"დაუგავას" ქართველი ლეგიონერი იმედოვნებს, რომ ლატვიაში ბომბარდირი გახდება და მალე უკეთეს ლიგაში გადავა
მამუკა ღონღაძეს ლატვიის ვირსლიგის საუკეთესო ბომბარდირობის მშვენიერი შანსი აქვს. 19 ტურში "კანუმ" (რომელიც ნიგერიელი ვარსკვლავივით მაღალი და ტანხმელია) 10 გოლი გაიტანა, "სკონტოს" თავდამსხმელ ნათან კარვალიოს ერთით ჩამორჩება და, ალბათ, მალე გადაასწრებს კიდეც, რადგან ბრაზილიელმა ლატვიური კლუბი უკვე დატოვა.

ბოლო ტურში მამუკას "დაუგავამ" რიგის "ოლიმპსს" 2:0 სძლია, უახლოეს მდევარ ლიეპაიას "მეტალურგთან" ორქულიანი უპირატესობა და ლიდერობა შეინარჩუნა. დაუგავპილსელთა ამ წარმატებაში ღონღაძემ კვლავ ლომის წილი დაიდო, მან ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა.

მამუკა ღონღაძე იმედოვნებს, რომ მალე უკეთეს ლიგაშიც ითამაშებს.

- საკმაოდ წარმატებული სეზონი გაქვს.

- საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის. ნათან კარვალიოს შედეგს, წესით, უნდა გადავაჭარბო კიდეც. ერთი რამაც მიხარია: ათლეტურ მოთამაშედ არ მივიჩნევი, უფრო ტექნიკური თავდამსხმელი ვარ და ლატვიაში წარმატების დიდი შანსი არ უნდა მქონოდა. თავიდან მართლაც გამიჭირდა, აქაურები ხომ სწორედ ათლეტურ ფეხბურთს თამაშობენ, დატვირთვებს ვერ ვუძლებდი, რადგან საქართველოსთან შედარებით ბევრს დარბიან, მაგრამ ალღო ავუღე და ლატვიელ მცველებს თავს არ ვაჩაგვრინებ.

იმასაც ვერ დავიჩემებ, რომ განსაკუთრებული დონის პირველობაა და აქ თავის გამოჩენა დიდი გმირობაა, მაგრამ შეჩვევა მაინც საჭირო იყო. მერე აღარ გამჭირვებია, ალბათ, იმიტომ, რომ ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა ტექნიკურია, რაც ყველგან ფასობს. ლატვიაში კი შედარებით ტექნიკური მოთამაშეები პირველი ოთხეულის გუნდებს თუ ჰყავთ.

- ვიცი, ლატვიის ჩემპიონატი ტრამპლინად წარმოგედგინა. ახლა ბომბარდირებში მეორე ხარ და რომელიმე უკეთეს ლიგაში "გადახტომას" ხომ არ აპირებ?

- სხვათა შორის, ლატვიის ჩემპიონატი საკმაოდ კარგად არის რეკლამირებული, მარტო ამ ზაფხულს ცნობილ ლიგებში ათამდე ფეხბურთელი გადავიდა. ივნისში მეც მქონდა კონკრეტული შემოთავაზება, პოლონეთის წინა ჩემპიონატის მეშვიდეადგილოსანი "პოლონია" მიწვევდა. ლაპარაკი იყო პირდაპირ კონტრაქტის გაფორმებაზე და არა გასინჯვაზე, მაგრამ "დაუგავას" პრეზიდენტმა არ გამიშვა. "პოლონია" 80 ათას ევროს სთავაზობდა, არადა, ჩემში ცენტიც არ გადაუხდიათ, იქ წასვლის შემთხვევაში კი ხელფასი 10 ათასი ევრო მექნებოდა.

ფინანსურადაც უკეთესი ვარიანტი იყო და სპორტული თვალსაზრისითაც, მშვენიერი შესაძლებლობა იყო, უკეთეს დონეზე გამეგრძელებინა კარიერა, პოლონეთიდან ხომ გერმანიაში მოხვედრაა შესაძლებელი. მაგრამ პრეზიდენტმა არ გამიშვა. მითხრა, ახლა პირველ ადგილზე ვართ, ჩემი მიზანიც სწორედ ჩემპიონობაა და აწყობილი გუნდის დაშლა არ მსურსო. ტრაბახში არ ჩამომართვათ და, ასე მითხრეს, შენნაირი შედეგიანი თავდამსხმელი ასე მალე როგორ მოვძებნოთო.

- თამაზ პერტიას რას ერჩოდნენ, კლუბი რატომ დატოვა?

- "დაუგავა" რუსმა ბიზნესმენმა იყიდა და თამაზთან კონფლიქტი მოუვიდა. არადა, "დაუგავას" წარმატებული სეზონი მისი დამსახურებაა. თუმცა შეთავაზება უმალვე მიიღო, "ოლიმპსში" დანიშნეს, მწვრთნელები კი ასე იოლად სამსახურს ვერ პოულობენ. ჩვენ ლატვიაში გამოვირჩეოდით, ფეხბურთს ვთამაშობდით და არა ანტიფეხბურთს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სწორედ პერტიას ხელში შევძელით გაცილებით მდიდარი კლუბების გასწრება. ეს პატარა საქმე არ არის.

- პერტიას მიწვეულ ქართველებთან "დაუგავას" ახალ მწვრთნელს როგორი დამოკიდებულება აქვს?

- გამოცდილი რუსი მწვრთნელი ლეონიდ აზარენკო დაგვინიშნეს, რომელსაც "ლუჩ-ენერგიასა" და სხვა რუსულ კლუბებში უმუშავია. ჩემი ამბავი უკვე გითხარით, სურვილი რომ ჰქონოდათ, პოლონელებისგან ფულს აიღებდნენ და გამიშვებდნენ, ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის მიუხედავად, აზარენკო სხვა ქართველებსაც ათამაშებს - გიორგი ჩიხრაძეს, ჯემალ ჯალიაშვილს, ბიძინა ცინცაძეს. ასე რომ, ცუდად არ გვექცევა. მაგრამ რად უნდა ლაპარაკი, პერტია უფრო გვენდობოდა.

- საქართველო-ლატვიის მატჩამდე მანდ როგორი განწყობაა?

- ჩემი აზრით, ძალიან ძნელი მატჩი გველის, რადგან თბილისში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ლატვიელები კი კონტრშეტევების ოსტატები არიან და დიდი სიფრთხილე გვმართებს. საერთოდ, ცუდი ნაკრები არ ჰყავთ. ახლახან ვნახე ავსტრიასთან მათი ამხანაგური მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად 1:3 წააგეს, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. სანამ ძირითადი შემადგენლობით თამაშობდნენ, უპირატესობა ჰქონდათ და 1:0-ს იგებდნენ, მეორე ტაიმში კი მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა და ამის მერე წააგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა