პიტერ კრაუჩი გაბრაზებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ინგლისის ნაკრებს შემოსწყრება და სამშობლოს მთავარ გუნდში აღარ ითამაშებს
პიტერ კრაუჩი გაბრაზებული და შეურაცხყოფილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ინგლისის ნაკრებს შემოსწყრება და სამშობლოს მთავარ გუნდში აღარ ითამაშებს. „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 30 წლის თავდამსხმელი მაგალითს დევიდ ბექჰემისგან იღებს. ვის-ვის და ბექჰემს ყოველთვის საუცხოოდ შეეძლო ემოციის მოთოკვა და თავით საქმეში გადაშვება.

ერთი სიტყვით, კრაუჩი სიმწრისგან ტუჩს იკვნეტს, მაგრამ ამბობს, რომ ინგლისის ნაკრების წევრობა მისთვის საამაყოა და მომავალი სეზონიდან დიდი სიამოვნებით მოიხდის ქვეყნის წინაშე თავის ვალს. ოღონდ... თუ გამოიძახებენ.

მაინც რა ეწყინა ასე ძალიან ფორვარდს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული? ის, რომ შაბათს, ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზეც კი არ დასვეს.

„ასეთი რამ „ტოტენჰემში“ რომ მომხდარიყო ჰარი რედნაპი მეტყოდა რატომ არ მათამაშებს და რას უნდა ველოდო მომავალში, ფაბიო კაპელოს კი თავი ფეხბურთელებისგან ცალკე უჭირავს. ეს ის კაცი არ არის ფეხბურთელს მამაშვილურად მხარზე ხელს რომ გადახვევს. თუმცა, იმის გამო, რაც შაბათს მოხდა ქვეყანას ზურგს ვერ შევაქცევ. რასაკვირველია, შეურაცხყოფის გრძნობა ჯერ არ გამნელებია, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში თუ „უემბლიზე“ გოლის გატანა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან საამაყო რამ არის.

ხალხი ამბობს, რომ თანამედროვე ფეხბურთელებს მხოლოდ კლუბებში თამაში აინტერესებთ, მაგრამ მე ასე არ ვარ. ნაკრებში თამაში ჩემთვის უგემრიელესი დესერტივით არის. ყოველთვის, როდესაც ეროვნული გუნდის მაისურას ვიცვამ, გული განსაკუთრებული გრძნობით მევსება“.

გაზეთები წერენ, რომ გაუგებარია, რატომ არ ათამაშებს ფაბიო კაპელო ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებისადმი მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. განა, განწყობასა და შემართებას ფეხბურთში უდიდესი მნიშვნელობა არ ენიჭება? ზემოთ ვახსენეთ, რომ „სფურზის“ ფორვარდს ნაკრებში 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული. დავძინოთ, რომ ამ შეხვედრებში მას 22 გოლიც გაიტანა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მეტწილად მან ეს შეხვედრაში მოგვიანებით ჩართულმა შეძლო. სხვა სიტყვებით, კრაუჩს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებდნენ.

არც კაპელო ენდობოდა ბოლომდე „ტოტენჰემის“ თავდამსხმელს, რაც შაბათს, შვეიცარიასთან შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა კიდეც. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა შვეიცარიელებთან 2:2 ითამაშა და ქომაგები გააწბილა.

„როდესაც გავიგე, რომ შვეიცარიასთან შეხვედრაში განაცხადში საერთოდ არ შევყავართ, ძალიან გავმწარდი. შეგუებული ვიყავი იმას, რომ თამაშს დარენ ბენტი დაიწყებდა, მაგრამ მეგონა თადარიგში მაინც ვიქნებოდი. ვერც კი დავუშვებდი, რომ თამაშის ნახვა ტრიბუნიდან მომიწევდა. ძალიან ძნელი იყო „უემბლიზე“ ჯდომა და იმ თამაშის ცქერა, რომელშიც მონაწილეობას ვაპირებდი, მაგრამ გულჩათხრობილი კაცი არ ვარ და ბიჭების დასანახავად დაბოღმილი სახით ვერ დავჯდებოდი. როდის გავიგე, რომ კაპელოს განაცხადში საერთოდ არ შევყავდი? თამაშამდე ორი საათით ადრე.

რას იზამ, ასეთია კაპელო. ის ყველას მიმართ ერთნაირია და იძულებულები ვართ ამას შევეგუოთ. ამ კაცს კარიერაში დიდი წარმატებები ჰქონია და თუ დღეს „ჩაიზე არ დამპატიჟა“, ამას ჩვეულებრივად უნდა შევხვდე.

მეორე მხრივ, ამ გუნდის განაცხადშიც რომ ვერ მოვხვდი, ძალიან ცუდია. მაშ, უეინ რუნი, ჯერმაინ დეფო და ენდი ქეროლი რომ დაბრუნდებიან, მერე რაღა მომივა? არ დაგიმალავთ, ვფიქრობ, რომ ჩემთან ასე მოქცევა მთლად სამართლიანი არ არის, რადგან, როდესაც კი შესაძლებლობა მომეცა, ჩემი ეროვნული გუნდისთვის თავი დავდე და გოლებიც გავიტანე“.

ჩავხედოთ სტატისტიკას: პიტერ კრაუჩმა ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით სასტარტო შემადგენლობაში სულ ხუთჯერ ითამაშა, მაგრამ თავიდანვე ენდო თუ საქმეში მერე ჩართო, კრაუჩმა რვა გოლით დაუფასა. ამ რვა გოლს შორის იყო ნოემბერში საფრანგეთის კარში ბოლო წამს გატანილიც.

„დიახ, რამდენიც მათამაშეს, ლამის იმდენი გოლი გავიტანე. ბოლოს, საფრანგეთთან სულ ორი-სამი წუთი მენდნენ და მაინც შევაგდე. ძირითადში, კაპელომ, ბოლოს, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში დამაყენა და, იმ დღეს, ორი გოლი გავიტანე. აი, ამის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონატზე სასტარტოში არ მითამაშია. ორჯერ შემიშვა მოედანზე ცოტა ხნით და სულ ეს იყო. არადა, არც ვარჯიში დამიკლია და არც თავდადება.

ამის შემდეგ კაპელომ არც შვეიცარიასა და უელსში წამიყვანა და არც შინ, განასთან ამხანაგურ შეხვედრაში მათამაშა. ახლაც, შვეიცარიელებთან საპასუხო შეხვედრაში, „უემბლიზე“, მინდოდა თავი გამომეჩინა, სეზონი მაჟორულ ნოტაზე დამემთავრებინა, მაგრამ არც ამის საშუალება მომეცა და ახლა, მთელი ზაფხული გულში ჩარჩენილ იმედგაცრუებაზე უნდა ვიფიქრო. რა გახარებული წავიდოდი შვებულებაში, იმის შეგრძნება რომ მქონდეს, რომ რაიმე ღირებული გავაკეთე. მაგრამ, არა უშავს, მაგალითს დევიდ ბექჰემისგან ავიღებ. მაშინაც კი, როდესაც არ იძახებდნენ, ის ამბობდა, რომ ინგლისის ნაკრების წევრობა დიდი ბედნიერებაა. მეც ასე მოვიქცევი და იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მის სათავეში, ჩემი სამშობლოს ნაკრებში თამაშს არ შევწვეტ“.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა