ერთ დროს მესისა და პიკეს მწვრთნელი იმედოვნებს, რომ თბილისის "დინამო" ძველ დიდებას დაიბრუნებს

ახალგაზრდა, სიმპათიური, ხალისიანი, ყურადღებიანი... რასაკვირველია, გულადი და იმედიანი - ამ ეპითეტებს უშურველად ვიმეტებ ჩვენი ახალშეძენილი უცხოელი მეგობრისთვის, რადგან ყველა ქართველისთვის უსაყვარლესი თბილისის "დინამოს" მწვრთნელობა იტვირთა; მეორეც - იმედოვნებს, რომ "დინამოს" ფეხზე დააყენებს;

მესამეც - ინტერვიუს დამპირდა და "არ გადამაგდო"; მეოთხე - პირისპირ ოფიციალურ საუბარს შინ შეხვედრა ამჯობინა, რეგლამენტი არ დამიწესა და ა.შ.

თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელთან, ესპანელ ალექს გარსიასთან შესახვედრად ლამის მთელი საფეხბურთო სამყარო ფეხზე დავაყენე (მახსენდება "რწყილისა და ჭიანჭველას" ამბავი): ჯერ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე დამეხმარა, შემდეგ - "დინამოს" სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე და ბოლოს საქმე ალექს გარსიას ასისტენტმა გიორგი ყოლბაიამ დააგვირგვინა: უქმე დღეს შეწუხდა და თარჯიმნობა გამიწია. ქართული ფრთიანი ფრაზებით კი გავურთულე საქმე, მაგრამ, ჩანს, კარგად გაართვა თავი, რადგან მასპინძელი-სტუმარი ალექს გარსია ძალიან ხალისობდა.

- საქართველო ძალიან ჰგავს ესპანეთს. არადა, სულ სხვა გარემოს ველოდი. გუშინ საღამოს ქალაქში სეირნობისას ვამბობდით, რომ საღამოს თბილისი ესპანეთის ქალაქებივით ძალიან "ცოცხალი" და ტემპერამენტიანია (იღიმის).

- ალექს, მთელი ცხოვრება "ბარსელონას" სხვადასხვა "ფლანგზე" გაატარეთ. როგორ შეელიეთ იქაურობას?

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში კლუბ "ბარსელონაში" აგენტად ვმუშაობდი, არადა, ძალიან მინდოდა მწვრთნელობას დავბრუნებოდი. ამიტომ ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა რომ შემომთავაზა, დავთანხმდი.

- ჩვენთან, საქართველოში, ბავშვზე იტყვიან ხოლმე: კოჭებში ეტყობა, რაც გამოვაო. თქვენც "კოჭებში გეტყობოდათ" ფეხბურთელობა?

- ესპანელ ბავშვთა უმეტესობის მსგავსად, მეც სკოლაში დავიწყე ფეხბურთის თამაში. შემდეგ "ბარსელონამ" ამიყვანა აკადემიაში და 22 წლისას უკვე პირველ გუნდში მქონდა დებიუტი. მერე ესპანეთის სხვადასხვა გუნდშიც ვთამაშობდი: "რაიო ვალეკანოში", "კადისში", "გრანადაში", "ტარაგონაში"...

- მაგრამ, ალბათ, როგორც ქართველი ბიჭებისთვის თბილისის "დინამო" იყო საოცნებო გუნდი, ესპანელების დიდი ნაწილი "ბარსაში" თამაშზე ოცნებობდა. მაგალითად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ინტერვიუში მითხრა, ყველაფერი დავთმე, ოღონდ თბილისის "დინამოში" მოვხვედრილიყავიო. თქვენც დათმეთ ყველაფერი "ბარსასთვის"?

- ამას ახალგაზრდობის, სიჭაბუკის დათმობას ვუწოდებდი. ეს ასაკი თითქოს არც გამივლია, რადგან ჩემი მეგობრები რომ იკრიბებოდნენ და ერთობოდნენ, მე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. მაგრამ არაფერს ვნანობ. ერთი ოცნება მაინც დამრჩა აუხდენელი: ჩემ გარდა ყველა მეგობარმა იცოდა მოტოციკლის ტარება და ყველას ჰყავს "ჰარლი დევიდსონი", მე კი - არა (იცინის)... საფეხბურთო კარიერას რომ ირჩევ, ყველაფრის დასათმობად უნდა იყო მზად. ერთადერთი, თუ სერიოზულ ტრავმას მიიღებ, შეიძლება დაფიქრდე კიდეც, - ღირდა კი ამად ასეთი მსხვერპლიო? თუმცა მე ესეც არ განმიცდია.

- ფეხბურთს მიღმა იყო ვალდებულებები ოჯახის წინაშე. "ბარსა" ოჯახის რჩენის წყაროც იყო თუ თქვენი ფეხბურთელობაც საკმარისი და საოცნებო იყო მათთვის?

- მადლობა ღმერთს, მსგავსი ვალდებულება არასდროს მქონია, რადგან ჩემს ოჯახს არ უჭირდა. თვითონ კი ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემიანებისთვის საჩუქრები მიმეძღვნა. სხვათა შორის, ჩემს მშობლებს ფეხბურთი არც ესმოდათ და არც უყვარდათ. ერთადერთი, მთხოვდნენ, კარგი სტუდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ... ბარსელონაში ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, თუმცა არაფერი მისწავლია (იცინის). სიმართლე გითხრათ, სპორტული ჟურნალისტიკა არ მომწონს და საინფორმაციო ჟურნალ-გაზეთები უფრო მაინტერესებს, ვიდრე სპორტული (ალბათ, გუმანით მივხვდი, საუბრის დასაწყისშივე რომ განვუცხადე, სპორტული ჟურნალისტი არ ვარ-მეთქი და ჩემდამი კეთილადაც განვაწყვე - ი.ხ.).

- ფეხბურთელიც იყავით, მწვრთნელიც და კლუბის აგენტიც. სად უფრო კარგად გრძნობდით თავს და სად მიაღწიეთ მეტ წარმატებას?

- ყველაზე დიდ სიამოვნებას მწვრთნელობა მანიჭებს და, ალბათ, წარმატებაც სწორედ ამას მოუტანია ჩემთვის.

- მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავის - ლიონელ მესის, და არა მარტო მის, კარიერაში თქვენც შეიტანეთ წვლილი... რას იტყვით, კოჭებშივე ეტყობოდა მესის ვარსკვლავობა?

- 15-16 წლის იყო, რომ ვავარჯიშებდი და იმხანადაც იმავეს აკეთებდა, რითაც დღეს ყველას აღაფრთოვანებს. ერთადერთი, იმას ვერ წარმოვიდგენდი, ასე სწრაფად თუ მიაღწევდა უდიდეს წარმატებას. ხომ ამდენს მიაღწია, სრულიად არ შეცვლილა: ძველებურად ჩუმი, მორიდებული, შრომისმოყვარე და თავმდაბალია. თუ დაჰკვირვებიხართ, უხეშად რომ ექცევიან, არასდროს აპროტესტებს. ასე ვთქვათ, "ვარსკვლავივით" არასდროს ქედმაღლობს.

აი, ჟერარდ პიკე კი ყოველთვის მოუსვენარი იყო. მუდამ ოხუნჯობდა და "კბენდა" ფეხბურთელებს (იცინის). საერთოდ, "ბარსელონას" პირველ გუნდში რომ ითამაშო, გარდა ფეხბურთელობისა, კარგი პიროვნული თვისებებიც გჭირდება, ისეთი, მესის რომ აქვს.

- "ბარსელონაში" რომ მიხვედით, თქვენც ასეთი ბუნების იყავით?

- (იცინის) არ ვიცი... შეიძლება ვფიქრობდი კიდეც, რომ კარგი ადამიანი და კარგი ფეხბურთელი ვიყავი. აბა, სკოლიდან რომ უცებ "ბარსელონაში" აღმოჩნდები, სხვაგვარად ვერც იფიქრებ. ჩანს, ცუდი ადამიანი არ ვარ, რადგან იქ დიდხანს დავრჩი (იღიმის).

- მჯერა, თბილისის "დინამოს" ისტორიასა და ტრადიციებზე გსმენიათ. დიდი აღმავლობის შემდეგ გუნდი ისე დასუსტდა, ვერც ქართველმა, ვერც უცხოელმა მწვრთნელებმა კრიზისიდან ვერ გამოიყვანეს. ფიქრობთ, რომ ფეხზე დააყენებთ ქართველების სათაყვანებელ თბილისის "დინამოს"?

- "დინამოს" წარმატებებზე მსმენია და ვფიქრობ, სახელი და დიდება აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ გუნდს.

- ანუ, გრძნობთ, რა პასუხისმგებლობა იტვირთეთ ქართველების წინაშე, თბილისის "დინამო" რომ ჩაიბარეთ?

- ვაცნობიერებ ყველაფერს, რადგან იმ ადგილიდან მოვდივარ, სადაც პასუხისმგებლობა უმაღლეს დონეზე დგას.

- ალექს, საფეხბურთო კარიერა რომ არ აგერჩიათ, ვინ იქნებოდით? ან რა უნარები გაქვთ, რა შეგიძლიათ?

- უჰ (იცინის)... თუ მოვინდომებდი, რომელიმე ფაკულტეტს დავამთავრებდი. აბა, სიმღერისა და ცეკვის ნიჭი არ მაქვს! მამას უნდოდა, ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებელი გამოვსულიყავი, მაგრამ სულ ტყუილად. თუმცა დღეს ძალიან ამაყობს ჩემით.

- დაოჯახებული ხართ?

- მადლობა ღმერთს, რომ "სკაიპი" არსებობს - მეუღლეს ასე ვეკონტაქტები (იცინის). იმედია, მალე შევხვდები ელენას - აგვისტოში ჩამოვა. ორი შვილი მყავს: 10 წლის ვაჟი ალვარო და 8 წლის გოგონა ელენა, ანუ ოჯახში დიდი და პატარა ელენა მყავს (იღიმის).

- ალვაროც თუ ფეხბურთს თამაშობს, "რას ატყობთ კოჭებში?"

- "კორნელიაში" თამაშობს და მიხარია, რომ სპორტითაა დაკავებული. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შეიძლება "დინამოშიც" გადმოვიყვანო.

- თქვენს პირს შაქარი, ალექს, რაკი შვილის "დინამოში" გადმოყვანას ფიქრობთ, ჩვენს გუნდთან მუშაობაში სულსა და გულს მართლა ჩადებთ.

- (იცინის) მეც მაგის თქმა მინდოდა!

ირმა ხარშილაძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

tirrannos
ძალიან ბევრი კოჭია ამ სტატიაში არაა???
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის