"გაძეტა დელო სპორტმა" ყველას დაასწრო და ფეხბურთიდან წასულ იტალიელ მცველთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა
გუშინდელ ნომერში გამცნეთ, რომ ფაბიო კანავარომ კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და იქვე დავძინეთ, რომ დღევანდელ ნომერში მის ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებდით.

კანავარო ეპოქალური მასშტაბის ფეხბურთელი გახლდათ და ბუნებრივია, რომ ბოლო დღეებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. "გაძეტა დელო სპორტმა" ყველას დაასწრო, ფაბიოს ესტუმრა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ ვერსიასაც ქვემოთ გთავაზობთ...

- ფაბიო, კარიერის უკანასკნელი შეხვედრა 2006 წლის მუნდიალის ფინალური მატჩიდან ზუსტად ხუთი წლის თავზე ითამაშე, რას გრძნობდი?

- გამოვტყდები და კარიერის უკანასკნელი შეხვედრისას სწორედ ის წუთები მედგა თვალწინ, როდესაც მსოფლიო თასი აღვმართე. მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა და მგონი ბოლო თამაში არც თუ კარგად ჩავატარე. ეს დღე სევდიანიც იყო ჩემთვის, რადგან ბოლოჯერ გავედი მინდორზე და პროფესიულ დონეზე ვითამაშე.

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ჯერ კიდევ არ ვიცი, რა განცდებთან იქნება დაკავშირებული მის გარეშე ცხოვრება. ამ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერა მაქვს მხედველობაში, თორემ სპორტის ამ მართლაც საოცარ სახეობაში ყველა შემთხვევაში დავრჩები.

- ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?

- ოჯახს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, კონსულტაციები გავიარე. ჩემმა უმცროსმა შვილმა, კრისტიანმა მკითხა ვიყავი თუ არა დარწმუნებული ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და მე დადებითი პასუხი გავეცი. უკვე 37 წლის ვარ და დროა, ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო.

ამით ჩემი ოჯახიც მოიგებს, ბავშვებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო მექნება. სხვათა შორის, კრისტიანს ფეხბურთელობა სურს და მას გვერდში დგომა სჭირდება, ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება პირველ რიგში მას წაადგება.

- რა ხდებოდა 2011 წლის 9 ივლისს, კიდევ რას გაიხსენებთ?

- მეტწილად საკუთარ თავში ვიყავი ჩაკეტილი, ემოციები მეძალებოდა და ვერც ვამჩნევდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. როდესაც სახლში მივედი და ტელეფონს დავხედე, უამრავი შეტყობინება დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა. უბრალო გულშემატკივრები და მეგობრები მილოცავდნენ და ამან ძალიან გამახალისა - ყოფილმა თანაგუნდელებმა კი გამამხნევეს. მათ რა თქმა უნდა უკეთესად იციან, რომ ასეთ დროს გამხნევება უფრო გჭირდება, ვიდრე მოლოცვა. ბევრმა დამირეკა კიდეც, პირლოს ერთ საათს მაინც ველაპარაკე, მართლაც საოცარი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთმა ასეთ კაცებთან დამაახლოვა.

- ლიპი თუ შეგეხმიანათ?

- დიახ, მარჩელოს ველაპარაკე და როგორც ყოველთვის, ძალიან თბილი და საჭირო სიტყვები მოვისმინე. ლიპი ბრწყინვალე მწვრთნელი და საოცარი ადამიანია, რომელსაც ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი. ერთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო, რაც ალბათ ბევრმა იცის კიდეც. 2005 წლამდე ერთი მავნე ჩვევა მქონდა, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად ვერაფრით გადავეჩვიე: სიგარეტის აქტიური მწეველი ვიყავი. მარჩელო ამ საკითხზე დაახლოებითYხუთ წუთს მესაუბრა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მავნე ჩვევისგან განვთავისუფლებულიყავი.

- ზამთარში განაცხადე, რომ კარიერის დასრულებას იტალიაში აპირებდი, რატომ შეცვალე გადაწყვეტილება?

- დიახ, მართლაც დიდი სურვილი მქონდა, რომ ერთი წელი სამშობლოში მეასპარეზა და ისე წავსულიყავი ფეხბურთიდან, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. "ალ აჰლიში" ასპარეზობისას მარცხენა ფეხზე კუნთის ტრავმა მივიღე, რომელიც ქრონიკულ ტკივილებში გადამეზარდა. დუბაიში არაერთ ექიმს გავესინჯე და ყველამ მირჩია, რომ ჯობდა კარიერის დასრულებაზე მეფიქრა. არ დავნებდი და პროფესორ კასტელაჩისაც გავესინჯე, რომელმაც მითხრა, რომ სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში კიდევ ერთ სეზონს გავატანდი. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ, კარიერის დასრულება გადავწყვიტე.

- რას აპირებთ?

- "ალ აჰლის" პრეზიდენტთან საქმიანი საუბარი მქონდა, რის შემდეგაც საინტერესო შემოთავაზება მივიღე. კლუბის მესვეურებს დიდი სურვილი აქვთ, რომ დირექტორთა საბჭოში გავწევრიანდე და მართვის პროცესში მივიღო მონაწილეობა. წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ, რადგან დუბაიში ოჯახთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, მაქვს მეორე შემოთავაზება და ვნახოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ თვის ბოლოს მივიღებ.

- მეორე შეთავაზება "იუვენტუსიდან" გექნებათ...

- ჟურნალისტებს ვერაფერს გამოგაპარებთ და პრინციპში, დასამალიც არაფერია. უახლოეს დღეებში ანდრეა ანიელისთან ვაპირებ შეხვედრას, რომელსაც კონკრეტული წინადადება აქვს მომზადებული. ზუსტად არ ვიცი რა ფუნქცია უნდათ რომ დამაკისრონ, მაგრამ "იუვენტუსის" სამსახურში ყოფნა ნებისმიერ შემთხვევაში საპატიო იქნება. ვნახოთ, ყველაფერი მალ;ე გამოჩნდება.

- "ინტერისთვის" სკუდეტოს ჩამორთმევაზე რას იტყვით?

- მე უფრო ის გამახარებდა, რომ სკუდეტო "იუვენტუსისთვის" დაებრუნებინათ. წარმოდგენა არ მაქვს რა პროცესები მიდიოდა მოედანს მიღმა და სიმართლე გითხრათ, კალჩოპოლის დეტალებსაც არ ვიცნობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოედანზე გავდიოდი და ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი. გამომდინარე აქედან, 2005/2006 წლების სეზონის ჩემპიონად დღემდე "იუვენტუსს" ვთვლი და მედალიც სახლში მიკიდია კედელზე.

- ბანალური, მაგრამ აუცილებელი კითხვა: როგორ შეაფასებდით განვლილ კარიერას?

- ფეხბურთის თამაში რვა წლის ასაკში დავიწყე და მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასეთ სიმაღლეებს მივაღწევდი. არაერთხელ გავხდი იტალიის ჩემპიონი, მოვიგე უამრავი საკლუბო ტურნირი და რაც მთავარია, ვარ მსოფლიოს ჩემპიონი, თანაც კაპიტნის რანგში. ინდივიდუალური ჯილდოებიც არ მაკლია, მე ხომ ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს. ისეთი მოთამაშეების პერიოდში მომიწია ასპარეზობა, როგორებიც ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა პირლო, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო ბაჯო, პაოლო მალდინი არიან. ყველაზე ცუდად 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი მახსენდება, თუმცა ექვსი წლის შემდეგ ფრანგებთან ღირსეული რევანში ავიღეთ. ბედნიერი ვარ ყველაფერ იმით, რაც ჩემს თავს ხდებოდა.

- რევანში ახსენეთ და თუ დაგრჩათ ვინმესთან ანგარიში გასაწორებელი?

- "ნაპოლის" ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, როდესაც იტალიაში 1990 წლის მუნდიალი გაიმართა. მწარედ მახსოვს ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ჩვენი ნაკრები დაამარცხა. თამაში ნეაპოლში შედგა და ბუნებრივია, სტადიონზე ვიყავი. ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელიც არასდროს დამავიწყდება და მაშინ პირობა დავდე, რომ არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატიდან აუცილებლად გამოვთიშავდი.

ეს უფრო ბავშვური ახირება იყო, თუმცა კარგად დამამახსოვრდა. არგენტინა და არგენტინელები ძალიან მიყვარს და არ მინდა ვინმემ არასწორად გამიგოს, თუმცა ის კი ნამდვილად მითია, რომ ნახევარი "სან პაოლო" მარადონას გამო "ალბისელესტეს" გულშემატკივრობდა. ასეთი რამ ნეაპოლში არასდროს მოხდება, სხვა ქვეყნის გუნდში "ნაპოლის" 11 ფეხბურთელიც რომ ასპარეზობდეს.

- რას ეტყოდით მომავალ თაობას, მათ ვისაც დიდი ფეხბურთის თამაში სურს?

- უყვარდეთ ფეხბურთი, არ დაზოგონ თავი და ყველაფერი კარგად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!