კაცების როლან გაროსი წესით და რიგით რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქმეში როჯერ ფედერერი ჩაერია
კაცების როლან გაროსი წესით და რიგით რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქმეში როჯერ ფედერერი ჩაერია, რომელმაც ნახევარფინალში დაამარცხა სერბი და ამით კარგი სამსახური გაუწია ნადალს - ნოვაკი ფინალში რომ გასულიყო, რაფა ნებისმიერ შემთხვევაში კარგავდა რეიტინგში პირველობას. ესპანელისთვის კლასიფიკაციაში ლიდერობის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი აუცილებელი პირობა იყო გუშინდელი ფინალის მოგება.

ნადალისა და ფედერერის დუელი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული დაპირისპირებაა. სწორედ აქ ამსხვრევდა ნადალი როჯერის ოცნებებს "კარიერული შლემის" მოპოვებაზე. საბოლოოდ, ფედერერმა 2009 წელს ოცნება მაინც აისრულა, მაგრამ მაშინ გზად ნადალს არ გადაყრია. მათ არც შარშან უთამაშიათ ერთმანეთში, ასე რომ, ფრანგული პუბლიკა მოუთმენლად ელოდა ამ ბრწყინვალე ჩოგბურთელების ახალ დუელს.

როლან გაროსზე როჯერისა და რაფაელის ურთიერთშეხვედრებს ერთი თავისებურება ახასიათებდა - გამარჯვებული ყოველთვის ნადალი გამოდიოდა, ერთხელ კი საქმე სრული განადგურებით დასრულდა. მაგრამ ამჯერად თითქმის ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ცალმხრივი თამაში არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, ნადალი ბოლო დროს ისე მრისხანედ არ გამოიყურება, როგორც წინა წლების გრუნტის სეზონებში. პირველ წრეში მან ხუთი სეტი ითამაშა ამერიკელი ჯონ ისნერის წინააღმდეგ, თუმცა ტურნირის მსვლელობისას მოუმატა თამაშს და ფინალს ზედიზედ 17 მოგებული სეტით შეხვდა. რაც შეეხება ფედერერს, არც ისე წარმატებული გრუნტის სეზონის მიუხედავად, როლან გაროსს სპორტული ფორმის პიკზე შეხვდა. ჯოკოვიჩთან ნახევარფინალამდე მას სეტი არ ჰქონდა წაგებული, ნოვაკის წინააღმდეგ კი ამ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

პირველი სეტის პირველ ნაწილში ფედერერის არგუმენტები უფრო მყარი იყო. შვეიცარიელმა უბრალოდ "გადაუარა" მეტოქეს და წინ გაიჭრა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 5:2-ზე მიღებისას ფედერერს სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ცუდად შეასრულა მოკლე დარტყმა. შემდეგ როჯერს ნაკლებად შველოდა მოწოდება და მისი მხრიდან შეცდომებმაც იმატა. ნადალმა კი ბეწვის ხიდზე გაიარა და ინიციატივა მოიპოვა. საბოლოოდ, პირველმა ნომერმა ზედიზედ ხუთი გეიმი და მასთან ერთად სეტი მოიგო -7:5.

იმ მომენტში რაფა უბრალოდ არ ცდებოდა. როჯერი ბევრს ინდომებდა იმისთვის, რომ მისი ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ბრეიკი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ესპანელი უშეცდომო არ არის და მისი ერთადერთი მოდუნებით ისარგებლა ფედერერმა, რომელმაც ბრეიკი დაიბრუნა. თუმცა იქვე რაფაელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. სწორედ ამ დროს წვიმა წამოვიდა და პირველად ამ როლან გაროსზე მატჩი უამინდობის გამო შეწყდა. ანგარიში 40:40 იყო და ნადალს ორი ბურთი აშორებდა მეორე სეტის მოგებას.

პაუზა მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდა. პირველივე გათამაშების შემდეგ ნადალმა სეტბოლი მიიღო, მაგრამ ფედერერი ამისთვის მზად აღმოჩნდა. შვეიცარიელმა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ინიციატივის მოპოვება, ტაი-ბრეიკზე კი ძალიან ბევრი უზუსტობა დაუშვა. ნადალმა კიდევ ერთი სეტი მოიგო.

მესამე პარტიის შუაში ესპანელმა მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება და თითქოს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როჯერმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მან საჭირო მომენტში მოუმატა თამაშს და რაფაელს როლან გაროსზე მეოთხე სეტი მოუგო.

ფსიქოლოგიური უპირატესობა, თითქოს ფედერერის მხარეს გადავიდა, რომელმაც მეოთხე სეტის პირველივე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. მაგრამ ნადალმა სერიოზული საფრთხე თავიდან აიცილა და შემდეგ ინიციატივა მთლიანად მის ხელში გადავიდა. რაფამ 1:1-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. მან პირველივე მატჩბოლიდან წერტილი დაუსვა შეხვედრას - 7:5, 7:6(3), 5:7, 6:1. ამჯერად ის არა ზურგზე, არამედ მუხლებზე დაეცა.

ნადალმა მეექვსედ მოიგო როლან გაროსი და ამ მაჩვენებლით გაუსწორდა რეკორდსმენ ბიორნ ბორგს. "ვულოცავ როჯერს. როგორც ყოველთვის, მან ფანტასტიკური ჩოგბურთი აჩვენა. კარგი მატჩი გამოგვივიდა. მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს გუნდსა და გულშემატკივრებს", - განაცხადა ესპანელმა დაჯილდოების ცერემონიის დროს.

ნადალმა მეათედ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი და ახლა მეექვსე ადგილს იყოფს ბილ ტილდენთან. ამ დუეტზე წინ არიან როჯერ ფედერერი - 16 ტიტული, პიტ სამპრასი - 14, როი ემერსონი - 12, როდ ლეივერი და ბიორნ ბორგი - 11...

ესპანელმა შეინარჩუნა პირველი ადგილი რეიტინგში, თუმცა ჯოკოვიჩი ძალიან მიუახლოვდა რაფას. სხვათა შორის, უიმბლდონზე ნადალს ასევე ტიტული აქვს დასაცავი. შესაბამისად, მან, შესაძლოა, ლონდონის ბალახზე გამარჯვების შემთხვევაშიც დაკარგოს პირველი ადგილი. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა, მანამდე კი რაფაელმა დაამტკიცა, რომ კვლავაც "გრუნტის მეფედ" რჩება.

ფინალი

რაფაელ ნადალი (1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 7:5, 7:6(3), 5:7, 6:1.

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის