იტალიაში გაიმართულ NBC კემპში საუკეთესო კალათბურთელად ნუგზარ აბულაძე, ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად კი სანდრო ბოლქვაძე აღიარეს

დოსიე

ნუგზარ აბულაძე

დაიბადა: 1995 წლის 14 ივნისს თბილისში

სიმაღლე: 183 სმ.

წონა: 75 კგ.

ამპლუა: უკანახაზელი

ზაფხულის დადგომასთან ერთად ევროპას კემპების ტალღამ გადაუარა, ზოგი NBA-ს კემპში მონაწილეობდა, ზოგი 18-წლამდელთა კემპზე ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირებას, ზოგიც სხვადასხვა ასაკის გამორჩეულ კალათბურთელთა კემპზე იყო მიწვეული.

ამ უკანასკნელთა შორის გახლდნენ 16-წლამდე ნაკრების წევრები ნუგზარ აბულაძე, სანდრო ბოლქვაძე და შედარებით ახალგაზრდა გიგი გოგობერიშვილი. იტალიაში გამართულ საზაფხულო ბანაკიდან ისინი ხელცარიელები არ დაბრუნებულან: ნუგზარმა საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო მიიღო, ხოლო სანდრო ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად აღიარეს.

გუშინ, 5 ივლისს ნუგზარ აბულაძეს გავესაუბრეთ, იტალიური ამბებიც გამოვკითხეთ და გავიცანით როგორც კალათბურთელი. მას დღეს ქართულ მედიაში დებიუტი აქვს...

- იტალიაში გაიმართა NBC კემპი, რომელიც ამერიკაში მეტად პოპულარულია და ბოლო წლებში ევროპაშიც ტარდება. მას არაერთი ცნობილი სპეციალისტი დაესწრო, ხოლო მონაწილე სპორტსმენების რაოდენობამ 60 შეადგინა.

- რა ასაკის ახალგაზრდები იყავით?

- კემპი 27 ივნისს დაიწყო და 2 ივლისს დასრულდა. მასში 12-დან 18 წლამდე ჭაბუკები ვმონაწილეობდით. ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო: დილას ვვარჯიშობდით, ხოლო საღამოს თამაშებს ვატარებდით. ვეპაექრებოდით იტალიის ასაკობრივ პირველობებში რეგიონების ჩემპიონებს.

- რამდენი ქართველი მონაწილეობდით?

- მე, სანდრო ბოლქვაძე და გიგი გოგობერიშვილი ვიყავით. გიგი შედარებით უმცროსია და თანატოლებში ვარჯიშობდა. მე და სანდრო კადეტთა ასაკის კალათბურთელებში ვთამაშობდით.

ტარდებოდა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები: კალათბურთი ხუთი-ხუთზე, სამი-სამზე, ერთი-ერთზე, სამქულიანების კონკურსი. მე და სანდრო ძლიერ გუნდებში მოვხვდით და ჯილდოებიც დავიმსახურეთ. მე ტურნირის სუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს. ასევე მოვიგე შეჯიბრება სამი-სამზე და სამქულიანების კონკურსი. სანდრომ გაიმარჯვა ხუთი-ხუთზე, ერთი-ერთზე თამაშებისას და ასევე მოიპოვა ტურნირის ყველაზე პერსპექტული კალათბურთელის ჯილდო.

- როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე კემპის MVP-ად აღიარება?

- ძნელი სათქმელია. ასე მწვრთნელებმა გადაწყვიტეს. მათ, ალბათ, ყურადღება მიაქციეს, რომ მრავალ კომპონენტში გამოვირჩეოდი: ბურთსაც ვხსნიდი, პასსაც არ ვიშურებდი, შორი მანძილიდანაც ვაგდებდი... თუმცა, დადებით მხარეებზე ლაპარაკის პრალელურად უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ კომპონენტზე კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო.

- ახლა უკეთ გაგვეცანი. როდის დაიწყე კალათბურთის თამაში და ვისი ხელმძღვანეობით?

- 7 წლისა კალათბურთზე ზურაბ სამხარაძესთან მივედი. მის გუნდს ჯერ "მართვე" ერქვა, შემდეგ - "ზაზა". მასთან ერთად წლეულსაც გამოვედი კადეტთა ჩემპიონატში. 2009-10 წლების სეზონში "დინამოში" დავით თორთლაძის ხელმძღვანელობით ვითამაშე, ხოლო 2010-11 წლების სეზონში ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში მომიწია ასპარეზობა: 16-წლამდელთა პირველობაზე "ზაზას" ღირსებას ვიცავდი, 18-წლამდელების ჩემპიონატში კადეტთა ნაკრებში გამოვდიოდი, ხოლო 20-წლამდელთა ტურნირზე და სუპერლიგაში "რუსთავის" მაისურით გამოვდიოდი...

- ყველგან თამაშს როგორ ასწრებდი?

- ვასწრებდი... რუსთავში ზოგჯერ კვირაში ორჯერ ჩავდიოდი, სხვა დროს კადეტთა ნაკრებთან და "ზაზასთან" ერთად ვვარჯიშობდი.

- აგვისტოში 16-წლამდელებთან ერთად B დივიზიონის მატჩები გელის...

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მონდომებით ვემზადები. როგორც ვიცი, წინასწარ შეკრებებს ფინეთსა და ესტონეთში გავივლით. ვფიქრობ, ოფიციალურ შეჯიბრებას სათანადო კონდიციებში შევხვდებით. საუკეთესო ორეულში მოხვედრა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი აზრით, საუკეთესო ხუთეულში უნდა მოვხვდეთ.

- კადეტთა ნაკრები ზამთარში თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე იყო. ამ შეჯიბრებას როგორ გაიხსენებ?

- ეს კადეტთა ნაკრებისთვის პირველი გასვლითი ტურნე იყო და გამოცდილებაც მივიღეთ. თურქეთის საერთაშორისო ტურნირი ჩემთვის ჭკუის სასწავლებელიც გამოდგა. მას მერე ბევრი ვისწავლეთ და სწორი დასკვნებიც გამოვიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მატჩი დიდი სხვაობით წავაგეთ, ის შეჯიბრება მაინც დადებითად მახსენდება.

- ბოლოს შენს საკალათბურთო კერპებზე გკითხავ.

- ძალიან მომწონს დერეკ როუზისა და ჯეისონ კიდის თამაში...

სურათზე: სანდრო ბოლქვაძე და ნუგზარ აბულაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა