1992 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული დანიამ მოიპოვა. ეს იყო ზღაპრული ამბავი, მისტიკური, უჩვეულო და დრამატული ელემენტებით. სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიმიტრი ქიტოშვილი იხსენებს. პოსტი 2018 წელსაა გამოქვეყნებული:

"ალბათ, ბევრს გახსოვთ დანიის ნაკრების სენსაციური გამარჯვება ევრო 92-ზე. ამ ისტორიას აქვს სხვა მხარეც, ძალიან სევდიანი და ტრაგიკული, მაგრამ ამასთან, სრულიად საოცარი.

1992 წლის ზაფხულში იუგოსლავიის ნაკრები პოლიტიკური მიზეზებით მოკვეთეს შვედეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატიდან და მისი ადგილი მოულოდნელად ერგო დანიის ნაკრებს, რომელიც ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და მისი წევრები მშვიდად ისვენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კურორტზე. თავიდან, დანიაში ეს არავინ დაიჯერა. ყველას ხუმრობა ეგონა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჰარდ მელერ-ნილსონის ჩათვლით, რომელიც, როდესაც აღმოაჩინა, რომ ხუმრობა არ იყო, სასწრაფოდ შეუდგა ფეხბურთელების შეგროვებას.

ეს არ გამოდგა ადვილი საქმე, რადგან ფეხბურთელებსაც არ სჯეროდათ, ეგონათ, აშაყირებდნენ და ტელეფონს უთიშავდნენ მწვრთნელს. მელერ-ნილსონს დიდ ჯაფად დაუჯდა ნაკრების შეკრება. არავის უნდოდა შვებულების შეწყვეტა, ყველამ იცოდა, რომ უვარჯიშებელი და შეუთამაშებელი დანიის ნაკრები დამარცხებისთვის იყო განწირული.

გუნდს არ გააჩნდა არც ფიზიკური ფორმა, არც თამაშის გეგმა, არც მოწინააღმდეგეთა ანალიზი. ეს მწვრთნელსაც კარგად ესმოდა და ფეხბურთელებს სთხოვა, არ შეეწყვიტათ შვებულება, ჩამოსულიყვნენ რამდენიმე დღით, ეთამაშათ ჯგუფური ეტაპის სამი სავალდებულო თამაში და მშვიდად გაეგრძელებინათ დასვენება. ზოგმა მაინც იუარა. მაგალითად, მიქაელ ლაუდრუპმა, რომელიც არ ჩამოვიდა შვებულებიდან და მიზეზად მწვრთნელთან კონფლიქტი დაასახელა.

თავდაპირველად, თამაშზე უარი თქვა კიმ ვილფორდმაც, თუმცა მისი მიზეზი გაცილებით სევდიანი იყო - კიმის პატარა ქალიშვილი წარუმატებლად ებრძოდა კიბოს საავადმყოფოს პალატაში. გუნდს და მწვრთნელს ესმოდათ, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა ვილფორდი. მას შესთავაზეს ნებისმიერი პირობა, რასაც მოისურვებდა, მაგრამ ვერ დაითანხმეს. მოულოდნელად, უკანასკნელ დღეებში პატარა ლინის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შვილმა და მეუღლემ ერთდროულად სთხოვეს კიმს, წასულიყო ჩემპიონატზე. მწვრთნელმაც ნება დართო ვილფორდს, ყოველი თამაშის მერე დაბრუნებულიყო დანიაში, შვედეთიდან კოპენჰაგენი ხომ იქვე იყო.

დანიამ პირველი მატჩი ფრედ ითამაშა ინგლისთან, მეორეში - მასპინძელ შვედებთან დამარცხდა. მოულოდნელად, პატარა ლინის მდგომარეობა მძიმდება და შესვენებაზე მეუღლე სთხოვს ვილფორდს, სასწრაფოდ დაბრუნდეს კოპენჰაგენში. ვილფორდი ალაგებს ბარგს და მიემგზავრება. თანაგუნდელებს სთხოვს, აღარ ელოდონ - ჩემპიონატი მისთვის დასრულებულია. საფრანგეთთან მატჩს ის უკვე საავადმყოფოში უყურებს ლინთან ერთად. ანგარიშს დანია ხსნის. საფრანგეთი ათანაბრებს და დანია გავარდნის პირასაა, მაგრამ თამაშის მიწურულს ელსტრომს გააქვს გამარჯვების გოლი.

ვილფორდი ხედავს, როგორ ცოცხლდება მთელი კლინიკა. გამხდარი, თმაგაცვენილი, გატანჯული ადამიანები უეცრად ივიწყებენ სიკვდილსა და ტკივილს და მხიარული შეძახილებით იკლებენ საავადმყოფოს. ისინი ბედნიერები არიან. ლინიც ბედნიერია. მასაც ავიწყდება სასიკვდილო დაავადება, თუნდაც 90 წუთით. ვილფორდი საავადმყოფოს ტუალეტში იკეტება და ტირის. ტირის ტკივილისა და სიხარულისგან.

ნახევარფინალში დანიას ხვდება ჰოლანდიის საოცარი ნაკრები, ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი. ვან ბასტენს, კუმანს, გულიტს, ბერგკამპს, ბლინდს, დე ბურს, ვან ბრეკელენს გამარჯვება სწყურიათ. ვილფორტი შვილის თხოვნით ნაკრებში ბრუნდება. მას ახსოვს, ვისთვის თამაშობს, ვისთვის უნდა გაიტანოს. იცის, როგორ უნდა გააბედნიეროს პალატის ბინადრები, თუნდაც რამდენიმე წუთით. ძირითადი დრო 2:2 სრულდება. იწყება პენალტები. ვან ბასტენი საშინლად ურტყამს. ნიშნულთან მიდის ვილფორდი. დაღლილი, გამხდარი, საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. თვალცრემლიანი იყურება ცაში, იყურება კოპენჰაგენისკენ. იცის, რომ იქ, სიკვდილის პალატებში, ლინი და სხვა ბავშვები ცდილობენ, ტელევიზორის წინ ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ თავიანთი გასაჭირი. დანია ფინალშია. ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს.

მატჩის შემდეგ ვილფორტი სასწრაფოდ მიემგზავრება დანიაში. შვიდი წლის ლინის მდგომარეობა გაუარესდა, გოგონა ფაქტობრივად მომაკვდავია. კიმი კატეგორიულად უარს ამბობს თამაშზე, მაგრამ ოჯახის წევრები და კლინიკაში მყოფი პაციენტები ემუდარებიან, დაბრუნდეს და მოიგოს მათთვის ევროპის თასი. ამავეს სთხოვს ლინიც, როცა ლაპარაკს ახერხებს.

ალბათ, ბევრს გახსოვთ ფინალი გერმანიის წინააღმდეგ. დანიელებმა დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში. ამის შემდეგ გერმანელები მასირებულად უტევდნენ და ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან, მაგრამ 79-ე წუთზე კიმ ვილფორტს გააქვს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი და მთელი ერის ოცნებას რეალობად აქცევს.

ამ დროს ის ფიქრობდა მხოლოდ მათზე, ვინც უკანასკნელ ტკივილებს უმკლავდებოდა პალატებში და მაინც ზეიმობდა გამარჯვებას. მას სჯეროდა, რომ ფეხბურთს და გამარჯვებას შეეძლო თუნდაც სულ ცოტა ხნით მათი გამოხსნა ამ მტანჯველი ჯოჯოხეთიდან. კიმმა და მთელმა გუნდმა ეს სწორედ ამ ადამიანებისთვის და მომაკვდავი ლინისთვის გააკეთეს.

კიმ ვილფორტის ფინალში გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და ტრაგიკულ გოლად ითვლება.

დანიის ნაკრების "ზაფხულის ზღაპარი" სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ოქროს ფონდში.

ლინ ვილფორტი ფინალიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მან თქვა, რომ ამაყობდა მამით, რომ მისი ოცნება ასრულდა, დანიამ გაიმარჯვა და მამა ყველაზე ძლიერი იყო. ის ოცნებობდა სიკვდილის წინ ენახა დანიის ნაკრების "ზაფხულის ზღაპარი" და ნახა კიდეც. ეს ზღაპარი მისთვის და მისნაირებისთვის დაიწერა. იმ ზაფხულს ისინი ყველანი ბედნიერები იყვნენ.

ჩემპიონატიდან 1 წლის შემდეგ კიმ და მინა ვილფორტებს ქალიშვილი რიკე შეეძინათ."

წყარო: ambebi

სარა
ვაი გული. საოცარი ისტორიაა, როგორ მატირეთ.
Batumi90
სიტყვები არ მყოფნის ბრავო ავტორს
გიო
ბრავო და კიდევ ბრავო!!!
G.LA
ვიცოდი ეს ისტორია მარა ამეტირა მაინც. მადლობა კარგი სტატიისათვის.
თომა
ცრემლი მომერია... ეს ისტორია ადრეც წამიკითხავს, მადლობა ავტორს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა,თუ რა შეუძლია ფეხბურთს და ზოგადად სპორტს,ერის და ბერის გაერთიანება.
buxa
საოცარია თავს ვერ ვიკავებ
qomagi
საოცარი ისტორიაა, ბრავო ავტორს! სტატიაც პროფესიონალურადაა მომზადებული, რისთვისაც დიდი მადლობა. სიმართლე უნდა ვთქვა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თვალებზე ცრემლები მომადგა
ATP 16
მხოლოდ ეს ისტორიაც საკმარისია , იმის გადმოსაცემად , თუ რა შეუძლია სპორტს ქვეყნისათვის . ეს ერის გაერთიანების , სიამაყის , გამარჯვების სიხარულია . არა აქვს მნიშვნელობა , თუ რა სახეობამ შეიძლება მოგიტანოს ეს ემოცია . პირადად მე 2008 წლის ამბავს გავიხსენებდი , როცა გორის დაბომბვის შემდეგ , ცირეკიძემ ოლიმპიადაზე მიწაზე გააკრა რუსი მეტოქე საოცარი ილეთით , დღესაც სიხარულისა და ტკილის ცრემლის გარეშე , ვერ ვიხსენებ მაშინდელ ემოციას , დამარცხებული თუმცა მაინც ამაყი იმით , რაც ცირეკიძემ გააკეთა , მისი თვალები ყველაფერს ერთად ამბობდა . იმედია მოვა დრო და ფეხბურთი მოგვიტანს ამ ემოციას . სპორტი საწამლავია , თუ ერთხელ გაუსინჯე გემო , ვეღარასოდეს ვეღარ იტყვი მასზე უარს .
ჭაბუ
გადაღებულია ფილმი
გიორგი
ბრავო!
David
92 წლის ფინალურ შეხვედრაში გერმანიას ვგულშემატკივრობდი, საერთოდ საქართველოს შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს ისტორია არ ვიცოდი კიმ ვიკფორტზე, 92 წელს ასაკითაც პატარა ვიყავი და მაშინ არ იყო ინტერნეტი ასეთი განვითარებული და ხელმისაწვდომი, თორემ ეს ისტორია ალბათ ყველას ეცოდინებოდა და ვფიქრობ, ამ ამბის ფონზე, მეც დანიას ვუგულშემატკივრებდი. ეხლა ვხვდები როგორ მოახერხა დანიამ, იმ დროს მსოფლიო ჩემპიონის და აშკარა ფავორიტის, გერმანიის დამარცხება. მართლაც სევდიანი და გულდასაწყვეტი ამბავია, ვუთანაგრძობ კიმ ვილფორტს.
QT
სევდიანი და ამასთანავე მაგარი ამბავია. დანიელების 1992 წლის ევროპაზე მოხვედრა და ჩემპიონობა ხომ ზღაპარი იყო და ეს ისტორია კიდე თავისთავად სასწაულია. რეჟისორი რომ ვიყო ამ ისტორიაზე ფილმს გადავიღებდი.
პეტროსი
საოცარი წერილია.ასეთი ცხოვრების მაგალითები ალამაზებენ და ელფერს აძლევენ ცხოვრებას...მადლობა ავტორს.
დიმი
ყოჩაღ! არ ვიცოდი ეს ისტორია.
Odala
თქვენ სტატიებზე თითქმის სულ მეტირება, მაგრამ ახლა პირდაპირი მნიშვნელიბით ამეტირა.
ამო
ყოჩაღ გიორგი.
Master
მაგარი სტატია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!