გაისად ლონდონის ოლიმპიადზე შესაძლოა როჯერ ფედერერისა და მარტინა ჰინგისის წყვილის ხილვის საშუალება მოგვეცეს
ოლიმპიურ პროგრამაში შერეულ წყვილთა თანრიგის შეტანამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საჩოგბურთო სამყაროში, რადგან გაისად ლონდონში ბევრი საინტერესო წყვილის ხილვის საშუალება მოგვეცემა. მაგრამ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გახლავთ ორი შვეიცარიელი ლეგენდის - როჯერ ფედერერისა და მარტინა ჰინგისის გაერთიანების მოსალოდნელი ფაქტი.

მარტინა ჰინგისი

"ჩოგბურთმა მომცა ყველაფერი, რაც დღეს გამაჩნია, - განაცხადა "დიდი სლემის" ტურნირების ხუთგზის ჩემპიონმა მარტინა ჰინგისმა ამერიკაში, სადაც ის მონაწილეობას იღებდა World Team Tennis-ის ტურნირში. - ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა არსებობს".

მარტინა ჰინგისის წლევანდელი კალენდარი საკმაოდ დატვირთულია საჩოგბურთო მატჩებით. მან მონაწილეობა მიიღო როლან გაროსისა და უიმბლდონის ლეგენდათა ტურნირში, World Team Tennis-ის გუნდურ ჩემპიონატში და სხვა საგამოფენო ტურნირებში. მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა იმასთან, რის გაკეთებასც შვეიცარიელი 2012 წელს აპირებს.

ოლიმპიური მიქსტი

მიქსტი ლონდონის ოლიმპიური საჩოგბურთო ტურნირის კალენდარში ოფიციალურად 2009 წელს შეიტანეს. ასე რომ, უიმბლდონის ლეგენდარულ არენაზე მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ ენდი როდიკმა და სერენა უილიამსმა გამოაცხადეს, რომ ლონდონში ერთად გავლენ კორტზე. "როგორც კი ორგანიზატორებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს, ნახევარ წუთში სერენას ნომერი ავკრიფე, - ამბობს როდიკი. - მუდმივად ვაწუხებდი სატელეფონო ზარებით, ტექსტური შეტყობინებებით და ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე".

ზოგიერთი მოთამაშე იწონებდა ამერიკელის აქტიურ მოქმედებას, ზოგმა კი საპირისპირო სქესის პარტნიორის ამოსარჩევად სხვა გზა აირჩია. რამდენიმე წყვილი უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ მოთამაშეთა უმრავლესობა ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კულისებს მიღმა მთელი ბრძოლა წინაა.

როჯერ ფედერერი

როჯერმა კარიერაში პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწია. მარტო "დიდი სლემის" ტურნირებზე სარეკორდო რაოდენობის გამარჯვებები (16) რად ღირს. მაგრამ ბევრს ისე არ გახარებია ოლიმპიადის პროგრამაში მიქსტის გამოჩენა, როგორც ფედერერს.

2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე შვეიცარიელი არც თუ ისე კარგ ფორმაში ჩავიდა, თან მის კარიერაში რთული მომენტი იდგა. ცოტა ხნით ადრე მან წააგო უიმბლდონის ეპიკური ფინალი რაფაელ ნადალთან, მანამდე კი ესპანელმა ის როლან გაროსის ფინალში გაანადგურა. საბოლოოდ, პირველად 2004 წლის შემდეგ ფედერერმა დაკარგა ლიდერობა მსოფლიო კლასიფიკაციაში.

2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში როჯერს გზა გადაუღობა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა, პეკინში კი მეოთხედფინალურ ეტაპზე ამერიკელმა ჯეიმს ბლეიკმა აჯობა და თითქოს, ჩოგბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვეღარასოდეს გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი. მაგრამ გამარჯვება წყვილთა თანრიგში მოიპოვა, არადა, ATP-ის ტურნირებზე როჯერი პრაქტიკულად არ თამაშობს წყვილებში. სტანისლას ვავრინკას დახმარებით ფედერერმა მისთვის და შვეიცარიისთვის ძალიან საჭირო ოქრო მოიგო.

პეკინში ტრიუმფმა ფედერერი გონს მოიყვანა, მას დამაჯერებლობა დაუბრუნდა და ოლიმპიადის შემდეგ შვეიცარიელმა ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა, სულ კი "დიდი სლემის" მომდევნო ხუთი ტურნირიდან სამში მთავარი პრიზი მიიღო, მათ შორის, როლან გაროსზე. შესაძლოა, ის ოლიმპიური ოქრო რომ არა, ფედერერის ეპოქა საბოლოოდ დასრულებლიყო.

გაერთიანება

დღეს ფედერერისა და ჰინგისის შესაძლო გაერთიანების შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ამერიკაში მყოფ მარტინას ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევდნენ. აი, ფრაგმენტი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

- არ ვიცი, არ ვიცი. ჯერ არაფერში არ ვარ დარწმუნებული. კონკრეტულად ამ მომენტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რა იქნება ერთი წლის შემდეგ. ეს ძალიან დიდი დროა. შესაძლოა, პროფესიულ დონეზე მომიწიოს გამოსვლა პრაქტიკის აღსადგენად... უნდა დავიცადოთ...

- ბოლო დროს ისეთ ფორმას აჩვენებთ, რომ ვერც ერთი მოქმედი შვეიცარიელი ქალი ჩოგბურთელი გვერდით ვერ დაგიდგებათ. როჯერ ფედერერმა რომ გთხოვოთ ოლიმპიადაზე მიქსტში გამოსვლა, რას უპასუხებთ?

- ჯერჯერობით როჯერი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ჯერ არაფერი ვიცი...

- ის თქვენ არ დაგკავშირებიათ?

- პირადად ის - არა. მაგრამ შესაბამისი შეკითხვა უკვე დამისვეს. თამაშებამდე ჯერ შორია, ასე რომ...

- ე. ი. საბოლოოდ "არას" არ ამბობთ? ანუ მზად ხართ წინადადებით განსახილველად?

- არ ვიცი. ჯერ არაფერში არ ვარ დარწმუნებული.

- მოდით, პირდაპირ შევიტანოთ სიცხადე ამ საკითხში - როჯერ ფედერერის გუნდიდან ვინმე დაგიკავშირდათ?

- დიახ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სათამაშო პრაქტიკა დამჭირდება ოლიმპიადაზე გამოსასვლელად, ეს კი იოლი არ არის.

ოცნება და რეალობა

მარტინა ჰინგისისა და როჯერ ფედერერის დუეტი ნებისმიერ შემთხვევაში ოლიმპიური ჩოგბურთის ისტორიაში შევიდოდა. ეს იქნებოდა ეპოქათა შერწყმის ბრწყინვალე ნიმუში, და აუცილებლად წარმატებული. სპეციალისტთა აზრით, მარტინა და როჯერი თანამედროვე ჩოგბურთის უძლიერესი ტაქტიკოსები და შემოქმედები არიან. მათ ჯამში "დიდი სლემის" 31 ტიტული აქვთ მოგებული. თუ ფედერერის გამარჯვებები მხოლოდ ერთეულთა თანრიგზე მოდის, მარტინას ცხრაჯერ გაუმარჯვია წყვილში და ერთხელ - მიქსტში.

სხვათა შორის, ათი წლის წინ, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ფედერერი ATP-ში პირველი ტიტულის მფლობელი გახდებოდა, მან და ჰინგისმა შვეიცარიისთვის ჰოფმანის თასი მოიგეს. მაშინ მათი მოქმედება თითქმის იდეალური იყო: ექვს სეტში მხოლოდ ათი გეიმი წააგეს, პარტია კი მაშინ დათმეს, როცა ფინალში ამერიკასთან მიქსტის შეხვედრა აღარაფერს წყვეტდა.

ერთმანეთისთვის შექმნილნი

ფედერერამდე დი ჰინგისამდე შვეიცარია არასოდეს მიიჩნეოდა დიადი საჩოგბურთო ჩემპიონების ქვეყნად. გასაკვირი არ არის, რომ ამ ჩოგბურთელს ძალიან ხშირად ადარებდნენ ერთმანეთს - იმიტომ, რომ ისინი თანამემამულეები არიან, ლამაზად და დახვეწილად თამაშობენ... ბევრ მოთამაშეს ასეთი შედარება აღიზიანებს, მაგრამ როჯერი და მარტინა დიდი სიამოვნებით პასუხობდნენ ერთმანეთის შესახებ დასმულ შეკითხვებს.

ცხადია, რომ კორტზე აშკარა ღირსებების გარდა, რის გამოც მათ შეუძლიათ ლონდონში წარმატების მიღწევა, ფედერერსა და ჰინგისს უსაზღვრო პატივისცემა აკავშირებთ. შესაძლოა, ამიტომაც უჭირს როჯერს პირდაპირ შეკითხვის დასმა ჰინგისითვის - არის თუ არა ის თანახმა ლონდონში გამგზავრებაზე.

"როჯერი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა ტურში", - ამბობდა მარტინა 2004 წელს. "მასთან ერთად წყვილში თამაში უდიდესი სიამოვნება იყო", - ოთხი წლის შემდეგ იხსენებდა ფედერერი.

აშკარაა, რომ შესაძლო პარტნიორობა ჯერ არ ნიშნავს საბოლოო გაერთიანებას. მაგრამ ჰინგისის დაბნეული პასუხები იმაზე მიანიშნებს, რომ ის სერიოზულად ფიქრობს ფედერერის შეთავაზებაზე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მარტინა დათანხმდება და ამით ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება