დაკარგულ ტალანტებს "პარმა" აგროვებს

"გაძეტა დელო სპორტში" საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკას და კალჩოში არსებულ პრობლემებს შეეხო. სტატია ვრცელია და ისეთ თემებსაც მოიცავს, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს - ამიტომ, მასალას შემოკლებით გთავაზობთ...

ლეგიონერები

2010 წლის მუნდიალზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ათასჯერ მაინც ითქვა, რომ აუცილებელია იტალიურმა გუნდებმა ადგილობრივ კადრებზე გააკეთონ აქცენტი. არ შეიძლება საქმეს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან მივუდგეთ და ერთი წუთით არ ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ შევუწყოთ ხელი მთლიანად იტალიური ფეხბურთის განვითარებას. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე, სერია A-ს გუნდებში იტალიელ ფეხბურთელთა რაოდენობა მცირდება და ეს პროცესი შეუქცევად სახეს იღებს. მაგალითად, კარლო ანჩელოტის დროს, "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ოთხი-ხუთი იტალიელი ფეხბურთელი თამაშობდა, დღეს კი მათი რიცხვი განახევრებულია. იგივე შეიძლება ითქვას "რომასა" და "ლაციოზე", სადაც ლეგიონერთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ადრე საშუალო კლასის გუნდებში მაინც ჭარბობდნენ იტალიელები, დღეს კი ამ მხრივაც სავალალო მდგომარეობაა - მაგალითად "კატანიაში" ძირითადად არგენტინელები ასპარეზობობენ, "ნაპოლის", "ჯენოას", "პალერმოს" და სხვა არაერთი გუნდის ძირითად ბირთვსაც ლეგიონერები წარმოადგენენ. მოკლედ, მდგომარეობა მეტად რთულია და ასეთ დროს, თვით "იუვენტუსიც" კი გალეგიონერების გზას დადგომია...

დიახ, მაშინ, როდესაც მაგალითად ჯუზეპე როსი პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და მხოლოდ 25-30 მილიონი ევრო ღირს, "იუვენტუსის" მესვეურები სერხიო აგუეროზე ჩაიციკლნენ და მზად არიან მასში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. აღარაფერს ვამბობთ ხავიერ პასყორეზე, რომელსაც როსიმდე ჯერ აშკარად ბევრი უკლია, თუმცა მის სანაცვლოდ მზად არიან 50 მილიონი ევროც კი გადაიხადონ. მართალია, პასტორე და როსი სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ორივე შემტევია და შესაბამისად, მათი შედარება ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს. მით უმეტეს, ასაკითაც ახლოს არიან ერთმანეთთან - არგენტინელი 22 წლის გახლავთ, იტალიელი კი 24-ის. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ უცხოელს უფრო მეტი დაფასება აქვს, ვიდრე იტალიელს და სანამ ასე იქნება, "სკუადრა აძურას" საკადრო პრობლემები არ დაელევა.

მისასალმებელია ის, რასაც ამ მიმართულებით "პარმა" აკეთებს - სწორედ ამ გუნდში ასპარეზობდა ერთ დროს ჯუზეპე როსი და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. ემილიელებს იმდენი ფული არ აქვთ, რომ ვარსკვლავებს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტები გაუფორმონ, ამიტომ, საარენდო ხელშეკრულებებით გადიან ფონს. იგივე სებასტიან ჯოვინკო ავიღოთ, რომელსაც არა და არ მიეცა "იუვენტუსში' თავის გამოჩენის საშუალება - მას იმავე "პარმამ" უხმო, ეს ყველაფერი კი სებას ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით დასრულდა. ნუთუ არ ჯობდა, რომ "იუვეს' მესვეურებს ჯოვინკო გუნდში დაეტოვებინათ და ვთქვათ ხორხე მარტინესი გაეყიდათ, რომელსაც სახეირო არაფერი გაუკეთებია...

დაკარგული ტალანტები

მთლად დაკარგული ალბათ არა, მაგრამ თუ ვითარება არ შეიცვალა, ნამდვილად დაიკარგებიან და მათ ბედს კიდევ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გაიზიარებს. გახსოვთ რამხელა იმედები მყარდებოდა გრაციანო პელეზე? - ფეხბურთელზე, რომელსაც იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ყველგან საუკეთესო იყო. როდესაც ახალგაზრდული ნაკრების ასაკს გადაცდა და ყველაზე მეტად სჭირდებოდა ხელსეწყობა, ძლიერმა იტალიურმა გუნდებმა იგნორირება გაუკეთეს და იძულებული გახდა, "ჩეზენადან" ჰოლანდიურ "ალკმაარში" გადასულიყო. ერედივიზიონში სამი წელი გაატარა, 68 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამ ზაფხულს სამშობლოში დაბრუნდა; გამოიცანით რომელ გუნდში? - რა თქმა უნდა "პარმაში". პელე უკვე 25 წლის არის და შესაძლოა, ისე ვეღარც ითამაშოს, როგორც შეეძლო, რაშიც იტალიური კლუბების ლეგიონერებზე გათვლილი პოლიტიკაა დამნაშავე.

კიდევ არაერთი ფეხბურთელი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომლებსაც შანსი არ მიეცათ აპენინებზე - წავიდნენ უცხოეთში და იქ ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზებას. ერთ-ერთი ასეთთაგანია ფაბიო ბორინი, "ბოლონიას" აღზრდილი, რომელიც ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც "ჩელსიმ" გადაიბირა. ესეც დიდი პრობლემაა, როდესაც იტალიყრი კლუბები ტალანტებს ასე უბრალოდ კარგავენ და ამის კიდევ ერთ მაგალითს ქვემოთ გავიხსენებთ. პელეს მსგავსად, ბორინიმაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, შესანიშნავადაც წარმოჩინდა და "არისტოკრატთა" რიგებში ამოჰყო თავი. დღეს უკვე 20 წლის არის და ფაქტია, რომ პრემიერლიგაში დამკვიდრება გაუჭირდა - ამიტომ, ლონდონელებმა მისი იჯარის წესით გაშვება გადაწყვიტეს - მსურველი მალევე გამოჩნდა და შეთანხმებაც შედგა: ფაბიო მომდევნო სეზონში "პარმაში" იასპარეზებს.

მოკლედ, "პარმა" დაკარგული ტალანტების შეგროვებით არის დაკავებული და სწორედ ასე უნდა მოქმედებდნენ სხვა იტალიური კლუბების მესვეურებიც. ამასთან, მთლიანი სტრატეგია უნდა შეიცვალოს, რომ მომავალში ფეხბურთელთა დაბრუნება არ გახდეს საჭირო.

ზემოთ ვთქვით, რომ "ბოლონიას" ბორინი "ჩელსიმ" "მოპარა" და იქვე დავძინეთ, რომ ასეთი შემთხვევა კიდევ არაერთი იყო - თუნდაც ფედერიკო მაკედა, რომელიც "ლაციოს" ბავშვთა აკადემიის აღზრდილია და 17 წლის ასაკში "მანჩესტერ იუნაიტედში" ამოჰყო თავი. ფაქტია, რომ უცხო ქვეყანაში თავის გამოჩენა მაკედასაც უჭირს და შედეგად, ვკარგავთ ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს. მართალია, გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "სამპდორიაში" გაატარა, მაგრამ ბოლო ინფრმაციით, კვლავ "იუნაიტედში" ბრუნდება.

ბორინი, მაკედა, პელე და კიდევ სხვა არაერთი მოთამაშე დღეს როგორც მინიმუმ "სკუადრა აძურას" კანდიდატები უნდა იყვნენ, მათ ხომ, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ძალიან წარმატებულად უასპარეზიათ - თუმცა, ისინი იტალიურმა გუნდებმა გაწირეს და დროა, კლუბების მესვეურები ამ თემაზე სერიოზულად დაფიქრდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

parma
დიდი მადლობა ლაშა წიკლაურს ამ სატატიის გამოქვეყნებისთვის და მადლობა ვინც ჩემი საყვარელი გუნდის შრომას აფასებს... FORZA PARMA !!!
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა