როგორც იქნა! ფავორიტმა ისე ითამაშა, როგორც მას შეეფერება - წუხელ "ფურია როხამ" იოჰანესბურგის "ელის პარკზე" თითქმის უნაკლო თამაში შემოგვთავაზა. მართალია, მეტოქე არცთუ ძლიერი იყო, თუმცა ახლა ესპანეთის ნაკრებისთვის მთავარი დამაჯერებელი ანგარიშით მოგებასთან ერთად საკუთარი თამაშის "პოვნა" იყო და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ეს წარმატებით შეძლო. აი, შედეგი კი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო...
21 ივნისი. იოჰანესბურგი. "ელის პარკი" 45 000 მაყურებელი

ესპანეთი-ჰონდურასი 2:0

ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - ს. რამოსი (77. არბელოა), პუიოლი, პიკე, კაპდევილა - ხ. ნავასი, ბუსკეტსი, ჩავი (66. ფაბრეგასი), ჩაბი ალონსო - ვილია, ტორესი (70. მატა).

ჰონდურასი (4-2-3-1): ვალადარესი - მენდოსა, ჩავესი, ფიგეროა, ისაგირე - ვ. პალასიოსი, გევარა - ტურსიოსი (63. ნუნიესი), მარტინესი, ესპინოსა (46. ველკომი) - სუასო (84. ჯ. პალასიოსი).

გოლები: 1:0 ვილია (17), 2:0 ვილია (51)

გაფრთხილება: ტურსიოსი (8), ისაგირე (38)

მატჩი დაიწყო: ესპანეთი; დარტყმა: 22-9 (7-0); ჯარიმა: 9-18; კუთხური: 12-2; ბურთის ფლობა: 57%-43%.

არბიტრი: იუიჩი ნიშიმურა

საინტერესო მომენტები

7' - დავიდ ვილიას შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა.

17' - 1:0 დავიდ ვილიას ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლი. ის საჯარიმოში მარცხენა კუთხიდან შევიდა, გასცდა მცველებს და ვარდნაში უძლიერესად დაარტყა.

25' - ნავასის ჩაწოდებულს ჩავი ვერ მისწვდა თავით.

35' - ტორესმა თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი გადააცილა კარს.

51' - 2:0: საჯარიმოს მისადგომიდან ვილიამ ჰონდურასის კარი დალაშქრა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ გავიდა კარში.

53' - სერხიო რამოსის დარტყმული ოდნავ აცდა კარს.

60' - ნავასი საჯარიმოში ისაგირემ მოცელა - პენალტი.

62' - ვილიამ პენალტი ჰონდურასელთა კარს ააცილა.

66' - შეცვლაზე შესული ფაბრეგასი კინაღამ გოლის ავტორი გახდა, მისი დარტყმული ჰონდურასელმა მცველმა ჩავესმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

82' - გევარამ საჯარიმო შეასრულა, ველკომის თავური აცდა ესპანელთა კარს.

86' - ვილიას დარტყმული ბოლო მომენტში მენდოსამ ჩაჭრა და ჰონდურასი გოლისგან იხსნა.

ორმაგი ვილია და რანდევუ ჩილესთან

როგორც იქნა! ფავორიტმა ისე ითამაშა, როგორც მას შეეფერება - წუხელ "ფურია როხამ" იოჰანესბურგის "ელის პარკზე" თითქმის უნაკლო თამაში შემოგვთავაზა. მართალია, მეტოქე არცთუ ძლიერი იყო, თუმცა ახლა ესპანეთის ნაკრებისთვის მთავარი დამაჯერებელი ანგარიშით მოგებასთან ერთად საკუთარი თამაშის "პოვნა" იყო და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ეს წარმატებით შეძლო. აი, შედეგი კი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, თუნდაც პორტუგალია-ჩრდილოეთ კორეის მატჩის მსგავსი, მაგრამ ხან ესპანელთა ფორვარდები სცოდავდნენ, ხან კი ჰონდურასელთა მცველები თავგანწირვით ეღობებოდნენ ვალადარესის კარისკენ წასულ ბურთებს.

H ჯგუფში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შეიძლება პლეი ოფს მიღმა 6-ქულიანი გუნდიც კი დარჩეს. 6 ქულა ჯერჯერობით ჩილეს ნაკრებს აქვს, თუმცა ამის შანსი ესპანელებსა და შვეიცარიელებსაც აქვთ. აი, ამის შემდეგ კი ყურადღება ჯგუფში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობას მიექცევა, შემდეგ კი გოლების რაოდენობას. დასანანია, ამ ჯგუფში სამი მართლაც კარგი გუნდი შეიკრიბა, მაშინ როცა ზოგიერთ ჯგუფში შეიძლება უსახური ნაკრები 3 ქულითაც გავიდეს მერვედფინალში. სხვათა შორის, ამ ჯგუფში შანსი ჯერ ჰონდურასელებსაც არ დაუკარგავთ, თეორიული შანსი ჯგუფიდან გასასვლელად მათაც კი შერჩათ.

ვისენტე დელ ბოსკემ შვეიცარიის ნაკრებთან მატჩისგან დასკვნები გამოიტანა და ცვლილებებიც შეიტანა შემადგენლობაში - ფერნანდო ტორესმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დავიდ ვილიასთან ერთად ცნობილი დუეტი აღადგინა. მოულოდნელად, სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა სერხიო ბუსკეტსმა, ვერ ითამაშა ანდრეს ინიესტამ და ვერც სესკ ფაბრეგასი ვიხილეთ (ის მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდა), სამაგიეროდ თავიდანვე გამოჩნდა ხესუს ნავასი. ესპანეთის ნაკრებმა ფაქტობრივად მარცხენა ნახევარმცველის გარეშე ითამაშა, რადგან კაპდევილა თითქმის მთელ ფლანგს აკონტროლებდა და ვილიაც შეტევებს უფრო ამ ფლანგიდან იწყებდა.

ცვლილებებმა უდავოდ გაამართლა - ესპანეთის ნაკრები უკეთ ათამაშდა, ხოლო ჰონდურასმა ვერ შეძლო ისეთი დაცვითი რედუტების შექმნა, როგორც შვეიცარიამ. და მაინც, კაცმა არ იცის, როგორ წარიმართებოდა მოვლენები, რომ არა ვილიას დროული და ფანტასტიკური გოლი მე-17 წუთზე. ამის შემდეგ "ფურია როხას" გაცილებით გაუადვილდა თამაში. დავიდ ვილიამ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 39-ე და მე-40 გოლები გაიტანა, შეეძლო 41-ეც შეეგდო, ვალდებულიც იყო, მაგრამ პენალტი უხეიროდ დაარტყა და ამერიკელთა კარს საერთოდ ააცილა ბურთი.

მესამე ტურის წინ ესპანეთის ნაკრებისთვის მარტივი, მაგრამ ძნელად შესასრულებელი ამოცანა დგას - თუკი "ფურია როხა" მოუგებს ჩილეს, ნებისმიერი ანგარიშით, ის პლეი ოფში გავა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ესპანეთის ნაკრების უსუსტეს რგოლად რჩება... მეკარე. დიახ, კაპიტანი ძალზე არადამაჯერებლად თამაშობს. ინჩადას გაუმართლდა, ნახევარმცველებსა და მცველებს საქმე იშვიათად მიჰყავთ კასილიასამდე, თორემ არავინ იცის რას მოიმოქმედებდა "აჭრილი" გოლკიპერი. ჩილეს ნაკრებთან მატჩის წინ დელ ბოსკეს მთავარი საფიქრალი უთუოდ კასილიასი იქნება. წუხელ სუსტი იყო ტორესიც...

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

დავიდ ვილია

განა შეიძლება არსებობდეს სხვა მოსაზრება? და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვილიამ მეორე ტაიმში მესამე გოლის გატანის უნიკალური შანსი გაანიავა - თერთმეტმეტრიანი ააცილა. პირველი და მეორე გოლები მცირე საფეხბურთო შედევრები იყო "ელ გუახეს" შესრულებით. ის მარცხენა ფლანგიდან უტევდა მეტოქის კარს და შესანიშნავადაც.

მატჩის შემდეგ

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დღეს ყველაზე მთავარი გამარჯვება იყო. ახლ ჩვენი იგივე უნდა გავაკეთოთ ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ. დღეს ძალზე ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ, თუმცა ეს ფეხბურთს ახასიათებს - ზოგჯერ ერთ მომენტს შექმნი და იმას გამოიყენებ, ზოგჯერ კი ათი მომენტიც არ არის საკმარისი გოლის გასატანად".

რეინალდო რუედა (ჰონდურასის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვგეგმავდით ჩვენი ფეხბურთი შემოგვეთავაზებინა მეტოქისთვის, რაც მოულოდნელობა უნდა ყოფილიყო მისთვის. მაგრამ ვილიას პირველმა გოლმა ყველაფერი ჩაგვიშალა. ესპანელები მოედანზე თავისი საქმის დიდი ოსტატები არიან, ჩვენ გაცილებით უკეთეს ნაკრებთან წავაგეთ".

სახალისო სტატისტიკა

დავიდ ვილია: კარისკენ 7 დარტყმა, 3 კარში წავიდა, 2 გოლი; 4 სოლორეიდი; გაირბინა 9 512 მეტრი.

ყველაზე მეტი პასი: ჩაბი ალონსო (88)

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ჩაბი ალონსო (73)

ჩაწოდება: ხ. ნავასი (12)

ყველაზე მეტი გაირბინა: ჩაბი ალონსო (11 318 მ)

ყველაზე სწრაფი: პიკე (28,15 კმ.სთ.)

ნიკოლოზ ნეფარიძე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა