იტალიის სუპერთასზე "ინტერთან" მატჩში მასიმილიანო ალეგრის სამწყსომ 2:1 გაიმარჯვა
იტალიაში ახალი საფეხბურთო სეზონი სუპერთასის გათამაშებით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ორი მილანური გრანდი წარსდგა. როგორც წესი, "მილანისა" და "ინტერის" პაექრობა "სან სიროზე" იმართება, მაგრამ ამ შემთხვევაში, პაექრობა პეკინში შედგა, სადაც აღნიშნულ გუნდებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. შესაბამისად, ტერიბუნები პირთამდე გაივსო და ქომაგებმა საკმაოდ კარგი სანახაობა იხილეს.

შეხვედრა ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა, პირველში უპირატესობას "ინტერი" ფლობდა და გაუტანა კიდეც გოლი მეტოქეს, აი მეორეში კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი, "მილანი" იყო და თამაშის ბედიც სათავისოდ შეატრიალა.

ერთი სიტყვით, მასიმილიანო ალეგრის სამწყსომ 2:1 გაიმარჯვა და მორიგი ტიტული დაამატა ისედაც უმდიდრეს კოლექციას. მატჩის პერიპეტიების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ გოლებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას - "ნერაძურიდან" შედეგიანი დარტყმა ვესლი სნეიდერის ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმო შეასრულა ზუსტად და კრისტიან აბიატის კარის ცხრიანი დალაშქრა; რაც შეეხება "როსონერის" გოლებს, გამათანაბრებელი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეაგდო, რომელმაც კლარენს ზეედორფის ჩინებული პასი შეირგო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში; გამარჯვების გოლი კევინ პრინც ბოატენგის ანგარიშზეა, რომელმაც ალეშანდრე პატოს დარტყმის შემდეგ, ძელიდან უკუგდებულ ბურთს მიუსწრო და ბადეში გაახვია.

"მილანმა" სეზონი ტროფეის მოგებით დაიწყო, ჯანპიერო გასპერინის დებიუტი კი წარუმატებელი გამოდგა. ნამატჩევს, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი იმედგაცრუებული გახლდათ:

"პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად ვიგებდით, მაგრამ მეორე ნახევარში დაცვაში ვუმატეთ შეცდომებს და დავისაჯეთ კიდეც. არადა, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო და დასანანია, რომ ასე მოხდა. რას ვიზამთ, მთლიანობაში მაინც კარგი მატჩი იყო, რომელმაც გამოცდილება შეგვძინა და ის ნაკლოვანებები გვაჩვენა, რომელთა აღმოფხვრა მოგვიწევს. სამუშაო ბევრია, ეს ისედაც ვიცოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი."

მატჩის შემდეგ, კომენტარი "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმაც გააკეთა: "იბრაჰიმოვიჩის საგოლე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ აშკარად დასანიშნ ჯარიმას წაუყრუა, ასე რომ, შეხვედრის საბოლოო რეზულტატზე არბიტრმაც იქონია გავლენა. თუმცა, დღეს ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მარცხი დროზე დავივიწყოთ. მეორე ტაიმში "მილანმა" აშკარად გვაჯობა, ეს ნათლად გამოჩნდა და ამის უარყოფა შეუძლებელია, ჩვენ კი იმ შეცდომებზე გვმართებს სწავლა, რომლებიც მრავლად დავუშვით. ახალი მწვრთნელი გვყავს და მის მოდელზე გადასაწყობად გარკვეული დრო დაგვჭირდება, იმედია გულშემატკივრები ამ მარცხს გვაპატიებენ".

სრულიად სხვა განწყობა გახლდათ "შავ-წითელთა" ბანაკში, სეზონის ტროფეით დაწყებამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი უზომოდ გაახარა: "სუპერთასის პაექრობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტყუილად არ ვღვარეთ ოფლი ვარჯიშებზე. ძალიან კარგი თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი გარჯა არაფერი იქნებოდა თანაგუნდელთა ბრწყინვალე ასპარეზობის გარეშე, ხომ ნახეთ რა პასი მომცა კლარენს ზეედორფმა? - ასეთი გადაცემის შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია გოლი არ გაიტანო. მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საუკეთესო კონდიციამდე კიდევ ბევრი გვიკლია, "მილანი" გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ".

ნამატჩევს, კომენტარი მასიმილიანო ალეგრიმაც გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "თამაში ცუდად დავიწყეთ, ბურთზე კონტროლი ვერაფრით დავაწესაეთ, რაც "ინტერის" შესანიშნავი ასპარეზობის შედეგი გახლდათ. თუმცა, შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ, გარდატეხა შევიტანეთ თამაშში და ყველაფერი დალაგდა. დიდი სურვიული მაქვს, რომ ასეთი მებრძოლი ხასიათი "მილანს" მთელი სეზონის განმავლობაში გაჰყვეს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი შეჩერება ყველას გაუჭირდება. ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და იმედია, ამაში მეტოქე გუნდის წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან. დავიმატებთ თუ არა ვინმეს? - შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ თითქმის ერთი თვეა დარჩენილი, სავარაუდოდ ყველაფერი ასევე დარჩება".

პეკინში გახლდათ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სილვიო ბერლუსკონის პრეზიდენტობის პერიოდში, "მილანი" ყველაზე წარმატებული კლუბია მსოფლიოში. ბოლოს, სწორედ სენიორ ადრიანოს მოვუსმინოთ: "უკვე ველაპარაკე სილვიოს და მინდა გითხრათ, რომ ის ბედნიერია ამ გამარჯვებით. მისი 26-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, "მილანმა" 13 საერთაშორისო და 15 შიდა ტიტული მოიგო, რაც მართლაც რომ ფენომენალური შედეგია. აქვე, მინდა ჩინელ გულშემატკივრებს გადავუხადო მადლობა, რომლებმაც მხურვალედ დაგვიჭირეს მხარი და დიდწილად სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მატჩის ბედი საჩვენოდ შემოვატრიალეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სეზონი ტროფეის მოგებით დავიწყეთ, ეს გუნდის საბრძოლო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა