რა გზა განვლო მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, 24 წლის სერბმა ჩოგბურთელმა კლასიფიკაციის პირველ საფეხურამდე
ოთხ ივლისს ATP-ის მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა მოიპოვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ის 25-ე ჩობურთელია ისტორიაში, ვინც კლასიფიკაციის პირველ საფეხურს მიაღწია.

სერბმა ოცნება 24 წლისამ აისრულა. ასაკის მიხედვით თითქოს ეს ტრიუმფი დაგვიანებული არ იყო, მაგრამ "ნოლეს" წინამორბედები - რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ენდი როდიკი, ხუან კარლოს ფერერო და ლეიტონ ჰიუიტი უფრო ადრეულ ასაკში ავიდნენ მწვერვალზე. მხოლოდ გუსტავო კუერტენმა 11 წლის წინ ასევე 24 წლის ასაკში მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის სტატუსი. ასე რომ, სერბმა საკმაოდ დიდი გზა გაიარა ამ აღიარებამდე. დღეს სწორედ ამ გზას გავიხსენებთ.

№767. 7 ივლისი, 2003 წელი

16 წლის ასაკში ნოვაკმა თავისი სადებიუტო პროფესიული ტურნირები ითამაშა. რა თქმა უნდა, მაშინ ეს იყო "ფიუჩერსების" დონე. ჯოკოვიჩმა ორჯერ წააგო პირველ რაუნდში, მაგრამ მესამე ცდაზე უკვე პროგრესი ჰქონდა - მოიგო ტიტული მშობლიურ ბელგრადში, მოიპოვა 12 ქულა რეიტინგში და 1300 დოლარი. ახლა ეს თანხა არასერიოზულია, მაგრამ მაშინ სერბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

№338. 24 მაისი, 2004 წელი

რეიტინგში მორიგი დიდი გარღვევა ჯოკოვიჩს პრაქტიკულად ერთი წლის შემდეგ ჰქონდა. იმ დროისთვის მან უკვე შეიძინა გარკვეული გამოცდილება, სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა დევისის თასზე, თუმცა მაშინ სერბეთის ნაკრები ძალიან იყო დაშორებული მსოფლიო ჯგუფს. აგრეთვე მოიგო კიდევ ერთი "ფიუჩერსი", რამაც მაისში ბუდაპეშტის "ჩელენჯერში" თამაშის საშუალება მისცა. სერბმა უნგრეთის დედაქალაქში ნამდვილი ფურორი მოახდინა, როცა ფინალში გაანადგურა დანიელე ბრაჩიალი - 6:1, 6:2. ამ გამარჯვებისთვის მან მიიღო 3600 დოლარი და 52 სარეიტინგო ქულა.

№188. 8 ნოემბერი, 2004 წელი

ბუდაპეშტში წარმატების შემდეგ ნოვაკს დებიუტი ჰქონდა ATP-ის დონეზე. სამ ტურნირზე მან ჯამში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ამიტომაც საჭირო გახდა "ჩელენჯერების" დონეზე დაბრუნება. ნოემბერის დასაწყისში ის გერმანიის ქალაქ აახენში ჩავიდა და იქიდან ტიტულითა და 63 სარეიტინგო ქულით დაბრუნდა შინ. მაშინ ეს იყო მისთვის ერთ ტურნირზე მოპოვებული ქულების სარეკორდო რაოდენობა. იმ "ჩელენჯერის" პირველ წრეში ნოვაკმა მოუგო შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას, რომელიც მაშინ სერბზე მაღლა იდგა რეიტინგში.

№94. 4 ივლისი, 2005 წელი

ნოვაკი აგრძელებდა პროგრესს. 2005 წელს მას დებიუტი ჰქონდა "დიდი სლემის" ტურნირზე. ავსტრალიის ღია პირველობის საწყის წრეში ის რუს მარატ საფინს გადაეყარა. მაშინ ჯოკოვიჩმა მეტოქეს მხოლოდ სამი გეიმი აართვა. სამაგიეროდ, როლან გაროსზე უკვე თავად გაანადგურა მოწინააღმდეგე - რობი ჯინეპრის მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო. მეორე წრეში ის შეაჩერა გრუნტის კორტების სპეციალისტმა გილერმო კორიამ. უიმბლდონზე სერბმა ერთბაშად ორი წრე გაიარა, რამაც მსოფლიო რეიტინგის პირველ ასეულში შესვლის საშუალება მისცა.

№40. 12 ივნისი, 2006 წელი

ჯოკოვიჩმა პირველად "დიდი სლემის" ტურნირის მეორე კვირამდე 2006 წლის როლან გაროსზე მიაღწია. გზად მეოთხედფინალამდე მან მეტად სერიოზული მეტოქეები დაამარცხა - ფერნანდო გონსალესი, ტომი ჰაასი და გაელ მონფილსი. მეოთხედფინალში რაფაელ ნადალთან ორი სეტის წაგების შემდეგ, მესამეში ტრავმის გამო მიატოვა თამაში. სხვათა შორის, იმ პერიოდში ნოვაკი ხშირად წყვეტდა მატჩებს, რის გამოც ბევრი აკრიტიკებდა.

№28. 24 ივლისი, 2006 წელი

სულ მალე სერბმა ATP-ის პირველი ტიტული მოიპოვა. ეს მოხდა ჰოლანდიის ქალაქ ამერსფორტში გრუნტის კორტზე. ნახევარფინალში მან ტურნირის პირველი ნომრის გილერმო კორიას ბარიერი გაიარა (მეტოქემ უარი თქვა მეორე სეტში). ფინალში ნოვაკი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ნიკოლას მასუს შეხვდა და ორ სეტში მიაღწია გამარჯვებას.

№16. 9 ოქტომბერი, 2006 წელი

ამავე წელს ის პირველად შევიდა საუკეთესო ოცეულში. ამერსფორტში წარმატების შემდეგ ნოვაკი ხორვატიის უმაგის ტურნირზე ფინალში გავიდა. ჯოკოვიჩმა მეორე ტიტული ოქტომბრის დასაწყისში საფრანგეთის ქალაქ მეცში მოიგო. სერბი მებრძოლ ხასიათს ავლენდა და მატჩებს ბრძოლაში იგებდა.

№10. 19 მარტი, 2007 წელი

ამის შემდეგ ჯოკოვიჩი მხოლოდ წინ მიდიოდა. ნამდვილი გარღვევა მოხდა 2007 წლის მარტის მასტერსებზე. სერბმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა ინდიან უელსში, როცა ფინალამდე დამაჯერებლად ჩამოიცილა გზიდან ყველა მოწინააღმდეგე, მხოლოდ გადამწყვეტ მატჩში ვერაფერი მოუხერხა რაფაელ ნადალს, რომელიც იმ მომენტისთვის მეორე ნომერი იყო მსოფლიო რეიტინგში. მიუხედავად ამისა, ინდიან უელსში მიღებული ქულების წყალობით ის ათეულში შევიდა.

№7. 2 აპრილი, 2007 წელი

ორი კვირის შემდეგ ნოვაკს კიდევ ერთი გარღვევა ჰქონდა. მაიამის მასტერსზე სერბმა უფრო უკეთ ითამაშა. მეოთხედფინალში მან დამაჯერებელი რევანში აუღო რაფელ ნადალს, ნახევარფინალში მხოლოდ ერთი გეიმი მისცა ენდი მიურეის. ფინალში მისი მეტოქე იყო გილერმო კანიასი, რომელმაც ვერ შეძლო ბრწყინვალე ფორმაში შესული ნოვაკის შეჩერება.

№4. 11 ივნისი, 2007 წელი

ჯოკოვიჩი გრუნტის სეზონშიც არ დაკარგულა. მან გამარჯვება მოიპოვა ეშტორილში და ორჯერ მეოთხედფინალში ითამაშა გრუნტის მასტერსზე. მაგრამ მისი მთავარი მიღწევა გახდა როლან გაროსის ნახევარფინალში გასვლა. იქ მან რაფაელ ნადალთან წააგო, რომლის შეჩერება გრუნტზე შეუძლებელი იყო. საფრანგეთის ღია პირველობის დასრულების შემდეგ სერბი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდა.

№3. 9 ივლისი, 2007 წელი

რეიტინგში შემდეგი ნაბიჯი წინ ძალიან მალე გადადგა. უკვე უიმბლდონზე ნოვაკი ისევ ნახევარფინალში გავიდა. სერბმა უმძიმესი მატჩების მთელი სერია მოიგო და ნადალთან ნახევარფინალში უბრალოდ ძალა არ ეყო, ამიტომაც მესამე სეტიდან მიატოვა მატჩი. იმ უიმბლდონის შემდეგ მასზე მაღლა რეიტინგში მხოლოდ ნადალი და როჯერ ფედერერი იყვნენ. ამ მესამე საფეხურზე მან დაახლოებით ორი წელი გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ფინალში ითამაშა და 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. სწორედ 2008 წლის დასაწყისში ისე ჩანდა, რომ ნოვაკი მყარად ადგა გზას კლასიფიკაციის პირველი საფეხურისკენ. მაგრამ შემდეგ რაღაც არ აეწყო. ნოვაკი მორალურად ვეღარ უმკლავდებოდა ყველა მხრიდან ზეწოლას. გახშირდა ჩავარდნები, ამასთან გარკვეული სტაბილურობა მაინც შეინარჩუნა, რითაც მეოთხე ადგილამდე მხოლოდ ერთხელ - 2009 წლის 11 მაისს ჩამოქვეითდა.

№2. 1 თებერვალი, 2010 წელი

მეორე ადგილზე ტრიუმფალურად ასვლა არ გამოვიდა. ნოვაკი ძალიან დიდხანს მიდიოდა აქამდე და ამის გაკეთება მოახერხა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალის შემდეგ, რომელშიც მან ჟო-ვილფრიდ ცონგასთან წააგო. ამავდროულად, ნადალმა ვერ დაიცვა მელბურნში შარშანდელი ტიტული და მეორე ადგილი გაუნთავისუფლა სერბს. მთელი სეზონი გრძელდებოდა სარეიტინგო ქაოსი. ჯოკოვიჩი ხან მესამე ადგილზე ეშვებოდა, ისევ ხდებოდა მეორე ჩოგანი... აშშ-ის ღიას ფინალში გასვლის მიუხედავად, ნოვაკმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

№1. 4 ივლისი, 2011 წელი

2011 წელს ჩვენს წინაშე წარსდგა სულ სხვა ნოვაკ ჯოკოვიჩი. უფრო ზუსტად, ყველაფერი დაიწყო 2010 წლის დეკემბერში დევისის თასის ფინალის მოგებით. სერბს თითქოს ფრთები გამოება. ბელგრადში ის წარმატება ჯოკოვიჩისთვის ერთგვარად ათვლის წერტილი გახდა. იმ ტრიუმფის შემდეგ მისი თამაში მთლიანად შეიცვალა.

ის შესანიშნავად მოემზადა ავსტრალიის ღია პირველობისთვის: ყველას მოუგო გასახურებელ ტურნირზე - ჰოფმანის თასზე, შემდეგ მელბურნში თავის კარიერაში "დიდი სლემის" მეორე ტიტული მოიპოვა. ამან მას არანორმალური დამაჯერებლობა მოუტანა და სერბმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო მატჩებისა და ტიტულების მოგება. მთავარი პრიზი მოიპოვა დუბაიში, ინდიან უელსში, მაიამიში, ბელგრადში, მადრიდსა და რომში. თანაც ოთხივე მასტერსის ფინალში ის რაფაელ ნადალს ამარცხებდა. როლან გაროსზე ნოვაკს ფინალში გასვლა სჭირდებოდა რეიტინგში პირველი ადგილის ასაღებად და სწორედ ამ ეტაპზე შეაჩერა ის ფედერერმა, რითაც შეწყდა სერბის 43-მატჩიანი მოგებათა სერია.

მაგრამ ერთი თვის შემდეგ მოსახდენი მაინც მოხდა. შესაძლოა, უიმბლდონზე ჯოკოვიჩი არ გამოიყურებოდა ისე შთამბეჭდავად, როგორც წლის დასაწყისში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფინალამდე მისვლაში. კლასიფიკაციაში ლიდერობა მან ნახევარფინალში ცონგას დამარცხებით გაინაღდა. მაგრამ ის ამაზე არ გაჩერდა და მოიგო უიმბლდონი - სეზონში მეხუთედ დაამარცხა რაფაელ ნადალი.

ასე დასრულდა ჯოკოვიჩის სვლა კლასიფიკაციის მწვერვალისკენ. თუ ათვლის წერტილად ATP-ის რეიტინგში მის პირველ გამოჩენას ავიღებთ, ამ გზამ რვა წელი დაიტია. სერბის კარიერა კი გრძელდება და ნოვაკს ჯერ კიდევ ბევრი არარეალიზებული მიზანი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია