ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაისაკუთრა
სერბულ ზრენჯანინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში, რომელშიც სულ ბოლოს - შაბათ-კვირას ბერძენ-რომაელები ჩაებნენ. ჩვენმა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო - შაბათს ლეიბზე გასულმა ოთხივე ქართველმა მედლისთვის იჭიდავა, საბოლოოდ კი სამმა მოიპოვა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ნიკოლოზ ცეცხლაძე (50) გახდა, ზურაბ დათუნაშვილმა (74) და სანდრო დიხამინჯიამ (96) კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

ერთი სიტყვით, დასაწყისი ამ ნაკრებისთვისაც კარგია. თანაც, ზუსტად ისეთივეა, როგორიც "თავისუფლებისა" იყო - პირველ დღეს იმათაც 3 მედალი მოიპოვეს და ზუსტად ამავე ხარისხისა, ერთი კაცი დაურჩათ უმედლოდ და ისიც მეხუთეზე გავიდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბერძენ-რომაელთაგან შაბათს ოთხივემ იასპარეზა ნახევარფინალში... "თავისუფლებისა" არ იყოს, თაობა ამათაც კარგი მოუდით, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თაობათა ცვლის პროცესი საოლიმპიადოდ ცოტა გვიან დაიწყო და რადიკალურ საკადრო ცვლილებებს ვეღარ მოასწრებენ, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ვინმე მათგანაც ვიხილოთ ლონდონის ოლიმპიადაზე.

ცეცხლაძემ თავიდან ორი წრე იოლად გაიარა - სერბ დანიელ სპოლიარიჩსა და სომეხ რუდიკ მკრტიჩიანს იოლად, ძირითად დროშივე მოუგო. ცოტა გაუჭირდა ნახევარფინალში გერმანელ დენიზ მენეკსესთან - პირველი პერიოდი 1:4 დათმო, მაგრამ მომდევნოები დამაჯერებლად, ერთნაირი ანგარიშით - 2:0 მოუგო. ფინალში აზერბაიჯანელ ვილაიათ გარამანლის შეხვდა და დაძაბულ, თან ცოტა უცნაურ შეხვედრაში წააგო. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ქულები შედარებით იშვიათად მოსაპოვებელია, აქ კი ორივე მეტოქემ გახსნილი, შემტევი სტილი აირჩია და ქულებიც ბლომად იყო. ცუდი ისაა, რომ უპირატესობას აზერბაიჯანელი ფლობდა - მან პირველი პერიოდი 6:3 მოიგო, მეორე - 7:5 და ცეცხლაძე ვერცხლს დააჯერა.

დათუნაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო და ყველა ძირითად დროში. იქნებ მისი სტატისტიკა ქულებით იმდენად შთამბეჭდავი არაა, მაგრამ ოთხივე ორთაბრძოლაში ერთ პერიოდში მაინც აგროვებდა ბლომად მონაგარს. პოლონელ ლუკაშ ჩარზევსკისთან, ჩეხ ოლდრიჩ ვარგასთან, მოლდოველ იგორ ბასლეაგასთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნგრელ პატრიკ საბოსთან პრობლემები არ შექმნია, ისე მოიგო. მას სიძნელეები მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან, რუს ისლამ ჩარაევთან შეხვდა ნახევარფინალში, სადაც ასევე ორ პერიოდში დამარცხდა.

დიხამინჯია ჩინებულად ატარებს სადებიუტო სეზონს - ჯერ იყო და ყველასათვის მოულოდნელად მოიგო საქართველოს პირველობა უფროსებში, მერე - ახალგაზრდებშიც, თუმცა ეს უკვე არავის გაჰკვირვებია, ახლა კი მორიგი მედალი. შარშან ამ წონაში ევროპის ჩემპიონი გვყავდა - ვასილ იმერლიშვილი. საინტერესოა, რომ ორივე რამაზ ნოზაძის აღმზრდელ ოთარ ტატიშვილის შეგირდია.

დიხამინჯიამ სერბეთში მშვენიერი სტარტი აიღო - სლოვენიელ ტილენ პესერლის ჯერ 4:0 მოუგო, მეორე პერიოდი კი ქულებით წმინდად დაუმთავრა - 6:0. რუს ზელიმხან ბელხაროევთან პირველი პერიოდი 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დათმო, მაგრამ მერე მომდევნოებში მინიმალური ანგარიშით სძლია, სომეხ არტურ ალექსანიანთან კი ვერაფერს გახდა - ორი პერიოდის ჯამში 0:10 წააგო. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენი კვლავაც საგრძნობი უპირატესობით დაჯაბნა.

ჩემპიონატი კარგად დაიწყო გოგიტა გოგიბერაშვილმაც (60) - უკრაინელ დმიტრო ციმბალინკს, ნორვეგიელ პეტერ კარლსენს, მოლდოველ მაქსიმ მამულატს ძირითად დროში, საკმაო უპირატესობით სძლია და ნახევარფინალში გავიდა. იქ მომავალ ჩემპიონს, რუს ასკერ ორშოკდუგოვს გვარიანი ბრძოლაც გაუმართა, მეორე პერიოდი მოუგო კიდეც, მაგრამ დამატებითში 0:1 დამარცხდა და ფინალის საგზური მეტოქეს გადაულოცა. სამწუხაროდ, ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის გამართულ ბრძოლაში ბოლომდე ვერ ივარგა, თორემ თავიდან ეს შეხვედრაც რიხით დაიწყო - თურქ ემრე ასლანს 4:0 მოუგო. აი, მომდევნოები 2:3; 1:4 დათმო და უმედლოდ დარჩა.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ვილაიათ გარამანლი (აზერბაიჯანი), 2. ნიკოლოზ ცეცხლაძე (საქართველო), 3. დენიზ მენეკსე (გერმანია), ტოლგაჰან კარატასი (თურქეთი).

60 კგ. 1. ასკერ ორშოკდუგოვი (რუსეთი), 2. როვშან ტაგიევი (აზერბაიჯანი), 3. მატე კრასზნაი (უნგრეთი), ემრე ასლანი (თურქეთი)... 5. გოგიტა გოგიბერაშვილი (საქართველო).

74 კგ. 1. ისლამ ჩარაევი (რუსეთი), 2. ისმაილ კოცასლანი (თურქეთი), 3. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო), კაზბეგ კილოუ (ბელარუსი).

96 კგ. 1. გიორგი რიზმაიერი (უნგრეთი), 2. არტურ ალექსანიანი (სომხეთი), 3. სანდრო დიხამინჯია (საქართველო), მეტეჰან ბასარი (თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა