფა დაბნეულია და თავის საყვარელ გრუნტზე ვერაფერს უპირისპირებს ნოვაკს, ეს იმის მანიშნებელია, რამდენად ძლიერად ათმაშდა სერბი აღნიშნულ საფარზე. დღეს ჩვენ ვუყურებთ ჩოგბურთელს, რომელიც აბსოლუტურად საუკეთესო მსოფლიოში", - აღნიშნა AP-თან ინტერვიუში მაკინროიმ.

"რაც შეეხება ჩემს რეკორდს, ის ერთადერთი მიღწევაა, რომელიც დიდ ჩოგბურთში დამრჩა და არ მინდა ის ვინმემ დაამხოს. მაგრამ, მეორეს მხრივ, ბევრისთვის ეს რეკორდი ინტრიგას წარმოშობს და ამიტომაც როლან გაროსის წინ ერთგვარი მღელვარება იგრძნობა", - აღიარა მაკინროიმ, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობაზე საჩოგბურთო ანალიტიკოსის როლში იქნება.

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა