ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა ნოდარ მეტრეველს და იოსებ წელაურს განაჩენი გამოუტანა და სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა
ფეხბურთის შემდეგ ძიუდოს ჯერი დადგა - გუშინ ამ ფედერაციის აღმასკომმაც გამოუტანა განაჩენი საკუთარ სპორტსმენებს და სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ასეთი უმკაცრესი განაჩენი ორ ფალავანს ერგო - მძიმე წონაში ეროვნული ნაკრების წევრ ნოდარ მეტრეველს და საქართველოს 2009 წლის ჩემპიონ იოსებ წელაურს (81). მეტრეველი ბაქოში, "დიდ პრიზზე" მომხდარი დანაშაულისთვის დაისაჯა - ქურდობაშია ეჭვმიტანილი, წელაური კი - ჩხუბისთვის. ეს ინციდენტი უნივერსიადაზე მოხდა, როცა წაგებით განაწყენებული სპორტსმენი ტატამიდან გასვლისას, თავს დაესხა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ნიკო ზაუტაშვილს და ხელჩართულ ჩხუბში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

გუშინვე აღმასკომმა კიდევ ორი სპორტსმენი დასაჯა, ოღონდ გაცილებით ლმობიერად, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით: ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანწინდელი ვიცე-ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილი (90) და ივანე დავითაშვილი (66). მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, ზოგადად ითქვა, რომ ისიც უნივერსიადაზე არასპორტული საქციელისთვის ჩამოაშორეს სპორტს, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ბრალდება აქაც ბაქოს ანალოგიურია.

იყო ლაპარაკი, თითქოს ვიღაც მესამეც დაისაჯა, მაგრამ დანაშაული აქაც გაუხმაურებელი დარჩა.

აღმასკომმა აგრეთვე იმსჯელა სისტემატურ დარღვევებზე და ნაკრებებში დისციპლინის გამყარების აუცილებლობაზე - ვარჯიშებზე დაგვიანება ან სულაც გაცდენა, მწვრთნელებისადმი დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ. მიღებული დადგენილებით, დამრღვევთა მიმართ ფინანსურ-ადმინისტრაციული სასჯელი გატარდება.

"მკაცრი სანქციები მომავალშიც განხორციელდება ნებისმიერ არასპორტულ საქციელზე. სპორტი არაა ქურდობის და მაიმუნობის ადგილი. ვინც არ დაემორჩილება დისციპლინას და საერთო რეჟიმს, ის არც სპორტში იქნება" - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

გუშინ ამავე პოზიციაზე იყო ყველა - ძიუდოს ფედერაციის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გიორგი ალექსიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი თუ სხვა. თუმცა ვარძელაშვილი უფრო შორსაც წავიდა და რეალობას ბოლომდე თუ არა, მაინც გვარიანად ჩამოხადა ნიღაბი.

"სამწუხაროდ, ქართულ სპორტში წლების განმავლობაში დამკვიდრდა დაუსჯელობის სინდრომი. სხვადასხვა სახეობებში მრავლადაა ისეთი მიუღებელი შემთხვევები, როგორიცაა გინება, ხელისა და წიხლის დარტყმა, შეხვედრების ყიდვა-გაყიდვა, ქურდობა და ასე შემდეგ. საუბედუროდ, ამის უამრავი მაგალითია გამოვლენილი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი მკაცრი სანქციების შესახებ, თორემ გუნდებში დისციპლინას ვერ დავამყარებთ. ვფიქრობთ, სანქციები უმკაცრესი უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ სათანადო კულტურა ჩამოვაყალიბოთ სპორტსმენებშიც და მწვრთნელებშიც. სხვანაირად ქართული სპორტი ვერ განვითარდება. მომავალში ანალოგიურად დაისჯება ყველა, ვინც დაარღვევს დისციპლინას, ხოლო განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის საერთოდ მოიკვეთებიან სპორტიდან".

სამწუხაროდ და საუბედუროდ, რაც მინისტრმა ბრძანა, მართლაც ჩვეულებრივია ქართულ სპორტში, მაგრამ აქამდე ამაზე ლაპარაკს ყველა ერიდებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მეტ გამჭვირვალობას ვისურვებდით. ინფორმაციის ნაკლებობა ჭორების გავრცელებას იწვევს. მასმედიით ისიც კი ითქვა, თითქოს ჩვენმა სპორტსმენმა ბაქოში მაღაზია გაძარცვა! არადა, ჯერ კიდევ ბაქოდან ჩვენი გუნდის ჩამოსვლამდე ლაპარაკობდნენ, რომ ქურდობა დარბაზში მოხდა და არა მაღაზიაში. იქნებ ღიად და საჯაროდ არავინ ლაპარაკობს, მაგრამ კულუარებში დეტალურად ვრცელდება იქაური ამბავი, როგორ ითხოვდა ფრანგი მწვრთნელი სატელეფონო ბარათის დაბრუნებას (აპარატს არ დავეძებო) და როგორ გაარკვიეს საქმის ვითარება ვიდეოჩანაწერის გაშიფვრით.

ასეთ პირობებში, როცა ყველამ ყველაფერი იცის, ინფორმაციის დამალვა იმ ქართულ ანდაზას გვაგონებს, ბრმას რომ ცოლი მოუკვდება და არ ეუბნებიან. ვფიქრობთ, თავად ფედერაციები უნდა ავრცელებდნენ ოფიციალურ განცხადებას და მაშინ არც ზემოაღნიშნულის მსგავსი ჭორები გავრცელდება. მავანს პრობლემასთან ბრძოლას, მედიისთვის სიმართლის დამალვა ურჩევნია, ამას კი სირაქლემას პოზამდე მივყავართ.

ბოლოდროინდელი ამბები გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ უკვე სერიოზულად გადაწყვიტა სპორტის კრიმინალისგან გაწმენდა. აქვე ჩნდება სინანულნარევი კითხვა - რატომ დავკარგეთ ამდენი დრო? იმავე ძიუდოში მსგავს ფაქტებზე ადრე რომ აემაღლებინათ ხმა, ახლა დისციპლინაც დამყარებული იქნებოდა და აღარც ასეთ სავალალო დღეში აღმოვჩნდებოდით, რაც იმავე ძიუდოში, მძიმე წონაში შეგვექმნა - ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე, გაგანია სალიცენზი სეზონში მხოლოდ ზვიად ხანჯალიაშვილის იმედად დავრჩით, რადგან ადამ ოქრუაშვილიც დასჯილია პოლონეთის ტურნირზე მომხდარი ასევე მიუღებელი საქციელისთვის. მართალია, მისი სასჯელი ბევრად ხანმოკლეა და მალე დაუმთავრდება, მაგრამ ბაქოს ტურნირი ხომ გამოტოვა. თან ოქრუაშვილი სალიცეზნიო რეიტინგში ჩვენგან საუკეთესოა, ხანჯალიაშვილსაც უსწრებს.

პარადოქსია - მძიმე წონაში სულ სამი რიგიანი სპორტსმენი გვყავს (ლაშა გუჯეჯიანი ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, არ ვარჯიშობს და არც გვიგულისხმია), იმათგან ორი კი დისკვალიფიცირებულია! ასევე ადრევე იყო საჭირო, ჩხუბის, აყალმაყალის, დანისა თუ ხელ-ფეხის ქნევისათვის ასეთი უმკაცრესი სასჯელების დაწესება და მაშინ დღეს წელაურის შემთხვევაც არ იქნებოდა. არადა, ძიუდოში ეს ყველაფერი სისტემატურად, ლამის ყოველ ტურნირზე ხდებოდა - გვინახავს დაჭრილიც, სახედასისხლიანებულიც, ცხვირგატეხილიც, სამართებლით სახეგადასერილიც და უღვთოდ ნაცემიც, მაგრამ სამართლიანობის ზეიმის ნაცვლად საბოლოდ ყველაფერი ქართულ "ჩაწყობით" მთავრდებოდა. ჭირი თავს არ მალავს და არც შუბი იმალება ხალთაში. სწორედაც ამიტომ ამოხეთქა ამ ყველაფერმა...

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა