სერია A-ს 2010/2011 წლების სეზონი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რომელსაც ჰყავდა თავისი გმირები და ანტიგმირები
სერია A-ს 2010/2011 წლების სეზონი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რომელსაც ჰყავდა თავისი გმირები და ანტიგმირები. ბევრმა სასიამოვნოდ გაგვაოცა, ეს ცალკეულ ფეხბურთელებზეც შეიძლება ითქვას და გუნდებზეც, თუმცა დღეს მათზე უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, რომლებისგანაც მეტს ველოდით, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი ვიხილეთ.

ჩამონათვალი კიდევ უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო და კანდიდატები უხვად იყვნენ, მაგრამ ვარჩიეთ 5 მთავარი იმედგაცრუება გამოგვეყო. დანარჩენს ქვემოთ შეიტყობთ...

5. ფიორენტინა

"ფიორენტინას" იტალიაში და არა მარტო, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს - გამომდინარე აქედან, ფლორენციული გუნდისგან ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ელიან. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010/2011 წლების სეზონი "ვიოლასთვის" წარუმატებელი გამოვიდა. უღიმღამო, არასტაბილური თამაში, რომლის შედეგი მეცხრე ადგილია სატურნირო ცხრილში და ევროტურნირებს მიღმა დარჩენა.

ექსპერტთა უმეტესობა დამნაშავედ გუნდის მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს მიიჩნევს, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაუშვა შეცდომები და შედეგიც შესაბამისი მოიმკო. როდესაც გაცხადდა, რომ სტევან იოვეტიჩის სახით, "ვიოლას" უდიდესი ძალა გამოაკლდა, გულშემატკივრებმა ღირსეული შემცვლელის პოვნა მოითხოვეს, თუმცა კლუბის მესვეურები მთავარი მწვრთნელის პოზიციას ამოეფარნენ და განაცხადეს, ახალი შემტევის საჭიროება არ იყო. მაშინ, მიხაილოვიჩი კლუბის ბიუჯეტს გაუფრთხილდა, მესვეურთა გული მოიგო და საბოლოო ჯამში, ეს გუნდის შედეგებზე უარყოფითად აისახა.

მიუხედავად ამისა, სერბი სპეციალისტი რჩება დაკავებულ პოსტზე და თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, მომდევნო სეზონშიც უთავკაცებს "ფიორენტინას".

4. დიეგო მილიტო

2009/2010 წლების სეზონის "ინტერის" ტრიუმფში დიეგო მილიტომ უდიდესი წვლილი შეიტანა და ალბათ უფრო მეტი, ვიდრე "ინტერის" სხვა თავდამსხმელებმა, თუნდაც სამუელ ეტოომ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა ორი გოლი და შეხვედრის უდავო გმირად იქცა. გამომდინარე აქედან, მილიტოსგან ამ სეზონშიც ანალოგიურ გმირობებს ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. დიეგო ჩრდილში მოექცა და ლიდერის როლი სამუელ ეტოომ იკისრა.

მილიტო ტრავმებმა გატანჯეს და ეს ნამდვილად შემამსუბუქებელი გარემოებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სეზონის ერთ-ერთ იმედგაცრუებად უნდა მივიჩნიოთ. არგენტინელისთვის იმდენად ცუდად წარიმართა სეზონი, რომ მისი "ჯენოაში" დაბრუნების შესახებ გავრცელდა ცნობები, თუმცა თავად ფეხბურთელმა მოვლენათა ასეთი განვითარება კატეგორიულად გამორიცხა. ანუ, მილიტო "ინტერში" რჩება და ვნახოთ, როგორ გაირჯება მომდევნო სეზონში.

3. რაფაელ ბენიტესი

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიოს მადრიდში გადაბარგების შესახებ გაცხადდა, მასიმო მორატი აქტიურად შეუდგა პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელის ძიებას და არჩევანი რაფაელ ბენიტესზე შეაჩერა. ესპანელი იქამდე "ლივერპულს" თავკაცობდა და გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - შესაბამისად, გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მწვრთნელის სახელი ჰქონდა დაგდებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაფას მილანში ჩასვლას საფეხბურთო იტალია ოპტიმისტურად შეხვდა და მორატის გადაწყვეტილებაც ყველამ ერთხმად მოიწონა.

ვერ გეტყვით რა დაემართა ბენიტესს, მაგრამ "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რომ სრული კრახი განიცადა, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ესპანელის ხელში "ნერაძურიმ" დაკარგა ყველაფერი, რაც ჟოზე მოურინიოს პერიოდში ჰქონდა და გუნდი ღრმა კრიზისში ჩაეფლო. არადა, რაფას იტალიაში აქვს სამწვრთნელო განათლება მიღებული და ჯერ კიდევ ესპანეთში მუშაობის დროს ამბობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოსინჯავდა ძალებს აპენინებზე, რადგან მისთვის ყველაზე ორგანული სწორედ იტალიური საფეხბურთო კულტურა იყო. დიახ, შესაძლოა უკვე იყო, რადგან ბენიტესი კალჩოს ნამდვილად ვერ შეეწყო.

2. სამპდორია

გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, წელს სრული კრახი განიცადა და სერია B-ში დაქვეითდა. ამას არავინ ელოდა და შესაბამისად, "სამპდორია" სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს იმედგაცრუებად უნდა მივიჩნიოთ. ექსპერტები და ჟურნალისტები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასეთი წარუმატებლობა კლუბის მესვეურთა არასწორმა საკადრო პოლიტიკამ განაპირობა.

კრიტიკის მთავარი ობიექტი პრეზიდენტი რიკარდო გარონე გახლავთ, რომელმაც შუა სეზონში გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელი გაასხვისა და ფაქტობრივად, თავდასხმის გარეშე დარჩა. ანტონიო კასანოს და ჯამპაოლო პაცინის შეცვლა ვერც ნიკოლა პოციმ, ვერც მასიმო მაკარონემ, ვერც ჯონათან ბიაბიანმა და ვერც ფედერიკო მაკედამ მოახერხეს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან კასანო-პაცინის ტანდემი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ევროპის მასშტაბით. სეზონის მეორე ნახევარი "სამპდორიამ" კოშმარულად ჩაატარა, გუნდს საშინლად უჭირდა გოლის გატანა და შესაბამისად, ქულების მოგროვება. ბოლო აკორდი საკუთარ მოედანზე "პალერმოსთან" განცდილი მარცხი იყო, რის შემდეგაც "სტადიო მარასიზე" სამგლოვიარო განწყობამ დაისადგურა - ყველაზე ამაღელვებელი კი ანჯელო პალომბოს საქციელი გახლდათ, როდესაც ოთხივე ტრიბუნასთან თვალცრემლიანმა მიირბინა და გულშემატკივრებს პატიება სთხოვა.

1. იუვენტუსი

ახალი სპორტული დირექტორი, ახალი მთავარი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები და იმედი იმის, რომ "იუვენტუსი" დაიბრუნებდა ადგილს იტალიური, შემდეგ კი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე. იმედი არ გამართლდა, "იუვემ" არა თუ მწვერვალები ვერ დაიპყრო, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა. თუმცა, რომელ ჩემპიონთა ლიგაზეა საუბარი, როდესაც "ბიანკონერი" საერთოდ ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

ტურინელთა წარუმატენლობაში მეტწილად ორ ადამიანს: ჯუზეპე მაროტას და ლუიჯი დელ ნერის ადანაშაულებენ. პირველმა არასწორი ტრანსფერები გაჩარხა, ხოლო მეორემ გუნდი ვერ დააყენა და დადებითი შედეგი ვერ დადო. არადა, სწორედ მათ გაიყვანეს შარშან "სამპდორია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ამადაც დაიმსახურეს "იუვეში" მუშაობის პატივი. დღევანდელი გადასახედიდან, ნამდვილად ჯობდა, რომ გენუაში დარჩენილიყვნენ - ასეთ შემთხვევაში ალბათ არც "სამპდორია" დატოვებდა ელიტარულ დივიზიონს და არც "იუვენტუსი" დარჩებოდა ევროტურნირებს მიღმა. სხვათა შორის, თუ კალჩოპოლის ცნობილ მოვლენებს არ ჩავთვლით, ეს პირველი შემთხვევაა 1991 წლის შემდეგ, როდესაც "ვეკია სენიორამ" ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა