ანთალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე ტურნირში მონაწილეობას 5 ქართველი სპორტსმენი მიიღებს

მწვრთნელის ნდობა

დღეს ანთალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე ტურნირი იწყება, რომელშიც 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე და ტარიელ ქადიძე.

როგორც ვხედავთ, ნაკრების კორეელმა თავკაცმა ან-იონ სეუნმა ვაჟთა შეჯიბრებაში მხოლოდ ერთი მონაწილე წაიყვანა. ქადიძე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი კი არის, მაგრამ კორეელის რჩეულთა შორის პირველად მოხვდა. სეუნი ანთალიაში ახალგაზრდა თეონა კუტალაძის წაყვანასაც ფიქრობდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ მოზარდია და უფროსთათვის განკუთვნილ გრძელ დისტანციებზე უჭირს. ამიტომ მწვრთნელმა არჩევანი ვერულიძეზე შეაჩერა, რომელიც, ქადიძის მსგავსად, მის სიმპათიებს იმსახურებს. ვერულიძეც ნარიმანიძე-დიასამიძის თაობის მშვილდოსანია, იმ თაობისა, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში რომ გამოვიდა ასპარეზზე. კორეელმა ის ერთხელ უკვე გამოსცადა ნაკრებში. საინტერესოა, რომ მაშინაც ანთალიაში - ევროპის ”დიდ პრიზზე” წაიყვანა. არც ვერულიძემ გააწბილა - შესარჩევ ეტაპზე 1239 ქულით 71 მონაწილეს შორის 19-ე ადგილზე გავიდა. ეს მაჩვენებელი ძალზე ახლოსაა 1250-ქულიან ოლიმპიურ ნორმატივთან, ჩვენს ექვსკაციან გუნდში კი მესამე შედეგი აღმოჩნდა ნარიმანიძისა და ესებუას შემდეგ.

ელიტისა და 50 გუნდის მოლოდინში

ანთალიური შეჯიბრება ყოველთვის გამოირჩეოდა სიძლიერითა და ხალხმრავლობით, რასაც მისი ჩატარების ხელსაყრელი ვადებიც განაპირობებს - მუდამ მსოფლიოს პირველობისთვის მზადების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმართება, ბოლო წლებში კი ამას თავად ქალაქის, როგორც მსოფლიოში განთქმული საზღვაო კურორტის ფაქტორიც ემატება. თანაც - ზაფხულში იმართება და არც შემადგენლობას უჩივის ოდესმე. შედეგად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეჯიბრებაა, მისი ავტორიტეტი კი საერთაშორისო ტურნირების ახლებურად დახარისხების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან უძლიერესთა კატეგორიაში გავიდა.

წინასწარი მონაცემებით, მასში ამჯერადაც მთელი ელიტა უნდა გამოვიდეს. მთლიანად შეჯიბრებაში, ყველა დისციპლინაში 50 გუნდი იასპარეზებს, რაც შთამბეჭდავი ციფრია, მათი უმეტესობა კი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქალთა ოლიმპიურ დისტანციაზეც გამოვა, სადაც თითქმის ყველა ლიდერი იქნება. გადახალისებული გუნდებით ჩადიან მსოფლიო მშვილდოსნობის ფავორიტები - ჩინეთი და კორეა. ჩინელებს არც ოლიმპიური ჩემპიონი ჟუან-ჟუან ჭანგი ეყოლებათ, ვინც ოლიმპიადებზე კორეელთა ნახევარსაუკუნოვანი ჰეგემონია დაამხო, და არც იმ გუნდის სხვა წევრები, რომლებიც გუნდურში პეკინის თამაშების ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. მთლიანადაა გადახალისებული კორეელთა გუნდიც, სადაც არ არიან მსოფლიოს ბოლო პირველობის გამარჯვებული ჰუნ-ჰუნ იოო და ვერცხლის მედალოსანი იე ჯი კვაკი. თუმცა ამ გუნდებში იმხელა კონკურენციაა და ლიდერები ისე სწრაფად იცვლებიან, ძნელია თქმა, ამ კონკრეტულ მომენტში ვინაა ლიდერი და ვინ - მეორე-მესამე ნომერი. ვინც ნაკრებში ადგილი დაკარგა, ესე იგი, ამ მომენტში სხვები უფრო ძლიერები არიან და ამდენად, ისიც საკითხავია, იმათი არყოფნა არის თუ არა დანაკლისი მსოფლიოს თასისთვის. იქაურებმა გუნდში ვინც უნდა დააყენონ, ყველა ლიდერია და ნებისმიერ შეჯიბრებაზეც ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტი იქნება.

სხვა ლიდერები უკვე ანთალიაში არიან - მსოფლიოს ორგზის იტალიელი ჩემპიონი ნატალია ვალეევა თანაგუნდელ ელენა ტონეტასა და პია კარმენ ლიონეტისთან ერთად, ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალისონ ვილიამსონი და მისი თანაგუნდელი ნაომი ფოლკარდი, კოლუმბიელი მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ნატალია სანჩესი, ფრანგი ევროპის ჩემპიონი ბერენჟერე შუ, კორეელი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ბო ბაე კი, უძლიერესი გუნდებით ჩავიდნენ ინდოეთი, იაპონია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, გერმანია და სხვები. თურქთა შემადგენლობაში კვლავ იასპარეზებს ნატო ნასარიძე, ამერიკელებსაც ძველებურად გაუძღვება ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი)...

ანთალიაში დღეს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება და გაირკვევიან პლეი ოფის მონაწილენი გუნდურშიც და პირადშიც. ხვალ და ზეგ უკვე პლეი ოფები გაიმართება, ოღონდ მხოლოდ პირადში, გუნდურში კი 10 ივნისს ჩატარდება, ოღონდ ორივე შემთხვევაში გამოვლინდებიან ფინალური შეხვედრების მონაწილენი. ფინალები პირად პირველობაში 11-ში გაიმართება, გუნდურში - 12-ში და ამით ტურნირიც დამთავრდება.

მსოფლიოზე მხოლოდ ქალებით

ამასობაში თითქმის გაირკვა 3-17 ივლისს ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობა. კორეელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იქ ვაჟები არ გამოვლენ, რადგან მათი შედეგები ჯერჯერობით არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და მხოლოდ ქალები იასპარეზებენ. თანაც, უცვლელი შემადგენლობით: ნარიმანიძე, ესებუა, დიასამიძე. სეუნის ამ გადაწყვეტილებას ფედერაციის აღმასკომიც დაეთანხმა, თუმცა შემადგენლობა ჯერ მაინც არაა საბოლოოდ დამტკიცებული - მწვრთნელი ანთალიური შეჯიბრების დასრულებას ელოდება და არაა გამორიცხული, რაღაც კორექტივებიც შეიტანოს. ვფიქრობთ, მას ყველაზე მეტად ვერულიძის გამოსვლა აინტერესებს, რომელმაც ანთალიაში წინა სტუმრობისას პატარა სენსაცია შემოგვთავაზა. ერთი სიტყვით, მსოფლიოს თასი მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალური რეპეტიცია იქნება.

კორეელმაც და ფედერაციამაც ზემოაღნიშნულ გამგეობაზე ერთი მნიშვნელოვანი და ფრიად კომპრომისული გადაწყვეტილებაც მიიღეს - ტურინში სეუნს ნაკრების ძველი თავკაცი თამაზ ფუტკარაძეც დაეხმარება. დაგვეთანხმებით, ასეთი გადაწყვეტილება უცხოელის მხრიდან ფრიად გონივრული ნაბიჯია, არადა, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში მხოლოდ საპირისპირო მაგალითები გვაქვს. ტურინში საქართველოს დელეგაციას მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც იქ საერთაშორისო ფედერაციის ორდღიან სემინარსაც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, ოღონდ, ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად მთავარია არა პირადი, არამედ გუნდური შეჯიბრება - ლიცენზიას გუნდურში საუკეთესო 8 ნაკრები მიიღებს. თანაც უკლებლივ ყველა, სამივე წევრი ანუ 24 მონაწილე ტურინშივე გამოვლინდება. საქმე ცოტა აირევა, თუ ამ მოწინავე ოქტეტში ბრიტანეთიც მოხვდება, რაც სავსებით რეალურია.

მოგეხსენებათ, მათ მასპინძლობის სტატუსით ლიცენზია ავტომატურად ეძლევათ, ამიტომ მსოფლიოზე ამ ოქტეტში მათი მოხვედრის შემთხვევაში IX-XVI ადგილებზე გასული გუნდები დამატებით ტურნირში იასპარეზებენ, მათ შორის გამარჯვებული ნაკრები კი ასევე შეუერთდება ლიცენზირებულებს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, როგორ ჯამდება გუნდური პირველობის შედეგები - იკრიბება პირად პირველობაში საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე მონაწილის მიერ ნაჩვენები ქულები. თუ გავითვალისწინებთ, რომ პლეი ოფში 16 ნაკრები გადის, ჩვენებმა საგზურების მოსაპოვებლად ერთი წრე მაინც უნდა გაიარონ. იმედია, ასეც მოხდება.

რეიტინგი და ჩვენ

დასასრულ, კიდევ ერთი სიახლე - მაისისი ბოლოს მშვილდოსნობის საერთაშორისო და ევროპულმა ფედერაციებმა ახალი რეიტინგები გამოაქვეყნეს, სადაც თვალსაჩინოა ჩვენი ქალთა ნაკრების წარმატება - საერთაშორისო მეექვსე ადგილზე არიან, ევროპულში - მეორეზე. საერთაშორისოში ჩვენები სამხრეთ კორეას, ჩინეთს, რუსეთს, ინდოეთს და იაპონიას ჩამორჩებიან. ამ ხუთეულში ევროპიდან მხოლოდ რუსეთია და სავსებით ლოგიკურია ევროპული ფედერაციის რეიტინგში დაფიქსირებული შედეგები - ლიდერი რუსეთია, ჩვენები კი მეორეზე არიან. პირად პირველობაში ჩვენგან საუკეთესო რეიტინგი ესებუას აქვს - მსოფლიოში 32-ეა, ევროპაში - 27-ე.

სამწუხაროდ, ვაჟთა ნაკრებზე სალაპარაკო არაფერია, რადგან ის, პრაქტიკულად, არც არსებობს. კორეელი კი გვაიმედებს, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ვაჟთა გუნდიც გვეყოლება, რომელიც ლიცენზიის მოპოვებასაც შეძლებს. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, რამდენად რეალურია მისი ოპტიმიზმი.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია