ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ევროპის პრიზიორ მანუჩარ ცხადაიას ტვინის შერყევა არ დაუდგინდა
10-12 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი ისეც ვერ დაიკვეხნიდა გუნდებისა თუ ცალკეულ ვარსკვლავთა სიმრავლით, ბოლო დღეებში კი კინაღამ კიდევ ერთი ტიტულოვანი ფალავანი დააკლდა. თანაც - ჩვენივე რიგებიდან.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა და ევროპის პრიზიორმა მანუჩარ ცხადაიამ, რომელიც 74 კილოგრამში აპირებს ჭიდაობას, კინაღამ ტვინის მორიგი შერყევა მიიღო - დარბაზში ფეხი გაუცურდა და თავი დაარტყა. ეს იყო და ყველას საფიქრალი ის გახდა, დაზიანება მძიმე ხომ არ იქნებოდა და შეძლებდა თუ არა სპორტსმენი "ოქროს დიდ პრიზზე" ჭიდაობას. თავიდან შერყევის ნიშნები მართლაც ჩანდა, მაგრამ გამოკვლევამ ეს ეჭვი არ დაადასტურა და ცხადაიაც მცირე პაუზის შემდეგ კვლავ შეუდგა ვარჯიშს.

სპორტსმენმა ტვინის შერყევა პირველად შარშან, დეკემბერში მიიღო საქართველოს ჩემპიონატზე. მაშინ ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, ევროპის ჩემპიონატიც გამოატოვებინა და მისთვის მოსამზადებელი მთელი ციკლიც. როგორც იქნა გამოჯანმრთელდა და როცა ყველამ შვებით ამოისუნთქა - ევროპაზე თუ არა, მსოფლიოზე მაინც შეძლებს გამოსვლასო, მორიგ ვარჯიშზე ნეკნი დაიზიანა. საბედნიეროდ, იმდენად საშიში არც ის აღმოჩნდა.

ცხადაია ბოლო ორ წელიწადში ანუ მას შემდეგ, რაც ევროპა-მსოფლიოზე ზემოაღნიშნული მედლები მოიპოვა, ისედაც გვარიანად გააწამა ტრავმებმა - ხან რა ასტკივდება, ხან - რა, რამაც მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გამოატოვებინა. ოღონდ იმ შეჯიბრებებისგან განსხვავებით, სექტემბერში სტამბოლში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი ორმაგად გამორჩეულია, რადგან იქ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურებიც გათამაშდება - ყოველ წონაში ექვს-ექვს მოწინავეზე.

ცხადაიას ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, შეიცვალოს თუ არა წონითი კატეგორია - ეს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შემდეგ, იქ ნაჩვენები შედეგების გაანალიზებით უნდა განესაზღვრა, მაგრამ ტრავმებმა ამის საშუალება არ მისცა. თბილისში ის 74-ში აპირებს ჭიდაობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ გადადის იქ - ამით მხოლოდ საკუთარ ძალებს ცდის, მაგრამ წონის შეცვლა რომ ნამდვილად მოუწევს, ესეც უდავოა - ძალიან ბევრის დაკლება უწევს, დაახლოებით 10 კილოგრამისა. წონის ასეთი დიდი კლება განსაკუთრებით მტკივნეული მჩატე წონებისთვისაა. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის გადავა ახალ წონაში - ოლიმპიადამდე თუ მის შემდეგ?

სავარაუდოდ, ეს უფრო ლონდონის შემდეგ მოხდება - ახალ წონაში ადაპტაციას ისედაც სჭირდება გარკვეული პერიოდი, ოლიმპიადამდე კი არც იმდენია დარჩენილი, ახლა ექსპერიმენტების დრო იყოს. თანაც, ვიდრე 74-ში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიაა, მასთან კონკურენციაში შესვლა არც ისე გონივრულია. ოღონდ ესეც ლონდონამდე დარჩენილი მცირე დროის გამო, თორემ გაცილებით მეტი რომ რჩებოდეს ადაპტაციისთვის, მაშინ სავსებით დასაშვებად მივიჩნევდით, ახლა კი ცხადაია ისეთ კონკურენტთან პაექრობაში აშკარად წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.

"ოქროს დიდ პრიზზე" ჩვენს ბერძენ-რომაელთა ნაკრებს დანაკლისი ისედაც მძიმე ექნება - ფეხის ძველი ტრავმის გამო ვერ იჭიდავებს ვლადიმერ გეგეშიძე (84), სავარაუდოდ, მწვრთნელები დაასვენებენ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ რევაზ ლაშხსაც (60), რომელმაც ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და საკმაოდ დიდი დრო გაუცდა... კიდევ უფრო სოლიდურია ქართველ "თავისუფალთა" დანაკლისი, რომელსაც, სავარაუდოდ, ერთბაშად ოთხი ლიდერი არ ეყოლება: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი გიორგი გოგშელიძე (96), ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84).

ამათგან თუშიშვილის და გოგშელიძის შემთხვევაში მიზეზი ძველი ტრავმები და გადატანილი ოპერაციაა, ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი კონტინენტის ახალგაზრდული პირველობისთვის ემზადებიან. თუშიშვილს ხელის მოტეხილი თითები ჯერაც არ მოურჩა, გოგშელიძე კი გერმანიაში ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მწვრთნელების თქმით, მისი "ოქროს დიდ პრიზზე" გამოსვლის გარკვეული შანსი კიდევ არსებობს, თუშიშვილთან მიმართებაში კი პროგნოზები ბევრად უფრო პესიმისტურია.

სამწუხაროდ, დამაიმედებელს ვერც უცხოელთა მონაწილეობაზე გეტყვით - წლევანდელი ტურნირი საკმაოდ მცირერიცხოვანი და შემადგენლობითაც სუსტი იქნება ახლანდელი რანგის და იმის მიუხედავად, რომ "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალის ქულებსაც იძლევა, იქ კი საკმაოდ მაღალო საპრიზო ფონდია.

ჯერჯერობით თბილისში დაახლოებით 7-8 გუნდს ელოდებიან. ამათგან ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი ადრევე იყო ცნობილი, ბოლო დღეებში კი მათ ისრაელი, მონაკო და კანადაც დაემატნენ. ოღონდ ესენი არასრული გუნდებით ჩამოდიან, თუმცა წინასწარ სიებში მონაკოელებს მოლდოვიდან გადაბირებული ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი გენადი ტულბეა (55) ჰყავთ შეყვანილი. მთლიანობაში უძლიერესი შემადგენლობით მხოლოდ ირანელები გვიპირებენ სტუმრობას.

ადრე ვწერდით, რომ ირანიდან მონაწილეობა მაზანდარანის პროვინციის ნაკრებსაც სურდა, მასპინძლებმაც დასტური მისცეს, მაგრამ იქაურმა ფედერაციამ არ მისცა ამის უფლება. სამწუხაროდ, დამაიმედებელი ისევ არაფერი ისმის უკრაინიდან, რომლებიც ჩამოსვლის დიდ სურვილსაც ამჟღავნებდნენ და ჩემოდნებსაც ალაგებდნენ, მაგრამ ფედერაციამ უარი თქვა მათ დაფინანსებაზე. ერთადერთი იმედია, იქაური ქართველები თუ ჩამოვლენ საკუთარი ინიციატივით. ჯერ არ ვიცით, ვის ჩამოიყვანს აზერბაიჯანელთა დაღესტნელი დამრიგებელი საიპულა აბსაიდოვი - იქაურ საიტებზე ჩვენი შეჯიბრების შესახებ ჯერ არაფერი იწერება, თუმცა სავარაუდოდ, კუბიდან გადაბირებულ მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ალექსის როდრიგესს წამოიყვანს. ის პირველად ამ უქმეებზე გამოსცადეს დაღესტნურ კასპიიისკში, ალი ალიევის სახელობის ტურნირში, მაგრამ იქ პირველივე წრეში წააგო და აზერბაიჯანელები გვარიანად გააწბილა. სავარაუდოდ, მას შანსს კვლავაც მისცემენ და ისევ დააკვირდებიან. მით უფრო, რომ კასპიისკში როდრიგესი წონის ლიდერთან, თურქ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ფატიჰ ჩაკიროღლუსთან დამარცხდა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა