ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ნახევარმცველმა კლუბის საიტს ვრცელი ინტერვიუ მისცა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", ქართველების სიმრავლისა და სათამაშო სტილის გამო რუსები ძველი თბილისის "დინამოსაც" ადარებენ. ამ შთაბეჭდილების შექმნის ერთ-ერთი მიზეზი კი უდავოდ ვოლგელთა ქართველი ნახევარმცველი გოჩა ხოჯავაცაა, რომელმაც პრემიერლიგაში წელს აღზევებული გუნდის სასტარტო მატჩებში გაიბრწყინა და გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

გოჩა პრემიერლიგის დებიუტანტს ტრავმის გამო მალევე დააკლდა და "ვოლგას" საქმეებიც უკან-უკან წავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, 26 წლის ნახევარცველმა ტრავმა უკვე მოიშუშა და ვარჯიშს შეუდგა. მანამდე კი ჩვენებურმა საიტს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- გოჩა, თქვენ "ვოლგას" ყველაზე სიტყვაძუნწ მოთამაშედ მიგიჩნევენ. რატომ არ სწყალობთ ჟურნალისტებს? რუსულ ენას არასაკმარისად ფლობთ თუ უბრალოდ, საკუთარ თავზე საუბარი არ გიყვართ?

- არა, რუსული ენის არცოდნა არაფერ შუაშია - ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ, არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა. რატომ - არ ვიცი. მაშინაც კი, როცა საქართველოში ვთამაშობდი, იქაც იგივე ხდებოდა და ადგილობრივი ჟურნალისტებიც წერდნენ, რომ ხოჯავა მუნჯი ფეხბურთელიაო.

- გულჩათხრობილი ადამიანი ხართ? ან იქნებ ეს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილების ბრალია?

- არა, არა. მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, გულგახსნილი ადამიანი ვარ და მზად ვარ ახლა ეს თქვენც დაგიმტკიცოთ (ეღიმება).

- მაშინ დასაწყისისთვის მითხარით, ფეხბურთით როდის და როგორ დაინტერესდით.

- დავიბადე თბილისში. ოჯახში ერთადერთი ბიჭი ვიყავი. რვა თვის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა. სპორტთან მას არავითარი კავშირი არ ჰქონია - ბიზნესმენი იყო.

ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ჩვეულებრივად შემოიჭრა - ადრეულ ბავშვობაში ეზოს მეგობრებთან ერთად სიხარულით ვაგორებდი ბურთს და ვაღმერთებდი მარადონას, რომლის თამაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტელევიზორით მქონდა ნანახი.

მიუხედავად ამისა, თავდაპირველად ცეკვაზე შემიყვანეს - ორი წელი იქამდე ვიარე მეცადინეობაზე, სანამ ერთ დღესაც დედას არ ვუთხარი: "მე ფეხბურთი მომწონს, იქნებ გვეცადა?" და როგორც ხედავთ, არჩევანში არც შევმცდარვარ - დღეს პრემიერლიგაში ვთამაშობ (ეღიმება).

- როგორ მოხდა თქვენი ფეხბურთელად სერიოზულად ჩამოყალიბება?

- ეს ცნობილ 35-ე სკოლაში მოხდა. როცა იქ პირველად მივედი, ვარჯიშში მონაწილეობა შემომთავაზეს: "ივარჯიშე და შემდეგ გეტყვით, მიგიღებთ თუ არა". მალევე მითხრეს, რომ გამოვდგებოდი, რის შემდეგაც ნამდვილი ფეხბურთის თამაში დავიწყე.

- სპორტის სხვა სახეობებში არ მოგისინჯავთ საკუთარი შესაძლებლობები?

- ფეხბურთის პარალელურად ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ჩემ ასაკში ორჯერ თბილისის ჩემპიონიც გავხდი. თუმცა, საქართველოში ფეხბურთი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩოგბურთი და მიუხედავად იმისა, რომ ურიგოდ არც კორტზე ვირჯებოდი, მაინც გადავწყვიტე, არჩევანი საბოლოოდ ფეხბურთზე შემეჩერებინა.

- ეს იქნებ იმის ბრალიცაა, რომ თქვენ უფრო გუნდური სახეობის მოთამაშე ხართ? ჩოგბურთში ხომ ყველა თავის თავის პატრონია...

- შესაძლოა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ფეხბურთის თამაში უკეთ მეხერხებოდა, ვიდრე - ჩოგბურთის. ჭაბუკობაში დანიაში საერთაშორისო ტურნირში ვითამაშე, სადაც საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მომცეს. პირველი ასეთი პრიზი თავის დროზე დანიელმა მიქაელ ლაუდრუპმა მიიღო, მეორე კი - მე მარგუნეს. ეს თასი შინ მაქვს.

- 17-18 წლისას პერსპექტიულ მოთამაშედ მიგიჩნევდნენ?

- დიახ. ასაკის შესაბამისად, საქართველოს ნაკრებში ვითამაშე, კაპიტანიც ვიყავი. კარგი გუნდი გვყავდა, ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში შვეიცარიელებთან წავაგეთ, რომლებიც შემდეგ ჩემპიონები გახდნენ.

- აქედან გამომდინარე, გაუგებარია, ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელის კვიპროსული ვარიანტი.

- კვიპროსზე გამგზავრება ჩემმა აგენტმა შემომთავაზა: "სცადე, თუკი მოგეწონება, დარჩი და თუ არა - თავად მოიძიე კლუბი". "ანართოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. ჩვენ ქვეყნის ჩემპიონები გავხდით, სულ მალე კი კლუბ "როსტოვისგან" მიწვევა მივიღე და რუსეთში გავემგზავრე.

- ნუთუ როსტოვში უკეთესი იყო, ვიდრე კვიპროსში?

- კვიპროსში ცხოვრება კარგია - სულ თბილა, ხელმეორედ ვიზის გაფორმება საჭირო არაა (იცინის). მაგრამ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი უფრო ძლიერია, ვიდრე კვიპროსის. ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა.

- "როსტოვში" რატომ არ გაჩერდით?

- კონტრაქტი ერთ ხელმძღვანელობასთან გავაფორმე, ორი ტურის შემდეგ კი კლუბის პრეზიდენტიცა და მწვრთნელიც წავიდნენ. ახალმა მწვრთნელმა უმალ დუბლებში გადამიყვანა. ამიტომ სხვა გუნდში გადასვლაზე დავფიქრდი.

- მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილება თქვენთვის შეურაცხმყოფელი იყო?

- როცა მართლა ცუდად ვთამაშობ, პრობლემა არაა - ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ როცა ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და თავდაჯერება არ მაკლია და მეტყვიან: "გადადი დუბლებში", რა თქმა უნდა, გავნაწყენდები.

- "როსტოვში" ზუსტად ასე მოხდა?

- სწორედაც რომ! საწყენი ის იყო, რომ ახალმა მწვრთნელმა ზედაც არ შემომხედა. უკვე მეორე დღესვე მითხრა: "დუბლებში გააგრძელებ თამაშს". დავთანხმდი, ვითამაშებ დუბლებში, მაგრამ ერთი თვის შემდეგ სხვა გუნდს მოვძებნი-მეთქი.

- მაშინ საქართველოში დაბრუნდით, არა?

- დიახ.

- ფიქრობთ, რომ "როსტოვიდან" წამოსვლიდან და "ანჟიში" გადასვლამდე გარკვეული დრო დაკარგეთ?

- რა თქმა უნდა, დავკარგე, მაგრამ აქ სხვა მიზეზიც იყო. "როსტოვის" დუბლებში თამაშისას, სადაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამოვდიოდით, ტრავმა მივიღე. მას შემდეგ დამჩემდა და თითქოს კანონზომიერებად იქცა - როგორც კი "სინთეტიკაზე" ფეხს დავდგამ, მაშინათვე ტრავმას ვიღებ.

როსტოვური დუბლების შემდეგ ორი კვირა უვარჯიშებელი ვიყავი. საქართველოში გავემგზავრე, რათა ჯანმრთელობისთვის მიმეხედა და ახალი გუნდი მომეძებნა. ორი თვე რუსთავის "ოლიმპში" გავატარე, სადაც საქართველოს ჩემპიონობა მოვიპოვე. შემდეგ უკვე ომარ თეთრაძემ "ანჟიში" მიმიწვია.

- იმ დროს "ანჟიში" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე რომ არ ყოფილიყო, გადახვიდოდით ამ გუნდში?

- იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ მე მახაჩყალაში ყოფნა მსურდა და შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. თეთრაძე ჯერ კიდევ 2006 წელს გავიცანი, როდესაც სამარის "კრილია სოვეტოვში" გასასინჯად ვიმყოფებოდი. იქ თეთრაძე მოთამაშე მწვრთნელი იყო.

- როდესაც თეთრაძე "ანჟის" ტოვებდა, წასვლა მასთან ერთად თქვენც გსურდათ?

- რა თქმა უნდა მინდოდა, რადგან კარგად ვიცი, რას ითხოვს ჩემგან თეთრაძე და მომწონს მასთან მუშაობა. თუმცა იმ დროს ამის საშუალება არ მქონდა, რადგან "ანჟისთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა. თანაც, სეზონის დასაწყისში მუხლი ვიტკინე და ვარჯიშიც კი არ შემეძლო.

- სეზონის დასაწყისში ტრავმის მიღება ტრადიციად გექცათ?

- (იცინის) ასე გამოდის. და რაც ყველაზე საინტერესოა, ყოველთვის მუხლს ვიშავებ. არადა, მაგალითად, კოჭის ტრავმის დროს შეიძლება ორი-სამი დღე დაისვენო და შემდეგ ვარჯიში განაახლო. შეიძლება გამაყუჩებლის გაკეთებაც და თამაშიც, მაგრამ მუხლის ტკივილის შემთხვევაში ვერც ნემსი გშველის და ვერც სხვა რამ.

- მაინც რა მოხდა ამ გაზაფხულზე "ყუბანთან" თქვენთვის ავადმოსაგონარ მატჩში?

- მეტოქე არაფერ შუაშია. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ფეხი არასწორად ჩავდგი. ხუთ წამში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და მაშინვე მივხვდი, სასწრაფოდ შეცვლა უნდა მომეთხოვა. თუ მოედნიდან გავდივარ, ე.ი. ტრავმა მართლა სერიოზულია.

- ნიჟნი ნოვგოროდში თქვენ დაბრუნებას 8 მაისს მოელოდნენ, თუმცა ათი დღის დაგვიანებით დაბრუნდით. რატომ შეყოვნდით?

- თავიდან მეც თქვენ მიერ დასახელებულ ვადებში დაბრუნებას ვვარაუდობდი. "ყუბანთან" მატჩის შემდეგ ფეხზე სურათი გადამიღეს, ჩვენმა ექიმმა კი დაასკვნა, რომ მკრნალობას ორი კვირა დასჭირდებოდა. საქართველოში სპეციალისტს დავუკავშირდი, რომელთან მკურნალობასაც ვაპირებდი და ავუხსენი ვითარება. ის შემპირდა: აქ ჩამოდი, თუ რუსი ექიმები ორი კვირას ამბობენ, უკან რვა დღეში გაგამგზავრებო. თუმცა, როდასაც მუხლი თავისი თვალით ნახა, გაუკვირდა: "რა ორი კვირა? მინიმუმ ოცი დღეა საჭირო, ოპერაციას რომ თავი დავანებოთ. ოპერაციის შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტი ხნით მოგიწევს ცდა".

მართლაც, ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მკურნალობაც ამიტომ გამიგრძელდა.

- რატომ არჩიეთ მკურნალობის კურსის არა რუსეთში, არამედ საქართველოში ჩატარება?

- იმიტომ, რომ იქ კარგი ექიმია, რომელიც საქართველოს ნაკრების მოთამაშესთან შოთა არველაძესთან მაშინ მუშაობდა, როდესაც ის ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობდა. ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია - მისი მომსახურებით რობერტო კარლოსს და მაიკ ოუენს უსარგებლიათ. "ვოლგადან" სამკურნალოდ თანხა ჩამირიცხეს თუ არა, მაშინვე საქართველოში გავეშურე.

- რა შედიოდა მკურნალობის კურსში?

- ეს ექიმი ოპერაციებს არ ატარებს - ხელით მუშაობს, მასაჟს აკეთებს. მასთან ყოველდღიურად დავდიოდი, პროცედურა კი ნახევარ საათს გრძელდებოდა.

ძალიან განვიცდიდი, ასე ხანგრძლივად რომ ამოვვარდი გუნდიდან. არადა, იმედი მქონდა, რომ ორ კვირაში ვარჯიშს განვაახლებდი. ვნერვიულობდი და ექიმს ყოველდღე ვეკითხებოდი: "როდის შევძლებ ნიჟნი ნოვგოროდში დაბრუნებას?". "გოჩა, მოითმინე, - მაწყნარებდა ის. - მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და ჯერ ვერ მოგცემ გარანტიას, რომ ვარჯიშს მშვიდად შეძლებ".

- სამაგიეროდ თბილისში ახლობელ-ნათესავებს გაუხარდებოდათ, ასეთი "არდადეგები" რომ გამოგივიდათ...

- აპრილში ცოლი და შვილი ჩემთან ნიჟნი ნოვგოროდში გადმოვიდნენ, ათი დღის შემდეგ კი ტრავმა მივიღე და მათაც ჩემთან ერთად მოუხდათ საქართველოში გამგზავრება. თავიდან ფიქრობდნენ, ორი კვირა არაფერია - "შინ, ჩვენთან ერთად გაატარებ, დაისვენებ და წახვალ". მაგრამ როდესაც მკურნალობა სამ კვირას გაიწელა, ისინიც ანერვიულდნენ: "გოჩა, რას ამბობს ექიმი?"

ერთხელაც თავი ვეღარ შევიკავე: "მორჩა, ამ საკითხზე აღარ მელაპარაკოთ!" როცა ჩვენი გუნდის თამაშებს ტელევიზორით ვუყურებდი, მინდოდა ბიჭებს შევშველებოდი, მაგრამ არ შემეძლო. ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო თამაშგარედ ყოფნა.

- სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ სავარჯიშოდ დაბრუნება რამდენად რთული იყო?

- ფეხი აღარ მაწუხებს, თუმცა შიშის გრძნობა ჯერ კიდევ მაქვს. დავრბივარ და ვფიქრობ, ახლა რომ ტრავმა გამიმეორდეს, კიდევ ოცი დღე ლაზარეთში მომიწევს ყოფნა. შედეგად ისე გამოდის, რომ ძალას უფრო ჯანმრთელ ფეხს ვატან, გვერდიდან კი ისე ჩანს, თითქოს ვკოჭლობ.

ექიმმა დამამშვიდა, ყველაფერი რიგზეა და ივარჯიშეო. მეც დავრბივარ და სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობ - რა თქმა უნდა, მუხლზე დატვირთვის გარეშე.

- დავუბრუნდეთ გასულ სეზონს. არ გაშინებდათ ტრავმის შემდეგ სხვა გუნდში გადასვლა, რომელიც მიზნად პრემიერლიგაში აღზევებას ისახავდა. ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ თავდაუზოგავად თამაში მოგიწევდათ?

- მომწონს ომარ თეთრაძესთან მუშაობა. შარშან ზაფხულშიც, როდესაც "ვოლგადან" მიწვევა მივიღე, რომელსაც თეთრაძე წვრთნიდა, პირდაპირ ავსტრიიდან, სადაც "ანჟი" შეკრებას გადიოდა, ნიჟნი ნოვგოროდს მივაშურე.

"ვოლგას" სატურნირო მდგომარეობა მაშინ სახარბიელო არ იყო. ჩვენ - ქართველები და გუნდის კაპიტანი ანტონ ხაზოვი შევიკრიბეთ და ვთქვით: ამოცანა უნდა შესრულდეს!

როგორც ხედავთ, "ვოლგამ" შეძლო პრემიერლიგაში გადმოსვლა. თუკი ქართველები რამეს ჩაიფიქრებენ, ე.ი., მიზანს აუცილებლად მიაღწევენ (ეღიმება).

- და როდესაც "ვოლგას" შემდაგენლობაში არ არიან ქართველები, "ანჟისგან" დამარცხებას უნდა ელოდე?

- "ანჟისთან" მატჩში "ვოლგას" ტრავმების გამო ექვსი თუ შვიდი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე აკლდა. ასეთი როტაციით ნებისმიერ მეტოქესთან ძნელია თამაში. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხეთ ქულების აღება. არაუშავს, მთელი ჩემპიონატი წინაა.

- მეორე წრეში, როდესაც მახაჩყალაში "ანჟის" წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში, როგორი გრძნობით შეხვდებით ამ მატჩს?

- წინასწარ ვიცი, რაც იქნება - მატჩის დაწყებამდე, გასახდელთან, მახაჩყალელი გულშემატკივრები კარგად შეგვხვდებიან, ხოლო როცა თამაში დაიწყება, მერე ნამდვილი კოშმარი დაიწყება. ეს იმ ფეხბურთელების მაგალითზე ვიცი, რომლებსაც უწინ "ანჟიში" უთამაშიათ, შემდეგ კი გუნდშეცვლილები მახაჩყალაში სათამაშოდ ჩასულან. მატჩის დასრულების შემდეგ კი გულშემატკივრები ისევ მოვლენ ჩვენ გასახდელთან, თამაშისთვის მადლობას მოგვიხდიან და თბილ სიტყვებს არ დაიშურებენ, რადგან კარგად ახსოვთ, "ანჟისთვის" მხოლოდ კარგი გაგვიკეთებია.

- თქვენ ამპლუიაზეც გკითხავთ. ყოველთვის პლეიმეიკერის პოზიციაზე თამაშობდით?

- ორ პოზიციაზე მეხერხება თამაში - თავდამსხმელის უკან (ე.წ. პლეიმეიკერი) და მარჯვენა თავდამსხმელის ადგილზე, როდესაც გუნდი 4-3-3 სქემით თამაშობს.

მაგალითისთვის, მესამე თავდამსხმელად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და "ანართოსისში" ვთამაშობდი. ვფიქრობ, თეთრაძემ "ვოლგაშიც" მესამე თავდამსხმელის პოზიციაზე სათამაშოდ მიმიწვია: ხაზოვი, მარცვალაძე, ხოჯავა. თუმცა, ანტონ ხაზოვი ტრავმის გამო შემადგენლობიდან ამოვარდა და მწვრთნელებს სხვა ვარიანტის ძებნა მოუხდათ. წინ მარცვალაძემ წაიწია, მე კი მის უკან ვთამაშობდი. ჩემი ამოცანა იყო - თავდამსხმელისთვის გოლის გატანის მეტი საშუალება მიმეცა. ეს კარგად გამოგვივიდა და შემდეგ უკვე მთავარმა მწვრთნელმა რაიმეს შეცვლა აღარ მოინდომა.

- თქვენთვის უფრო საინტერესოა საგოლე გადაცემის გაკეთება, თუ გოლის თავად გატანა?

- მე უფრო პასის გაკეთება მიყვარს და ამისგან სიამოვნებას ვიღებ. "ანჟიში" თამაშისას 19 საგოლე პასი გავაკეთე და მხოლოდ 4 გავიტანე. კონტრაქტშიც კი მაქვს მითითებული: ათ საგოლე გადაცემაზე - ბონუსი. ბონუსები გოლის გატანაზეცაა, მაგრამ ეს მე არ მაღელვებს (იცინის).

- პასის გაკეთების ალღო ასაკთან ერთად მოვიდა თუ ვარჯიშებზე გამოგიმუშავდათ?

- ვარჯიშებზე შეიძლება კონდიციები აიმაღლო, დახვეწო საჯარიმო დარტყმა, ზოგიერთი ტექნიკური ელემენტი. რაც შეეხება პასის ალღოს - ეს სიღრმისეულია და ღვთისგან მოდის. პარტნიორები ამას ყოველთვის ძალიან აფასებენ. მე პარტნიორები კი მართლაც გამორჩეულები მყავდნენ! კვიპროსში თამაშის დროს გვერდით გიორგი ქინქლაძე მყავდა, მარჯვნივ - თემურ ქეცბაია. "ანჟიში" - მიხეილ აშვეთია და ოთარ მარცვალაძე, რომელთანაც ახლა "ვოლგაშიც" ვთამაშობ...

- ნიჟნი ნოვგოროდში შარშან ზედმეტი წონით მოხვედით.

- ეს იმიტომ, რომ ტრავმა მქონდა და გარკვეული დროით უთამაშებელი ვიყავი. ახლაც, ტრავმის შემდეგ სამი კილოგრამით მოვიმატე.

- თქვენთვის ეს წონა "ზედმეტია"?

- როგორ გითხრათ? ზედმეტი წონა, რა თქმა უნდა, ხელს გიშლის. თითოეულ ფეხბურთელს აქვს თავისი "სათამაშო წონა" და სწორედ იმ წონით თამაშია მიზანშეწონილი. ჩემთვის ეს 79 კგ-ია, ტრავმის შემდეგ კი სასწორმა 82 უჩვენა.

მწვრთნელებმა დრო მომცეს, რათა ეს კილოგრამები დავიკლო, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები მელოდება.

- ეს თქვენთვის ძნელია?

- პრობლემა არაა. სამი კილოგრამი - ეს ბევრი არაა. აი, რომ იყოს შვიდი, რვა, მაშინ გამიჭირდებოდა. ამ შემთხვევაში დღეში ორჯერ ვარჯიში ზედმეტ წონას უმალ მომაშორებს.

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

dervisha
ნეტა, ვინაა ის ქართველი ექიმი, მაიკლ ოუენს და რობერტო კარლოსს რომ მკურნალობდა?
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!