პირველობის ლიდერმა, ოზურგეთის "არწივებმა", მიმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ "არმიასთან" უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდეს. "არმაზი" და "ტაო" მოწინავე კვარტეტში ქულებით კვლავაც ტოლ-სწორად რჩებიან, თუმცა მესხები უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში მესამე პოზიციას ინარჩუნებენ.

ცხრილის მეორე ნახევარში დაძაბულობამ იმატა. "ბაგრატმა", "მათემ" და "იუნკერებმა" 17-17 ქულას მოუყარეს თავი და 6-8 ადგილებს იყოფენ. პლეი-ოფის ვაკანტურ ადგილს კი უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ზემოიმერლები იკავებენ. პლეი-აუტის ზონაში მყოფმა "გორმა" კი ხსენებულ სამეულთან ჩამორჩენა მინიმუმამდე, 1-ქულამდე შეამცირა. აუტსაიდერი "ბორჯომი", დიდი ბრძოლის მიუხედავად, სეზონში მე-10 განცდილი მარცხის შემდეგ, წინა ადგილზე მყოფ შიდაქართლელებს უკვე 12 ქულით ჩამორჩა.

"არწივებმა" მე-11 ტურის შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ ადგილობრივი "ბაგრატის" წინააღმდეგ გამართა. რიონისპირელებმა საწყისი ნახევარი საათის მანძილზე მარბიელ თორნიკე იობიძის მიერ შესრულებული „დუბლით“ ანგარიშში დაწინაურება ორგზის მოახერხეს, რის შემდგომაც ფავორიტმა ტემპს უმატა და დაცვაში თამაშიც გაამკაცრა. შეხვედრის დარჩენილ დროში გურულებმა მასპინძლებს სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობა არ მისცეს, საკუთრივ კი, მთლიანობაში 8 ლელოს გატანა მოახერხეს.

ლიდერი სწრაფად და ლაღად მოქმედებდა. გურულები სივრცეზე მოპოვებულ უპირატესობას კარგად იყენებდნენ და მეტოქეს ხაზსაც იოლად უჭრიდნენ. შედეგიანი და ეფექტური თამაშით „არწივთა“ ლეგიონერები გამოირჩნენ. ფრთა ჯაბულანი მკულვანმა და მარბიელმა ილისონ გალალამ „დუბლი“ გაიფორმეს, მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა კი გატანილ ლელოს 7 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. "ბაგრატის" მარცხს წერტილი მარქაფიდან ჩართული მხტომელის, დავით კვაჭანტირაძის დადებულმა ლელომ დაუსვა – 54:19.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა. ნომინალური მასპინძლის როლში მყოფმა პატარძეულის "ვეფხვებმა" ფავორიტ "არმიას" ტოლი არ დაუდო და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში ყოფნის მიუხედავად, მეტოქის მსგავსად 4 ლელოს გატანა და ნუგეშ-ქულის აღება მოახერხა, რამაც გარეკახელებს ცხრილში მეხუთე ადგილი გაუმყარა.

პირველი ნახევარი „არმიელთა“ სრული უპირატესობით წარიმართა. ლევან ობოლაძის შეგირდებმა მეტოქე ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 3 ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მართალია, მეორე ნახევარში "ვეფხვებმა" ტემპს უმატა და ლელოს გატანა 4-გზის მოახერხა, თუმცა მატჩის გამორჩეული მოთამაშის – ბექა მაჭარაშვილის შეჩერება ვერ შეძლო. „არმიელთა“ ფრთამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო. "არმიას" მეორე ფრთამ და კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა 4-ივე გარდასახვა გამოიყენა. ბოლო წუთებზე "ვეფხვების" ბურჯ ალექსი მუჩიაშვილის მიერ გატანილმა ლელომ გარეკახელებს ნუგეშ-ქულა მოაპოვებინა – 31:27 "არმიას" სასარგებლოდ.

მარნეულის "არმაზმა" მიჯრით მეხუთე შეხვედრა მოიგო და ამ ჯერზე უშანსოდ ჭიათურის "მათე" დატოვა. ვაზისუბანში, ქვემოქართლელებმა მეტოქე შუამარბ ჯუმბერ ყვავაძის მიერ პირველ ტაიმში გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 4 ლელო გაიტანეს და შეხვედრაც საშური პრემიით – 34:6 მოიგეს. მასპინძლებმა ზემოიმერლებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილეს. პირველ ტაიმში ლელოს გატანა შუამარბმა ნიკა გოგუამ და კვაჭმა რობერტ სავოიანმა მოახერხეს, მეორე ნახევარში კი ქვემოქართლელებმა უპირატესობა შუამარბ ოთარ მეტრეველისა და მარბიელ ანზორ გორდაშვილის დადებული ლელოებით გაიღრმავეს. "არმაზის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბახვა კობახიძემ კი წყვილ გატანილ ჯარიმასთან ერთად, ოთხივე გარდასახვა გამოიყენა.

სამცხე-ჯავახეთის დერბი „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. საკუთარი არენის უქონელმა "ბორჯომმა" თანარეგიონელ "ტაოს" ნუცუბიძის ფერდობზე უმასპინძლა. მეტოქეთა შორის კლასში არსებული სხვაობის მიუხედავად, თორელებმა მედგრად იბრძოლეს, 4 ლელოს გატანაც მოახერხეს და კინაღამ მესხები დაგეგმილი პრემიის გარეშე დატოვეს. "ბორჯომის" რიგებში მარქაფიდან ჩართული კვაჭი აკაკი მიქაძე გამოირჩა, რომელმაც მეორე ტაიმში წყვილი ლელო გაიტანა, რითაც ფავორიტი გვარიანად ანერვიულა.

"ტაომ", თავის მხრივ, 7 გარდასახული ლელო მიითვალა. გარკვეული შეცდომების მიუხედავად, მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ მესხთა ფიჯელი მარბიელი რატუ ნაკიკა იქცა. მულღაზანზაროელმა „პოკერი“ გაახერხა და თან ბოლო წუთებზე სწორედ მისმა დადებულმა ბოლო ლელომ მესხებს ბონუს-ქულა არგუნა და ცხრილში მესამე ადგილი შეუნარჩუნა – 49:27.

გორში, ჭალის დასახლებაში, ადგილობრივი გუნდისა და "იუნკერების" დაპირისპირება სარაგბო „თრილერად“ იქცა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც კიკეთელები მასპინძლებს სტატიკაში ჯაბნიდნენ, სანაცვლოდ შიდაქართლელთა ხაზი უკეთ გამოიყურებოდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "გორის" ბეკებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს.

"გორმა" პირველი ტაიმი ფრთა ლუკა ნაყეურის ლელოთი 2-ქულიანი სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში ფრთა გიორგი ვასაძის მიერ შესრულებული „დუბლით“ კიკეთელებმა ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს და ბოლო წუთამდე 6-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. „გაწითლებულ“ დროში მასპინძლებმა კარგად გაშალეს ოვალი და მარქაფიდან ჩართულმა კვაჭმა ზურა მღებრიშვილმა ლელო ზედ ალამთან დადო. მახვილი კუთხიდან კი ურთულესი გარდასახვა გორელთა დამრიგებლის ვაჟმა გიორგი ჭავჭავაძემ ზუსტად შეასრულა და შიდაქართლელებს სეზონში მესამე გამარჯვებაც არგუნა – 19:18.

Rugby.ge

რრრ
სად ოზურგეთი და სად არწივი, დაგერქვათ ქორი, მიმინო, შევარდენი.DD
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა