საქართველო-პოლონეთის კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სხვა სახელოვან სპორტსმენებთან ერთად ლევან ინწკირველიც ესწრებოდა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ჩვენს ბიჭებს გამარჯვება...

საქართველო-პოლონეთის კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სხვა სახელოვან სპორტსმენებთან ერთად ლევან ინწკირველიც ესწრებოდა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ჩვენს ბიჭებს გამარჯვება.

ბატონი ლევანი 17 წელიწადი იცავდა თბილისის `დინამოს~ ღირსებას როგორც მოთამაშე. 1968 წელს საქართველოს უპირველესმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა, მომდევნო წელს ვერცხლის მედალი და საკავშირო თასი ერგო, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალში გააღწია.

ცხადია, სპეციალისტის კომპეტენტურ აზრს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც სლავებთან პაექრობის დამთავრების შემდეგ ინწკირველს მატჩის შეფასება ვთხოვე.

_ მოსალოცია, რომ ქართულმა კალათბურთმა ისეთ სიმაღლეს მიაღწია, საიდანაც ევროპის წამყვან გუნდებში შეუძლია გაერიოს. მოსალოცია ისიც, რომ ჩვენმა ბიჭებმა როგორც საერთაშორისო ტურნირის მატჩებში, ისე პოლონელებთან შესარჩევ პაექრობაში სასურველ შედეგებს მიაღწიეს. ასე ვთქვათ, გამოცდა საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ უნაკლოდ ჩააბარეს. გამარჯვება, ცხადია, ყოველთვის სასიამოვნოა და მისასალმებელი, რაც მთელი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ დამხმარე ფაქტორებსაც ნუ დავივიწყებთ. უპირველესად ეს საკუთარ კედლებსა და მაყურებლებს ეხებათ. განვლილ მატჩებში ქართველ კალათბურთელებს გვერდით მეექსვე მოთამაშეც ედგათ _ ათასობით ქომაგი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თავიდანვე ვიყავით დარწმუნებული ობიექტურ მსაჯობაში და ასეც მოხდა. აქედანვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასვლით მაჩებში ეს ორი დამხმარე ძალა არ გვეყოლება, ამიტომ მეტი მობილიზება და შემართება გვმართებს.

ევროპის B ჩემპიონატში, შვედეთის გარდა, ნაკლები სიძლიერის გუნდებთან გვიხდებოდა დაპირისპირება. ამჯერად კი, როგორც თბილისის თასის გათამაშებისას, ისე პოლონელებთან შეხვედრისას უფრო ძლიერი და მეტად მოტივირებული ნაკრებების წინააღმდეგობა გადავლახეთ. ჩვენი ბიჭები უფრო დამაჯერებლად ირჯებოდნენ მოედანზე. მონდომებაც მეტი ჰქონდათ და შემართებაც, რამაც საჭირო გამარჯვებამდე მიგვიყვანა.

_ პოლონელთა ძლევას თუ ელოდით?

_ გააზრებული, სწორად აგებული ტაქტიკური მოქმედებით, თუ ტექნიკაც ხელს გიწყობს, მოგეხსენებათ, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეიძლება. ვფიქრობ, ასე მოხდა სლავებთანაც, ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. სტუმრებმა თბილისში, უბრალოდ, თავიანთი შესაძლებლობის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხეს, რაშიც დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, მასპიძლებს მიუძღვით. საპასუხო და, საერთოდ, გასვლით მატჩებში ბევრი რამის გათვალისწინება მოგვიწევს.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ წინა წლებთან შედარებით საქართველოს ნაკრებს აშკარა პროგრესი ეტყობაო...

_ დიახ, ასეა. ფაჩულია ამჯერად ისეთ პროფესიონალად წარმოგვიდგა, როგორც ეს ნბა-ს მოთამაშეს შეეფერება. პოლონელთა ლიდერ გორტატს მან გასაქანი არ მისცა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად იზრდება ვიქტორ სანიკიძე. თბილისში გამართულ მატჩებში კარგი გამოცდილება მიიღო გიორგი ცინცაძემ, შედეგიანად შეერწყა გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი. მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ნიკა ცქიტიშვილს, უფრო აგრესიულად თუ ითამაშებს თავდასხმაში, რადგან, საამისოდ შესაბამისი ფიზიკური მონაცემები გააჩნია. იგი მარტო შორეული ტყორცნებით არ უნდა შემოიფარგლოს. შესამჩნევად მოძლიერდა და გააქტიურდა გიორგი შერმადინი. დიდ კალათბურთში მალე იტყვის თავის სიტყვას.

_ ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვზე არაფერი გითქვამთ...

_ ჩინებული სპეციალისტია. დროულად აუღო ალღო ქართული კალათბურთის სპეციფიკურობას და ორგანულად შეერწყა გუნდს. უწინდელი მწვრთნელებისგან განსხვავებით, საგრძნობლად გამოასწორა სათამაშო დისციპლინა. კალათბურთელები უკვე იოლად აღარ კარგავენ ბურთს, შედეგიანად მოქმედებენ როგორც საკუთარ, ისე მეტოქეთა ფარებთან, შეცვლებსაც დროულად აკეთებს და, რაც მთავარია, ნაკრების ყველა წევრს აძლევს საშუალებას, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. განსაკუთრებით დაცვაში კარგ თამაშს მინდა მივაქციო ყურადღება. თუმცა ზოგჯერ აქაც გვაქვს ხარვეზები, როგორც ეს მოხდა პოლონელთა მატჩის პირველ ათწუთეულში, როცა მეტოქემ ჩვენი სისუსტეებით ისარგებლა და დაწინაურდა. ამგვარ ლაფსუსებს სტუმრად თამაშისას არავინ გაპატიებს და შეიძლება, ძვირადაც დაგვიჯდეს. ერთიც მინდა ვურჩიო ბიჭებს _ თამაშისას მეტი აგრესიულობა და შეტევაა საჭირო. განსაკუთრებით პირველი-მეორე ნომრები უნდა გააქტიურდნენ, სასურველია, სამქულიანი ტყორცნების რაოდენობა გაიზარდოს. ვფიქრობ, მწვრთნელმა და მისმა შეგირდებმაც უჩემოდაც კარგად იციან ყოველივე ეს და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ ყოველ მატჩში წარმატების მისაღწევად...

65 წელი მიილია, რაც ლევან ინწკირველი კალათბურთს სიყვარულით იწვის. მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ იყო დამთავრებული, პირველი ნაბიჯები რომ გადადგა ამერიკელი ნეისმიტის დანერგილ სპორტის სახეობაში. 1946 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა თბილისის ნაკრების შემადგენლობაში, მერე ახალგაზრდებს შორის სპორტსაზოგადოება `შრომითი რეზერვების~ საკავშირო პირველობაც მოიგო.

_ ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგონა, 1947 წელს შალვა დიასამიძემ თბილისის `დინამოში~ რომ მიმიწვია, _ წარსულსაც გადასწვდა ბატონი ლევანი. _ 1948 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კაუნასის ფიზკულტურის ინსტიტუტის სპორტკლუბს 25:21 მოვუგეთ. მატჩის მე-11 წუთიდან შეხვედრის ბოლომდე ისეთი კორიფეების გვერდით ვითამაშე, როგორებიც იყვნენ მიხეილ კეკელიძე, ოთარ ქორქია, ჯუმბერ ნიჟარაძე, კოტე მადიჩი, სულიკო თორთლაძე, შოთა ქორქაშვილი, ალექსანდრე კილაძე, ალეკო მესხი და დავით გოძიაშვილი...

სამ-სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონმა (1950, 1953, 1954) და თასის მფლობელმა (1949-1951) 1959 წელს სსრკ ზამთრის პირველობა მოიგო, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორმა (1959) ორ-ორჯერ საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ხვდა; 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი დაიმსახურა ჟენევაში მადრიდის `რეალის~ ძლევით. ორი წლით ადრე კი მსგავს შეჯიბრებაში მეორე იყო.

1970 წლიდან ამაგდარი მწვრთნელი `ნორჩ დინამოელში~ გადავიდა სამუშაოდ. ბევრ ახალგაზრდას გაუკაფა გზა დიდი სარბიელისკენ. მათ შორის _ ნიკოლოზ დერიუგინს, ვლადიმერ სტეფანიას, ლევან გულდედავას, სოსო ჯანაშიას, ალექსანდრე ფერიაშვილს, ვაკო ბეჟანიშვილსა და სხვებს.

სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, 83 წლის ლევან ინწკირველი `მართვეს~ ოლიმპიური რეზერვის სკოლის პედაგოგია და კვლავაც უწინდელი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ემსახურება ქართულ კალათბურთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...