საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო...

ევრობასკეტი 2011. შესარჩევი ტურნირი

2 აგვისტო. თბილისი. სპორტის სასახლე. 9100 მაყურებელი

საქართველო-პოლონეთი 84:65

19:24, 26:16, 18:9, 21:16

საქართველო: გამყრელიძე (7 წთ), ა. ბოისა (2 წთ), ფაჩულია (27წთ, 8მ, 26ქ), ცინცაძე (26წთ, 5მ, 14ქ), შერმადინი (13წთ, 4მ, 4ქ), მარკოიშვილი (24წთ, 4მ, 3პ, 12ქ), სანიკიძე (37წთ, 12მ, 14ქ), გრინი (28წთ, 9ქ), ცქიტიშვილი (25წთ, 4მ, 5ქ), შენგელია (11წთ)

პოლონეთი: ჩილინსკი (3ქ), ბერიშა (2ქ), ლამპე (6მ, 21ქ), შუბარგა (2ქ), დილევიჩი, ჰრიჩიანიუკი, მაიევსკი, კელატი (22ქ), გორტატი (10ქ), კოზარეკი (5ქ)

მსაჯები: ენგინ კენერმანი (თურქეთი), ანასტასიოს პილოიდისი (საბერძნეთი), სერგეი ჩებიშევი (უკრაინა)

შეხვედრის დაწყებამდე პრესლოჟაში შევიტყვე, რომ ტოტალიზატორებში ფავორიტი პოლონეთის ნაკრები ყოფილა. სლავების მოგებაზე ლარს ვინც დადებდა, 1.4 ლარს მოიგებდა, ხოლო საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ლარში 2.7-ჯერ მეტ თანხას იხდიდნენ. როგორც ხედავთ, ტოტალიზატორების გამოთვლებით, პოლონეთს საქართველოში მოგების დიდი შანსი ჰქონდა...

...მაგრამ სლავებთან ერთად (რომლებიც თამამად ამბობდნენ, თბილისიდან ორი ქულის წაღებას ვაპირებთო) გათვლებში ტოტალიზატორებიც შეცდნენ. მათ უამრავი დეტალი გამოეპარათ მხედველობიდან:

პირველი და უმთავრესი - შემადგენლობების თანაფარდობა. გუშინ მარცინ გორტატის გასული სეზონის სტატისტიკა ზაზა ფაჩულიას მონაგარს შევადარეთ, სხვა კალათბურთელებიც შევაპირისპირეთ და აღმოჩნდა, რომ იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველები ამავე ლიგის წარმომადგენელ პოლონელებს სჯობნიან, ესპანეთში მოასპარეზე ჩვენიანები პირენეებზე მოთამაშე პოლონელებს არ ჩამოუვარდებიან... ასე რომ, შემადგენლობების გათვალისწინებით ნამდვილად არ შეიძლებოდა ამ წყვილში ფავორიტად პოლონეთის შერაცხვა. ეს გუშინაც დავინახეთ: ზაზა ფაჩულიამ (27 წუთი, 26 ქულა, 8 მოხსნა) აშკარად აჯობა მარცინ გორტატს (28 წუთი, 10 ქულა, 3 მოხსნა). "არწივები" სიამაყით წერენ - გორტატს "პოლონურ ჩაქუჩს" უწოდებენო.

გუშინ თუ გორტატი "ჩაქუჩი" იყო, ფაჩულია... (შედარება თქვენთვის მომინდია). ზაზამ ორლანდოელ ცენტრს პირველივე წუთებზე ორი ჯარიმა მიაღებინა. საწყის მეოთხედში ფაჩულიამ 11 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ქართველებს დაცვაში თამაშის დალაგება გაუჭირდათ და პერიოდი 19:24 დათმეს.

მეორე მეოთხედში ზაზა შეცვალა გიორგი შერმადინმა, რომელმაც კაპიტნის არყოფნა გუნდს არ დაატყო და ერთ ეპიზოდში პოლონელთა ლიდერს იმდენად ეფექტურად დაატენა, რომ გორტატს ვარჯიშებზე თანაგუნდელი დუაით ჰოვარდის ზემოდან გდებები გაახსენდებოდა. მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში დაალაგა და საფინალო სირენამდე ჩავარდნა აღარ მოსვლია. საყურადღებოა, რომ მეორე ათწუთეულში მატჩის სიმძიმემ უმთავრესად სათადარიგოებზე გადაიარა. დიდ შესვენებაზე სასიამოვნო დასკვნაც გავაკეთეთ - მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის განკარგულებაში ორი კარგი ხუთეულია.

...და რა მდგომარეობაა ამ მხრივ პოლონელთა ბანაკში? კოზარეკი, დილევიჩი, ბერიშა, შუბარგა, მაიევსკი, ჩილინსკი... ამ ექვსეულმა ერთობლივად 12 ქულა ჩააგდო. ექვსივემ ერთად აღებულმა იმდენი ვერ გააკეთა, რაც მხოლოდ მარკოიშვილმა, სანიკიძემ და ცინცაძემ. ცქიტიშვილსა და შენგელიას საპასუხისმგებლო მისია ეკისრათ - პოლონელთა მთავარი მექულის მაცეი ლამპეს შეჩერება. ის გუნდური თამაშიდან გამოთიშეს და რაც ჩააგდო, უმთავრესად ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო. იგივეს თქმა შეიძლება ტომას კელატიზე, რომელიც პოლონეთის ნაკრებს წლეულს დაემატა და, ეტყობა, გუნდთან შეთამაშება ჯერ ვერ მოასწრო. თუმცა, ვალენსიელმა მაღალი კლასი მაინც გამოამჟღავნა - რვიდან 5 სამქულიანი ჩააგდო.

ასე და ამგვარად, პოლონეთის ნაკრებში გუშინ მხოლოდ ლამპემ და კელატიმ ივაჟკაცეს. თუ განმეორებითი მატჩისთვის მარცინ გორტატის გამოფხიზლებას უნდა ველოდეთ, ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ შუბარგა-კოზარეკები კლასს აიმაღლებენ... თუმცა, 17 აგვისტომდე შეიძლება შეთამაშდნენ და შინ ქართველებს დიდი ბრძოლა გაუმართონ.

პოლონელ "არწივებზე" წერა ერთი გვარის ხსენებით უნდა დავასრულოთ: 2008 და 2009 წლებში სლავების თეთრ-წითელი მაისურა გამთამაშებელ დევიდ ლოგანს ემოსა. იგი შედეგიანადაც ისროდა და ბურთიც კარგად მიჰქონდა გორტატი-ლამპეს წყვილამდე. ლოგანმა ამ სეზონის წინ პოლონეთის "პროკომი" ესპანურ "კახა ლაბორალზე" გაცვალა და ნაკრებში თამაშზეც უარი თქვა. დევიდის წასვლის შემდეგ პოლონელ პლეიმეიქერებს თამაშის დალაგება ძალიან გაუჭირდათ.

ტოტალიზატორებმა ისიც ვერ გათვალეს, რომ იგორ კოკოშკოვმა აქამდე ნაკრების არაერთი კოზირი დამალა - გიორგი ცინცაძე კოჭის ტრავმის გამო საკონტროლო მატჩებში თითქმის არ დატვირთა. პოლონელებს ისიც ახსოვდათ, რომ "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი) გასულ სეზონში პოლონურ "სოპოტში" ასპარეზობდა და თავი ნამდვილად არ გამოუჩენია (კოჭის ტრავმამ შეაწუხა).

ამიტომ, სტუმართა მწვრთნელი იგორ გრიშჩუკი მისგან ხიფათს ნაკლებად მოელოდა. არადა, "ბუ" მატჩის გადამწყვეტ მომენტში თანაგუნდელებსაც გაუძღვა, გულშემატკივრებიც აიყოლია და მასპინძლებს მესამე მეოთხედი 18:9 მოაგებინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლონელები მესამე პერიოდში გატყდნენ. დიდი შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ ცინცაძემ ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ - საჯარიმო ტყორცნა, ამას მოჰყვა ეფექტური პასი ფაჩულიას მისამართით და ქართველები 55:42 დაწინაურდნენ. გაცხარებულმა იგორ გრიშჩუკმა წუთშესვენება ითხოვა.

მეოთხედის ბოლო წამზე კელატის სამქულიანი რომ არ ჩაეგდო, სტუმრები ათწუთეულში მხოლოდ 6 ქულას მოუყრიდნენ თავს. ამ მეოთხედში 18-დან 10 ქულა ცინცაძის ანგარიშზე იყო. არ გაგიკვირდეთ და გიორგის თამაშის შემხედვარეს 2003 წლის "დინამო"-"ბათუმის" ფინალი გამახსენდა. მაშინ 16 წლის ყმაწვილმა, ფაქტობრივად, მარტომ მოუგო ფავორიტ დინამოელებს. მეორე დღეს მიმოხილვას დავარქვი: "ბუ და დაჭრილი არწივი". სხვათა შორის, პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის ლოგოსა და ნაციონალურ გერბზეც არწივია გამოსახული. რამდენად მტკივნეული ჭრილობა მივაყენეთ სლავ "არწივებს", აგვისტოს ბოლოს დავინახავთ.

იცით, კიდევ რა გამორჩათ მხედველობიდან ტოტალიზატორებს? - გულშემატკივრობა. მართალია, დარბაზში აქა-იქ ცარიელ ადგილებს დიანახავდით, მაგრამ მატჩს 9100 გულშემატკივარი დაესწრო, რაც შესარჩევი ტურნირის საზომებით ძალიან დიდი რიცხვია. გუშინვე უკრაინა-მაკედონიის შეხვედრას 1850-მა ქომაგმა მიადევნა თვალი (საქართველოში, ასე ცოტა ქომაგი 1850 წელს თუ მოდიოდა)...

ხუმრობა ფრჩხილებში იყოს და კალათბურთელებმაც აღიარეს, რომ მაყურებელი მატჩის მოგებაში ძალიან დაეხმარათ.

"დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარმა დიდი ბიძგი მოგვცა. კალათბურთელებმა ყველაფერი გავიღეთ, რომ ქომაგი გაგვეხარებინა. ცხადია, ჩვენც გახარებულები ვართ, - მოედნიდან გამოსვლამდე თქვა ვიქტორ სანიკიძემ. სხვათა შორის, ამხანაგურ ტურნირებზე ვიქტორიც ერთგვარად ჩრდილში იდგა.

დამაგვირგვინებელ ფაზაში ძველებურად შედეგიანი ვერ იყო, თუმცა პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში "არწივებსაც" გადაახტა (ყველაზე მეტი - 12 მოხსნა) და შეტევაშიც მაღალი სიზუსტით გამოირჩა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო). შეიძლება, კოკოშკოვი ვიქტორსაც აგვისტოსთვის ინახავდა. მაშინ, როცა ლამპე-გორტატის წყვილზე პოლონელები დითირამბებს წერენ, ქართველებმა მათ მოხსნებში 44:21 აჯობეს.

როგორც ჩანს, ზოგიერთებმა პოლონეთის ფავორიტად შერაცხვისას მხოლოდ ისტორია გაითვალისწინეს. 2003-დან 2009 წლამდე ქართველები მეორე ლიგაში ვყურყუტებდით, ხოლო პოლონელები ევროპის ჩემპიონატებზე იძენდნენ გამოცდილებას. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს პირველი ოფიციალური მატჩი, 1995 წლის 24 მაისს, სწორედ პოლონეთთან აქვს წაგებული - 68:91 (-23 ქულა).

მეოთხე პერიოდი ნიკა ცქიტიშვილმა სამქულიანით გახსნა, მას მანუჩარ მარკოიშვილმაც მიბაძა, შემდეგ გრინის დრიბლინგები ვიხილეთ და მივიღეთ სწორედ 23-ქულიანი უპირატესობა - 77:54. მართალია, ბოლოს 19 ქულით მოვიგეთ, მაგრამ ესეც კარგია, ჯგუფში ბევრი თანაბარი ძალის გუნდია და შეიძლება, მიღებულ-ჩაგდებული ბურთები გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...