როლან გაროსის ტურნირის მე-19 ნომერი მარინ ჩილიჩი ესპანელ რუბენ რამირეს-იდალგოსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
მამაკაცების ტურნირი იმით დაიწყო, რომ უბრძოლველად დატოვა როლან გაროსი მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ლუიტონ ჰიუიტმა. ამის ოფიციალური მიზეზი მარცხენა ფეხის ტრავმა გახდა. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელს სწორედ ამ დაზიანების გამო მაიამის მასტერსის შემდეგ არ უთამაშია.

30 წლის ჰიუიტი ძირითად ბადეში ფრანგმა მარკ ჟიკელმა შეცვალა. მას გუშინვე მოუწია პირველ წრეში თამაში და დამარცხდა ესპანელ ალბერტ მონტანიესთან.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პირველი განთესილი ჩოგბურთელის გავარდნა. საშინელი თამაში აჩვენა ტურნირის მე-19 ნომერმა მარინ ჩილიჩმა. საუკეთესო ათეულის ყოფილმა წევრმა სამ სეტში 67 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა და ხუთჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. ასეთი თამაშით ხორვატს მეორე წრეში არაფერი ესაქმებოდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩილიჩმა წააგო ესპანელ რუბენ რამირეს-იდალგოსთან. ამ ჩოგბურთელმა "დიდი სლემის" რიგით მე-15 ტურნირში აიღო სტარტი და მხოლოდ მეოთხე (!) მატჩი მოიგო. 2006 წელს, საფრანგეთის ღია პირველობაზე ესპანელმა მეოთხე წრეში გააღწია, იქიდან მოყოლებული კი "დიდი სლემის" 13 ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და 13-ჯერ (!) წააგო პირველი წრის მატჩი. ნავსი მან გუშინ გატეხა.

კიდევ ერთ ესპანო-ხორვატულ დაპირისპირებაში ასევე პირენეის ნახევარკუნძულის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. 65-ე ნომერმა პერე რიბამ ATP-ის 46-ე ნომერი ივან დოდიგი დაამარცხა ოთხ სეტში - 6:3, 3:6, 7:6(6), 6:4. გადამწყვეტი მომენტი იყო მესამე სეტი, რომელიც საათი და 12 წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ, ტაი-ბრეიკზე ესპანელმა იმარჯვა და შემდეგ მეოთხე სეტში წერტილი დაუსვა შეხვედრას. მარათონული მატჩი სამი საათი 21 წუთი მიმდინარეობდა.

აღარ გვიკვირს ერთ დროს პერსპექტიული ლატვიელის ერნესტ გულბისის წარუმატებლობები. საუკეთესო ოცეულის ყოფილი წევრი საერთოდ ამოვარდინილია ფორმიდან, ზედიზედ აგებს თამაშებს და ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 85-ე პოზიციამდეა დაშვებული.

ბალტიისპირელის მეტოქე რეიტინგში მისი მეზობელი, 24 წლის სლოვენიელი ბლაჟ კავჩიჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში კატასტროფული ლატვიელისთვის იყო (1:6, 4:6, 2:6), თამაში საკმაოდ დიდხანს, თითქმის ორ საათს გაგრძელდა. გულბისმა ორი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ამასთან, შვიდჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. აღსანიშნავია, რომ ლატვიელი ძალიან ბევრს ცდებოდა: მის ანგარიშზე ცხრა ორმაგი და 55 უნებლიე შეცდომა იყო. კავჩიჩის ანალოგიური მაჩვენებლები ექვს ორმაგსა და 20 უნებლიე შეცდომას უდრიდა.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად გუშინ სამი ფრანგი გავიდა მეორე რაუნდში, თუმცა იყვნენ წაგებულებიც. მაგალითად, შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ ტურნირს ჩამოაშორა ფრანგი ოგუსტენ ჟენსე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეტი მასპინძელს დარჩა. სხვათა შორის, შვეიცარიელისთვის როლან გაროსზე ეს სტარტი ზედიზედ 25-ეა "დიდი სლემის" ტურნირების" ძირითად ბადეში. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ შვეიცარიელი ბოლო ორი წელი პარიზში მეოთხედფინალში თამაშობდა.

მთავარ ფავორიტთაგან გუშინ ბრძოლაში მხოლოდ ესპანელი დავიდ ფერერი ჩაება და პრობლემა არ ჰქონია პირველ მატჩში. 29 წლის ჩოგბურთელი მსოფლიოს 50-ე ჩოგანს, ფინელ იარკო ნიემინენს ხვდებოდა. სხვათა შორის, ეს მოთამაშეები წელს ავსტრალიის ღიაზეც ამავე ეტაპზე დაუპირსპირდნენ ერთმანეთს და დავიდმა გამარჯვებას მიაღწია.

პარიზულ გრუნტზე ესპანელმა კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგო - 6:3, 6:3, 6:1. შემდეგ წრეში გასასვლელად დავიდმა საათი და 25 წუთი დახარჯა. ფერერმა ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ამასთან, სკანდინავიელს არათუ ბრეიკი, ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაანება.

ბრძოლას აგრძელებს ორი იტალიელი - ფაბიო ფონინი და ანდრეას სეპი. მათ შესაბამისად, დენის ისტომინი და თემურ გაბაშვილი დაამარცხეს. შემთხვევითი არ არის, რომ იტალიელებმა როლან გაროსის წინ კარგი ფორმა აჩვენეს და გუშინდელმა მატჩებმა მათი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კაცები

I წრე

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:3, 6:3, 6:1; ჟულიან ბენეტო (საფ)-რუი მაშადო (პორ) 4:6, 6:1, 6:2, 6:0; კეი ნიშიკორი (იაპ)-იუნ ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:1, 6:3, 6:4; სერგეი სტახოვსკი (უკრ, 31)-დავიდ გუე (საფ) 6:7, 6:3, 6:3, 6:3; გიიომ რუფენი (საფ)-ადრიან მანარინო (საფ) 6:2, 6:3, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-ოგუსტენ ჟენსი (საფ) 4:6, 6:3, 6:4, 6:2; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 17)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 6:3, 6:2, 6:2; პერე რიბა (ესპ)-ივან დოდიგი (ხორ) 6:3, 3:6, 7:6, 6:4; მაქმის ტეიშეირა (საფ)-ვენსან მილო (საფ) 6:2, 5:7, 6:7, 6:4, 6:1; ფაბიო ფონინი (იტა)-დენის ისტომინი (უზბ) 6:4, 6:2, 6:2; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 30)-რობერტ კენდრიკი (აშშ) 6:1, 7:5, 4:6, 6:3; რუბენ რამირეს იდალგო (ესპ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 19) 7:6, 6:4, 6:4; ალბერტ მონტანიესი (ესპ)-მარკ ჟიკელი (საფ) 6:4, 6:4, 6:2; ანდრეას სეპი (იტა)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:3, 7:5, 7:5; ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:1, 6:4, 6:2.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა