წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ეროვნული გუნდების საპლეიოფო წილისყრამ საქართველოს რუმინეთი შეახვედრა
ლუქსემბურგში - ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის (LEN) შტაბბინაში გუშინ, 10 აგვისტოს წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის კონტინენტის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფებში პირველი-მეორე ადგილებზე გასული ეროვნული გუნდების საპლეიოფო წილისყრა გაიმართა, რომელმაც 12 ნაკრები დააწყვილა. ორრაუნდიან პაექრობებში გამარჯვებული 6 გუნდი გაისად იანვარში ფინალურ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს, რომელსაც ჰოლანდია უმასპინძლებს.

LEN-ის პრეზიდენტის, ნორი კრუხტენის ხელმძღვანელობით გამართულმა წილისყრამ, რომელსაც საქართველოდან საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის თავკაცი ალექსანდრე ბითაძე ესწრებოდა, საქართველოს რუმინეთი შეახვედრა. პირველი მატჩი 1 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. განმეორებით ორთაბრძოლას 29 ოქტომბერს ბუქარესტი უმასპინძლებს. დანარჩენი 5 საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გერმანია-მალტა, საბერძნეთი-სლოვაკეთი, საფრანგეთი-მაკედონია, რუსეთი-ესპანეთი, სლოვენია-თურქეთი.

გუშინვე ლუქსემბურგში ალექსანდრე ბითაძეს შევეხმიანეთ: "კარგია, რომ წილისყრამ გერმანიას და ესპანეთს არ შეგვახვედრა, სადაც ყოველგვარი შანსი დაკარგული გვექნებოდა, ცუდია, რომ რუსეთს ან თურქეთს არ დავუპირისპირდით.

იღბალს ვერსად გავექცევით: რუმინეთის ნაკრები კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესია, ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპების უცვლელი მონაწილე. ახლახან შანხაიში დამთავრებულ წყალბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარპატელებმა მე-12 ადგილი დაიკავეს, მათი ლიდერი კოლსმინ რადუ კი ბომბარდირი გახდა. ასე რომ, უძლიერეს გუნდთან მოგვიწევს დავა. ამის მიუხედავად, იმედს არ ვკარგავთ. ჩვენც საკმაოდ სოლიდური ნაკრები გვყავს, ბრძოლა შეიძლება და ყველაფერს ვიღონებთ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად", - გვითხრა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა.

რუმინელებთან დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრების წევრები თბილისში 23-25 სექტემბერს ხუთ ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ, ოღონდ საკლუბო გუნდების დონეზე. როგორც გაუწყეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელ ვაჟთა გუნდი "ლიგამუსი-თბილისი", რომლის წევრებიც ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, ევროპის თასზე მეორედ ითამაშებს. ამჯერად დედაქალაქის "ოლიმპიკის" აუზში ჩვენები უნგრეთის "ჰონვედს", საფრანგეთის "ოლიმპიკს", რუსეთის "სანკტ-პეტერბურგს", ჰოლანდიის "დე ჟილ ლეიდენსა" და ხორვატიის "მედვესჩაკს" უმასპინძლებენ.

"კარგია, რომ ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ შარშან ლენტროფის ჩვენთან გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპს მაღალი შეფასება მისცა და ნება დაგვრთო, ევროპის თასის A ჯგუფის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს ისევ ვუმასპინძლოთ. ამჯერად ჯგუფში უფრო ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. შარშანდელივით ტურნირის ფავორიტია ევროთასების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი "ჰონვედი".

დანარჩენი ხუთი გუნდი კი მეტ-ნაკლებად თანაბარი დონისაა. მაგალითად, გასულ წელს ნიცას "ოლიმპიკს" თავიდან ვუგებდით, მაგრამ ბოლო პერიოდში დაშვებული უხეში შეცდომების გამო მატჩი დავთმეთ. ცხადია, წლეულს მსგავს ლაფსუსებს არ დავუშვებთ, რევანშისთვის ვიბრძოლებთ, მით უმეტეს, რომ გუნდი გავაძლიერეთ, დავიმატეთ გალაქტიონ ლაითაძე, მოსალოდნელია სხვა ცვლილებებიც.

ასე რომ, როგორც ვთქვით, ფაქტობრივად, ხუთი გუნდია მეორე რაუნდში გასასვლელი სამი საგზურის მაძიებელი. უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. გვერწმუნეთ, რომ იმ საუკეთესო სამეულში "ლიგამუსი-თბილისიც" იქნება", - გვითხრა ყოფილმა წყალბურთელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგო რატიანმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სპორტის საწყლოსნო სახეობებს კურირებს.

ასე რომ, სპორტის ქართველ გულშემატკივრებს სექტემბრის ბოლო დეკადასა და ოქტომბრის დასაწყისში საინტერესო საწყალბურთო ბატალიები ელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა