დღეს, 28 ივლისს ეროვნულ სტადიონზე, "მეტალურგი" "რენთან" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს გამართავს

ევროთასების ამჟამინდელ ეტაპზე ქართული კლუბებიდან ყველაზე სერიოზული მეტოქე რუსთაველებს ჰყავთ. "რენი" წყვილის უდავო ფავორიტია, მაგრამ "მეტალურგს" დასაკარგი არაფერი აქვს და, შეიძლება, შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი არ ჰქონდეს, მაგრამ იმის იმედი გვაქვს, რომ ფრანგებს დიდ წინააღმდეგობას გაუწევს და ორი მატჩის ჯამში თუ ვერა, თბილისში მაინც მიაღწევს დადებით შედეგს.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს მატჩი ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერითაც შეგიძლიათ. ბილეთების ფასი 3, 5 და 7 ლარია. იმედია, "დინამოსა" და "ზესტაფონის" მსგავსად, ტრიბუნებზე ქომაგი "მეტალურგსაც" მრავლად ეყოლება.

შეხვედრას კვიპროსელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის მარიოს პანაის ხელმძღვანელობით.

უდანაკლისო მეტალურგი ბრძოლას გვპირდება

როგორც წესია, შეხვედრის წინა დღეს ორივე გუნდის ვარჯიში და მთავარ მწვრთნელთა პრესკონფერენციები გაიმართა. თავდაპირველად გასაუბრების საშუალება "მეტალურგის" თავკაც არმაზ ჯელაძესა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელ ირაკლი მაისურაძესთან მოგვეცა.

ჯელაძე: ისევე, როგორც ნებისმიერი მატჩისთვის, ამ შეხვედრისთვისაც განსაკუთრებული შემართებით ვემზადებით. კარგად გვესმის, რომ საქმე ძლიერ მეტოქესთან გვექნება, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ და მაყურებელი ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთით გავახაროთ. ბურთი მრგვალია და ვნახოთ, ეგებ, ხვალ ჩვენი დღე იყოს.

- დანაკლისი თუ გაქვთ?

- არა, ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავს. დაგვიბრუნდა დენის დობროვოლსკი, რომელიც ამ მატჩში 18-კაციან განაცხადში იქნება.

- მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- საკმაოდ სწრაფი, ტექნიკური გუნდია და უმეტესად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ვიცით ისიც, რომ "რენი" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ჩამოვიდა.

მაისურაძე: რთული მატჩი გველის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი მზადაა, ბოლომდე დაიხარჯოს და გამარჯვებისთვის იბრძოლოს. წყვილის ფავორიტი "რენია", მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ.

დასასრულს "მეტალურგის" პრესატაშე შოთა შერმადინმა კლუბის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა "ქართული სპორტის ქომაგებს" (რომლებიც "მეტალურგის" მხარდასაჭერ პიარაქციებს ატარებენ), და რუსთავის მერიას, რომელმაც იქაური ქომაგებისთვის თბილისში წამოსასვლელად და უკან დასაბრუნებლად უფასო ავტობუსები გამოყო.

პრესკონფერენციას "მეტალურგის" ვარჯიში მოჰყვა, რომელიც საქმიან და ხალისიან ატმოსფეროში წარიმართა. ყურადღება დაეთმო როგორც უბურთო ვარჯიშებს, ასევე ტექნიკური ელემენტების დახვეწას.

ტექნიკას გვიქებენ, მაგრამ ამით თავად გვაკვირვებენ

"მეტალურგის" ვარჯიშს "რენის" დამრიგებელ ფრედერიკ ანტონეტის პრესკონფერენცია მოჰყვა, რომელმაც დარბაზში გუნდის სენეგალელი კაპიტანი კადერ მანგანი იახლა.

ანტონეტი: სეზონისთვის მზადება დაახლოებით ერთი თვეა, დავიწყეთ და ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვართ. გვაქვს საკადრო პრობლემებიც, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, საბრძოლოდ ვართ განწყობილნი.

- რა იცით "მეტალურგის" შესახებ?

- მისი თამაშების ჩანაწერი არ გვაქვს, მხოლოდ მომენტების კოლაჟი ვნახე და ერთი შეხედვით, საქმე სწრაფ და ტექნიკურ გუნდთან გვაქვს. ისიც ვიცი, რომ გასული სეზონის მსვლელობისას "მეტალურგს" მწვრთნელიც შეეცვალა და შემადგენლობაშიც გარკვეული ცვლილებები მოხდა.

- რა მიზანი გაქვთ მიმდინარე სეზონში?

- საფრანგეთის ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დავასრულეთ და ეს შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ.

- ევროპის ლიგა თქვენთვის პრიორიტეტული ტურნირია?

- ისეთივე პრიორიტეტული, როგორიც ეროვნული ჩემპიონატი. გვინდა, საკუთარი ძალა ევროპის მასშტაბითაც დავამტკიცოთ.

- თბილისში რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?

- დარწმუნებული ვარ, ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მანგანი: ხვალინდელი მატჩი ჩვენი მომზადების დონეს წარმოაჩენს და გვინდა, სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ. გულშემატკივრებს ხარისხიან და სანახაობრივ ფეხბურთს ვპირდებით.

თავდაპირველი ინფორმაციით, "რენის" ვარჯიში მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ღია, მაგრამ ფრანგებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და მსურველებს "რენის" სრული წვრთნის ცქერის საშუალება მიეცათ.

პირველი, რაც სტუმართა შემხედვარეთ თვალში გეცემოდათ, შესაშური აღნაგობა იყო. ეს გასაკვირი არც არის, რადგან "რენის" შემადგენლობაში მხოლოდ ორმა თეთრკანიანმა ივარჯიშა, აფრიკელთა გაბარიტებისა და ათლეტურობის ამბავი კი საყოველთაოდაა ცნობილი.

ამას გარდა, "რენის" ფეხბურთელები უაღრესად ტექნიკურები ჩანან. "კვადრატებისა" თუ სხვადასხვა კომბინაციის დროს მათ მცირედი წუნიც კი არ ჰქონდათ, ყველაფერს ძალიან სწრაფად და ზუსტად ასრულებდნენ. სტუმართა ვარჯიში ნახევარ მოედანზე გაჩაღებული თამაშით დასრულდა.

ფრანგული დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. გუნდს თან რამდენიმე ჟურნალისტიც ახლავს. "რენი" 18 ფეხბურთელით ჩამოვიდა.

მეკარეები: ბენუა კოსტილი, აბდულაი დიალო;

მცველები: ჯონ ბოიე, რომენ დანსი, იასინ ჯებური, ჟან-არმელ კანა-ბიიკი, კადერ მანგანი, თეოფილ კატრენი;

ნახევარმცველები: იასინ ბრაიმი, ტონგო ამედ დუმბია, ჟულიენ ფერე, ჟორჟ მანჯეკი, იან მვილა, ალექსანდერ ტეტეი;

თავდამსხმელები: რაზაკ ბუკარი, აბდულ კამარა, ვიქტორ მონტანიო, ჯონათან პიტროიპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

haha
გასაგებია რო რენი გაცილებით უკეთესი გუნდია მარა შემთხვევითი გოლით არ წაგება როდისღა მორჩება ქართულ ფეხბურთში????
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა