თურმე ასე ეძახდნენ „ჩელსის“ ახალ მწვრთნელ ანდრე ვილას-ბოასს, როდესაც ის, ყმაწვილკაცობისას, ქალაქ პორტოს რეგიონალურ ლიგებში თამაშობდა

გასულ სეზონში „ჩელსიმ“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული დაკარგა გუნდთან, რომელსაც „პატარა ბარდა“ ანუ ესპანურად ჩიჩარიტო ჰყავდა. ახალ სეზონში ლონდონის გუნდი ძველი დიდების დაბრუნებას „პატარა სტაფილოს“ დახმარებით შეეცდება - თურმე ასე ეძახდნენ „ლურჯების“ ახალ მწვრთნელ ანდრე ვილას-ბოასს, როდესაც ის, ყმაწვილკაცობისას, ქალაქ პორტოს რეგიონალურ ლიგებში თამაშობდა.

გუნდი, რომელშიც "სტაფილო" ორი წლის განმავლობაში აგორებდა ბურთს გახლავთ „რამალდენსე“. ის ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა სტადიონს ფლობდა, რომელიც უფულობის გამო მიატოვა და სადღაც, პატარა და საცოდავი მინდორი იქირავა. რაც შეეხება „რამალდენსეს“ საკლუბო შენობას, ის ფაქტობრივად ბარია, სადაც უბნის კაცები იკრიბებიან და ლაყბობენ.

სხვათა შორის, „პორტოს“ ფანები ვილას-ბოასის „ჩელსიში“ წასვლამ გააბრაზა, „რამალდენსეს“ ფანებს კი დღემდე უყვართ და ახსოვთ თავიანთი ბიჭი. აი, მაგალითად რას ამბობს კლუბის ერთ-ერთი დირექტორი, მავანი ნელსონ კარვალიუ: „ჩვენს ხელში ფეხბურთის ბევრ ვარსკვლავს გაუვლია, მაგრამ ვილას-ბოასი სხვაა რადგან მას არ ვავიწყდებით. მან ამასწინათაც გვახსენა ერთ-ერთ ინტერვიუში“.

არადა, „ჩელსის“ 33 წლის მწვრთნელი „რამალდენსეს“ შემადგენლობაში სრულიად უსახური ფიგურა გახლდათ. ერთადერთი, რითაც ის ხალხს დაამახსოვრდა, ზრდილობაა. მცველი იყო, მაგრამ ვაგლახ... ამოცანას ვერ ართმევდა თავს. თვალში მოწითალო თმით თუ მოგხვდებოდათ. სწორედ ამიტომაც შეარქვეს სტაფილო.

„პატარა სტაფილო" შეურაცხმყოფელი მეტსახელი არ არის, სასაცილოა - ამბობს აგოსტინო მარკეში, რომელიც „რამალდენსეში“ ბავშვთა შვიდკაცა გუნდს ავარჯიშებს - ის ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ძველს კი არ ვიხსენებთ, იმაზე ვფიქრობთ, როგორ წავა მისი საქმეები ლონდონში. აქ, პორტუგალიაში მისი ცხოვრება იდილიური იყო იმასთან შედარებით, რაც ინგლისში ელის. უნდა მოახერხოს და პრესის აგრესიას მშვიდად შეხვდეს“.

პორტოში ბევრი ფიქრობს, რომ ვილას-ბოასი იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული, რადგან ინგლისელი ბებიის წყალობით ენას კარგად ფლობს და ცხოვრებამ დიდ მწვრთნელს, ბობი რობსონს შეახვედრა. შემდეგ მან გაიცნო ჟოზე მოურინიო, რომელმაც ასევე დიდი როლი ითამაშა მის სამწვრთნელო კარიერაში, მაგრამ მოურინიო „ჩელსის“ ცხოვრებაში ქარივით შევარდა და თავს განსაკუთრებული უწოდა, ვილას-ბოასი კი, სავარაუდოდ, ასე ვერ მოიქცევა. აგოსტინო მარკეში განაგრძობს:

„მოურინიო ისე იქცეოდა გეგონება მეფე ყოფილიყო, ვილას-ბოასი კი ზრდილობიანი ბიჭია და ამ შეცდომას არ დაუშვებს“.

ვილას-ბოასის ოჯახშიც ამას იმეორებენ - ანდრე განსაკუთრებული არ არისო. ერთადერთი, რაც მან სხვანაირად გააკეთა ის გახლდათ, რომ მდიდარი მამის ბიზნესს კი არ გაჰყვა, ფეხბურთში დაიწყო მოღვაწეობა.

ანდრეს ბიძაშვილი ბეატრის ვილას-ბოასი: „ის იმით გახლავთ გამორჩეული, რომ ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით ექიმი ან ადვოკატი არ გახდა. ის ყოველთვის ერთი მოკრძალებული ბიჭი იყო, რომელიც ფეხბურთზე გადაირია, თუმცა თავად საკუთარ ბიძაშვილებზე უკეთესადაც ვერ თამაშობდა. მერე გაირკვა, რომ მაინც სწორედ აურჩევია პროფესია“.

„ჩელსის“ ახალ მწვრთნელს ჰყავს მეუღლე, 31 წლის ჟოანა და ორი გოგონა. მისი დიდი ოჯახიდან სწორედ ისინი წაჰყვებიან ანდრეს ლონდონში.

„მათ ძალიან წესიერი ოჯახი აქვთ, მოკრძალებული ხალხია. არადა, ანდრეს მამის სიმდიდრე იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ის თავხედ ადამიანად გაზრდილიყო, - ამბობს მეგობარი ალბერტო კონსეისაო. საინტერესოა, რომ ვილას-ბოასი პორტოში სიდედრ-სიმამრის სახლთან, ქუჩის გადაღმა ცხოვრობს. ახლოს არის მისი მშობლების სახლიც. ერთადერთი, რითაც მან ახლოს მცხოვრები ნათესავები და მეზობლები შეაწუხა, ის გახლდათ, რომ „პორტუდან“ „ჩელსიში“ გადასვლით ფანები გააღიზიანა და მათ სახლთან მიტინგები მოუწყვეს. სახლი პოლიციამ დაიცვა, თუმცა ანდრეს ბავშვები უკვე სოფელში ჰყავდა წაყვანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა