კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებულ "სუონსს" ამხანაგურად გაეჯიბრა
ისე როგორც საქართველოში, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც ჩემპიონატი მომავალ კვირას დაიწყება; აზერბაიჯანის პრემიერლიგის ყველაზე "ქართული" გუნდი, ბაქოს "ინტერი" სასტარტო შეხვედრაში თურანის "თოვუზს" უმასპინძლებს.

ახალი სეზონის წინ "ინტერის" მიზანი ჩემპიონობისათვის ბრძოლა იქნება და დსთ-ს თასის წლევანდელი ტრიუმფატორი მთელი სერიოზულობით ემზადება აზერბაიჯანის უძლიერესი გუნდის სახელის დასაბრუნებლად. შეგახსენებთ, რომ ქართველი მწვრთნელების, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერი" 2010 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, თუმცა წელს სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ამას გარდა, გუნდს ხელი მოეცარა თასის გათამაშებაშიც - დრამატული სცენარით წარმართულ ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა ლენქორანის "ხაზართან".

თუმცა, 2010-11 წლების სეზონს მთლად წარუმატებელსაც ვერ ვუწოდებთ: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაქოს "ინტერმა" ამა წლის იანვარში სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ დსთ-ს ტურნირზე გაიმარჯვა. გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად "ინტერის" წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ქართველმა ლეგიონერებმა: ილია კანდელაკმა, ვალერი აბრამიძემ, დავით ოდიკაძემ, კახა მჟავანაძემ და ბაჩანა ცხადაძემ. რაც შეეხება გიორგი ლომაიას, "ინტერის" მეკარემ ტურნირი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა - ძირითად დროში არც ერთ მატჩში გოლი არ გაუშვია!

წინა სეზონის დასრულების შემდეგ "ინტერში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: სხვადასხვა მიზეზით გუნდიდან წავიდა წამყვან ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი (დავით ოდიკაძე, კახა მჟავანაძე, ალექსანდრ ჩერტოგანოვი, დიმიტრი კრუგლოვი, რობერტას პოშკუსი, ფილიპ დესპოტოვსკი, როვშან ამირასლანოვი); რაც შეეხება შევსებას, ცხადაძე-ჩიხრაძის "დუეტმა" ჯერ "ადგილობრივ სატრანსფერო ბაზარზე" იაქტიურა და თავიანთთვის საჭირო აზერბაიჯანელი ფეხბურთელები დაიმატა.

მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაში სამმა ადგილობრივმა მოთამაშემ უნდა იასპარეზოს, ახლო მომავალში კი, შესაძლოა, ეს "ლიმიტი" კიდევ უფრო გაიზარდოს და "ინტერის" ხელმძღვანელობამაც თადარიგი წინასწარ დაიჭირა. რაც შეეხება უცხოელ ახალწვეულებს, "ინტერის" მეორე შეკრებაზე რამდენიმე ლეგიონერი გაისინჯა, თუმცა გუნდის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა; ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით სეზონის დაწყებამდე "ინტერის" შემადგენლობაში, სულ მცირე, ორი-სამი მაღალი დონის უცხოელი ფეხბურთელი უნდა გამოჩნდეს.

შეკრება ვახსენეთ და ამ ზაფხულს "ინტერს" საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. პირველი შეკრება გუნდმა თურქეთში გაიარა: უკრაინულ "მეტალურგს" 4:0 აჯობა (ერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა), თურქული სუპერლიგის "მერსინთან" 3:3 ითამაშა ("დუბლი" ლატვიელმა გირტს კარლსონმა შეასრულა, ერთი გოლიც ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა), ბოლო შეხვედრა კი რუსული პრემიერლიგის "ტერეკთან" 1:2 წააგო.

"ინტერს" ბევრად უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავდა მეორე შეკრებაზეც, გუნდმა სლოვენიაში რომ ჩაატარა. ასე მაგალითად, "ანთალია" თურქული სუპერლიგაში საშუალო დონის კლუბად მიიჩნევა, "ბურსა" კი ქვეყნის ექს-ჩემპიონია და წინა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. სხვათა შორის, "ინტერს" სლოვენიურ შეკრებაზე... იტალიურ გუნდებთან უნდა ჩაეტარებინა საკონტროლო შეხვედრები, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც შეიცვალა და "პალერმოსთან" და "ლეჩესთან" დაგეგმილი მატჩები არ შედგა. თუმცა, სლოვენიური შეკრების ბოლოს "ინტერს" მაინც "გამოუჩნდა" მეტად და მეტად ძლიერი სპარინგ-პარტნიორი: ინგლისურ პრემიერლიგაში აღზევებული "სუონსი".

პირველი ტაიმი თანაბარ აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში ჩატარდა და ნულოვანი ფრით დამთავრდა. აი, შესვენების შემდეგ კი ბრიტანული კლუბის ფეხბურთელთა საშემსრულებლო ოსტატობამ შეხვედრის შედეგზეც იქონია გავლენა: პირველი გოლი "ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა 23 წლის სკოტ სინკლერმა გაიტანა, რასაც მალე ნათან დაიერის მეორე გოლი მოჰყვა. გირტს კარლსონმა ანგარიშში სხვაობის შემცირება კი მოახერხა, მაგრამ "ასტონ ვილას" ყოფილი თავდამსხმელის, 25 წლის ლუკ მურის ზუსტმა დარტყმამ ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აქვე, ალბათ, საინტერესო იქნება ორივე გუნდის მწვრთნელთა მატჩისშემდგომი კომენტარები.

კახა ცხადაძე ("ინტერი"): "ამ შეკრებაზე ჩვენ შეგვეძლო სპარინგ-პარტნიორებად ისეთი გუნდები აგვერჩია, რომლებთანაც უპრობლემოდ გავიმარჯვებდით დიდი ანგარიშით; თუმცა, ვამჯობინეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები ისეთ გუნდებთან გამოგვეცადა, როგორებიც "ანთალიასპორი", "ბურსა" და "სუონსია". ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ "სუონსისთან" მატჩში მეტოქეს არც ერთ კომპონენტში არ ჩამოვრჩით: სისწრაფეში, ტემპში, ბრძოლაში. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "სუონსიმ" კლასის ხარჯზე გვაჯობა. წაგების მიუხედავად, მთლიანობაში თამაშით კმაყოფილი ვარ".

ბრენდან როჯერსი ("სუონსი"): "ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია "ინტერის" დონის გუნდებთან სპარინგ-მატჩების ჩატარება. საკმაოდ რთული შეხვედრა გამოდგა და მეტოქემ ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ინტერის" ფეხბურთელები სწორედ ირჩევდნენ პოზიციებს, სწრაფად აზროვნებდნენ და საერთოდაც, ძალიან ბევრ კომპონენტში მხოლოდ და მხოლოდ მოწონებას იმსახურებდნენ. გულწრფელად მინდა, რომ ამ გუნდმა ახალ სეზონში წარმატებებს მიაღწიოს".

ზურაბ ჩიტიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა