ეჭვი, რომ ირაკლიმ შარშან ტოკიოში მსოფლიოს პირველობაზე საჭიდაოდ გასვლა განგებ დააგვიანა, უფრო გამყარდება
ძიუდოში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის (100) ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა. ძიუდოისტი გუშინ,27მაისს მოსკოვში უნდა წასულიყო "დიდ მუზარადზე" საჭიდაოდ, მაგრამ გუნდს არ გაჰყოლია. მეტიც - ის არც ბოლო შეკრებაზე გამოჩენილა, ტელეფონიც გამორთული აქვს და მთელი ამ დღეების განმავლობაში მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა.

ბოლო შეკრების წინ ფალავანმა ერთი დღით ითხოვა გათავისუფლება ქუთაისში პირადი საქმეების მოსაგვარებლად. ფედერაციაც დათანხმდა, მაგრამ მას შემდეგ სპორტსმენი საერთოდ გადაიკარგა. იქიდან მოყოლებული, მის მოხელთებას ამაოდ ცდილობდა ფედერაციაც, ნაკრების ხელმძღვანელობაც და ოლიმპიური კომიტეტიც. სეოკ-დან გუშინაც ხშირად ეხმიანებოდნენ, ურეკავდნენ ფედერაციიდანაც, ჩვენც გვინდოდა, კომენტარი გვეთხოვა, მაგრამ მობილური ტელეფონი გამორთულია.

სეოკ-მა საქმეში ქუთაისელი ნაცნობ-მეგობრები, ძიუდოისტები თუ რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებიც ჩართო, მაგრამ ცირეკიძესთან დაკავშირება ვერც იქაურებმა შეძლეს. სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიურ ჩემპიონს მიმდინარე თვის ხელფასს დაუქვითავენ, დანარჩენზე კი მას შემდეგ იმსჯელებენ, როცა საქმის ვითარებაში გაერკვევიან. მე მეტი არაფერი შემიძლია - სპეცნაზს ვერ გავუგზავნი, ჩხუბს ვერ დავუწყებ და ძალით ვერ მოვიყვან სავარჯიშოდ" - დასძინა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცირეკიძეს არც წინა ტურნირზე უჭიდავია ბაქოში - მაშინ თავიდან მონაწილეთა შორის ასახელებდნენ, მაგრამ ბოლოს ითქვა, რომ მხოლოდ სავარჯიშოდ წავიდოდა ერთობლივ შეკრებაზე. საბოლოოდ ასეც მოხდა, ახლა კი მორიგი უსიამოვნო სიურპრიზი... შეგახსენებთ, რომ მის სახელს უკავშირდება ორი უსიამოვნო ინციდენტი - შეხვედრაზე დაგვიანება შარშან ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ზედმეტი წონით მისვლა საქართველოს შარშანდელივე პირველობაზე, რისთვისაც საასპარეზოდ არც დაუშვეს.

სხვათა შორის, მაშინ ამისთვის ნაკრების იმჟამინდელმა და დღემდე დე-ფაქტო თავკაცად მყოფმა სოსო ლიპარტელიანმა გუნდის ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენს ერთი წლით, ანუ ქვეყნის მომავალ პირველობამდე ნაკრების კარებიც მიუხურა. ამ თემაზე საუბრისას კი ხშირად ამბობდა, რომ შეგირდს ვეღარ ენდობოდა - მაგან ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც შეიძლება დააგვიანოს ან რამე ამგვარი ჩაიდინოსო.

ვიმეორებთ - ჯერ არ ვიცით ცირეკიძის გაუჩინარების მიზეზი და ახლანდელ ვითარებაში არც ბრალმდებლად გამოვდივართ, თუმცა შეუძლებელია, ლიპარტელიანის ეს სიტყვებიც არ გაგვხსენებოდა. ცირეკიძეს იქნებ მართლაც აქვს დაგვიანების ობიექტური მიზეზი, მაგრამ საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება გვგონია მისი დუმილი, ერთი ზარი არავისთვის არაა პრობლემა. ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამყარებს ეჭვს და ჭორებს, რომ ცირეკიძემ შარშან ტოკიოში შეგნებულად დააგვიანა მსოფლიოს პირველობის შეხვედრაზე საჭიდაოდ გასვლა.

ზაიზენბახერის უცნაური როქი

ცირეკიძემ ხომ გაგვაკვირვა, მაგრამ სიურპრიზებში სპორტსმენს არც ნაკრების ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ჩამორჩა, ოლიმპიური ჩემპიონის შემცვლელად მოსკოვში ისეთი ფალავანი წაიყვანა - იოსებ მსხალაძე! გვესმის, რომ მწვრთნელს თავისი მოსაზრებები გააჩნია, მაგრამ ქომაგებსაც აქვთ უფლება იკითხონ - უკეთესი კანდიდატურა ვერავინ შეარჩია? მსხალაძე უკვე რამდენიმე ტურნირზე გამოსცადეს, მაგრამ შედეგი ვერსად აჩვენა და იქნებ სხვა წაეყვანათ, თუნდაც სხვა წონიდან, ვისაც ცოტა მეტი შანსი ექნებოდა?

ამ საკითხზე ზაიზენბახერისეული მიდგომა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გაგვაცნო. მისი თქმით, ავსტრიელს სურდა, ამ წონიდან შეარჩიოს და შიდა კონკურენციაში როგორმე "ამოსწიოს" ვინმე, რათა ლომერ ჟორჟოლიანი გამუდმებით გრძნობდეს კონკურენტის "სუნთქვას" და არ მოდუნდეს, მიზნის მისაღწევად კი მსხალაძეზე უკეთესი კადრი არ ჰყავს! ჰყავს თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ დაველოდოთ ტურნირის შედეგებს, აქ კი იმას შეგახსენებთ, რომ ზაიზენბახერს დისციპლინის დარღვევისთვის ერთი ხანობა ჟორჟოლიანიც ჰყავდა დასჯილი.

ვფიქრობთ, ამ მხრივ მან კიდევ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს და სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯება, მკაცრად უნდა დასაჯოს. თუ საჭირო გახდება, საერთოდაც შინ დატოვოს, თუნდაც ჩავაგდოთ ის ერთი შეჯიბრება - არაა აუცილებელი, ყველა წონაში გვყავდეს მონაწილე და ამის ხარჯზე დისციპლინა გავწიროთ.

მოსკოვმა დიდი მუზარადი მოირგო

თავად მოსკოვურ ტურნირს რაც შეეხება, მსხალაძისა და ჟორჟოლიანის გარდა, იქ საქართველოდან ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი (ორივე - 73), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) და ნინო ოძელაშვილი (70) იჭიდავებენ. ჩვენებურთაგან დღეს ტატამზე მხოლოდ 73-ის წარმომადგენლები გავლენ, დანარჩენები კი ხვალ იასპარეზებენ.

უკვე გაიმართა წილისყრა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეებიც. ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ახალგაზრდა რუს დენის იარცევს შეხვდება. მომდევნო წყვილში მათ შორის მოგებულის მეტოქე ბელგიელი ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორ დიკ ვან ტიხელტის, თბილისის წლევანდელი ტურნირის ფინალში ავალიანთან დამარცხებულ ბელარუს ალექსეი რამანჩიკისა და ესტონელ ევროპის პრიზიორ კინტერ როტბერგის შეხვედრებში გაირკვევა. ავალიანი პირველივე წრიდან იჭიდავებს და ახალგაზრდებში აზიის ჩემპიონ ჩინელ ვეი ლიუს ხვდება, ვისაც წლეულს ერთხელ უკვე მოუგო - ვარშავაში, 1/16-ფინალში.

ამ წყვილში მოგებულს მეორე წრეში მრისხანე მეტოქე უდარაჯებს - ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი. დიდი შანსია, ამათთან წარმატების შემთხვევაში ავალიანს ქართველებთან მოუწიოს ურთიერთობის გარკვევა - სავარაუდო მეტოქეთა შორის ისრაელის სახელით მოჭიდავე იოსებ ფალელაშვილი და რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი სერგეი ბადრიაშვილიც არიან. ამ უკანასკნელს ავალიანი ჯერ არ შეხვედრია, ფალელაშვილს კი წლეულს ორჯერ ეჭიდავა და ორივე მოუგო - თბილისსა და ვარშავაში.

ჟორჟოლიანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი კამერუნელ ფრანკ მარტიალ მუსიმა ევანეს ხვდება. ალბათ, სასწაული იქნება, ევროპის ვიცე-ჩემპიონი აფრიკელთან რომ დამარცხდეს, მომდევნო შეხვედრა კი უზბეკ რამზიდინ საიდოვსა და პოლონელ ტომაშ დომანსკის შორის მოგებულთან მოუწევს. მსხალაძე უზბეკ უხტირ ყურბანოვს ეჭიდავება.

ხანჯალიაშვილი თავიდანვე ჩაებმება შეჯიბრებაში და ყირგიზ იური კრაკოვეცკის შეხვდება, ხოლო თუ მოუგებს, სავარაუდოდ, გერმანელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ანდრეას ტოლცერს დაეჭიდება. ყოველ შემთხვევაში, ის მონგოლ სუგარჯარგალ ბოლდპურევს ხვდება და მასთან წარმატება არ უნდა გაუჭირდეს. ოძელაშვილიც პირველივე წრიდან ჩაებმება კორეელ აზიის ორგზის ჩემპიონ იე-სულ ჰვანგთან შეხვედრით.

tika
cirekidzem bevrjer asaxela saqrtveloooo...
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა